USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
Tbilisi
«TRT» (თურქეთი): „ისრაელის თავდასხმები ლიბანზე“ (თურქული ხედვა)
Date:  160

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT - Turkish Radio and Television Corporation - თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს კომენტარს სათაურით „ისრაელის თავდასხმები ლიბანზე“, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაციის შესახებ, შეიძლება ითქვას, თურქული ოფიციალური ხედვაა გადმოცემული. როგორც ცნობილია, თურქეთი მხარს უჭერს როგორც პალესტინელებს, ასევე  პალესტინელთა რელიგიურ-რადიკალურ დაჯგუფებებს („ჰამასს“ და „ჰეზბოლას“) ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ კონფრონტაციაში. ანკარისათვის ისრაელი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის არასტაბილურობის ფაქტორს წარმოადგენს.

გთავაზობთ პუბლიკაციას, რომლის ავტორია ჯან აჯუნი - ანკარის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი.

ამ ორიოდე დღის წინათ ისრაელმა განახორციელა უზარმაზარი ტერორისტული აქტი, რომელმაც შოკში ჩააგდო მთელი ლიბანი. უცებ, ბეირუთში და მთელ ლიბანში, ათასობით პეიჯერი აფეთქდა ბომბის მსგავსად. ამ თავდასხმის შედეგად, რომელიც მიმართული იყო ძირითადად „ჰეზბოლას“ მიერ გამოყენებული საკომუნიკაციო სისტემების წინააღმდეგ, ამ დრომდე სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 2800-ზე მეტი დაშავდა. როგორც ჩანს, ისრაელის დაზვერვამ შეაღწია მიწოდების ჯაჭვში, მოათავსა ასაფეთქებელი ნივთიერებები პეიჯერებში და გააგზავნა გამშვები სიგნალი, რამაც გამოიწვია მოწყობილობების ერთდროული აფეთქება.

ღაზას სექტორში შარშან დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის არსებობდა კონტროლირებადი სამხედრო ჩართულობა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები დროდადრო კვეთენენ წითელ ხაზებს, ისინი მაინც თავს არიდებდნენ სრულმასშტაბიანი ომისკენ მიმავალ ნაბიჯებს. თუმცა, ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ მეორე ნომრის - ფუატ შუქურის მკვლელობის შემდეგ, ბალანსი შეიცვალა.  „ჰეზბოლას“ მიერ თავდასხმაზე რეალური პასუხის გაუცემლობამ ისრაელი განსაკუთრებით გაამხნევა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია დიდი ნაბიჯი, რომელმაც მთელი ლიბანი შოკში ჩააგდო.

17 სექტემბერს, სამშაბათს, შუადღისას, ლიბანში უცებ ათასობით აფეთქება მოხდა, 12 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 2800 დაშავდა. ამ ტერორისტული აქტის უკან მდგომი ბუნდოვანება სწრაფად გაირკვა და გამოვლინდა, რომ პასუხისმგებელი იყო ისრაელი. ეს იყო დიდი ოპერაცია, განხორციელებული ერთეულის მიერ, რომელსაც ეწოდება "8200" და რომელიც წარმოადგენს ისრაელის ყველა სადაზვერვო ორგანიზაციის ქოლგა სტრუქტურას. ისრაელის დაზვერვამ დიდი ხნის წინ შეიტყო, რომ „ჰეზბოლა“ აპირებდა მობილური ტელეფონების ალტერნატივად პეიჯერების შეძენას. მათ მოათავსეს დაახლოებით 20 გრამი PETN (პენტაერიტრიტოლ ტეტრანიტრატი) ასაფეთქებელი ნივთიერება სამხედრო ტიპის პეიჯერებში, მარკით Gold Apolla AR-924, რომელიც ტაივანური პატენტით იყო დამზადებული და უნგრეთიდან უნდა ყოფილიყო მოწოდებული. შემდეგ კი ისინი ააფეთქეს რადიო სიგნალის გამოყენებით ელექტრონული გამშვების მეშვეობით. სავარაუდოდ, მათ გააკეთეს ისე, რომ პეიჯერებზე თითქოს ჰეზბოლას მეთაურობისგან შეტყობინება მოვიდა, რა დროსაც ყველამ იგი სახესთან ახლოს მიიტანა წასაკითხად და მოხდა აფეთქება, რითაც მიზნად დაისახეს მომხმარებლების სახის დაზიანება და მხედველობის დაკარგვა.

სინამდვილეში ისრაელი ამ მოწყობილობების აფეთქებას იმ მომენტში გეგმავდა, როდესაც მოისურვებდა ლიბანის ოკუპაციას, რათა გაერღვია „ჰეზბოლა“ს თავდაცვა, მაგრამ შესაძლოა იძულებული გახდნენ ეს ნაბიჯი ადრე გადაედგათ გამჟღავნების გამო. საბოლოოდ, ჩანს, რომ ისრაელის დაზვერვამ განახორციელა ძალიან დიდი ოპერაცია და მოახერხა „ჰეზბოლასთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ამ თავდასხმაში, სადაც „ჰეზბოლას“ ათასობით  წევრი დაშავდა, ასევე გამჟღავნდა „ჰეზბოლას“ საიდუმლო ელემენტები. თავდასხმის დროს ასევე მძიმედ დაშავდა სახის არეში ირანის ელჩი ლიბანში მოჯთაფა ამანი, რომელმაც ერთი თვალი საერთოდ დაკარგა, მეორე კი ძალიან დაზიანებული აქვს.

ისრაელმა ახლა სრულად აიღო კონტროლი და უპირატესობა „ჰეზბოლასთან“ მიმდინარე სამხედრო ჩართულობაზე. ახლა ბურთი ირანისა და „ჰეზბოლას“ მოედანზეა. თუ ისინი ვერ შეძლებენ რეალურ პასუხს და მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლებიან, ისინი კვლავ დარჩებიან ისრაელის სამიზნედ: როდესაც შესაფერისი პირობები შეიქმნება, ისრაელი დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას „ჰეზბოლას“ გასაწმენდად მდინარე ლიტანამდე - წერს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2024/09/20/ak-tualuri-t-emis-analizi-38-2024-2189732

 

region
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way