USD 2.6950
EUR 3.1604
RUB 3.4588
Тбилиси
თემურ ბასილია - ინფლაციის მართვისა და კონტროლის მიმართულებით ეროვნულ ბანკს ბევრი არაფერი გაუკეთებია
дата:  1301

- ბატონო თემურ, ფაქტიურად თითქმის ერთი წელია პანდემიის ფონზე, როგორც საქართველოს, ასევე, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისს განიცდის. ეს აისახება ლარის ინფლაციაზეც, რომელიც მაისისათვის, როგორც თქვენ განაცხადეთ 6,5%-ი იყო. რა ვითარებაა ამ დროისათვის? რა ღონისძიებებს ატარებს "ეროვნული ბანკი" ლარის სტაბილური კურსისთვის?

- სამწუხაროდ, მაისის შემდეგ სიტუაცია ბევრად არ გაუმჯობესებულა. კერძოდ, სტატისტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული ბანკის 2020 წლის ნოემბერის მონაცემებით საშუალო წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა. ალბათ საინტერესოა, როგორ როგორ გაუმჯობესდა/გაუარესდა საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა გასული ათი წლის განმავლობაში. ქართული სტატისტიკის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსმა 2020 წლის ნოემბერში 2010 წელთან შედარებით 142.7% შეადგინა; ანუ, ოფიციალური მონაცემებით თუ საქართველოს მოქალაქეები ათი წლის წინ გარკვეულ პროდუქტებსა მომსახურებაში თუ იხდიდნენ 100 ლარს, დღეს იგივე პროდუქტების შეძენასა და მომსახურების მიღებაში უწევთ 142.7 ლარის გადახდა.

მოგეხსენებათ, კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებლობა დაკისრებული აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეს მონაცემები კი, თვალნათლივ ადასტურებს რამდენად „წარმატებულია“ ეროვნული ბანკის საქმიანობა ამ მიმართულებით. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ინფლაციის მართვისა და კონტროლის მიმართულებით ეროვნულ ბანკს ბევრი არაფერი გაუკეთებია. ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოების დიდი ზეწოლის შედეგად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, უცხოური რეზერვების გაყიდვა და შესაბამისად, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის შემცირება.

სამწუხაროდ, ამას დიდი შედეგი არ მოაქვს, რადგან როგორც არაერთხელ აღვნიშნე, მათ შორის ჩვენს ადრინდელ ინტერვიუშიც, ერთის მხრიც, ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან ამოაქვს ლარის გარკვეული მასა, თუმცა, მეორე მხრივ, გაცილებით მეტი რაოდენობის ლარს უშვებს მიმოქცევაში, მათ შორის, ბანკებისთვის ე.წ. „რეფინანსირების სესხების“ გაცემის ფორმით. შეგახსენებთ ჩვენს ადრინდელ, რამდენიმე თვის წინანდელ ინტერვიუს, სადაც ვამბობდი, რომ „გასული კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაყიდა რეზერვებიდან, ანუ მიმოქცევიდან ამოიღო დაახლოებით 350 მილიონი ლარი. თუმცა, მხოლოდ გასულ კვირაში მიმოქცევაში დამატებით გაუშვა ე.წ. "რეფინანსირების სესხების" სახით 3.024 მილიარდი ლარი. ბუნებრივია, ასეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციების, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს. რა აზრი აქვს 100 მილიონი დოლარის გაყიდვას და ამით მიმოქცევიდან 350 მილიონი ლარის ამოღებას, როდესაც იგივე ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით მიმოქცევაში დამატებით უშვებს თითქმის 9-ჯერ მეტ ლარს. ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია.“ სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლაც.

მოკლედ გეტყვით, რომ პრობლემა არის ფუნდამენტური; კერძოდ, ეროვნული ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი 2017 წლის 6 ნოემბერს გაზეთ ბანკები და ფინანსებისადმი მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა: „ფართო ფულის მასის ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან კავშირი არ აქვს. ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და ასეთი რეჟიმის დროს ფულის მასა არ იძლევა ინფორმაციას არც მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მდგომარეობის, არც მომავალი მდგომარეობის და არც კურსის შესახებ. იმიტომ რომ კორელაცია ფულის მასასა და ინფლაციას შორის ირღვევა. ამიტომ ფულის მასაზე ყურება არ მოგვცემს საჭირო ინფორმაციას. ფულის მასას ვუყურებთ მოკლევადიან პერიოდში ლიკვიდობის მართვისთვის. ახლა სხვა დატვირთვა ფულის მასას არ აქვს. ასევე, შეგვიძლია ფულის მასას შევხედოთ გრძელვადიან პერიოდში თუ შესაბამის შესწორებას მივუსადაგებთ ფულის მულტიპლიკატორისთვის. თუმცა ფულის მასის ყურებას პრაქტიკული გამოყენება არ აქვს.“ ამ ინტერიუდან რამდენიმე დღის შემდეგ მსგავსი იდეა არაერთხელ გაიმეორა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი: არც ერთ მეტ-ნაკლებად სერიოზულ ეკონომისტს ასეთი უპასუხისმგებლო, არაპროფესიული და არაკომპეტენტური განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, ვინც ამ მოსაზრებაზე საუბრობს გახლავთ ე.წ. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ (Modern Monetary Theory - MMT) წარმომადგენლები და ამ მოსაზრებას იზიარებენ უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის ხარჯების უკონტროლო ზრდას. როგორც ცნობილია, მთავრობის ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტის მეშვეობით, რომლის შემოსავლები ყალიბდება გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებით, მთავრობის მიერ აღებული სესხით ან ფულის ბეჭდვით. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები აცხადებენ, რომ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვალუტა, შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ სახელმწიფო ვალდებულებების დასაფარად. მათი აზრით ასევე, მთავრობებს არ სჭირდებათ მეტი გადასახადები, რადგან ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ ეროვნული ვალუტა, ყოველთვის შეუძლიათ ამ ვალუტის/ფულის ბეჭდვა თავიანთი ვალდებულებების დასაფარად. შესაბამისად, მათი აზრით მთავრობამ შეიძლება არ შეზღუდოს ბიუჯეტის ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი და დაგროვილი დავალიანება, მათი აზრით, აღარ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთათვის ტვირთის დაწესების პრობლემას.

როგორც ვხედავთ, „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები, სამწუხაროდ, მათ რიგებში არიან საქართველოს ეროვნული ბანკის „ახლებურად მოაზროვნე“ დღევანდელი ხელმძღვანელები, ეყრდნობიან, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ საეჭვო მოსაზრებებს ინფლაციის მიზეზებისა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესაბამის როლზე. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეების დღის წესრიგი, რომლის თანახმად ფისკალურ ორგანოებს შეუძლიათ მართონ მონეტარული პოლიტიკა, წარმოშობს საფრთხეს, რადგან ეს იწვევს ძალიან მაღალ დავალიანებას, ინფლაციას ან ორივეს ერთად. ეს კი, ძალიან საზიანო გახლავთ მთლიანად ეკონომიკისთვის. ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის ვურჩევდი როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასა და პარლამენტს, რომ გაცილებით უმჯობესია „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ საეჭვო დღის წესრიგის ნაცვლად შეიმუშაონ და განახორციელონ სტაბილური, საყოველთაო წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა.

- ცნობილი ფაქტია, რომ ეროვნული ვალუტის ინფლაცია პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის პროდუქციაზე. ბოლო დროს აშკარაა, რომ საკვებ პროდუქტებზე დაახლოებით 30%-ით და მეტით ფასები იზრდება. ხოლო პანდემიისა და აუცილებელი შეზღუდვების ფონზე, ადამიანები კარგავენ სამსახურს, და შესაბამისად შემოსავლებს, ანუ ვითარება კრიტიკულია. თქვენი აზრით რაშია გამოსავალი?

- თქვენ კითხვას იწყებთ - ცნობილი ფაქტია და შემდეგ გამოთქვამთ მოსაზრებას, რომელსაც მე პირადად ვიზიარებ; თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებზე. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი მოსაზრებით ფულის მასას არ გააჩნია რაიმე გავლენა ინფლაციაზე, ხოლო, თავად ინფლაცია, ხელს უწყობს ეკონომიკის სტიმულირებას. გეთანხმებით, რომ ვითარება კრიტიკულია, მაგრამ ეროვნული ბანკის ამ მცდარი მოსაზრებებისა და რეალობისგან დაშორებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში ბევრის შეცვლა და სიტუაციის გაუმჯობესება ნაკლებად მოსალოდნელია. ჩემი აზრით, გამოსავალი ეროვნული ბანკის მიდგომისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებაში. ეს კი, მხოლოდ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის სერიოზული გადახალისების შემდეგ შეიძლება მოხდეს.

- თუ არ ვცდები, რამდენიმე კვირის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ მოსალოდნელია 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 9.7%-მდე გაღრმავდება, მაშინ როცა 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 5.1% იყო. როგორ ფიქრობთ, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ, რომ მშპ-ის მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე არ დაეცეს?

- სამწუხაროდ, მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, იმ პირობებში, როდესაც ფუნდამენტრური პრობლემა გადაუჭრელია, ვერ ვხედავ აზრს ამ თემაზე ვისაუბროთ. მესმის, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან გაამართლონ ეს სიტუაცია პანდემიით; რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ისინი მართლები იქნებიან, თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან უმთავრესი პრობლემა მაინც ბოლო წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკაა, რომელიც ძირეულად არის შესაცვლელი.

- აქვე საინტერესოა, საქართელოს საგარეო ვალთან დაკავშირებით, თქვენგან ზუსტი ინფორმაცია: მიმდინარე წელს რამდენით გაიზარდა საგარეო ვალი, კიდევ რა რაოდენობით იგეგმება კრედიტის მიღება, საიდან და ამ ეტაპზე სახელმწიფო რამდენად მზად არის კრედიტის პროცენტის გადახდისთვის?

 

- სამწუხაროდ, სახელმწიფო ვალი უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს - მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს. პანდემიის დაწყებამდე საგარეო ვალი მეტ-ნაკლებად სტაბილურად გამოუყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მაინც მაღალი დონეზე იყო. სამწუხაროდ, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მასზეც: ქვეყანას სჭირდებოდა უცხოური ფინანსები რათა გამკლავებოდა ახალ პრობლემებს. მართალია, ამ უცხოური ფინანსების დიდი ნაწილი გრანტების სახით იყო, თუმცა, მისი საკმაო ნაწილი სესხები გახლდათ, მართალია შეღავათიანი, მაგრამ მაინც სესხები.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს მთავრობა 3.2 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.6 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. ანუ, რეალურად ახალი ვალის აღება ხდება ძველი ვალის დაფარვის მიზნით. მთლიანობაში, 2021 წლის ბოლოს ვალი 30.5 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 56% იქნება და დაშვებულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს მიუახლოვდება.

ასევე, მთავრობა 2008 წელს გამოცემული 500 მლნ ევროს ღირებულების ობლიგაციების დაფარვას გეგმავს. შეგახსენებთ, ეს ის 500 მილიონი ევრო გახლავთ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა აიღო რომლითაც ჯერ თითქოსდა გაზსაცავი უნდა აშენებულიყო, შემდეგ ე.წ. მომავლის ფონდი უნდა შექმნილიყო; საბოლოოდ კი, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია რაში დაიხარჯა იგი.

- და ბოლო კითხვა, რამდენიმე დღის წინ თქვენ ერთ-ერთ ტელეარხზე ისაუბრეთ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით, ანუ საკუთარი იდეა გქონდათ, რაც ძალიან საინტერესოა. იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ თქვენს იდეასთან დაკავშირებით?

- ის რომ, პარტიების დაფინანსების არსებული წესი შესაცვლელია, მე მგონი, აღარავისთვის არის საკამათო. უნდა ჩამოვყალიბდეთ უმთავრეს პრინციპზე - უნდა ფინანსდებოდეს თუ არა პოლიტიკური პარტიები ბიუჯეტის სახსრებით? ჩემი აზრით ეს საკითხი თავად ამომრჩეველმა, გადასახადის გადამხდელმა უნდა გადაწყვიტოს. მაგალითად, აშშ-ში ფიზიკური პირები ყოველწლიურად ავსებენ საგადასახადო დეკლარაციას (Form 1040, US Individual Income Tax Return), სადაც უნდა უპასუხონ კითხვას, აქვთ თუ არა მათ სურვილი რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებიდან 3 დოლარი მიმართონ სპეციალურ ფონდში საიდანაც დაფინანსდება აშშ-ში ფედერალური არჩევნების ხარჯები. ვფიქრობ რომ ამ იდეის ტრანსფორმირება და ქართულ სინამდვილესთან მორგება სავსებით შესაძლებელია. ჩემი იდეაც ამ პრინციპს ეყრდნობა. კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის შევსების დროს (ყოველწლიურად) გადასახადის გადამხდელი თხოვს ხაზინას მის მიერ გადახდილი გადასახადიდან გარკვეული თანხა, მაგალითად, 10 ლარი გადაუხადონ მის მიერ მითითებულ პარტიას. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

ჩემი აზრით, ეს იქნება პარტიების დაფინანსების ყველაზე სამართლიანი ფორმა, რომელიც:

  1. უზრუნველყოფს პარტიისა და ამომრჩევლის ურთიერთპასუხისმგებლობას. პარტიას ეზრდება პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას თავისი ამომრჩევლის ინტერესი. თუ არ დაიცავს ამომრჩევლის ინტერესს, შესაბამისად, დაფინანსებასაც დაკარგავს
  2. ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა ბაზის შექმნას, რეალური პარტიების ჩამოყალიბებას
  3. იქნება ნათელი მაგალითი რამდენი მხარდამჭერი ყავს ამა თუ იმ პარტიას. მაგალითად, თუ რომელიმე პარტიას თავისი გადახდილი გადასახადიდან 100 ათასი გადამხდელი აძლევს დაფინანსებას, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ პარტიამ 100 ათასზე ნაკლები ხმა მიიღოს არჩევნებში
  4. კლებულობს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა და პარტიებსაც ნაკლებად ექნებათ "გაყალბებაზე" საუბრის მოტივი და საფუძველი

წყარო:http://patrioti-tv.ge/

мир
კანადის პრემიერის მარკ კარნის ისტორიული გამოსვლა დავოსში
,, სასიამოვნოც არის და ვალდებულებაც — თქვენთან ყოფნა ამ გარდამტეხ მომენტში, როგორც კანადისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
დღეს ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, „ლამაზი ისტორიის“ დასრულებაზე და იმ მკაცრი რეალობის დასაწყისზე, სადაც გეოპოლიტიკა აღარ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას.
მაგრამ ამავე დროს გეუბნებით: სხვა ქვეყნები — განსაკუთრებით საშუალო ძალის სახელმწიფოები, როგორიცაა კანადა — უძლურნი არ არიან. მათ აქვთ უნარი, შექმნან ახალი წესრიგი, რომელიც გააცოცხლებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტს და სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას.
ნაკლებად ძლიერთა ძალა იწყება სიმართლით.
ყოველდღე გვახსენებენ, რომ ვცხოვრობთ დიდი ძალების დაპირისპირების ეპოქაში. რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება. რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანენ იმას, რაც უწევთ.
დიდეს ეს აფორიზმი თითქოს გარდაუვალობადაა წარმოდგენილი — საერთაშორისო ურთიერთობების ბუნებრივი ლოგიკა, რომელიც კვლავ იჩენს თავს. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ხშირად უჩნდებათ ცდუნება „შეუერთდნენ დინებას“: მოერგონ, თავი აარიდონ პრობლემებს, იფიქრონ, რომ მორჩილება უსაფრთხოებას მოუტანთ.
არ მოუტანს.
მაშ, რა არჩევანი გვაქვს?
1978 წელს ჩეხმა დისიდენტმა ვაცლავ ჰაველმა დაწერა ესსე სახელწოდებით „უძლურთა ძალა“. მან მარტივი კითხვა დასვა: როგორ ახერხებდა კომუნისტური სისტემა არსებობას?
მისი პასუხი იწყებოდა ბოსტნეულის გამყიდველით. ყოველ დილით ის მაღაზიის ვიტრინაში აკრავს პლაკატს: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ მას არ სჯერა ამის. არავის სჯერა. მაგრამ მაინც აკრავს — პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მორჩილების საჩვენებლად, „რათა საქმე მშვიდად წავიდეს“. და რადგან ყველა ქუჩაზე ყველა მაღაზია იგივეს აკეთებს, სისტემა გრძელდება.
არა მხოლოდ ძალადობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები მონაწილეობენ რიტუალებში, რომლებიც თავადაც იციან, რომ სიცრუეა.
ჰაველმა ამას უწოდა „ცხოვრება სიცრუეში“. სისტემის ძალა მოდის არა მისი სიმართლისგან, არამედ ყველას მზადყოფნისგან, მოიქცეს ისე, თითქოს ის მართალია. და მისი მყიფეობაც აქედან მოდის: როგორც კი ერთი ადამიანი შეწყვეტს ამ თამაშს — როგორც კი ბოსტნეულის გამყიდველი ჩამოხსნის პლაკატს — ილუზია იწყებს ბზარვას.
დროა კომპანიებმა და ქვეყნებმა ჩამოხსნან თავიანთი პლაკატები.
ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები, როგორიცაა კანადა, სარგებლობდნენ იმით, რასაც წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ვუწოდებდით. ჩვენ შევედით მის ინსტიტუტებში, ვაქებდით მის პრინციპებს და ვიღებდით სარგებელს მისი პროგნოზირებადობისგან. მისი დაცვის ქვეშ შეგვეძლო ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოება.
ვიცოდით, რომ ეს ისტორია ნაწილობრივ მცდარი იყო. რომ ძლიერები საჭიროებისამებრ თავს ითავისუფლებდნენ წესებისგან. რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად სრულდებოდა. და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით ვრცელდებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან მსხვერპლი.
ეს ფიქცია სასარგებლო იყო, და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია უზრუნველყოფდა საზოგადოებრივ სიკეთეებს: ღია საზღვაო გზებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების გადაწყვეტის ჩარჩოებს.
ამიტომაც დავკიდეთ პლაკატი. ჩავერთეთ რიტუალებში. და უმეტესად თავი ავარიდეთ რიტორიკასა და რეალობას შორის არსებული უფსკრულის გამოძახილს.
ეს შეთანხმება აღარ მუშაობს.
პირდაპირ ვიტყვი: ჩვენ ვცხოვრობთ რღვევის და არა გარდამავალი ეტაპის ეპოქაში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა გამოავლინა უკიდურესი გლობალური ინტეგრაციის რისკები.
ახლახან კი დიდმა ძალებმა ინტეგრაცია იარაღად აქციეს: ტარიფები — ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურა — ზეწოლის საშუალებად, მიწოდების ჯაჭვები — სისუსტედ, რომელსაც ექსპლუატაციას უკეთებენ.
შეუძლებელია „იცხოვრო სიცრუეში“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის შესახებ, როდესაც ინტეგრაცია შენი დაქვემდებარების წყაროდ იქცევა.
მრავალმხრივი ინსტიტუტები, რომელზეც საშუალო ძალები ეყრდნობოდნენ — WTO, გაერო, COP — მნიშვნელოვნად დასუსტებულია.
შედეგად, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: საჭიროა მეტი სტრატეგიული ავტონომია — ენერგიაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში.
ეს იმპულსი გასაგებია. ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი თავის გამოკვება, ენერგიით უზრუნველყოფა ან დაცვა, არჩევანი თითქმის არ აქვს. როცა წესები აღარ გიცავს, თავად უნდა დაიცვა თავი.
მაგრამ ნათლად დავინახოთ, სად მივყავართ ამას: ციხე-სიმაგრეების სამყარო უფრო ღარიბი, უფრო მყიფე და ნაკლებად მდგრადი იქნება.
და კიდევ ერთი სიმართლე არსებობს: თუ დიდი ძალები საბოლოოდ უარს იტყვიან წესებისა და ღირებულებების თუნდაც ფორმალურ შენარჩუნებაზე და დაუბრკოლებლად მიჰყვებიან ძალასა და ინტერესებს, „ტრანზაქციონალიზმის“ სარგებელი სულ უფრო რთული გასამეორებელი გახდება. ჰეგემონები ვერ შეძლებენ უსასრულოდურთიერთობების მონეტიზაციას.
მოკავშირეები დაიწყებენ დივერსიფიკაციას, გაურკვევლობისგან დაზღვევას, არჩევანის გაზრდას. ეს აღადგენს სუვერენიტეტს — სუვერენიტეტს, რომელიც ადრე წესებზე იყო დაფუძნებული, ხოლო ახლა უფრო მეტად უნარზე იქნება დამყარებული, გაუძლოს ზეწოლას.
როგორც ვთქვი, ეს კლასიკური რისკმენეჯმენტი ფასიანი სიამოვნებაა, მაგრამ სტრატეგიული ავტონომიის, სუვერენიტეტის ეს ფასი შეიძლება გაზიარებული იყოს. კოლექტიური ინვესტიციები მდგრადობაში იაფია, ვიდრე ყველასთვის საკუთარი ციხის აშენება. საერთო სტანდარტები ამცირებს ფრაგმენტაციას. ურთიერთშემავსებლობა დადებითი ჯამია.
საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა არ არის — მოვერგოთ თუ არა ახალ რეალობას. უნდა მოვერგოთ. კითხვა ის არის: მოვერგებით მხოლოდ კედლების ამაღლებით, თუ შევძლებთ უფრო ამბიციურს?
კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარს მოუსმინა და საფუძვლიანად შეცვალა სტრატეგიული პოზიცია.
კანადელებმა იციან, რომ ძველი, კომფორტული დაშვება — თითქოს გეოგრაფია და ალიანსები ავტომატურად გვაძლევდა კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას — აღარ არის მართებული.
ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბი „ღირებულებებზე დაფუძნებულ რეალიზმს“ უწოდებს — სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვინდა ვიყოთ პრინციპულიც და პრაგმატულიც.
პრინციპულები — ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის ფარგლებს გარეთ, ადამიანის უფლებების პატივისცემა.
პრაგმატულები — იმ რეალობის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვურთიერთობთ, გახელილი თვალებით. ვმოქმედებთ სამყაროში ისეთად, როგორიც არის — და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა რომ იყოს.
კანადა აკალიბრებს ურთიერთობებს ისე, რომ მათი სიღრმე ასახავდეს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ვანიჭებთ პრიორიტეტს ფართო ჩართულობას, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი გავლენა — მსოფლიო წესრიგის რისკებისა და მომავალი ფსონების გათვალისწინებით.
ჩვენ აღარ ვეყრდნობით მხოლოდ ჩვენი ღირებულებების ძალას — არამედ ჩვენი ძალის ღირებულებასაც.
ჩვენ ვაშენებთ ამ ძალას შინ.
ჩემი მთავრობის მოსვლის შემდეგ შევამცირეთ გადასახადები შემოსავლებზე, კაპიტალურ მოგებაზე და ბიზნესინვესტიციებზე; მოვხსენით ყველა ფედერალური ბარიერი შიდაპროვინციულ ვაჭრობაში; დაჩქარებული წესით ვახორციელებთ ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ენერგეტიკაში, ხელოვნურ ინტელექტში, კრიტიკულ მინერალებში, ახალ სავაჭრო დერეფნებსა და სხვა სფეროებში.
2030 წლამდე ვაორმაგებთ თავდაცვის ხარჯებს და ამას ვაკეთებთ ისე, რომ გავაძლიეროთ შიდა ინდუსტრიები.
ჩვენ სწრაფად ვახდენთ დივერსიფიკაციას საერთაშორისო ასპარეზზე. გავაფორმეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთან, მათ შორის შევუერთდით SAFE-ს — ევროპის თავდაცვის შესყიდვების სისტემას.
ბოლო ექვს თვეში ოთხ კონტინენტზე თორმეტი სხვა სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმება გავაფორმეთ.
ბოლო დღეებში კი ახალი სტრატეგიული პარტნიორობები დავამყარეთ ჩინეთთან და ყატართან.
ვაწარმოებთ თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ASEAN-თან, ტაილანდთან, ფილიპინებთან, მერკოსურთან.
გლობალური პრობლემების გადასაჭრელად ვიყენებთ „ცვლად გეომეტრიას“ — სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა კოალიციებს, ღირებულებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ მსურველთა კოალიციის ბირთვული წევრი და ერთ-ერთი უდიდესი ერთ სულ მოსახლეზე დამცველი და უსაფრთხოების მხარდამჭერი.
არქტიკის სუვერენიტეტზე ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიასა და დანიასთან ერთად და სრულად ვუჭერთ მხარს გრენლანდიის უნიკალურ უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ჩვენი ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ურყევია.
ჩვენ ვმუშაობთ ნატოს მოკავშირეებთან (მათ შორის სკანდინავიურ-ბალტიურ ქვეყნებთან ), რათა კიდევ უფრო გავამაგროთ ალიანსის ჩრდილოეთი და დასავლეთი ფლანგები — მათ შორის უპრეცედენტო ინვესტიციებით ზეჰორიზონტულ რადარებში, წყალქვეშა ნავებში, ავიაციაში და ადგილზე განლაგებულ ძალებში. კანადა მკაცრად ეწინააღმდეგება გრენლანდიასთან დაკავშირებულ ტარიფებს და მოითხოვს მიზნობრივ მოლაპარაკებებს არქტიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მიზნების მისაღწევად.
პლურილატერალურ ვაჭრობაში ჩვენ ვუჭერთ მხარს ძალისხმევას, შეიქმნას ხიდი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასა და ევროკავშირს შორის — ახალი სავაჭრო ბლოკი 1.5 მილიარდი ადამიანისთვის.
კრიტიკულ მინერალებზე ვქმნით მყიდველთა კლუბებს G7-ის ფარგლებში, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს კონცენტრირებული მიწოდებისგან.
ხელოვნურ ინტელექტში ვთანამშრომლობთ თანამოაზრე დემოკრატიებთან, რათა საბოლოოდ არ დაგვჭირდეს არჩევანი ჰეგემონებსა და ჰიპერსკეილერებს შორის.
ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების აშენება — საკითხიდან საკითხამდე — პარტნიორებთან, ვისთანაც საკმარისი საერთო გვაქვს ერთობლივი მოქმედებისთვის. ზოგ შემთხვევაში ეს იქნება ქვეყნების დიდი უმრავლესობა.
და ეს არის ვაჭრობის, ინვესტიციისა და კულტურის მჭიდრო ქსელის შექმნა, რომელზეც მომავალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში დავეყრდნობით.
საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ.
დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო თამაში — მათ აქვთ ბაზრის ზომა, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების დასაწესებლად. საშუალო ძალებს — არა.
და როცა ჰეგემონთან მხოლოდ ორმხრივად ვლაპარაკობთ, სუსტ პოზიციაში ვიმყოფებით, ვიღებთ იმას, რასაც გვთავაზობენ. ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ იქნება უფრო დამყოლი.
ეს არ არის სუვერენიტეტი. ეს არის სუვერენიტეტის თამაში დაქვემდებარების მიღებით.
დიდ ძალათა კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: ერთმანეთს შეეჯიბრონ კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — გავლენიანი გზა.
მყარ ძალაზე ზრდამ არ უნდა დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმურობის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად ავამოქმედებთ.
და აქ ვუბრუნდები ჰაველს.
რას ნიშნავს საშუალო ძალებისთვის „ცხოვრება სიმართლეში“?
ეს ნიშნავს რეალობის სახელის დარქმევას. შეწყვიტეთ „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის“ მოხმობა ისე, თითქოს ის კვლავ მუშაობს ისე, როგორც აღწერილია. უწოდეთ სისტემას ის, რაც არის: დიდი ძალების მზარდი კონკურენციის პერიოდი, სადაც ყველაზე ძლიერები ეკონომიკურ ინტეგრაციას ზეწოლის იარაღად იყენებენ.
ეს ნიშნავს თანმიმდევრულ მოქმედებას. ერთნაირი სტანდარტების გამოყენებას მოკავშირეებსა და მეტოქეებზე. როცა საშუალო ძალები აკრიტიკებენ ეკონომიკურ ზეწოლას ერთი მხრიდან და დუმილს ინარჩუნებენ მეორეზე — ისინი კვლავ ტოვებენ პლაკატს ფანჯარაში.
ეს ნიშნავს იმის აშენებას, რისიც გვჯერა. ძველი წესრიგის დაბრუნების მოლოდინის ნაცვლად — ისეთი ინსტიტუტებისა და შეთანხმებების შექმნას, რომლებიც რეალურად მუშაობს.
და ეს ნიშნავს ზეწოლის ბერკეტების შემცირებას. ძლიერი შიდა ეკონომიკის აშენება ყოველთვის უნდა იყოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. საერთაშორისო დივერსიფიკაცია არა მხოლოდ ეკონომიკური წინდახედულობაა — ეს არის გულწრფელი საგარეო პოლიტიკის მატერიალური საფუძველი. ქვეყნები იმსახურებენ პრინციპულ პოზიციებს მაშინ, როცა ამცირებენ საკუთარ მოწყვლადობას შურისძიების მიმართ.
კანადას აქვს ის, რაც მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ ენერგეტიკული ზესახელმწიფო ვართ. გვაქვს კრიტიკული მინერალების უზარმაზარი მარაგი. გვყავს მსოფლიოში ყველაზე განათლებული მოსახლეობა. ჩვენი საპენსიო ფონდები მსოფლიოში ყველაზე მსხვილი და დახვეწილია. გვაქვს კაპიტალი, ტალანტი და მთავრობა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფისკალური შესაძლებლობები გადამწყვეტი მოქმედებისთვის.
და გვაქვს ღირებულებები, რომელთა მიმართ სხვები ისწრაფვიან.
კანადა არის პლურალისტური საზოგადოება, რომელიც მუშაობს. ჩვენი საჯარო სივრცე ხმაურიანი, მრავალფეროვანი და თავისუფალია. კანადელები კვლავ ერთგულნი არიან მდგრადობის.
ჩვენ ვართ სტაბილური, სანდო პარტნიორი — სამყაროში, რომელიც ასეთად აღარ არის — პარტნიორი, რომელიც ურთიერთობებს აშენებს და აფასებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
კანადას აქვს კიდევ რაღაც: გააზრება იმისა, რაც ხდება, და გადაწყვეტილება, იმოქმედოს შესაბამისად.
ჩვენ გვესმის, რომ ეს რღვევა უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე ადაპტაციას. ის მოითხოვს გულწრფელობას სამყაროს მიმართ — ისეთად, როგორიც არის.
ჩვენ ვიღებთ პლაკატს ფანჯრიდან.
ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება. არ უნდა ვიგლოვოთ იგი. ნოსტალგია არ არის სტრატეგია.
მაგრამ ბზარიდან შეგვიძლია ავაშენოთ რაღაც უკეთესი, ძლიერი და უფრო სამართლიანი.
ეს არის საშუალო ძალების ამოცანა — მათ აქვთ ყველაზე მეტი დასაკარგი ციხე-სიმაგრეების სამყაროში და ყველაზე მეტი მოსაპოვებელი ნამდვილი თანამშრომლობის სამყაროში.
ძლიერებს აქვთ თავიანთი ძალა. მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც — უნარი, შევწყვიტოთ მოჩვენება, დავარქვათ სახელი რეალობას, გავაძლიეროთ საკუთარი თავი შინ და ვიმოქმედოთ ერთად.
ეს არის კანადის გზა. ჩვენ მას ღიად და თავდაჯერებულად ვირჩევთ.
და ეს არის გზა, რომელიც ღიაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, ვინც მზად არის, მას ჩვენთან ერთად დაადგეს.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати