USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«BBC Russian» : „დასავლეთისკენ გადახრა თუ დივერსიფიკაცია: სად ეძებს სომხეთი მხარდაჭერას რუსეთის „ღალატის“ შემდეგ“
дата:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ანალიტიკური ჯგუფის „კონტექსტის“ მიერ მომზადებული სტატია სათაურით „დასავლეთისკენ გადახრა თუ დივერსიფიკაცია: სად ეძებს სომხეთი მხარდაჭერას რუსეთის „ღალატის“ შემდეგ“.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი პუბლიკაციიდან:

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ სომხეთი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა - რა უნდა გააკეთოს ერევანმა თავისი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ისეთ სიტუაციაში, როცა მთავარმა „პარტნიორმა“ - რუსეთმა - საკუთარ თავზე აიღო სამშვიდობო ფუნქციის შესრულება და ამოცანა ვერ შეასრულა. მართალია, კრემლს ახლა თავისი პრობლემა აქვს - უკრაინასთან მიმდინარე ომი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მოსკოვის იმედად ყოფნა სომხეთს აღარ სურს, ამიტომ დახმარებას სხვაგან ეძებს - ინდოეთიდან საფრანგეთამდე.

ინდური და ფრანგული იარაღი... რუსულის ნაცვლად?

ინდოეთი მაქსიმალურად ღიაა სომხეთთან დიალოგში. ჯერ კიდევ 2020 წელს ინდოეთმა სომხეთს რამდენიმე რადარი მიაწოდა, რომელთა საერთო ფასი 40 მილიონ დოლარზე მეტია. გასულ წელს ერევანმა ნიუ-დელისაგან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები (Pinaka) შეიძინა, ასევე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები 250 მილიონ დოლარად. გასულ თვეში ინდური გაზეთები წერდნენ, რომ სომხეთი ინდოეთისაგან ანტიდრონების სისტემას ყიდულობს, აგრეთვე ჯავშნიან თვითმავალ ჰაუბიცებს.

„ინდოეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, ალბათ, ყველაზე დიდი „შენაძენი“ გახდა სომხეთისათვის ბოლო ორი წლის განმავლობაში. დღეს ინდოეთი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, სომხეთის ყველაზე მსხვილ პარტნიორს წარმოადგენს - გაფორმებულია თითქმის მილიარდ დოლარიანი პაკეტის კონტრაქტები. და ამ ყველაფერს ხელი ერთ წელიწადში მოეწერა. ეს სამჯერ მეტია, რაც რუსეთთან იყო ხელმოწერილი 2015-2020 წლების პერიოდში“, - ამბობს ლეონიდ ნერსესიანი, სამხედრო ანალიტიკოსი.

„ინდოეთს სომხეთთან პრაქტიკული ინტერესი აქვს - ინდური იარაღი მსოფლიოში ჯერ-ჯერობით ცნობილი და პოპულარული არ არის და ეს ნიუ-დელისათვის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია რეკლამირებისთვის. ინდოეთისთვის სომხეთთან თანამშრომლობა ეკონომიკურადაც სასარგებლოა, - აღნიშნავს პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი, - გარდა ამისა, არსი აგრეთვე პაკისტანის ფაქტორიც, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს აზერბაიჯანთან და ჩვენი რეგიონის პროცესებში კი აპირებს ჩართვას. სხვათა შორის, პაკისტანი იმ ერთ-ერთ იშვიათ ქვეყანას წარმოადგენს, რომელთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ-ჯერობით არ აქვს დამყარებული“.

ფრანგული დღეს სომხეთისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს საფრანგეთი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სომხებისა და ფრანგების ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში ჩაისახა. ერევან-პარიზის პოლიტიკურ-დიპლომატიური კავშირების განახლება 1990-იან წლებში დაიწყო, თუმცა ბოლო დრომდე ძირითად საგარეო-პოლიტიკური მიმართულებად არ გამხდარა. ოქტომბერში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზი ერევანს შეიარაღებას მიაწვდის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს: „აუცილებელია სომხეთს ჰქონდეს თავისი სახელმწიფო საზღვრებისა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა სებასტიან ლოკარნომ

სომხეთ-საფრანგეთის ერთმანეთთან დაახლოების პროცესი გრძელდება. ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი საფრანგეთში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვდა და არწმუნებდა, რომ ერევანს სხვა სფეროებშიც სურს მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან.

                საინტერესო ფაქტია, რომ ამას წინათ, ნიკოლ ფაშინიანმა იგნორირება გაუკეთა დსთ-ის ჩარჩოებში გამართულ სამიტს (რომელშიც ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა) და ცენტრალური აზიის - ყირგიზეთის ნაცვლად, ესპანეთში წავიდა, ევროკავშირის სამიტზე, სადაც ევროკომისიის თავმჯდომარეს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა, მოგვიანებით კი ევროპარლამენტშიც სიტყვით გამოვიდა.

დასავლეთისკენ გადახრა თუ დივერსიფიცირება?

ეს ყველაფერი ისე ჩანს, რომ სომხეთი თითქოსდა ზურგს აქცევს რუსეთს და თავის საგარეო პოლიტიკის ვექტორს ცვლის, თუმცა ექსპერტები, რომლებსაც „ბიბისის“ ამალიტიკოსები ესაუბრნენ, უმჯობესად თვლიან, რომ ერევნის პოლიტიკას „დასავლეთისაკენ შებრუნება“ არ უწოდონ, არამედ უფრო სხვა ტერმინით ისარგებლონ - „დივერსიფიკაციით“. თვითონ ნიკოლ ფაშინიანმაც ასე განაცხადა - „სომხეთის მიერ საერთაშორისო არენაზე ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები დივერსიფიცირებას ნიშნავსო“..

როგორც პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი ამბობს, სომხეთი ცდილობს შექმნილი გეოპოლიტიკური ვაკუუმი ამოავსოს და საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას აწარმოებს - დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ახალ პარტნიორებს ეძებს: „ აშშ და ევროკავშირი ცდილობენ მასტაბილიზებელი როლი შეასრულონ, ისინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის განმტკიცებით არიან დაინტერესებულები და სურთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ისეთი სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმონ, რაც რეგიონში რუსეთის გავლენას შეამცირებს“.

„სომხეთი საქართველოსაც დაეხმარება...“

რუსეთთან დაპირისპირების ელემენტის გარდა, სომხეთისათვის არის სხვა ასპექტიც სამხრეთკავაკსიურ რეგიონულ თავსატეხში. „თუ სომხეთი დასავლეთს დაუახლოვდება, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხიც დაჩქარდება და თუ ამ ორ ქვეყანას დასავლეთთან მჭიდრო ურთუერთობა ექნება, აზერბაიჯანისათვის რთული იქნება [ინტერგრაციული პროცესის მიღმა დარჩეს]. ანუ საკითხი მხოლოდ სომხეთს არ ეხება“, - ამბობს ლეონიდ ნერსესიანი.

რასაკვირველია, მომხდარი ფაქტები რუსეთისათვის სასიამოვნო არ არის. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთლიანად დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, მოსკოვის გავლენამ რეგიონში სწრაფად დაიწყო შესუსტება.

„რუსეთის გავლენის დაკარგვა - ჯერ-ჯერობით შეუმდგარი ფაქტია, მაგრამ აშკარაა, რომ გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ წარმოუდგენელი იყო ევროპელი დამკვირვებლების ჩაყენება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრზე. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა იმ დროს, რომ ასე იქნება და სომხეთი ОДКБ-ის („კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“) წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტსაც ყურადღებას არ მიაქცევსო, გამეცინებოდა“, - ამბობს ლეონიდ ნერსესიანი.

კრემლის შურისძიება: პრობლემები „ზემო ლარსში“ სომხებისთვის

რუსეთთან დღევანდელი დამოკიდებულების საკითხშზე საუბრის დროს უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: ოდესღაც არსებული მეგობრული პოლიტიკური ურთიერთობის გაცივების მიუხედავად, სომხეთი რუსეთზე ტავის უდიდეს ეკონომიკურ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. ასე რომ, ერევანზე გავლენის მოსახდენი ბერკეტები მოსკოვს ნამდვილად აქვს.

თითქოსდა საკვირველი დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: როგორც კი ნიკოლ ფაშინიანმა გასული თვის - ნოემბრის ბოლოს უარი განაცხადა ОДКБ-ის სამიტში მონაწილეობაზე, სომეხ საავტომობილო ტვირთგადამზიდავებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ერთადერთ შესასვლელზე - „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამსვლელ პუნქტზე პრობლემები გაუჩნდათ. ასოფით სატვირთო ავტომობილი - ავტოფურები, რომლებთაც უამრავი პროდუქცია, მათ შორის სწრაფფუჭებადი ხილი და თევზი გადაჰქონდათ, საზღვარზე გადასვლისას „გაიჭედნენ“: რუსეთი ფიტოსანიტარული დაცვის სამსახურმა საკონტროლოდ მიზანში სწორედ სომხური ტვირთები ამოიღო.

პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, სომხეთის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი რუსეთზე მოდის, რომლის მოცულობა განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან.

რუსეთი სომხეთში მნიშვნელოვან სფეროებს და ობიექტებს აკონტროლებს: მაგალითად, ენერგეტიკულ სექტორს, აწვდის ბუნებრივ გაზს საქართველოს გავლით, ასევე რუსეთი ამარაგებს ბირთვული „საწვავით“ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს. შესაბამისად, კრემლს საკმაოდ აქვს შენარჩუნებული ინსტრუმენტები, რომლებსაც, ერევნის მიერ უხილავი „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შემთხვევაში, აამოქმედებს და სომხეთს დიდ პრობლემებს შეუქმნის.

კრემლის „წითელი ხაზები“ სომხეთისათვის

საკითხი მხოლოდ იმაშია, თუ რას ჩათვლის კრემლში მყოფი ის ერთადერთი ადამიანი „წითელ ხაზად“, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს სომხეთის გასვლა ОДКБ-დან. კაცმა რომ თქვას, დღეს სომხეთი ამ ორგანიზაციაში ისედაც ნომინალურ წევრად ითვლება და ამიტომ ერევანში გაისმის ხმები, რომ გასვლა ოფიციალურად გაფორმდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნიკოლ ფაშინიანი რადიკალური ნაბიჯისაგან თავს იკავებს, რადგან გასვლა ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი განმარტავს: „ჩემი ინფორმაციით, აშშ-ის მხარემ მრავალი თვის წინ ურჩია სომხეთის ხელმძღვანელობას, რომ ОДКБ-დან არ გავიდეს. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე არც ამერიკელები და არც ევროპელები არ არიან მზად სომხეთს ალტერნატიული დახმარება გაუწიონ რუსეთის მხრიდან რაიმე მტრული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში“.

კიდევ ერთი პრობლემაა გიუმრის სამხედრო ბაზის არსებობაც. ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ძალით, რუსეთის ბაზამ სომხეთის ქალაქ გიუმრიში 2041 წლამდე უნდა იარსებოს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ნიკოლ ფაშინიანის მიერ მიცემული ინტერვიუ ამერიკული გაზეთის Wall Street Journal-ის კორესპონდენტისათვის.

ჟურნალისტი ეკითხება: „თქვენი აზრით, რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში უპირატესობად ითვლება და დაბრკოლებად?“, რაზედაც პრემიერ-მინისტრი ასე პასუხობს: „ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მისი [ბაზის] უპირატესობა ვერ დავინახეთ“.

მომდევნო კითხვის პასუხად - „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სომხეთი შეეცდება რუსეთს ბაზის გაყვანა მოსთხოვოს?“ - ნიკოლ ფაშინიანი ამბობს: „ჩვენ ასეთ საკითხს არ ვიხილავთ“.

ბაზის გაყვანის მოთხოვნა იოლი რომც იყოს, სომხეთის მთავრობა ამ ეტაპზე მსგავსი ნაბიჯის გადადგმისათვის მზად არ არის. დღეს ქვეყნის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანია არა რუსეთთან კავშირის გაწყვეტა, არამედ მხოლოდ მისი გავლენის შესუსტება და მოსკოვზე ერევნის დამოკიდებულების დონის შემცირება, თუმცა ამის მიღწევასაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/crgp6y4r8plo

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати