USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
„საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო“ - ინტერვიუ ჯონ ბოლტონთან
дата:  

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) სათაურით საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო“, აქვეყნებს ინტერვიუს ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ თანაშემწესთან და მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონთან, რომელშიც იგი საუბრობს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის თანამედროვე მდგომარეობაზე, მის პერსპექტივაზე და კომენტარს უკეთებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რესპუბლიკელი ჯონ ბოლტონი, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მისი თანაშემწე და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, 2018 წლის აპრილიდან, 2019 წლის სექტემბრამდე იყო. თუმცა, ახლა, ის დონალდ ტრამპის ხმამაღალი კრიტიკოსია. ის ასევე კრიტიკულად უდგება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას.

როგორ შეიძლება განვითარდეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი დინამიკის ფონზე. რა საფრთხეებს ხედავს საქართველოსთვის, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თბილისი-პეკინის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად - ამ კითხვებით, თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს მივმართეთ.

- ელჩო ბოლტონ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. ბოლო დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მოვლენის, ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებით დავიწყოთ. რა მოლოდინები გქონდათ და რა იხილეთ შედეგად? როგორ ფიქრობთ, წარმატებული სამიტი იყო?

- ვფიქრობ, უკრაინასთან დაკავშირებით, პროგრესი ბევრი მიმართულებით იყო. ნამდვილად იყო პროგრესი, მრავალი წლის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში შესვლის აღნიშვნის შესაძლებლობა. მაგრამ გაურკვევლობამ, რომელიც ნამდვილად დომინირებს შეერთებულ შტატებში, ვფიქრობ გამოიწვია შედეგები, რომლებიც არ იყო ისეთი, რაც შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო. ვფიქრობ, ვიდრე გაურკვეველი რჩება პასუხი კითხვაზე, ვინ არის შეერთებული შტატების [შემდეგი] პრეზიდენტი, ალიანსის მომავალი გაურკვეველია. ალიანსის წევრებს აწუხებთ, რა შეიძლება მოიტანოს ტრამპის პრეზიდენტობამ, პოტენციურმა შესაძლებლობამ, რომ ნატოდან გამოვიდეს. ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული, ლეგიტიმური შეშფოთებაა. სამწუხაროდ ნატოსთვის, ამ კითხვაზე პასუხი ნოემბრამდე არ იქნება.

- ელჩო ბოლტონ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ნატოს გასაძლიერებლად, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვიხილეთ, მათ შორის, ალიანსის ბიუჯეტში, წევრი ქვეყნების მეტი კონტრიბუციის მისაღწევად გაწეული ძალისხმევა. ასევე ვიხილეთ ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად, როგორიც იყო შეიარაღების მიწოდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება - ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. თქვენ კრიტიკულად ხართ განწყობილი ორივე, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, რა მოლოდინები გაქვთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომთან დაკავშირებით, მისი შესაძლო ნაბიჯების შესახებ და ასევე, როგორ აფასებს, ამ მხრივ, პრეზიდენტ ბაიდენის მიმდინარე პოლიტიკას?

- ვფიქრობ, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი რუსეთზე ზეწოლის მიზნით, მრავალი მიზეზის გამო. მე, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებს მხარი დავუჭირე და უფრო შორსაც წავიდოდი. ვფიქრობ, დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინაში 2014 წლის კონფლიქტის შემდგ, - არ გამოიყენა ადეკვატური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საკმარისად არ დაუჭირა მხარი უკრაინას, არ გააკეთა ის, რაც საჭირო იყო რუსეთის ხელახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად, რაც ცხადია 2022 წლის თებერვალში მოხდა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ - ვიდრე რუსეთს თავისი გადაწყვეტილებების რეალური შედეგები არ დაუდგება, არსებობს რუსეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში შესვლის რისკი. ვფიქრობ, ეს ძალიან, ძალიან რეალური რისკია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრი. ტრამპის პოტენციური პრეზიდენტობის შესახებ, ვფიქრობ, ეს ძალიან შემაშფოთებელია.

ასე კიდევ უფრო მეტად ვფიქრობ, როცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მან ჯეი დი ვენსი დაასახელა, რადგან უკრაინაზე მათი შეხედულებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ასე რომ, პირველი ვადისგან განსხვავებით, სადაც მაიკ პენსი უკრაინის დახმარების ძლიერი დამცველი იყო, ახლა, ვიცე-პრეზიდენტის ოფისში, შეიძლება უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე იყოს და ვფიქრობ ეს რთული იქნება.

დონალდ ტრამპმა ბევრი განცხადება გააკეთა, რომ მას შეუძლია პრობლემა ზელენსკის და პუტინის ერთ ოთახში 24 საათის განმავლობაში მოთავსებით გადაჭრას; რომ ამ პრობლემას არჩევის შემდეგ, ინაუგურაციამდეც კი გადაჭრის. ვხედავთ, რომ ტრამპის მრჩევლები გამოდიან წინადადებებით, თუ როგორ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, რაც შეიძლება არ ასახავდეს ტრამპის ფიქრებს. მაგრამ, მართალი გითხრათ, მას წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი, გარდა იმისა, რაც ყოველთვის ხელმისაწვდომია ქვეყნისთვის, რომლის წინააღმდეგაც აგრესია განხორციელდა, - ყოველთვის შეგიძლია დანებდე, ყოველთვის შეგიძლია დათმო ის, რაც მეორე მხარემ მიითვისა. მაგრამ, ეს არ წყვეტს პრობლემას, რამდენადაც როგორც კი პუტინის და მისი მრჩევლების შეფასება დადასტურდება, რომ შეგიძლია მეორედ შეიჭრა და ამას არ მოყვება უარყოფითი შედეგები, ის საფუძველს უყრის მესამე შეჭრას და საფუძველს უყრის რუსეთის თავდასხმებს, საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილ შემადგენელ ნაწილებზე.

- ელჩო ბოლტონ, ეს ის არის, რისი მოლოდინიც თქვენ გაქვთ, მაგრამ, ასევე ვხედავთ მრავალფეროვნებას რესპუბლიკურ პარტიაში. ვნახეთ კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინის დახმარება, - ორპარტიული უმრავლესობით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს, არჩევის შემთხვევაში დონალდ ტრამპის იმგვარ შესაძლო პოლიტიკაზე, როგორსაც თქვენ წარმოაჩენთ?

- ვფიქრობ, ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ მათ შეუძლიათ ტრამპს მიაწოდონ რჩევები, რაც არ გამოიწვევს უკრაინისთვის ამერიკული დახმარების შეწყვეტას; რჩევები, რომლებიც არ გამოიწვევს კონფლიქტში თეთრი სახლის უსარგებლო ჩარევას და იმედი, რომ ნატოსთვის ზიანის აცილება შესაძლებელია. მე ყველა ამ იმედს ვეთანხმები, მაგრამ ვიცი როგორ იღებს ტრამპი გადაწყვეტილებებს, ის ძალიან არაპროგნოზირებადია.

ის ამას ხედავს პრიზმიდან, რაც მას სარგებელს მოუტანს. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის დასარწმუნებლად არგუმენტები არ არის გეოსტრატეგიული არგუმენტები, არ არის უსაფრთხოების ინტერესებზე დაფუძნებული არგუმენტები. ეს არის არგუმენტები, რომელიც ეფუძნება ტრამპის პოლიტიკურ კეთილდღეობას შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, რომ ამერიკელები კვლავ მხარს უჭერენ უკრაინის დახმარებას. ასე რომ, თუ არგუმენტები შეიძლება ისე იყოს წარმოდგენილი, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა, ტრამპს პოლიტიკურად ეხმარება, ეს არსებითად აძლიერებს იმის შესაძლებლობას, რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- ელჩო ბოლტონ, თქვენ საქართველო ახსენეთ. ნატო, ისევე როგორც საქართველოს ყველა სხვა მეგობარი და პარტნიორი ორგანიზაცია თუ ქვეყანა, შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. მთავარ მიზეზთა შორისაა, ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ კანონის მიღება და ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკა. ამ ფონზე, როგორ ხედავთ, ნატო-საქართველოს პარტნიორობის მომავალს, ზოგადად, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მომავალს?

- ვფიქრობ, თქვენ დაინახეთ ბევრი სირთულე უკრაინის ნატოში გაწვერიანების შესახებ დებატებში. ცხადია, უკრაინის მიწაზე უცხო ქვეყნის ჯარია. ნატოს არასდროს მიუღია წევრი ამ მდგომარეობაში, რადგან ამის გაკეთება, მეხუთე მუხლით, ნატოს აგრესორის წინააღმდეგ ომის მდგომარეობაში აქცევს. ამ შემთხვევაში, საქართველოს აქვს მსგავსი პრობლემა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, სადაც რუსები და რუსეთის მარიონეტული რეჟიმები არიან ჩართული. მართალი გითხრათ, ნატომ დიდი შეცდომა დაუშვა იმით, რომ უკრაინა და საქართველო არ გაწევრიანდა 2008 წელს, როდესაც ჯორჯ ბუშ უმცროსმა, ეს ნატოს ბუქარესტის სამიტზე შესთავაზა. ამასობაში, ვფიქრობ ჩვენ დავკარგეთ დრო და გარკვეული პროგრესი.

საქართველოსთვის ნატოში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ის დასავლეთის ნაწილია. ის იმსახურებს, იყოს დასავლეთის ნაწილი და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ვიპოვოთ გზა ამის გასაკეთებლად. მაგრამ, ტრამპის პოტენციური ადმინისტრაციის გათვალისწინებით, უბრალოდ არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი პრიორიტეტი [ნატოში] მეტი წევრის დამატება იქნება. ვფიქრობ, ის ამერიკის ვალდებულებების შესამცირებლად გზებს ეძებს და სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ კრემლი სრულად არის მზად ამით ისარგებლოს.

- იმავე მიზეზების გამო, რაც ზემოთ ვახსენე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ყველა თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. სავიზო შეზღუდვები დაუწესა ქართველი ოფიციალური პირების ნაწილს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ე.წ. „გლობალურ ომის პარტიას“, დიდი გავლენა აქვს ამერიკისა და ევროკავშირის ბიუროკრატიაზე და საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ აღიქვამთ ორ ქვეყანას შორის ახლა არსებულ ურთიერთობებს?

- ცხადია, ამ მომენტში ურთიერთობები არ არის საუკეთესო ფორმაში და ვფიქრობ მართალია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა, უმჯობესია ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან, გარდა ნატოსა და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ, ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რუსულმა კავშირებმა, საქართველოში ან სომხეთსა თუ აზერბაიჯანში, კავკასიის რომელიმე ქვეყანაში, მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს.

ასე რომ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით პრობლემები არის, ეს ეჭვგარეშეა. მაგრამ, მე ამ პრობლემებთან დამაკმაყოფილებელ გამკლავებას, დახურულ კარს მიღმა ვარჩევდი.

- თითქმის ერთი წლის წინ, საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა. საქართველოს მთავრობამ ასევე გამოაცხადა, რომ ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი ჩინური ინვესტიციებით აშენდება. გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წელს, იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, ამ პროექტის დასრულების იმედი გამოთქვა და თქვა, რომ ამგვარი პროექტები, საქართველოს დაეხმარება, არ მოექცეს რუსეთის და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც, მისი თქმით, თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, საქართველოს საუკეთესო ინტერესებს არ გამოხატავენ. რა რისკებს ან სარგებელს ხედავთ საქართველოსთვის, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში?

- მე ვერ ვხედავ რაიმე რეალურ სარგებელს საქართველოსთვის. არ ვიცი, რატომ შეიძლება სურდეს საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც კავკასიას ვსტუმრობდი, 2019 წელს, როცა თეთრ სახლში ვიყავი, ამ საკითხზე ჩვენ გვქონდა საუბარი [საქართველოს] მაშინდელ ხელისუფლებასთან. მას შემდეგ აშკარაა, რომ რუსეთ-ჩინეთის ახალი ღერძი, ცივი ომის დროს, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ალიანსს გვახსენებს. საქართველოს უკვე აქვს საზღვარი რუსეთთან და ფაქტობრივად, უკრაინის ომის გამო რუსეთში ჩინეთის გავლენის გათვალისწინებით, საქართველო ძალიან ახლოსაა საზღვარი ჰქონდეს ჩინეთთანაც. ეს არ არის საზღვარი, რომლის ქონაც შეიძლება თქვენ გსურდეთ. ჰკითხეთ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩინეთის გეოგრაფიულად დაშორდნენ, როგორიცაა ინდოეთი და ვიეტნამი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ასე რომ, ვფიქრობ, ეს უბრალოდ ხაზს უსვამს, რომ ჩინეთი, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, სესხის დიპლომატიის და გულწრფელად რომ ვთქვა, აშკარა კორუფციის გზით, საქართველოს მსგავსი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობაში მიზიდვას ცდილობს. ეს საქართველოსთვის კარგ შედეგს ვერ გამოიღებს.

- ელჩო ბოლტონ, ისევ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს რომ დავუბრუნდეთ, იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონს, ასევე ბრიუსელს, აშფოთებს საქართველოს მიერ განცდილი დემოკრატიის უკუსვლა, როგორც ვაშინგტონი აცხადებს, „კრემლით შთაგონებული“ კანონის მიღება, ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა, - თუ ვიხილავთ, რომ შეერთებულ შტატებში ადმინისტრაცია შეიცვლება, ფიქრობთ, რომ საქართველოს მიმართ ამჟამინდელი პოლიტიკა გადაიხედება? მათ შორის ის, რომელიც ახლახან სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღო და საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას გულისხმობს.

- თუ გავითვალისწინებთ ვლადიმირ პუტინთან დონალდ ტრამპის ურთიერთობას, ძალიან მაწუხებს, რომ საქართველოში რუსეთის გავლენის გაზრდას ის უფრო დიდი კეთილგანწყობით შეხედავს, რაც ვფიქრობ ძალიან არასასურველია. ეს მაწუხებს. გახსოვდეთ, ტრამპმა ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ერთხელ, მან თეთრი სახლის მაშინდელ აპარატის უფროს ჰკითხა, იყო თუ არა ფინეთი ისევ რუსეთის ნაწილი. ის მიდრეკილია იმის მიმართ, თუ რას იტყვის ვლადიმირ პუტინი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და ის შეიძლება რუსეთის მხარეზე გამოვიდეს. ასე რომ, ვფიქრობ წინ, პოტენციურად, ძალიან საშიში პერიოდია.

- ასეთი მოლოდინები გაქვთ მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, საქართველოსთან მისი ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა ვიხილეთ? ახლახან აღნიშნეთ, რომ როცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩევლად მსახურობდით, საქართველოს სტუმრობდით. ასევე გვახსოვს იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტი თბილისში. ასევე, გადაწყვეტილება საქართველოსთვის ჯაველინების გამარტივებული წესით მიწოდების შესახებ.

- როცა საქართველოში წავედი, ვფიქრობ, დონალდ ტრამპმა არ იცოდა, რომ მე იქ ვიყავი. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც არ ვფიქრობ, რომ ეს გაგრძელდება. არ არსებობს გარანტია, რომ მაიკ პომპეო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მეორე ვადით დაბრუნდება. და როგორც ვთქვი, ვფიქრობ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დონალდ ტრამპის აზროვნებაზე. ვფიქრობ, ამან ის ვლადიმერ პუტინთან დაახლოვა. შეიძლება ამის გაგება რთული იყოს, ვერ ავხსნი რატომ, მაგრამ ვღელავ უკრაინაზე, ვღელავ საქართველოზე და მაწუხებს საბჭოთა კავშირის ყველა ყოფილი ნაწილის ბედი, თუ დონალდ ტრამპს ხელახლა აირჩევენ.

წყარო: 

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати