USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
BMG: წლის ბოლომდე სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლებას ველოდებით - ალექსანდრე ძნელაძე
თარიღი:  636

საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება.

როგორც BMG-ის ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა, გასულ პერიოდში სესხების გაძვირება მათ შორის იმ ფაქტორით იყო გამოწვეული, რომ ლარში სადეპოზიტო პორტფელი შედარებით ნაკლები ტემპით იზრდებოდა.

მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში ბაზარზე დამატებითი ლარის რესურსი გაჩნდა, მათ შორის ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციების გამო. შესაბამისად, მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს.

“წლის დასაწყისში ლარის გარკვეული დეფიციტი არსებობდა, რამაც საპროცენტო განაკვეთებზეც იქონია მცირე ზეგავლენა. თუმცა როგორც იცით, უკანასკნელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები განახორციელა და უცხოური ვალუტა შეიძინა, რამაც გარკვეულწილად ლარის დამატებითი რესურსი გააჩინა ბაზარზე. ასევე სხვადასხვა მიმართულებით მოხდა ლარის გრძელვადიანი რესურსის გამოთავისუფლება, რომლის მიწოდებაც მოხდა საბანკო სექტორისთვის. თუმცა კვლავინდებურად, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც განაცხადა, გამოწვევად მაინც რჩება გრძელვადიანი ლარის რესურსი შედარებით მცირე ბანკებისთვის, ვიდრე საბანკო სექტორის მსხვილი მოთამაშეებისთვის. მართალია, ივნისში მცირედით გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები, თუმცა ველოდებით, რომ წლის ბოლომდე კვლავინდებურად უნდა შემცირდეს განაკვეთები, რაც ბაზარზე დამატებითი ლარის რესურსის გაჩენას უკავშირდება.

[ლარის რესურსის] დეფიციტის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ლარში სადეპოზიტო პორტფელის ზრდის ტემპი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე საკრედიტო პორტფელის იზრდებოდა. დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპიც აღარაა ისეთი აქტიური ზაფხულიდან და სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. ამიტომ წლის ბოლომდე ლარში საპროცენტო განაკვეთების უფრო შემცირებას ველით, ვიდრე ზრდას”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

წყარო: https://bm.ge/

ცნობისთვის, ბოლო ერთ წელში ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტით თითქმის 16%-მდეა გაზრდილი, ამავე პერიოდში გაძვირდა ლარის იპოთეკური სესხებიც და წელს ივნისში ამ სეგმენტის ეროვნული ვალუტის სესხების საშუალო განაკვეთმა 13%-ს გადააჭარბა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის