USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
თბილისი
BMG: "შიდა განვადებამ იპოთეკური სესხი გარკვეულწილად ჩაანაცვლა" - რა რისკებს ხედავს "არსის" გენდირექტორი
თარიღი:  394

„სამშენებლო სექტორში საქმიანობის 20-წლიანი გამოცდილება მაქვს და პირველი შემთხვევაა, როცა იპოთეკური სესხები შემცირდა, მაგრამ უძრავი ქონების ტრანზაქციები არ შემცირებულა“, - სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში საკუთარი დაკვირვება კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად გააზიარა, რომელიც დარგში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. ბესო ორთოიძემ ინტერვიუში იმ რისკებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული ტენდენცია შეიცავს. „შიდა განვადებამ იპოთეკური სესხი გარკვეულწილად ჩაანაცვლა“, - ამბობს ის და იქვე განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზეზი როგორც სესხების გაძვირება, ისე ეროვნული ბანკის რეგულაციებია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირდა, თუმცა იმის გამო, რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.3%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 90 მილიონი ლარი). რაც შეეხება იმას, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების გაყიდვებში რა წილი აქვს შიდა განვადებებს, ამის შესახებ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა.

- 20-წლიანი გამოცდილება მაქვს ამ სექტორში საქმიანობის და პირველი შემთხვევაა, როცა იპოთეკური სესხები შემცირდა, მაგრამ ტრანზაქციები არ შემცირებულა. როგორც ყოველთვის, ეს ორი [მაჩვენებელი] ერთმანეთთან არის კორელაციაში, ხომ?! დღეს, ბაზარზე შიდა განვადებების საკმაოდ ბევრი შეთავაზებაა, რომელიც გათანაბრებული და დაახლოებულია საბანკო პირობებთან. შესაბამისად, დღეისათვის, ბაზარზე ყველაზე თვალშისაცემია, რომ შიდა განვადებამ იპოთეკური სესხი გარკვეულწილად ჩაანაცვლა.

- რამდენიმე თვის წინაც, BMG-თან ინტერვიუშიც თქვით, რომ იპოთეკური სესხების გაძვირების ფონზე, დეველოპერებმა შიდა განვადებები გაააქტიურეს. რა რისკებს ხედავთ?

- შეიძლება, გარედან რომ შევხედოთ, პრობლემა ვერ დავინახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში, ეს ალბათ პრობლემა იქნება, რადგან დეველოპერული კომპანიები არ არიან საფინანსო ინსტიტუტები და შესაბამისად, ამ პორტფელს მართვა და სწორი ანალიზი სჭირდება. ამდენად, როცა მომხმარებელი შიდა განვადებას აკეთებს, დეველოპერული კომპანიის მხრიდან მისი გადახდისუნარიანობის [სათანადო] შეფასება ვერ ხდება...

- რაც რისკს წარმოადგენს დეველოპერული ბიზნესისთვის, მაგრამ მომხმარებლის მხრიდანაც არსებობს რისკები - შესაძლებელია, შიდა განვადების გაკეთებისას დეველოპერის ფინანსური მდგრადობა ვერ გადაამოწმოს...

- დიახ. რა თქმა უნდა, ესეც არის რისკი, რომელიც ბოლო პერიოდში, თითქოს აღარ გვაქვს ბაზარზე, მაგრამ ბანკების მიერ დეველოპერული კომპანიების და მომხმარებლების დაკრედიტება უფრო სწორი ფორმაა, ვიდრე - შიდა განვადებები. ბანკი სწორად აფასებს [კლიენტს], რისკები მეტ-ნაკლებად გადაზღვეულია, შესწავლილი აქვს და ასე შემდეგ. შიდა განვადებების [გააქტიურება] გამოიწვია იმან, რომ ზოგადად, ეროვნულ ბანკსაც ბოლო პერიოდში ხისტი პოზიცია ჰქონდა, ასევე, გასული წლის შემოდგომიდან, კომერციულ ბანკებიც საკმაოდ რისკიანად აფასებდნენ სამშენებლო სექტორს, შესაბამისად, მაქსიმალურად შეიზღუდა იპოთეკური სესხების გაცემა; ამას დაემატა საპროცენტო განაკვეთების ზრდაც. კომპლექსური საკითხია და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ კომპანიებმა შიდა განვადებები დაიწყეს, რათა მოთხოვნის სტიმულირება მოეხდინათ. ამდენად, მგონია, რომ სიტუაცია უნდა დაუბრუნდეს თავის ძველ პოზიციებს - ეროვნულმა ბანკმა ხისტი პოზიციები უნდა შეცვალოს. კომერციულ ბანკებს, რომლებსაც უკვე გაჟღერებული აქვთ, რომ ლიკვიდურობის პრობლემა არ გააჩნიათ და ისე რისკიანად აღარ აფასებენ ამ სფეროს, უნდა გაზარ

- BMG-ის ინფორმაციით, გარკვეული მოლაპარაკებები, BAG-ის ფორმატში ბიზნესს და ბანკებს ეროვნულ ბანკთან უკვე აქვთ... ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, კონკრეტულად რა ინიციატივა აქვთ ბანკებს? რა შეუძლია სებ-ს?

- [სურვილია], ის ხისტი პოზიცია, რაც აქამდე იყო, ცოტათი შერბილდეს და ბანკებს საშუალება მისცეს, რომ გაზარდონ თავისი პორტფელები სამშენებლო სექტორის მიმართ. შედეგად, გაიზრდება იპოთეკური დაკრედიტების ნაწილიც. დაველოდოთ, წესით, წარმატებით უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები და ალბათ, ეს ერთ-ერთი გამოწვევა, რაც დღეს ბაზარზე არსებობს, დარეგულირდება.

BMG ცდილობს, უფრო მეტი ინფორმაცია მოიძიოს, ეროვნულ ბანკსა და საფინანსო სექტორს შორის ამ თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ, რომლის მიზანი იპოთეკური სესხების წახალისებაა.

 

საზოგადოება
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის