USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
«BBC Russian» (დიდი ბრიტანეთი): „სასოწარკვეთის ნიშნები: რატომ დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ვიზიტი აშშ-ში დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის გარეშე“
Date:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სასოწარკვეთის ნიშნები. რატომ დასრულდა ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე ვიზიტი აშშ-ში დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის გარეშე“, რომლის ავტორი, BBC-ის ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენტონი ზურკერი უკრაინის ლიდერის ამერიკული შეხვედრების შედეგებს აანალიზებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის რიგით მესამე ამერიკული ვიზიტი სასოწარკვეთილი მცდელობა იყო იმისათვის, რომ კიევს კონგრესისაგან დაფინანსება - დახმარების ახალი პაკეტი მიეღო მანამ, სანამ ადრე გამოყოფილი თანხა გამოილეოდა.

დიახ, უკრაინის ლიდერის მოქმედებაში მართლაც სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა - იმიტომ, რომ ამჟამად, შესაძლოა, მისი ქვეყნის ბედი წყდება. მაგრამ ასევე სასოწარკვეთილია აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს გადამწყვეტ ომად თვლის, დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და ავტოკრატულ რეჟიმებს შორის.

მაგრამ ვიზიტის შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერც ვოლოდიმირ ზელენსკი და ვერც ჯო ბაიდენი რაიმე კონკრეტული შედეგით ვერ დაიკვეხნიან.

„ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად...“

როცა უკრაინის პრეზიდენტი გასულ წელს ვაშინგტონს ეწვია, მას აღტაცებულად მიესალმნენ კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე - სენატორებიც და წარმომადგენლების პალატის წევრებიც. ვოლოდიმირ ზელენსკი ფიანდაზით მიიღეს თეთრ სახლში და საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ვაშინგტონმა დაუყონებლივ და ულაპარაკოდ გამოყო 50 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინას რუსებისაგან ოკუპირებულ-მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაში უნდა დახმარებოდა.

სამწუხაროდ, ახლანდელი, 11-12 დეკემბრის ვიზიტის დროს მოვლენები და ფონი სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელებს აქვთ, იგი მხოლოდ სპიკერს ესაუბრა, მაიკლ ჯონსონს, რომელმაც შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ტელეკამერების წინაშე გამოსვლაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება თეთრ სახლში ვიზიტს, იქ ვოლოდიმირ ზელენსკის მისვლა თითქმის შეუმჩნეველი იყო, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე... და ასეთი მიდგომა, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის. მომხდარი, რასაკვირველია, არ შეიძლება ისე შეფასდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს სავალდებულო ღიმილით შეხვდნენ, ზურგზე ხელი „მეგობრულად წამოარტყეს“ და უთხრეს - „წარმატებას გისურვებთო“. რა თქმა უნდა, ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნახევარი მსოფლიო გაიარა (უკრაინიდან ჯერ არგენტინაში, შემდეგ კი აშშ-ში) დახმარების ძიებაში, მაგრამ ამერიკელებისაგან დაფინანსების მიღების მიზანი, სამწუხაროდ, მიუღწეველი დარჩა.

უკრაინა და მიგრაციის პრობლემა აშშ-ში

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ატმოსფერო ისეთი იყო, რომელშიც ვაშინგტონში არსებული საერთო განწყობა აისახა - აშშ-ის შიდაპოლიტიკური ბრძოლა არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე. საქმე იმაშია, რომ დემოკრატების აზრით, აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებისათვის თანხები იმ 100-მილიარდიან პაკეტში უნდა შევიდეს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად არის განკუთვნილი. რესპუბლიკელები კი, თავის მხრივ, ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ მთლიანად გადაისინჯოს მიგრანტებთან დაკავშირებით არსებული პრინციპები - იმ არალეგალებთან მიმართებით, რომლებიც აშშ-ში აღწევენ და თავშესაფარს ითხოვენ.

ვოლოდიმირ ზელებსკისთან შეხვედრის სემდეგ რეასპუბლიკელი სენატორები არ მალავდნენ, რომ მათთვის პრიორიტეტულ და უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს აშშ-ის უსაფრთხოების საკითხები და მექსიკის საზღვარზე შექმნილი ვითარება, თუმცა აცხადებდნენ, რომ, რასაკვირველია, მძიმე განსაცდელში მყოფ უკრაინასაც თანაუგრძნობდნენ.

„მე უკრაინელებით აღტაცებული ვარ, მაგრამ არ ვცვლი ჩემს თვალსაზრისს იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად“, - უთხრა BBC-ის კორესპონდენტს რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა - იგი ერთ-ერთი იმათგანია, რომლებიც „ქორებად“ ითვლებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. „მე ის ვიცი, რომ დემოკრატები ჩვენს პოზიციას უნდა დაეთანხმნონ. მე მინდა, რომ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - ხაზი გაუსვა მან.

ვარიანტები ჯო ბაიდენისათვის

ახლა ჯო ბაიდენს მხოლოდ ორი ვარიანტი რჩება სამოქმედოდ: პირველი - ან ისევ გააგრძელოს რესპუბლიკელების დარწმუნება, რომ მათ შეარბილონ თავიანთი პოზიცია მიგრაციის საკითხში და ერთიანი პაკეტის მიღებაზე დათანხმდნენ, ან მეორე - თვითონ წავიდეს დათმობაზე რესპუბლიკელებთან, რაც აშკარად არ მოეწონება მის თანაპარტიელ დემოკრატებს.

ჯერ-ჯერობით ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ რესპუბლიკელები მზად არიან იმ მომენტს დაელოდნონ, როცა კიევისათვის ადრე მიცემული დახმარება მთლიანად ამოიწურება. ამრიგად, თუ რესპუბლიკელები შეძლებენ და გამარჯვებას მოიპოვებენ დემოკრატებზე, ეს ძალიან მოეწონებათ მათ ამომრჩევლებს - რესპუბლიკელ თანაპარტიელებს, რომელებიც დიდი ხანია ითხოვენ უკრაინის დაფინანსების შეწყვეტას.

გარდა ამისა, დღევანდელ სიტუაციას შეუძლია კიდევ უფრო გააღრმაოს განხეთქილება თვით დემოკრატებს შორისაც, რაც რესპუბლიკელების შანსებს აუმჯობესებს 2024 წლის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.

თანაც მიგრაციული რეფორმა, როგორც ჩანს, ერთადერთი დაბრკოლება არ არის უკრაინისათვის ახალი დახმარების გამოყოფის პროცესში. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების გაწევა დამოკიდებულია კონგრესის ზედამხედველობის გაძლიერებაზე წინა გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. „გარდა ამისა, მას [უკრაინის პრეზიდენტს] არ განუმარტავს, თუ როგორია ომის დასრულების სტრატეგია“, - ხაზი გაუსვა მაიკლ ჯონსონმა.

მსგავსი ფორმულირებები შეიძლება იმასაც მოასწავებდეს, რომ სენატელი დემოკრატები და რესპუბლიკელები თუნდაც რომ შეთანხმდნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიონ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დახმარების პაკეტი გარანტირებულად იქნება მიღებული კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელები ჭარბობენ.

უპერსპექტივო პერსპექტივა?

ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი ცდილობდნენ თავიანთი [აშკარად უნაყოფო] ძალისხმევა შელამაზებულ და ოპტიმისტურ ფერებში წარმოედგინათ.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ პრობლემას გადაწყვეტს, თუმცა გარანტირებულად არავის არაფერს არ პირდება. 

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მან ამერიკელ კოლეგას თავისი გეგმები გაუზიარა და მისგან პოზიტიური პასუხი მიიღო. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ისეთი გამომეტყველებით განაცხადა, რომ როგორც ჩანს, მხოლოდ თვითონ სჯეროდა.

ამერიკელი ტელეჟურნალისტის ლიზი ჯარდენის თქმით, ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს ინგლისურად ესაუბრებოდა და პრეზიდენტმა რამდენჯერმე სთხოვა [თარჯიმანს] ზოგიერთი სიტყვის თარგმნა, რომლის მნიშვნელობა ვერ გაიგო. ერთ-ერთი ასეთი სიტყვა იყო «stalemate» [რაც „ჩიხს“, „პატურ სიტუაციას“ ნიშნავს].

სამწუხაროდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ სიტყვების მნიშვნელობის გაგება საკუთარ მწარე გამოცდილებაზე მოუწია. სიტუაციაში, როცა აშშ-ში ხელისუფლება ღრმად გაყოფილი რჩება, სიტყვათა შეთანხმება „პატური სიტუაცია“ ნიშნავს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც ამერიკული პოლიტიკა იმყოფება [უკრაინის მიმართ].

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c72y57pvde1o

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way