USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
BMG: "უმუშევრობის დონე კვლავ თითქმის 2-ჯერ აღემატება EU-ის საშუალოს" - PMCG-ის შრომის ბაზრის მიმოხილვა
дата:  340

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფმა (PMCG) საქართველოს შრომის ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში უმუშევრობის დონე, კლების მიუხედავად, კვლავ თითქმის ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

BM.GE გთავაზობთ მიმოხილვის ძირითად მიგნებებს:

პრე და პოსტპანდემიური პერიოდების შედარება (2019 და 2025)

შრომის ბაზრის ტენდენციები: 2025 წლის I კვარტალში, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, საქართველოს შრომის ბაზრის ეფექტიანობა გაუმჯობესდა: გაიზარდა როგორც დასაქმების დონე (+4.6 პროცენტული პუნქტით (პპ)), ასევე სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე (+ 2.2 პპ), ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა (-5.0 პპ). მიუხედავად ამისა, უმუშევრობის დონე კვლავ თითქმის ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს.

სამუშაო ძალის დინამიკა: 2025 წლის I კვარტალში, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, სამუშაო ძალა 2.5%-ით გაიზარდა, რაც, ძირითადად, დასაქმებულთა 8.9%-იანი ზრდითაა განპირობებული, რადგან უმუშევრობა 23.6%-ით შემცირდა. ამავდროულად, მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ 6.1%-ით შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, სამუშაო ძალის ზრდისა და, ნაწილობრივ, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ემიგრაციის შედეგია.

ხელფასების დინამიკა: 2025 წლის I კვარტალში, 2019 წლის I კვარტალთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი თითქმის გაორმაგდა, კერძოდ, 1,093 ლარიდან 2,170 ლარამდე გაიზარდა. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ხელფასების ზრდა გაცილებით ზომიერი იყო (2019-2024 წლებში 935 ლარიდან 1,300 ლარამდე გაიზარდა).

გენდერული და საქალაქო-სასოფლო დაყოფა: საქართველოს შრომის ბაზარზე გენდერული სხვაობა კვლავ შენარჩუნებულია, კერძოდ, ქალთა სამუშაო ძალაში მონაწილეობის დონე საშუალოდ 21.5 პპ-ით ნაკლებია კაცებთან შედარებით. ანალოგიურად, ქალაქში სამუშაო ძალაში მონაწილეობა უფრო მაღალია, ვიდრე სოფელში, თუმცა პანდემიის შემდეგ ეს სხვაობა მცირედით შემცირდა.

ბოლო პერიოდის ტენდენციები

ხელფასების განაწილება: 2025 წლის I კვარტალში 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 0-დან 600 ლარამდე ხელფასს იღებდა მაშინ, როცა იმ პირთა რაოდენობა, ვინც 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა, თითქმის გაორმაგდა. ხელფასების ზრდა ძირითადად 1,200-დან 2,399 ლარამდე და 2,400 ლარის ან მეტი შემოსავლის სეგმენტზე კონცენტრირდა. აღნიშნულ კატეგორიაში ადამიანების რაოდენობა 2025 წლის I კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა.

შრომაზე მოთხოვნა და ვაკანსიები: პანდემიის შემდეგ ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში კლების ტენდენცია შეიძინა, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით არის გამოწვეული.

ბევერიჯის მრუდი: 2025 წლის I კვარტალში, სეზონურად შეწონილი უმუშევრობის დონისა და ვაკანსიების გამოცხადების დონის მცირედი კლების ფონზე, შრომის ბაზრის ეფექტიანობა მცირედით გაუმჯობესდა, წინა კვარტალთან შედარებით.

ბიზნესის მოლოდინები მომდევნო 3 თვეში დასაქმებასთან დაკავშირებით: 2025 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების უმეტესობას მომდევნო 3 თვეში დასაქმების მიმართულებით დადებითი მოლოდინები აქვს, თუმცა დასაქმების ბარომეტრი შემცირებულია როგორც წინა კვარტალთან, ასევე წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

ბიზნესის მოლოდინები ხელფასებისა და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ: გამოკითხული კომპანიების 40%-მა 2025 წლის კვ. I კვარტალში ხელფასები გაზარდა (92%-მა - 0-20%-ით, ხოლო 8%-მა - 20-40%-ით), თუმცა მხოლოდ 18%-მა განაცხადა, რომ გეგმავს ხელფასების გაზრდას მომდევნო კვარტალში. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულ კომპანიათა 23%-ში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, ხოლო 29% ელის დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას მომდევნო კვარტალში.

2024 წლის მიმოხილვა

არასრულად გამოყენებული სამუშაო ძალა: არასრულად გამოყენებული სამუშაო ძალა, რომელიც მოიცავს უმუშევრობას, არასრულად დასაქმებასა და პოტენციურ სამუშაო ძალას, 2024 წელს დაახლოებით ორჯერ აღემატებოდა უმუშევრობის დონეს, რაც არსებულ სტრუქტურულ გამოწვევებზე მიანიშნებს.

დასაქმების ტენდენციები სექტორების მიხედვით: 2024 წელს დასაქმებულთა ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და განათლების სექტორებზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა ჩამოთვლილთაგან ყველა სექტორში გაიზარდა, გარდა სოფლის მეურნეობისა (-9.1%).

დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში საწარმოების 7%-ში დასაქმებული იყო 18,935 უცხოელი მოქალაქე (სამუშაო ძალის 2%). მათი უმეტესობა დასაქმებული იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში (38%), რომელსაც მოსდევდა მშენებლობა (14%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (7%).

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати