თურქეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე, რუბრიკით „ენერგეტიკული დღის წესრიგი“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არის თუ არა მზის ენერგია კაცობრიობის იმედი?“ (ავტორი - მაჰმუთ გიურერი / TRT Haber-ის რედაქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
მზე, რომელიც ანათებს მსოფლიოს, ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ცივილიზაციებისა და ისტორიის ფორმირებაში. ყველა ცოცხალი არსება, დაწყებული მინდვრის ხორბლით და დამთავრებული ქუჩაში მოსიარულე ადამიანით, დამოკიდებულია მზის მკვებავ ძალაზე... თუმცა, სამრეწველო რევოლუციასთან ერთად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ გამოავლინა არა მხოლოდ მზის გამათბობელი მხარე, არამედ მისი ენერგიის წარმოების პოტენციალიც.
მზის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოება სათავეს, 1839 წლიდან იღებს. თეორია, რომელიც ფრანგმა მეცნიერმა ედმონდ ბეკერელმა წამოაყენა, პირველად კომერციულად 1954 წელს გამოჩნდა, მასზე ჩატარებული კვლევების შედეგად. პირველი მზის ენერგიის უჯრედები აშშ-ში 1954 წელს დამზადდა.
მზის ენერგია თურქეთის დღის წესრიგში 1970-იან წლებში შევიდა. მსოფლიოში მზის ენერგიის ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მას უნივერსიტეტები, საჯარო და კერძო სექტორი შეეხო.
მზის ენერგიის შესახებ პირველი ეროვნული კონგრესი 1975 წელს იზმირში გაიმართა. პირველი პასიური მზის ენერგიის სისტემა კი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში 1975 წელს დამონტაჟდა.
თურქეთს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მნიშვნელოვანი მზის ენერგიის პოტენციალი აქვს... ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მომზადებული თურქეთის მზის ენერგიის პოტენციალის ატლასის (GEPA) მიხედვით, მზის ნათების საერთო ხანგრძლივობა დღეში 7,5 საათია, ხოლო წელიწადში - 2737 საათი...
იმავე ატლასის მიხედვით, დადგინდა, რომ თურქეთში შემავალი წლიური მზის ენერგიის ჯამური რაოდენობა არის 1527 კვტ.სთ/მ², ხოლო დღიური - 4,2 კვტ.სთ/მ².
ამ მონაცემების ფონზე ინვესტიციებიც ყოველდღიურად იზრდება... 2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის თურქეთის დადგმულმა სიმძლავრემ 113,932 მეგავატს მიაღწია.
2024 წლის აგვისტოს ბოლოსთვის, დადგმული სიმძლავრის განაწილებაში წყაროების მიხედვით, განახლებადი ენერგია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ამ ენერგიის დაახლოებით 42% მოდის წიაღისეულ საწვავზე, მაშინ როცა განახლებადი ენერგიის წილი თითქმის 60%-ს აღწევს...
ელექტროენერგიის 28,3% მიიღება ჰიდროენერგიიდან, 10,8% - ქარის ენერგიიდან, ხოლო 1,5% - გეოთერმული ენერგიის წყაროებიდან.
განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო არის მზე... თურქეთი თავისი ელექტროენერგიის 16,2%-ს მზის ენერგიიდან იღებს. თურქეთში სულ 29,163 მზის ელექტროსადგურია.
თუმცა, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის სხვადასხვა აპლიკაციებმაც მიიღეს სამართლებრივი საფუძველი. მათ შორისაა მცურავი მზის ელექტროსადგურები.
თურქეთის მცურავი მზის ელექტროსადგურების პოტენციალი დაახლოებით 80,000 მეგავატადაა შეფასებული.
მცურავი მზის ელექტროსადგურების განთავსებისთვის, რომელთაც არ სჭირდებათ მიწა ან მყარი ზედაპირი დასამონტაჟებლად, საკმარისია უძრავი საზღვაო ტერიტორიები, ჰიდროელექტროსადგურებისა და სასმელი წყლის რეზერვუარები და ხელოვნური ტბები, სადაც ჩამდინარე წყლები გროვდება.
მცურავი მზის ელექტროსადგურები, რადგან წყალსაცავებზე განთავსდება, არ უწევენ კონკურენციას სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო ან კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილ მიწებზე განთავსებულ მზის ელექტროსადგურებს. მიწისა და სახურავის საჭიროების მქონე სხვა მზის ელექტროსადგურებთან შედარებით, ისინი შეიძლება დამონტაჟდეს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების სიახლოვეს.
მიწის ტიპის პანელებთან შედარებით, მცურავი მზის ელექტროსადგურები უზრუნველყოფენ დინამიური მოძრაობის შესაძლებლობას და შეუძლიათ იმუშაონ დაჩრდილვის გარეშე. მცურავ მზის ელექტროსადგურებზე მტვრისა და ჭუჭყის დაგროვების ძალიან დაბალი მაჩვენებელი ხელს უშლის ეფექტურობის შემცირებას.
ყველა ამ ინვესტიციის შედეგად, მოსალოდნელია, რომ თურქეთის მზის ენერგიის სიმძლავრე მომდევნო 10 წლის განმავლობაში 500%-ით გაიზრდება და დაახლოებით 53 გიგავატს მიაღწევს. ამგვარად, იგეგმება მზის ენერგიის გადაქცევა ელექტროენერგიის წარმოების უმნიშვნელოვანეს წყაროდ.
მსოფლიო ასევე ყოველწლიურად ზრდის ინვესტიციებს მზის ენერგიაში.
2023 წელს, მსოფლიო მასშტაბით ელექტროენერგიის წარმოების 5,5% მზის ენერგიაზე მოდიოდა. მზის ენერგიის გამოყენება 23,2%-ით გაიზარდა. გლობალურად, ელექტროენერგიის წარმოებაში ყველაზე დიდი წლიური ზრდა მზის ენერგიაში დაფიქსირდა.
მზის ენერგიის წარმოებაში ჩინეთი პირველ ადგილზეა 306,973 მეგავატის წარმოებით. მას მოსდევს აშშ 95,209 მეგავატით და იაპონია 74,191 მეგავატით. ამ ქვეყნებს მოჰყვება გერმანია, ინდოეთი, იტალია, ავსტრალია და სამხრეთ კორეა. თურქეთი მზის ენერგიიდან ელექტროენერგიის წარმოებაში პირველ 20-ში შედის.
წყარო:https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2024/09/30/energetikuli-dg-is-cesrigi-40-2024-2192989