USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
«TRT» (თურქეთი): „ირანის პრეზიდენტი: რატომ ხარჯავთ ელექტროენერგიას უყაირათოდ? გამორთეთ შუქი!
Date:  454

თურქული სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ირანის პრეზიდენტი: რატომ ხარჯავთ ელექტროენერგიას უყაირათოდ? გამორთეთ შუქი! // მასუდ ფეზეშკიანი ქვეყანაში შექმნილ ენერგეტიკულ პრობლემებზე საუბრობს“ (ავტორი - ნურსულ გიურერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა, ქვეყანაში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას გააკრიტიკა დარბაზში განათების ჩართვა მაშინ, როცა მზის შუქი ანათებდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მასუდ ფეზეშკიანი სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ ხორასნის პროვინციაში, ქალაქ ბოჯნურდში.

პრეზიდენტმა გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება 3-4-ჯერ მეტია ევროპის ქვეყნებთან შედარებით და გამოთქვა წუხილი, რომ ბუნებრივი აირის ნაკლებობის გამო ვერ ხერხდება ქარხნებისა და საცხოვრებელი სახლების საკმარისი რაოდენობის ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით მომარაგება.

გამოსვლისას დარბაზის განათებაზე მითითებით მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა: "რატომ აანთეთ ეს განათება, აქ ისედაც არის მზის შუქი. რატომ აანთეთ! მაგალითად, აქ გათბობისთვისაც ზედმეტი ენერგია გამოგიყენებიათ. ჩემი აზრით, ძალიან ცხელა. აი, ასე ზედმეტი მოხმარება ჩვენს ცუდ ჩვევად იქცა".

მასუდ ფეზეშკიანმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მსოფლიოში ენერგიის უდიდესი მარაგის მქონე ქვეყნებს შორისაა და ყველას მოუწოდა, შეძლებისდაგვარად დაზოგონ ენერგია.

პრეზიდენტის გაფრთხილების შემდეგ დარბაზში განათება გამორთეს.

ირანში, ეკონომიკური სანქციების გამო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში არასაკმარისი ინვესტიციების გარდა, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დაუდევარი მოხმარება იწვევს პრობლემებს ენერგიის მიწოდებაში.

განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, მრეწველობაში, სასოფლო-სამეურნეო სექტორსა და დასახლებულ პუნქტებში ელექტროენერგიის შეწყვეტა იწვევს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს.

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2024/12/27/p-ezeshkianma-iranshi-arsebul-energetikul-problemebze-isaubra-2224716

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way