USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი ქართული გალობის 29 ტომეულის გამოცემის გამო
дата:  

ქართული გალობა დაეფუძნა ქართულ ლიტურგიკულ მწერლობასა და უძველეს ეროვნულ მრავალხმიანობას. ეს საეკლესიო ხელოვნება ჩვენი ერის იდენტობისა და მსოფლმხედველობის გამომხატველია. მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ეს ბუნებრივია, რადგან X ს-ის ბოლომდე ჩვენ ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს მივდევდით და ლიტურგიკული პრაქტიკაც იერუსალიმური გვქონდა; ხოლო X-XI საუკუნეებში იგი კონსტანტინეპოლურმა შეცვალა და დომინანტის მდგომარეობა მოიპოვა.

ახალი წესის ჩვენთან დამკვიდრება ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს უკავშირდება, რომელთა შორის წმ. გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი გამორჩეულად დიდია. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები შემდგომაც ხდებოდა, მაგრამ სამგალობლო-ლიტურგიკული ტექსტების ცვლილებების ახალი ტალღა XVIII ს-ის შუა წლებისთვის გამოიწვია სლავური საღვთისმსახურო კრებულების მიხედვით განხორციელებულმა ჩასწორებებმა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენმა ერმა მაინც შეძლო, გალობაში შეძენილი ცოდნა თავისი შემოქმედებითი გენიით ისე განევითარებინა, რომ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, იგი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენად იქცა. XIX საუკუნეში მეფის რუსეთის რეჟიმმა, ქართულ ენასთან ერთად, ქართული გალობის აკრძალვაც მოინდომა, რათა ეროვნული იდენტობის ეს გამოვლინებანი (და სხვანიც) წაეშალა ჩვენში.

შეიქმნა უნიკალური მემკვიდრეობის განადგურების საფრთხე, რაც შემდგომ, ათეისტური რეჟიმის პირობებში, კიდევ უფრო გამძაფრდა. სწორედ ამან განაპირობა საგალობლების ნოტებზე ჩაწერის აუცილებლობა. ეს პირველად 1842 წელს განხორციელდა (არქიმანდრიტ სოფრონ ერისთავისა და ანდრია მრევლიშვილის მიერ). საგალობელთა უდიდესი რაოდენობა კი, XIX საუკუნის 80-90-იან წლებში და XX საუკუნის დასაწყისში ჩაიწერეს. ამ საქმეს დიდი ამაგი დასდეს წმინდანად შერაცხულებმა: ილია მართალმა (ჭავჭავაძემ), ალექსანდრე და გაბრიელ ეპისკოპოსებმა, დიმიტრი ყიფიანმა.

შეუფასებელი შრომა გასწიეს: წმინდა ფილიმონ ქორიძემ, ძმებმა კარბელაშვილებმა და ექვთიმე კერესელიძემ; ასევე დიდმა მოღვაწეებმა, - რაჟდენ ხუნდაძემ, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა, დავით ჩიჯავაძემ, დავით მოლოდინაშვილმა, მიხეილ ელიზბარაშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა, ზაქარია ფალიაშვილმა, გრიგოლ ჩხიკვაძემ და სხვებმა. მათი მუშაკობით 10 000-ზე მეტი საგალობელი გადარჩა.

XX საუკუნეში კი ქართველი ფოლკლორისტების მიერ მოხდა შესანიშნავი მასალის ჩაწერა არტემ ერქომაიშვილისა და სხვა ოსტატებისაგან. შემდგომ უკვე საჭირო იყო ყოველივე ამის გაცოცხლება, მსმენელამდე მიტანა. ეს მისია ერის წინაშე ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და მისმა ანსამბლებმა, - „გორდელამ“ და „რუსთავმა“ იტვირთეს და როგორც ჩვენს ხალხში, ისე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურეს. საგალობლების ღვთისმსახურებაში გამოყენებით კი ეს მისია გააგრძელა ეკლესიამ. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო ანჩისხატის, სიონის, სვეტიცხოვლის, წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდები, ქ-ნი ლია სალაყაია და სხვა ლოტბარნი, რომლებიც ქალაქებსა თუ სოფლებში ერთგულად ემსახურებოდნენ ამ საღვთო საქმეს. მაგრამ ჩვენს დროში ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება-პოპულარიზაციის პროცესმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საჭირო გახდა არქივებში დაცული სანოტო ჩანაწერების გამოცემა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა (ხელმძღვანელი გიორგი დონაძე), კულტურის სამინისტროსა და ფონდ „ქართული გალობის“ ხელშეწყობით 2014 წლიდან დაიწყო ქართული საგალობლების გაციფრება, 2016 წლიდან კი, - გალობის ანთოლოგიის გამოცემა. და, აი, დღეს თქვენს წინაშეა ამ ანთოლოგიის 29 ტომი, რომელიც 6000-ზე მეტ საგალობელს მოიცავს. მათი უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა და გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს არის უდიდესი შრომის შედეგი, რაც ძირითადად განხორციელდა წმ. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელის, სვიმონ ჯანგულაშვილის და ჩვენი ცნობილი მგალობლის, ეთნომუსიკოლოგ ლევან ვეშაპიძის ხელმძღვანელობით, გამორჩეული მუსიკოლოგების, - ქ-ნ რუსუდან წურწუმიას, თამარ ჩხეიძის, ნინო რაზმაძის და მათი უცხოელი კოლეგების, - ბ-ნ ჯონ გრემისა და ერიკ ჰალვორსონის თანადგომით. მთელი ამ პროცესის გამორჩეული მონაწილეა, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომლის აღზრდილებიც საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობენ.

დიდი მნიშვნელობის ფაქტია ისიც, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ბოლო 9 წლის მანძილზე ქვეყნის 32 მუნიციპალიტეტში დაარსდა სალოტბარო სკოლა, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას. გამოცემული ტომეულები არა მარტო გარანტიაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა, არამედ იგი ასევე დიდად შეუწყობს ხელს, როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისე სალოტბარო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული გალობის მრავალფეროვნებისა და სიღრმეების გაცნობასა და შესწავლას. მათ გარდა, ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი ხდება ყველა მუსიკოსის, მკვლევარისა თუ მოყვარულისათვის საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც. და ბოლოს უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერისა და ფონდ „ქართული გალობის“ გარეშე დღევანდელი შედეგი ვერ მიიღწეოდა, ქართული გალობა ასე ვერ აღორძინდებოდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცულიც ვერ იქნებოდა. გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ხელნაწერთა ნახევარზე მეტი დასაბეჭდია და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენი.

ამ ნოტებში მოცემულია ყველა დღესასწაულისა და საღვთისმსახურო განგების საგალობლები - 8 ხმის სისტების თუ სხვა ლიტურგიკული ტრადიციების თანახმად შექმნილი და სისტემატიზირებული ჰიმნები. საჭიროა მათი დაბრუნება ჩვენს ტაძრებში, რაც ქართული ღვთისმსახურების ოდინდელ დიდებულებას აღადგენს. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ქართული გალობის შექმნაში იღებდა მონაწილეობას და ისინიც, ვინც მის გადარჩენას, დაცვასა და გავრცელებას შეუწყვეს ხელი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესიის მგალობლები, ლოტბარები, დირიჟორები, გალობის მკვლევარნი და ამ საეკლესიო ხელოვნების გულშემატკივარნი. ფსალმუნში ვკითხულობთ: „ნეტარ არს ერი, რომელმან იცის გალობა შენი, უფალო.“ ღმერთმა ამ ნეტარების ღირსი გახადოს საქართველოც, ამინ!  

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати