USD 2.6751
EUR 3.1561
RUB 3.4801
თბილისი
შეთანხმება მიღწეულია - ტირიფონის არხი გაიხსნა
თარიღი:  3931

სამი დიდი არხი, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ, განადგურებული იყო, აღდგება. სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს არსებული სიტუაცია ადასტურებს, რომ ერგნეთის მოლაპარაკებების შედეგად, ტირიფონის წყლის გაშვების შესახებ, გადაწყვეტილება მიღებულია.

ჯამში, 17 კმ-იანი მონაკვეთი კეთდება, რომლითაც გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 30-მდე სოფელი მოირწყვება. მათ შორის, ოსური სოფლები - დიდი და პატარა რენე, ნიგოზა, ყარაფილა...

საქართველოს მთავრობა არ განმარტავს იმ დეტალებს, თუ როგორ იქნა მიღწეული ეს შეთანხმება, რადგან წყალი, რომელიც სამივე არხში გაეშვება, ნადარბაზევის ტბიდან უნდა წამოვიდეს.

ნადარბაზევის ტბა კი, ტირიფონის არხიდან სააზრდობს. ტირიფონის არხის სათავეს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.

სოფელ ნიგოზაში მცხოვრები ილია მუზაშვილი ამბობს, რომ ნადარბაზევის ტბას ავსებენ სოფელ ხურვალეთიდან. ტირიფონის არხის ბოლო წერტილი ხურვალეთია, საიდანაც წყალი საქაჩებით ნადარბაზევის ტბაში აყავთ.

ხუვალეთამდე კი არხმა სოფელი წინაგარა უნდა გამოიაროს, წინაგარა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოქცეული:

,,ტირიფონის სისტემა იწყება ლიახვის დიდი არხიდან, ავსებენ ნადარბაზევის ტბას, ქმნიან რეზერვერს და მერე უშვებენ სხვადასხვა არხებში. აქედან ირწყვება ჩვენი ნაკვეთებიც. აქამდე ვერ ხერხდებოდა. არ მოახერხეს თუ ვერ ხერხდებოდა, ფაქტია არ გვქონდა წყალი." - ამბობს ილია მუზაშვილი.

 
მისი თქმით, ტირიფონის სისტემა ვიდრე ხურვალეთს მიაღწევს, გაიაროს ქართლის სოფლები: კირბალი, ბერშუეთი, წინაგარა და ბოლო არის ხურვალეთი.

,,ხურვალეთში უყენიათ დიდი ტუმბოები. რომლითაც მერე ტუმბავენ ნადარბაზევის ტბას, ავსებენ... ,წინაგარა თუ არ გამოიარა, წყალი ვერ მოვა ხურვალეთამდე. საბოლოო დანიშნულებამდე ვერ მოვა. ისე, რომ აუცილებლად უნდა გამოიაროს ეგ წინაგარა." - განმარტავს ილია მუზაშვილი და მოხარულია, რომ საბოლოოდ ამ არხის შესახებ მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დეტალები მოსახლეობისთვისაც უცნობია.

ჩობალაურში მცხოვრები ლალი ხანდოლიშვილი სოფელში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ,,ძალიან სწრაფად აკეთებენ. დილით ადრე მოდიან მუშები. მშრომელი ხალხია და კარგად აკეთებენ. ითვალისწინებენ ხალხის ინტერესებს. ჯერ ერთ გზას გააკეთებენ, რომ არ შეწუხდეს ხალხი. ძროხის შესასვლელი იყოს. ძალიან კარგად, შეთანხმებულად მუშაობენ და კმაყოფილები ვართ ყველანი. სოფელში გაზიც შემოიყვანეს, წყალიც და ფაქტიურად სახლი აღარაა სოფელში, რომელიც შეგიძლია იყიდო. ბრუნდებიან სოფელში" - ამბობს ლალი ხანდოლიშვილი.

,,ნადარბაზევის ტბიდან ადრეც მოდიოდა, მაგრამ ომის შემდეგ აღარ მოგვცეს წყალი და აღარ იყო სარწყავი წყალი. სოფელში ყველაფერი გვქონდა, ისეთი დიდი ბაღები იყო, ვენახიც იყო, ვაშლებიც იყო, ყველაფერი იყო და რაც არხი აღარ არის, იმის შემდეგ ყველაფერი გადახმა. დაიცალა სოფელი. ქალაქში წავიდნენ ყველაფერი. რადგან სასმელი წყალი მოვიდა, მერე გაზი, ახლა სარწყავიც კეთდება, დავბრუნდი და შეივსო. სოფელში სახლი აღარ არის, რომ იყიდოს ვინმემ" - დასძენს ლალი ხანდოლიშვილი.

ჩობალაურელი ზურა ქასოშვილი გვეუბნება, რომ არხის მშენებლობაში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩართულია:

,, 6 მლნ კუბ.მეტი წყალია უკვე აქაჩული ტბაში. წყლის მარაგი ბევრია და აგერ გამომავალ არხსაც აკეთებენ. სამი არხია, ერთი ზევით, ეს აქ და ერთი ქვევით. სამივეს აკეთებენ. წელიწადნახევრიანი პროექტია და ზაფხულამდე მოესწრება.  1990-იან წლების შემდეგ აღარ იყო სარწყავი. ტბაში ცოტა იყო მარაგი, მაგას გამოუშვებდნენ ხოლმე ქვევით არხში და ეგ იყო სულ, არც არავის ყოფნიდა. ეხლა უკვე წელიწადნახევარში ამუშავდება ყველა არხი. ეს არხი გაშლილია 7 კმ-ზე, სოფელ რენემდე. " - ამბობს ზურა ქასოშვილი.

წყარო: https://www.qartli.ge/

საზოგადოება
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის