"20 ივნისთან დაკავშირებით ჩემი რჩევა იქნებოდა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომ ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 “ნაციონალს”,- განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას. დეპუტატის თქმით, საზოგადოებას საკმაოდ მტკივნეულად ახსოვს 20 ივნისს განვითარებული მოვლენები და ხელისუფლებას ნიშნის მოგებით სასაუბრო არ აქვს.
"20 ივნისზე ხელისუფლების მხრიდან ნიშნის მოგებით საუბარი არის შეცდომა, რადგან ნიშნის მოგებით სასაუბრო ხელისუფლებას არ აქვს. ერთია 20 ივნისის მოვლენების სიმძიმე და მეორეა- ჩადენილი დანაშაულები, გადაცდომები პოლიციის მხრიდან, რომელთა სათანადო გამოძიებაც უნდა მომხდარიყო და დაკისრებოდათ პასუხისმგებლობა, ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ. ამიტომ 20 ივნისთან დაკავშირებით ჩემი რჩევა იქნებოდა ჩემი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომ ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 „ნაციონალს“, ამას ისმენს მთელი საზოგადოება, რომელსაც ჯერ კიდევ საკმაოდ მტკივნეულად ახსოვთ 20 ივნისის მოვლენები. პირიქით, სჯობს ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან მძიმე და ტრაგიკული დღე, ადამიანების ჯანმრთელობა დაზიანდა ამ პროცესში და ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ ვისი დანაშაულიც იყო სამართლებრივად, მათ პასუხისმგებლობაზე ვიფიქროთ და იმაზე, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან სამომავლოდ ასეთი პრობლემები,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „200 "ნაციონალის" შეკრება პრობლემა არ არის არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით". მისივე თქმით, ისინი ალბათ, გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ და "თავებიც შეგვიძლია, დავთვალოთ ".