USD 2.6039
EUR 2.9257
RUB 3.1209
თბილისი
ვლადიმერ გუცაევი: ხალხს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ცუდად თუ ვითამაშებდი, ვიცოდი, რომ ჩემი წილი გინება დამსახურებული მქონდა
თარიღი:  10925

თბილისის “დინამოს” ლეგენდარულ ფეხბურთელს ვლადიმერ გუცაევს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის დიდი სიყვარული მრავალი  წლის წინ, იმ დღიდან ერგო, როდესაც ქვეყნის პირველი საფეხბურთო გუნდის წევრი გახდა. დაუვიწყარი გოლები, საოცარი ფინტები,   გამარჯვებები, რომელშიც ვლადიმერ გუცაევს, თავისი თაობის სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელებთან ერთად უდიდესი წვლილი შეჰქონდა, უკვე ქართული ფეხბურთის ისტორიაა, რომელშიც ვლადიმერ გუცაევს დამსახურებულად უკავია გამორჩეული  ადგილი. “ ამდენი წლის შემდეგ, გულშემატკივარი ისე მხვდება, თითქოს გუშინ გამოვედი სტადიონიდანო”, ამბობს ლეგენდარული თავდამსხმელი, რომელიც თბილისთან,  ფეხბურთთან, მეგობრებთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიას გვიზიარებს და იმ დროს იხსენებს, როდესაც თბილისი - ფეხბურთით, თავად კი, ამ დიდი ზეიმის შემოქმედის როლში ცხოვრობდა.

ვლადიმერ გუცაევი: ჩემი ემოციები  თბილისის მიმართ ისეთია, როგორიც შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ თბილისელ კაცს, არამედ ყველას ვინც ამ ქალაქში ჩამოვიდა, აქ გაატარა ბავშვობა, აქ იცხოვრა მრავალი წელი. მე დავიბადე  ნახალოვკაში,ფაქტიურად იქ გავიზარდე. მართალია რუსულ სკოლაში დავდიოდი და დიდხანს ვერ ვფლობდი ქართულ ენას იმ დონეზე, როგორც უნდა მცოდნოდა, მაგრამ მერე, როცა ბავშვებთან ფეხბურთის თამაში დავიწყე და უკვე მოგვიანებით, როცა საფეხბურთო სკოლაში წავედი, სადაც ყველა ქართულად ლაპარაკობდა, ბოლო - ბოლო  ქართულად მეც კარგად ავლაპარაკდი.ნახალოვკა გამორჩეული უბანი იყო. ჩვენ დროს თბილისში  სამი უბანი იყო ცნობილი: სოლოლაკი, პლეხანოვი და ნახალოვკა,ეს იყო ძველი უბნები, ცნობილი თავისი ტრადიციებით, კოლორიტით. ჩვენს უბანში დაიბადნენ უძლიერესი ფეხბურთელები: სერგო კოტრიკაძე, მიშა მესხი, ზაურ კალოევი, ვოვა ელოშვილი, მე, საშა ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, მისი ძმა გოჩა მაჩაიძე. ძალიან სპორტული უბანი გვქონდა, განსაკუთრებით ფეხბურთში. ჩვენ ძალიან გვეამაყებოდა, რომ ჩვენი უბნიდან იყვნენ წინა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები,  როგორც ახლა მე მხვდებიან ნახალოვკელები სიამაყით, ასე ვიყავით ჩვენც. ფეხბურთის თამაში უბანში დავიწყე. დღეს ბავშვები 6- 7 წლის ასაკში შეჰყავთ ფეხბურთზე, მე გვიან,  11 წლის ვიყავი როდესაც საფეხბურთო სკოლაში მოვხვდი, ეს იყო შემთხვევითობა. უბანში გავიგე, რომ “დინამოს” სტადიონზე ყოველ კვირა ხდებოდა   სხვადასხვა ასაკის ბავშვების შემოწმება. სახლში არც მითქვავს, რამდენიმე ბიჭი შევიკრიბეთ და წამოვედით ნახალოვკიდან “დინამოს” სტადიონზე. პირველ კვირას რომ მივედი, დამიწუნეს - მეკარეობა მინდოდა, მაგრამ მეკარეობისთვის პატარა ვიყავი.მეორე კვირასაც, როგორც მეკარე ისე მივედი სტადიონზე. ერთმა ბიჭმა მითხრა: შენგან რა მეკარე უნდა დადგეს, წადი წინ ითამაშეო და წინ გამაგდო. კარგი “მატაობა” ვიცოდი, მოწინააღმდეგის მოტყუება, შემამჩნიეს და ამიყვანეს. მაშინ საფეხბურთო სკოლის დირექტორი იყო ცნობილი ფეხბურთელი გრიშა გაგუა, დამიბარა ბატონმა გრიშამ, მივედი და ამიყვანეს. იქიდან დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. 17 წლის ვიყავი, როდესაც “დინამოს” მეორე, სარეზერვო გუნდში ამიყვანეს, ფაქტიურად ერთ წელიწადში ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი. 

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, ფეხბურთელი გამხდარიყავით?

- მამაჩემი კიროვის ქარხანაში  მუშაობდა, ფეხბურთის დიდი ფანი იყო, განსაკუთრებით უყვარდა მიშა მესხი, ფანიც აღარ ერქვა, გიჟდებოდა მის თამაშზე. როცა გაიგო, რომ საფეხბურთო სკოლაში მიმიღეს, ძალიან გაუხარდა. როგორც ყველა მამა, ისიც ოცნებობდა შვილის წარმატებებზე, მიშა მესხის გავლენით,ალბათ,  ფიქრობდა: იქნებ ოდესმე ჩემმა შვილმაც ითამაშოს  დიდი ფეხბურთიო.მოესწრო ჩემს წარმატებებს, ამით  ამაყობდა, ოღონდ ჩუმად.  ჩემი ქება სიამოვნებდა, მაგრამ  არასდროს იძახდა, რომ  მისი შვილი მაგარი იყო. თავიდან ერთ თამაშს არ აცდენდა სტადიონზე, მაგრამ მერე რაღაც არ მოეწონა და სტადიონზე აღარ მოსულა. გულშემატკივრის ამბავი ასეა - ცაში აგიყვანენ კარგი გოლისთვის, მაგრამ  თუ ერთხელ კარს ააცილე, შეიძლება გაგინონ კიდეც. როგორც ჩანს, მამამ ჩემი გინება მოისმინა და გადაწყვიტა  სახლში, ტელევიზორში ეყურებინა ჩემი თამაშებისთვის (იცინის)

- იმ წლებში, როდესაც  თბილისის “დინამოში” თამაშობდით, ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა თქვენთან ერთად. როგორი იყო კონკურენცია ფეხბურთელებს  შორის და ვისთან გქონდათ ახლო  ურთიერთობა? 

-  ჩვენი გუნდი ზუსტად იმით იყო გამორჩეული, რომ სპორტული კონკურენციის მიუხედავად, ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, ამიტომაც ვდებდით კარგ შედეგს. ფეხბურთელისთვის მოედანზე პარტნიორი  ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ახლო მეგობარი. ჩვენ შორის არ არსებობდა  შური, ერთმანეთზე ჭორაობა თამაშის შემდეგ. თუ ვინმე შეცდომას დაუშვებდა, ყველა ვცდილობდით, მის გამოსწორებას, თუნდაც დიუსელდორფის ფინალში, იქ მცველებმა შეცდომა დაუშვეს, როცა გოლი გავუშვით, მაგრამ მერე, ყველამ ერთად იმდენი გავაკეთეთ, რომ ანგარიშიც გავათანაბრეთ და მოვიგეთ კიდეც. დღეს ფეხბურთში კონკურენციის წესები შეცვლილია. მოედანზე  სხვას რომ დაეხმარო, დიდი ოსტატი უნდა იყო. თუ ეს არ გაქვს, მეგობარს ვერ დაეხმარები. დღევანდელ ფეხბურთში ოსტატები ცოტაა, გუნდში 2-3 კაცია მაგარი, დანარჩენები მათ მიჰყვებიან. ჩვენს გუნდში ჩემ გარშემო მაგარი ბიჭები იყვნენ, 7- 8 დიდი ოსტატი მაინც გვყავდა გუნდში. 

მე ისეთი პიროვნება ვიყავი ყველასთან ვმეგობრობდი, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა დათო ყიფიანთან. დათო ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი, თითქმის ერთად დავიწყეთ  “დინამოში”, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში. სხვათაშორის, როცა ფეხბურთს დავანებეთ თავი, უფრო მეტი დრო გვქონდა ერთად გასატარებლად, რომ ვარჯიშის, თამაშის გარეშე შევხვედროდით ერთმანეთს. ჩვენი მეგობრობა უკვე სხვა ეტაპზე გადავიდა და ბოლომდე გაგრძელდა.დათო გამორჩეულად კარგი ფეხბურთელი, გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო, შესაბამისად, მას ბოლომდე ვენდობოდი მოედანზე,  მე კი არა, მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა ყველა ჩემს თანაგუნდელს, რადგან დათო მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა და ყველაფერს აკეთებდა გამარჯვებისთვის. ჩვენ ყველას ჩვენი მისია გვქონდა მოედანზე.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო თქვენი განსაკუთრებული უნარები მოედანზე?

- ჩემი აზრით, სისწრაფე და მოწინააღმდეგის მოტყუება იყო ჩემი მთავარი თვისება მოედანზე. ყველა სხვადასხვანაირად ვიყავით გამორჩეული მოედანზე. დათო ყიფიანს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, პირველ რიგში ჭკუა, თუ  როგორ, რომელი მხრიდან უნდა წაეყვანა გუნდს თამაში, საით განევითარებინა შეტევა, მარცხნიდან, მარჯვნიდან, ცენტრიდან. ამის გარდა დათო  ბევრ გოლებსაც იტანდა.ამ მხრივ გამორჩეული იყო რამაზ შენგელიაც, მას შეეძლო გოლი შეეგდო არაფერში და გუნდისთვის ორი ქულა მოეტანა. არის სიტუაცია, როცა არავინ არაფერს მოელის და უცებ გოლი გადის, ვოვა, დათო ან ვიტალი ჩააწოდებდა პასს და რამაზი დახვდებოდა ხოლმე იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. ძალიან ნიჭიერი, ეფექტური და “მუშა”  ფეხბურთელი იყო ვიტალი დარასელია, ისეთი რაღაც  შეეძლო გაეკეთებინა, რასაც სხვა ნახევარმცველი ვერ გააკეთებდა. მაგალითად, გოლი, რომელიც მან კარლ ცაისთან ფინალში გაიტანა, ასეთ გოლს უბრალო ფეხბურთელი ვერ  გაიტანს.ასეთი  სასწაული გოლები მხოლოდ ისეთ ფეხბურთელს გააქვს, რომელმაც თვითონ იცის, რომ შეუძლია, ეს იცის პარტნიორმაც და გულშემატკივარმაც. ასეთი იყო ვიტალი დარასელია. მისი გარდაცვალების შემდეგ გუნდში  ძალიან გაგვიჭირდა. მთელი საქართველო შოკში იყო და წარმოიდგინეთ ჩვენ, ვინც დღე და ღამე ერთად ვიყავით, რა დღეში ვიქნებოდით.   

-  რა იყო  ყველაზე მძიმე და რთული პერიოდები თქვენს  სპორტულ კარიერაში?  

- მქონდა რამდენიმე სერიოზული ტრავმა, რომელმაც ნახევარი წელი და კიდევ უფრო მეტხანს ამომაგდო ფეხბურთიდან. ფეხბურთელისთვის რთულია, როდესაც არ თამაშობ და არც  იცი, როდის გახვალ მოედანზე.  მახსოვს წაგებაც - იმის მიუხედავად, რომ სპორტში წაგება და მოგება ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, არის წაგება, რომელიც ყოველთვის მახსოვს. ჩემთვის  ეს იყო 1982 წელს შეხვედრა ბელგიის  “სტანდარტთან”, როცა კვლავ შეგვეძლო ფინალში მოხვედრა.

- თქვენ გქონდათ შეთავაზება  გადასულიყავით  “მადრიდის” რეალში, რატომ თქვით უარი ამ  შანსზე, რომელიც აბსოლუტურად შეცვლიდა თქვენს ცხოვრებას?

- ძალიან მეამაყება, რომ მოვხვდი ამ გუნდის ხელმძღვანელების ინტერესის არეალში. ფეხბურთელი “რეალში” რომ აიყვანონ, მის თამაშს წლების განმავლობაში უყურებენ და აკვირდებიან, მე კი ესპანეთში ტურნირზე ორი თამაშის შემდეგ, იმავე საღამოს შემომთავაზეს, “რეალში” გადასვლა.  დიდი სიამოვნებით  დავთანხმდებოდი ამ წინადადებას და წავიდოდი “რეალში” სათამაშოდ, ეს დიდი პატივია ყველა ფეხბურთელისთვის, მაგრამ კომუნისტურ ეპოქაში, ისეთი დრო იყო, ამაზე ფიქრიც კი დანაშაულად ითვლებდა. მე არ ვიცი, რომ წავსულიყავი, რა მოხდებოდა, მაგრამ ბევრი უსიამოვნება რომ შეხვდებოდა ჩემს ოჯახს, ეს ვიცოდი. მე რომ ესპანეთში გადავსულიყავი, ჩემი ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად წარიმართებოდა. მეტად ცნობილი გავხდებოდი ევროპაში, რადგან საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებს, ძალიან ცუდად გვიცნობდნენ საზღვარგარეთ. უფრო მეტიც, ყველაფერი კეთდებოდა, რომ არ გავეცნეთ. “რეალში” 2-3 თამაში რომ მეთამაშა იმ დონეზე, როგორც თბილისის “დინამოში” ვთამაშობდით, რა თქმა უნდა ყველა გამიცნობდა ევროპაშიც, შეიძლება მსოფლიოშიც. ამის გარდა, 300 მანეთის ნაცვლად წელიწადში ალბათ 3- 5 მილიონი მექნებოდა შემოსავალი,ავიშენებდი სახლს მალიორკაზე, მაიამში(იცინის)

 - მაგრამ იმ სიყვარულს, რაც  საქართველოში  გაქვთ,  ალბათ  სხვაგან ვერ მიიღებდით.   

-  ასე არ არის. მესი მაგალითი ამისი. ის  არგენტინელია, მაგრამ წლები თამაშობდა ესპანეთში. ახლა ამერიკაში თამაშობს. იცით როგორ ამაყობს მთელი არგენტინა მესის წარმატებებით? როგორ უყვარს მთელ არგენტინას. ისეთი დრო რომ ყოფილიყო, რომ  “რეალში” გადავსულიყავი და  საქართველოს ნაკრებშიც მეთამაშა, ჩემი ხალხი მეტად არ იამაყებდა ჩემით?  ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში რომ თამაშობს, ნაკლებად უყვართ საქართველოში და ნაკლებად პოპულარულია ჩვენთან? ჩვენ ყველას როგორ გვიხარია მისი წარმატება. კარგი იქნებოდა, უფრო კარგ პერიოდში რომ დავბადებულიყავი (იცინის) 

 - როგორი იყო  მაშინ  პოპულარული ფეხბურთელების ცხოვრება  თბილისში?

 - დღევანდელი ცნობილი ფეხბურთელების ცხოვრება სხვანაირია, ჩვენი  სხვანაირი იყო. იმის მიუხედავად, რომ გვქონდა ადამიანების დიდი სიყვარული, მაშინ ფაქტიურად არაფერი არ არსებობდა ნორმალურად ცხოვრების პირობები,კარგი რესტორანიც კი არ იყო, სავახშმოდ რომ შესულიყავი, არა თუ სხვა სივრცეები. გვქონდა ძალიან დაბალი ხელფასი, 300 მანეთი, რაც ადამიანს არაფერში გყოფნიდა.ხანდახან, როცა  მოვიგებდით,  100 მანეთს დაგვიმატებდნენ ხოლმე.  ჩვენ არავითარი პირობა არ გვქონდა, დღეში 2-3 ჯერ ვვარჯიშობდით,  ჩვენს ფორმას  ბაზაზე ჩვენ თვითონ ვრეცხავდით, ვაშრობდით და მეორე დღეს ვიცმევდით. არც ისეთი  იყო ჩვენი ცხოვრება, როგორც გვერდიდან ჩანდა. ამის  მიუხედავად,  სადაც არ უნდა მივსულიყავით, რაიმე საქმეზე ან  თხოვნით, ყველა კარი ღია იყო ჩვენთვის, ყველა გვეფერებოდა და პატივს გვცემდა. ფეხბურთი თბილისში ისეთი პოპულარული იყო, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი იყო, ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებდა. ჩვენ  გვქონდა დიდი სამეგობრო, ვმეგობრობდით ხელოვანებთან, ბიზნესმენებთან, რომელთაც მაშინ საქმოსნები ერქვათ. ისინი კარგი პიროვნებები იყვნენ, გარდა იმის, რომ ფულს შოულობდნენ, ბევრ კარგ რამეს აკეთებდნენ საზოგადოებისთვისაც. 

-  კარლ ცაისთან მოგების შემდეგ პრიზებად “ვოლგები” არ  გაჩუქეს?

-  ეგ პრიზი არ იყო, კომუნისტურ რეჟიმში ყველაფერზე რიგი იყო, ჩვენ ის უპირატესობა გვქონდა, რომ შეგვეძლო   რიგის გარეშე მიგვეღო ბინა ან მანქანა, მაგრამ ეს არ იყო საჩუქარი, ყველაფერში ფულს ვიხდიდით. გულშემატკივარს რომ ეგონა, რომ როდესაც თასი ავიღეთ ჩვენ “ვოლგები” გვაჩუქეს, სინამდვილეში ასე არ იყო. მაშინ ვოლგა ღირდა 16 200 მანეთი, ყველამ ვინც  მაშინ მანქანები ვიყიდეთ, ზუსტად ეს თანხა გადავიხადეთ. ჩვენთვის მთავარი იყო ის სიყვარული, რასაც ვიღებდით უზომოდ. მე მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ორი ფაკულტეტი დავამთავრე - ეკონომიკის  და იურდიული, დღის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. მიყვარდა ლექციებზე სიარული, უნივერსიტეტში რომ შევდიოდი, ყველა სტუდენტი ჩემთან მორბოდა, ყველა ლექტორს ჩემთან ერთად უნდოდა ჩაის დალევა (იცინის) მე მთელი ცხოვრება ისე გავატარე  არასდროს პოპულარობა თავში არ ამვარდნია, ვიცოდი, რომ ხალხს ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ცუდად თუ ვითამაშებდი, ვიცოდი, რომ ჩემი წილი გინება გარანტირებული მქონდა (იცინის)  გულშემატკივარი სტადიონზე იმიტომ მოდის, რომ თავისი გუნდის გამარჯვება ნახოს და თავისი ემოციები გამოხატოს ბოლომდე. ეს არ არის თეატრი, რომ ემოცია  დამალო, ასე რომ წაგების დროს სტვენა და გინებაც “მიღებულია” სტადიონზე. 

 - როდესაც აქტიურ  ფეხბურთს თავი დაანებეთ, ალბათ ძალიან გაგიჭირდათ ფეხბურთის გარეშე  ცხოვრება.        

- 34 წლის ვიყავი, როდესაც ფეხბურთს თავი დავანებე. ამ დღეს ყველა ფეხბურთელი წინასწარ არის შეგუებული.  ყველა მზად არის, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება და დაანებებს თავს თამაშს. მე როდესაც ფეხბურთიდან წამოვედი, დავოჯახდი, ორი შვილი გვეყოლა.ოჯახმა გადამატანინა ის პერიოდი. ამას გარდა, ფეხბურთს ბოლომდე ხომ არ  ჩამოვცილდი? მე ვიყავი ფეხბურთის სამმართველოს უფროსი, ეს იყო დღევანდელი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი, შესაბამისად საქმეც ბევრი მქონდა, მერე ვიყავი თბილისის “დინამოს” სპორტული დირექტორი, მერე ვიყავი საუდის არაბეთში, კვიპროსში, რუსეთში, ფეხბურთში, ფეხბურთელებს შორის ვტრიალებდი, ასე რომ განსაკუთრებული განცდები არ მქონია.

- ყველაზე მეტად წარსულიდან რა გენატრებათ?

- ახალგაზრდობა, საუკეთესო წლები. უკან რომ დამაბრუნა თავიდან დავიწყებდი ფეხბურთს, ის ჩემი ბიჭებიც  გვერდით მეყოლებოდა. თავიდან დავიწყებდით ამ გზის გავლას, რომელიც არ იყო იოლი, მაგრამ ბევრი კარგი დღე და მოგონება დაგვიტოვა. იმის მიუხედავად, რომ გაჭირვებაც მახსოვს და  ბევრი სირთულეც, როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი სხვანაირადაა. მადლობელი ვარ უფლის იმ წლებისთვის. 16 წელი, რომ თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში ითამაშებ, ხალხის უზომო სიყვარული გაქვს,  გვერდით გყავს ოჯახი, მშობლები, საუკეთესო მეგობრები,დიდი პიროვნებები, მადლობელი უნდა იყო ცხოვრების, აბა რა?!  

მიხარია,რომ არ დავავიწყდი ხალხს. ზოგჯერ ხალხი ისე მხვდება, თითქოს გუშინ გამოვედი სტადიონიდან, ზოგი სიხარულისგან ტირის და უნდა როგორმე, რაც შეუძლია პატივი მცეს, ზოგი ისეთ რამეებს მახსენებს, მე თვითონ რომ არ მახსოვს ხოლმე ის დეტალები და მერე მახსენდება. პატივისცემას  ვგრძნობ ახალგაზრდებისგან, რომლებსაც მე არ ვუნახივარ სტადიონზე, მაგრამ იციან ჩემი გოლები ალბათ უფროსი თაობისგან, ეს არის სიყვარული და თაობათა კავშირი თბილისში.    

- თქვენი შვილები  რატომ არ გაყვნენ ფეხბურთს?

- ჩემი ორივე ბიჭი თავისთვის თამაშობდნენ ბავშვობაში ფეხბურთს, მაგრამ  სერიოზულად არ უფიქრიათ. მაგარი ფეხბურთელი ან ხარ ან არა.  აქ არ მუშაობს  გენები,  რადგან მამა მაგარია, მისი შვილიც  კარგი ფეხბურთელი უნდა იყოს. კარგი ბიჭები მყავს. კარგი განათლება მიიღეს. უფროსმა შვეიცარიაში დაამთავრა უნივერსიტეტი, ახლა ლონდონში ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად. ორივე მუშაობენ,  ქართველი ცოლი ჰყავს ჩემს ბიჭს, ვფიქრობ, რომ სადაც გაიზარდე იქაური ცოლი უნდა მოიყვანო. სხვამ, რომელიც სხვა ქვეყანაში, სხვა კულტურაში გაიზარდა, შეიძლება ვერ გაგიგოს, მენტალიტეტში მაინც არსებობს განსხვავება. ჩემი შვილი, როგორც კი თავისუფალ დროს იპოვის, თბილისში ჩამოდის,  მოენატრება ხოლმე აქაურობა. დღეს კომუნიკაციის იმდენი საშუალებაა, ადამიანი შორს რომ არის ვერც კი იგებ. უმცროსმა ბიჭმა ნიუ იორკის ვაგნერის უნივერსიტეტი დაამთავრა და თბილისში ცხოვრობს. 

დღეს ჩემი დამოკიდებულება ფეხბურთის მიმართ სატელევიზიო  გადაცემით შემოიფარგლება, თუმცა ფეხბურთზე ყოველთვის მეფიქრება.  თავისუფალ  დროს ოჯახთან, მეგობრებთან  ვატარებ. მიყვარს მათთან ერთად კაფეში  დაჯდომა. სახლშიც ბევრი საქმეა - საკუთარ სახლში ვცხოვრობ,  რომელიც მოითხოვს, სულ რაღაც აკეთო. ხომ ამბობენ, ნამდვილმა მამაკაცმა უნდა აშენოს სახლი, დარგოს ხე და  ჰყავდეს შვილები. ყველაფერი გავაკეთე - ავაშენე სახლი, დავრგე ხეები და მყავს ორი არაჩვეულებრივი ბიჭი, მე ჩემი პროგრამა მინიმუმი შესრულებული მაქვს (იცინის)   

თამუნა ნიჟარაძე

  

 

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის