USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«TRT-Turkish Radio and Television Corporation» (თურქეთი): „გადაიქცევა თუ არა ირანის დარტყმა ისრაელზე რეგიონულ ომად?"
Date:  451

თურქული სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია, რომლის სათაურია „გადაიქცევა თუ არა ირანის დარტყმა ისრაელზე რეგიონულ ომად?“, რომელშიც თურქი პოლიტოლოგი ჯან აჯუნი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის პერსპექტივაზე მსჯელობს.

ირანმა საბოლოოდ გვერდზე გადადო თავისი „სტრატეგიული მოთმინება“ და ისრაელს ბალისტიკური რაკეტები ესროლა. ბოლო თვეებში ირანმა განიცადა სერიოზული ზიანი შეკავების კუთხით, როდესაც მან ვერ შეძლო ნამდვილი პასუხის გაცემა ისრაელის აგრესიულ დამოკიდებულებაზე. როდესაც ეს ვითარება შეერწყა ისრაელის თავდასხმებს ჰეზბოლას ხელმძღვანელობაზე, ირანს სხვა გზა არ დარჩა, გარდა პასუხის გაცემისა, ან უნდა აღედგინა თავისი შეკავების ძალა ან უკან დაეხია. ირანმა არჩია პასუხის გაცემა და დაარტყა ისრაელს დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტით. რა თქმა უნდა, ამ თავდასხმას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევრის, ჯან აჯუნის შეფასებას, რომელშიც იგი წერს: 

საბოლოოდ, დასრულდა ირანის „სტრატეგიული მოთმინება“ ისრაელის ხანგრძლივი აგრესიული დამოკიდებულების წინააღმდეგ და განხორციელდა მასშტაბური სარაკეტო შეტევა. ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზები ზებგერითი 200-მდე ბალისტიკური და ატმოსფეროზე ზემოდან მფრენი რაკეტით იქნა დაბომბილი. ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდეს რეგიონში განლაგებული აშშ-ს საჰაერო თავდაცვის მოთხოვნით და ისრაელის Arrow 2-3 მაღალი სიმაღლის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მაგრამ ირანის ბალისტიკური რაკეტები ძირითადად სამიზნეებს მოხვდა. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებულია ნევატიმის ავიაბაზა, ტელ ნოფი და ნეტივოტის ბაზები, სადაც F35-ები არიან განლაგებული. ამასთან დაკავშირებით არის ვიზუალური მტკიცებულებებიც. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი მიადგა ბაზებს და დაკარგა თუ არა თვითმფრინავები, განსაკუთრებით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი სამხედრო ცენზურას ახორციელებს და ზოგიერთი წყარო ასევე ამტკიცებს, რომ ისრაელი F35-ების დაცვას ცდილობდა 5 ტანკერი თვითმფრინავის აფრენით და შეტევამდე ჰაერში შეჩერებით. თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის გარკვევას უახლოეს დღეებში სატელიტური ფოტოებით შევძლებთ, მაგრამ ცხადია, რომ ირანმა ამჯერად ისრაელს რეალური პასუხ გასცა. ისრაელი სერიოზული დეზინფორმაციითა და პროპაგანდით აცხადებს, რომ მას არ მიუღია რაიმე სერიოზული ზიანი. ის ერთგვარ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ძალიან მკაცრად უპასუხებენ. 

რა თქმა უნდა, ირანის ამ გაბედულ თავდასხმას შედეგები მოჰყვება. უპირველეს ყოვლისა, წინააღმდეგობის ღერძის კომპონენტების, განსაკუთრებით ჰეზბოლას, თავდაჯერებულობა განახლდა და დაინახეს, რომ მათ უკან ირანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ისრაელი ცდილობს ლიბანის სამხრეთში სახმელეთო გზით შეჭრას. ჰეზბოლამ უნდა განაახლოს თავისი სარდლობის დონე რაც შეიძლება მალე და გამოიჩინოს წინააღმდეგობა ველზე. მეორეც, ირანმა აღადგინა თავისი შემაკავებელი ძალა და ახლა ბურთი ისრაელის მოედანზეა. მათ თავიანთ განცხადებებში აღნიშნეს, რომ პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, ისინი სავარაუდოდ განახორციელებენ საჰაერო დარტყმას ირანის წინააღმდეგ, რაც გამოიწვევს ირანის მხრიდან ხელახლა გასროლას. ამრიგად, ორი სახელმწიფო პირდაპირ ომში ჩაერთვება. ის, რასაც აშშ გააკეთებს, ასევე კრიტიკულია, თუ ისრაელს გაუჭირდება ის შეიძლება უშუალოდ ჩაერიოს, რაც რა თქმა უნდა გამოიწვევს დიდ რეგიონულ ომს. 

ჩვენ ძალიან კრიტიკულ და ისტორიულ პერიოდში ვართ. შეუძლებელია რეგიონში მშვიდობის დამყარება ღაზასა და ლიბანში ისრაელის ხოცვა-ჟლეტის შეჩერების გარეშე. - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2024/10/04/ak-tualuri-t-emis-analizi-40-2024-2194947

 

analytics
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) სტატია სათაურით „უკრაინა, ბალკანეთი და ევროკავშირის მომავალი გაფართოება: ვის რა პერსპექტივა აქვს“ (ავტორი - ტონი ბარბერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბრიუსელის ოფიციალური რიტორიკის თანახმად, ევროკავშირის გაფართოების პროცესი ევროპის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზოგიერთი ცალკეული სირთულის მიუხედავად, დამაჯერებლად მიმდინარეობს. ამბობენ იმასაც, რომ ერთ-ერთი კანდიდატი-სახელმწიფო - ჩერნოგორია - 27 წევრიან ოჯახს 2020-იანი წლების ბოლოს დაემატება.

დაგროვილი დაძაბულობა

დღეს ევროკავშირის საერთო სურათზე სამ რეალურ ტენდენციას ვხედავთ: მსოფლიო მოვლენების გავლენას ევროკავშირზე, ბლოკის წევრი ცალკეული სახელმწიფოების ინტერესებს და სიტუაციას ბლოკის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში.

2013 წლიდან, როცა ხორვატეთი ევროკავშირში გაერთიანდა, ბლოკში თითქმის ათწლიანი „უძრაობა ჩამოწვა“. ახალი იმპულსი ევროკავშირმა მხოლოდ 2022 წელს მიიღო, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და ბრიუსელმა კოლექტიური პასუხის გაცემა დაიწყო კრემლის წინააღმდეგ. მოგვიანებით ევროკავშირში გაფართოების ტენდებცია გამოცოცხლდა: ექვს ბალკანურ ქვეყანას, რომლებიც თავიანთ საათს ელოდებიან (ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, კოსოვოს, ჩერნოგორიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს) ბრიუსელმა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა დაუმატა. ევროკავშირის წევრობის კიდევ ერთი მაძიებელია თურქეთი, თუმცა უფრო ქაღალდზე, ვიდრე რეალურად.

მაგრამ ევროკავშირის გაფართოების აღორძინებულ გეგმებში ყოველთვის თავს იჩენს ხოლმე მუდმივი გადაუჭრელი წინააღმდეგობა: ერთი მხრივ, ევროკავშირის ხელმძღვანელობა გაფართოებაში მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სარგებელს ხედავს, მაგრამ მეორე მხრივ, ბრიუსელს არ სურს გაფართოება ნებისმიერ ფასად: წევრობის კანდიდატი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ კრიტერიუმებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც დემოკრატიას ეხება, კანონის უზენაესობას და ისტორიული დავების მოგვარებას ევროკავშირის წევრებთან.

აქედან გამომდინარეობს კითხვა; მზად არიან თუ არა ევროკავშირის წევრი [და არაწევრი] ქვეყნების მთავრობები (და აქვთ კი უნარი?) იმისათვის, რომ განახორციელონ საკვანძო ინსტიტუტების შორსმიმავალი რეფორმები და გააფორმონ ისეთი ფუძემდებლური ფინანსური შეთანხმებები, რომლებიც აუცილებელია გაფართოებისათვის?

რუსეთი და დონალდ ტრამპი

გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ისეთი სიტუაციაა, რომელიც ნამდვილად არ უწყობს ხელს ბლოკის გაფართოებას. ორი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთ-უკრაინის ომი და დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტი პროგნოზირება იმისა, თუ რას გააკეთებს რეალურად დონალდ ტრამპი მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან მიმართებით, თუმცა მისი განცხადებების საფუძველზე, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სურვილია სამშვიდობო მოლაპარაკების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის ხელში უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი დარჩება. ასევე არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ კრემლი უკრაინის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებას დაეთანხმება - არამარტო ნატოში, არამედ შედარებით არამილიტარისტულ ევროკავშირშიც, რომლის სწრაფვას თავდაცვისაკენ მოსკოვი დამცინავად უყურებს, მაგრამ მაინც მხედველობაში იღებს.

თეორიულად ევროკავშირს უკრაინასთან მოლაპარაკების გაგრძელება შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ სარისკო იქნება, თუ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები დე-ფაქტო შემცირებულ უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს არ შესთავაზებენ.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის წესდების მიხედვით, კანდიდატი ქვეყნის სურვილის განხორციელება - ევროკავშირის წევრად მიღება - 27 ნამდვილი წევრის თანხმობას ითხოვს. ამრიგად, იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასთან რაღაც სადაო აქვთ, ყოველთვის შეუძლიათ კანდიდატ ქვეყანას „ცივი წყალი გადაასხან“ და მათი წინსვლა ევროკავშირისაკენ დაამუხრუჭონ. ასეთი ქვეყნებია უნგრეთი - თავისი რუსოფილური სიმპათიებით, რომელიც კიევს პრეტენზიებს უყენებს უნგრული ეთნიკური უმცირესობის უფლებების დარღვევის გამო. ასევე პოლონეთი, რომელიც უკრაინას მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციონალისტების მიერ ჩადენილი მხეცობის გამო ედავება, ხოლო ზოგიერთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას უკრაინის მიმართ პრეტენზიები აქვს სასოფლო-სამეურნეო ექსპორტთან დაკავშირებით.

აშშ, ევროკავშირი და ბალკანეთი

სირთულეები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება - ბალკანეთშიც ბევრი პრობლემაა. დონალდ ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ბალკანეთში უცნაური და შეიძლება ითქვას, ძალზე სახიფათო როლი შეასრულა: საკითხი ეხება წარუმატებელ პოლიტიკურ თამაშებს ტერიტორიის გაცვლის თაობაზე - სერბეთსა და კოსოვოს შორის. ასეთი ინიციატივები ძალზე სარისკოა ბალკანეთის სხვა ქვეყნებისათვის და შეუძლიათ სიტუაციის არევ-დარევა ისედაც მყიფე მშვიდობის პირობებში, საზღვრებთან მიმართებით (ვთქვათ, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის). სერბეთის მიმართ, რომელიც რუსეთისადმი ლოიალურად არის განწყობილი, თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ჯო ბაიდენსაც - იმდენაც ცუდი, რომ სერბეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია და უკრაინას იარაღი მიაწოდა.

რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირს, ბრიუსელს სერბეთში ლითიუმის მდიდარი საბადო (ევროპაში უდიდესი) უფრო აინტერესებს, ვიდრე ბელგრადის დემოკრატიულობა და მის მიმართ ზეწოლა, რომ ბლოკში გაერთიანების კრიტერიუმები შეასრულოს.

საფრანგეთი და გერმანია

თუ ბლოკის წევრების როლს გადავხედავთ, მასში წამყვან ქვეყნებს საფრანგეთი და გერმანია წარმოადგენენ, რომლებშიც ულტრამემარჯვენე პარტიების გავლენა ძლიერდება.

საფრანგეთი, საერთოდ, ევროკავშირის გაფართოების საკითხს დიდი ხნის განმავლობაში ეჭვით და სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა 2022 წელს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა. მაგრამ დღეს პრობლემა იმაშია, რომ ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ძალა სუსტდება საარჩევნო ავანტიურების, საბიუჯეტო კრიზისის, საპარლამენტო განხეთქილებისა და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატების სავარუდო წარმატების გამო.

პარიზში არც მემარჯვენეებს და არც მემარცხენეებს ევროკავშირის გაფართოება არ უხარიათ - ეს ფაქტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად,  საფრანგეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა, ახალი ქვეყნის მიღებაზე თანხმობისათვის საჭიროა ან რეფერენდუმი ჩაატაროს, ან მიღება პარლამენტის ორივე პალატის წევრთა სამი მეხუთედმა მოიწონოს.

გერმანიაში პოლიტიკური კონსენსუსი გაფართოების მხარდასაჭერად უფრო ფართოა, ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ პრეტენზიები ბერლინსაც აქვს: ფედერალური ხელისუფლება თვლის, რომ კანდიდატებმა აუცილებლად უნდა გაატარონ ღრმა რეფორმები, თორემ მოუმზადებელი ქვეყნის მიღებამ შეიძლება ზიანი თვით ევროკავშირს მოუტანოს ზიანი.

გერმანიას ასევე მიაჩნია, რომ ევროკავშირმა თავისი „დნმ“ (გენეტიკური ელემენტი) უნდა შეინარჩუნოს, ანუ ისეთი ტრადიციული ისტორიული ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, სამართლიანობა... ბერლინი უპირველესად ითხოვს, რომ კანდიდატმა ქვეყანამ თავისი დამსახურება აჩვენოს კანონის უზენაესობის საკითხში.

ევროპელი ულტრამემარჯვენეები

ევროპული ულტრამემერჯვენე პარტიების პოზიციები ევროკავშირის გაფართოების საკითხში შორს არის ერთიანობისაგან. შესამჩნევია ორი ჯგუფი: პირველნი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან გაფართოებას, უბრალოდ, იმიტომ, რომ მათ თვით ევროკავშირი არ მოსწონთ. მეორენი კი გაფართოებაში უპირველესად ხედავენ ევროკავშირის გადაქცევას სუვერენული ეროვნული ქვეყნების ალიანსად და არა ისეთ თავისუფალ კონფედერაციულ ბლოკად, როგორიც დღეს არის.

სხვატა შორის, მეორე ბლოკში შედის უნგრული პარტია „ფიდესი“ პრემიერ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, რომელიც, უკრაინასთან მტრული დამოკიდებულების ფონზე, მიესალმება ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებას, როგორსაც კრემლის მიმართ ლოიალურად განწყობილი სერბეთი წარმოადგენს.

კანდიდატი ქვეყნები: ჩერნოგორიული სცენარი

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს: ყურადღება გავამახვილოთ ჩერნოგორიაზე, რომლის მოსახლეობა 600 ათასს აღწევს და რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო. ჩერნოგორიას იშვიათად ეთმობა ყურადღება, მაგრამ ის საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს იმიტომ, რომ სხვებზე მეტად უფრო პრიორიტეტულია ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრით.

ევროკომისიის ბოლო მოხსენების თანახმად, ბრიუსელი მზად არის მხარი დაუჭიროს პოდგორიცას სურვილს და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2026 წლისათვის დაასრულოს. თუმცა ამის შემდეგ შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გავიდეს, სანამ ჩერნოგორია სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მიიღებს: გააჩნია, რამდენად სწრაფად აუნთებენ მას ევროკავშირის წევრები მწვანე შუქს და დროულად მოახდენენ რატიფიცირებას.

საქმე იმაშია, რომ ჩერნოგორიაში საკმაოდ სესამჩნევია პროსერბული და პრორუსუსლი განწყობები - არიან პარტიები, რომლებსაც მტრული დამოკიდებულება აქვთ ევროკავშირის მიმართ. ისმის ხმები, თუ ვინ არიან ჩერნოგორიელები - სრულფასოვანი ერის წარმომადგენლები თუ იგივე სერბები, მხოლოდ სხვა სახელით? ზოგიერთი ევროპელი ექსპერტი აცხადებს, რომ ჩერნოგორიის მთავრობაში ისეთი მინისტრებიც არიან, რომლებიც ჩერნოგორიელთა ეროვნულ იდენტურობას უარყოფს.

არანაკლებ ნეგატიური ხასიათი აქვთ სხვა მომენტებსაც: მაგალითად, გასულ თვეში ზოგიერთმა ანტიევროპულმა პარტიამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ანალოგიურ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რუსეთის გავლენით მიიღო და რის შემდეგაც ბრიუსელმა საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შეწყვიტა. გარდა ამისა, ივლისში ჩერნოგორიამ ხორვატეთი გააღიზიანა იმ განცხადებით, რომ მეორე მსოფლიო ომში ხორვატი ნაციონალისტები მხეცურად იქცეოდნენ.

ასე რომ, ისევე როგორც პოლონეთ-უკრაინის ისტორიული დავა, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის უთანხმოება ეროვნულ თვითშეგნებისა და ენის საკითხებში, ხორვატეთ-ჩერნოგორიის მწვავე ურთიერთდამოკიდებულება  ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრირებას. და თუ მათ დავამატებთ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას ევროკავშირზე, დონალდ ტრამპის ფაქტორს და უთანხმოებებს თვით ევროკავშირში, პერსპექტივა არასახარბიელოა - სანამ ასეთი საკითხები დარეგულირებული არ იქნება, ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.

წყარო: https://www.ft.com/content/5f7f2df4-641a-4a93-9599-a223a191f6c7

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way