ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ბოლო დროს, გახდა არამხოლოდ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, არამედ ახლად შექმნილი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რისთვისაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე საკუთარი ოფისიც კი მიიღო.
ამ თანამდებობაზე მილიარდერს საკუთარი ინტერესები აქვს, რაც $6.5-ტრილიონიანი ფედერალური ბიუჯეტის მკვეთრი შემცირებაა, მაგრამ ილონ მასკს, შესაძლოა, პირადი ინტერესებიც ჰქონდეს.
ამერიკული Bloomberg-ის დათვლებით, ილონ მასკი $438 მილიარდის ქონებას ფლობს, რომლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, TESLA-ს აქციებზე მოდის. TESLA, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონს აღემატება, მსოფლიოს რიგით მე-8 უდიდესი კომპანიაა, ხოლო ილონ მასკი — ამ კომპანიის უდიდესი აქციონერია, რომელიც 12.8%-იან წილს ფლობს. დღევანდელი მონაცემებით, TESLA-ს ერთი აქცია დაახლოებით $412-ად ივაჭრება, ანუ ილონ მასკი, რომელიც კომპანიის დაახლოებით 411 მილიონ აქციას ფლობს, $169.4 მილიარდად შეფასებული წილის მფლობელია.
ილონ მასკთან ერთად, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების უმსხვილეს ინვესტორებს შორის მსოფლიოს უდიდეს საინვესტიციო ფონდებს და გლობალურ ბანკებს ვხვდებით, რაც გასაგებია, რადგან ამ ტენდენციას ფაქტობრივად ყველა საჯარო კორპორაცია იმეორებს, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები. ილონ მასკის შემდეგ, TESLA-ს აქციონერებს შორის მოხვდნენ: Vanguard-ი, BlackRock-ი, State Street-ი, Geode Capital Management-ი, Capital World Investors-ი, Morgan Stanley, JPMorgan Chase-ი, ნორვეგიის ცენტრალური ბანკი და Price Associates-ი. დარჩენილ 62.85%-იან წილს სხვა ადამიანები და კომპანიები ფლობენ, რომელთა შორის ინდივიდუალური ინვესტორებიც არიან.
TESLA-ს უდიდესი ინდივიდუალური აქციონერების ჩამონათვალი, შემდეგნაირად გამოიყურება:
ილონ მასკი — 12.8%
The Vanguard Group — 7.46%
BlackRock — 6.07%
State Street Corporation — 3.48%
Geode Capital Management — 1.85%
Capital World Investors — 1.33%
Morgan Stanley — 1.25%
JPMorgan Chase & Co — 0.99%
ნორვეგიის ცენტრალური ბანკი — 0.96%
Price Associates — 0.93%
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.