USD 2.6005
EUR 2.9154
RUB 3.0545
Тбилиси
BMG: საქართველო IMF-ის პროგრამის გარეშე ანუ მიჩვენე შენი მეგობრები და გეტყვი ვინ ხარ შენ|ნიკა ალავიძის ბლოგი
дата:  750

BMG გთავაზობთ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის და ანალიტიკური ცენტრის "ჯეო ქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის, ნიკა ალავიძის ბლოგს - "IMF და საქართველო, მიჩვენე შენი მეგობრები და გეტყვი ვინ ხარ შენ ანუ მოკლე გზამკვლევი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ თვლის, რომ ყველაფერში დამნაშავეა “დიფსტეიტი”.

 

“Inflation is always and everywhere a monetary phenomenon, but governments will always try to convince people that it is caused by external forces.”
Milton Friedman

“ინფლაცია ყოველთვის და ყველგან მონეტარული ფენომენია, თუმცა ხელისუფლება ხალხს ყოველთვის უმტკიცებს, რომ ამაში გარე ძალები არიან დამნაშავეები", - მილტონ ფრიდმანი

IMF-ის ისტორია, როლი და მისია

საერთაშორისო სავალუტო ფონდი IMF (International Monetary Fund) 1944 წელს შეიქმნა, აშშ პატარა ქალაქში ბრეტონ ვუდსში გამართულ კონფერენციაზე, 44 ქვეყნის მონაწილეობით, ხოლო რეალური საქმიანობა 1945 წელს დაიწყო, პირველი 29 წევრით. ამავე კონფერენციაზე გადაწყდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფინანსური წესრიგის საფუძვლები ვაჭრობის, ვალუტისა და გლობალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. იმავე კონფერენციაზე შეიქმნა მსოფლიო ბანკიც (World Bank).

IMF-ის მიზანი იყო გლობალური ფინანსური ქაოსის შეჩერება და ახალი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბება, სადაც ვალუტები სტაბილურია, ანგარიშგება გამჭვირვალე და მოქმედებას საერთო წესები გააჩნია. ფონდის მიზანია მოაწესრიგოს და ჰარმინიზება გაუკეთოს გლობალური თამაშის წესებს და საბოლოოდ უზრუნველყოს სიღატაკის დაძლევა.

ამ დიდი ინიციატივის ინტელექტუალური მშობელი ორი გამორჩეული ეკონომისტი იყო: ბრიტანელი ჯონ მეინარდ კეინსი, რომელიც ადამიანზე მორგებულ ეკონომიკას ქადაგებდა, და ამერიკელი ჰარი დექსტერ უაიტი, რომელიც მკაცრი ფინანსური არქიტექტურის მომხრე იყო.

სწორედ მათი ხედვების შერწყმით შეიქმნა ინსტიტუტი, რომელიც დღემდე ცდილობს ბალანსის დაცვას და საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას.

დღეს IMF აერთიანებს 190-ზე მეტ ქვეყანას. მისი უმაღლესი ორგანოა გუბერნატორთა საბჭო, ხოლო ოპერაციულ მმართველობას ახორციელებს აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც ამჟამად ბულგარელი კრისტალინა გეორგიევა ხელმძღვანელობს. [https://en.wikipedia.org/wiki/International_Monetary_Fund]

IMF-ის მანდატი მოიცავს:
1. გლობალური მონეტარული სტაბილურობის უზრუნველყოფას
2. ფინანსური დახმარების გაწევას კრიზისის დროს
3. ეკონომიკური მონიტორინგის წარმოებას
4. ინსტიტუციური კომპეტენციის განვითარებას ფინანსურ, საბანკო და სტატისტიკურ მიმართულებებში.

ანუ IMF მხოლოდ ფულის გამცემი ფონდი არაა, ის სანდოობის, წესრიგის და დისციპლინის არბიტრია. ძალიან მარტივად, მოკლედ და კონკრეტულად:

ის იძლევა ფულს მაშინ, როცა სამყაროს ნდობა ამოწურული გაქვს და არავინაა დარჩენილი შესაბამისი რესურსით მოგამარაგოს.

იმ დროს, როდესაც ქვეყანას აღარ ჰყოფნის ვალუტა, რეზერვი ან დაქვეითებული აქვს სანდოობა, IMF მოდის საკრედიტო ხაზით და ამაგრებს ვალუტას (ეს შემთხვევა ჩვენ მწვავედ დაგვიდგა 2008 წლის ომის და კოვიდ პანდემიის დროს).

ფონდი აკონტროლებს დისციპლინას, ყოველთვის და განსაკუთრებით როდესაც ქვეყნის პოლიტიკა ზედმეტადაა გადამხტარი ოპტიმისტურ ხარჯვაში.

აყალიბებს რა, ფისკალურ და მონეტარულ ჩარჩოებს, უზრუნველყოფს (ცდილობს) ეკონომიკა არ გადახურდეს და პოლიტიკოსებს შეახსენებს, რომ ბიუჯეტი ზღაპრული პერსონაჟის ჩანთა არაა, სადაც ყველაფერი უსასრულოა.

ეს ბლოგი არ ემსახურება რაიმეს მტკიცებას, არამედ არის მცდელობა, ვეცადოთ კარგად გავიცნოთ ჩვენი (ქვეყნის) ინსტიტუციური პარტნიორები. IMF იდეალური ინსტიტუცია არ არის, ისევე როგორც თავად კაცობრიობა, მაგრამ ჯერ კაცობრიობამ ვერ მოიფიქრა უკეთესი გზა, რადგან ქვეყნებმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ და ზედმეტად ხშირად არ გაიმეორონ.

როგორც ერთხელ, უინსტონ ჩერჩილმა დემოკრატიზე აღნიშნა: “ეს ყველაზე ცუდი ფორმაა ყველა დანარჩენ გამოცდილ უკეთეს ფორმას შორის”. ასეა IMF-იც, მასაც აქვს (უამრავი) საკუთარი არასრულყოფილება, ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ მაინც საუკეთესოა იმაში, რაც კაცობრიობამ დღემდე გამოიგონა ეკონომიკური წესრიგის, თანმიმდევრობისა და თავშეკავებისთვის.

„Democracy is the worst form of government, except for all the others that have been tried.” Winston S. Churchill

საქართველო და IMF,
პროგრამის შეჩერება და შესაბამისი საფრთხეები

საქართველომ ბოლოს IMF-ის პროგრამას Stand-By Arrangement (SBA) 2022 წელს მოაწერა ხელი. https://www.imf.org/en/News/Articles/2022/06/15/pr22203-georgia-imf-executive-board-approves-us-280-million-sba?utm_source=chatgpt.com

ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანას, დაახლოებით, 280 მილიონ დოლარზე ჰქონდა წვდომა, რომელიც განკუთვნილი იყო პანდემიის შემდგომი შოკის დაძლევისა და უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის საფრთხეების ფონზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად, შესაბამისი ფისკალური მხარდაჭერის და საჭირო რეფორმების გატარებისათვის.

2023 წელს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ინსტიტუციური რეგრესის გამო, ეს პროგრამა შეჩერდა, რაზედაც შესაბამისი განმარტებებიც გაკეთდა ფონდის მიერ.

https://civil.ge/archives/552576?utm_source=chatgpt.com

https://www.intellinews.com/georgia-s-national-bank-president-confirms-suspension-of-imf-programme-294545/?utm_source=chatgpt.com

https://www.imf.org/en/News/Articles/2024/03/18/mission-concluding-statement-georgia-2024-article-iv-mission?utm_source=chatgpt.com

https://factcheck.ge/en/story/42248--the-suspension-of-the-imf-programme-is-related-to-the-national-bank-but-not-to-the-19-september-decree?utm_source=chatgpt.com

2025 წლისთვის IMF აღნიშნავდა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები “ძლიერია”: მშპ იზრდება 7%-ით, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო რეზერვები ჯანსაღ დონეზეა, თუმცა პროგრამა უკვე ორი წელია შეჩერებული იყო, ხოლო მისი განახლება აღარ იგეგმება.
https://www.imf.org/en/News/Articles/2025/07/22/pr-25259-georgia-imf-executive-board-concludes-2025-article-iv-consultation?utm_source=chatgpt.com

ფინანსთა სამინისტრომ სიამაყით განაცხადა, რომ “აღარ გვჭირდება IMF-ის პროგრამა”.

რას ნიშნავს ეს განცხადება? რთული ქვეწყობილი წინადადებებით, ოფიციალურმა პირებმა გვამცნეს, რომ თავად არ გეგმავენ არაფერს და არც განაახლებენ პროგრამას, მაგრამ ასეთი პოზიცია რეალურად უფრო პოლიტიკური ჟესტია, ვიდრე გაბრწყინებული ეკონომიკის ამაყი პოზიცია, რომ “შენი დახმარება აღარ მჭირდება, ეგ რესურსი სხვებს მოახმარე სავალუტო ფონდ”. (სხვა ეპითეტი არ მიგულისხმია, ნუ გაივლებთ თავში ცუდს ნურაფერს).

ამასობაში IMF აკვირდება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკას, მაგრამ საჯაროდ და პირდაპირ ვერ(არ) აფიქსირებს სისტემურ პრობლემებს, ისეთს როგორიცაა:

სისტემური და თავზე ხელაღებული კორუფცია, ინსტიტუციური სისუსტე, ნეპოტიზმი, კრონიზმი და კლეპტოკრატია, ქაქისტოკრატია, სამართლის და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და ეროვნული ბანკის შელახული დამოუკიდებლობა — რაზედაც მხოლოდ დიპლომატიურად მოზომილი განცხადებებით შემოიფარგლა, თუმცა საქმით საკმაოდ მკაცრად დააფიქსირა ჯერ პროგრამის შეჩერება, შემდეგ კი მისი გაუქმება, რადგან მის რეკომენდაციებზე არანაირი რეაგირება არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან.

დღევანდელი “სტაბილურობა” ფინანსთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებების შესაბამისად, რაც ფონდთან პროგრამის შეჩერების დადასტურების დასამოწმებლად არის წარმოდგენილი, რთული წინადადებების კასკადით, ნიშნავს იმას, რომ არანაირად არ ექვემდებარება გამოსწორებას (სხვა სიტყვებით ე.წ. ხელისუფლება ბედნიერია, რომ ქვეყანაში არსებობს):

  • მაღალ დონეზე გამჯდარი კორუფცია — $600 მილიონიანი საეჭვო ტრანზაქცია(ბი), რომელიც “არავინ იცოდა” როგორ “ჩაგვიდეს” და მხოლოდ ერთმა წვრილმა სავალუტო ჯიხურმა “გააიმასქნა”;
  • მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა — უდანაშაულო მოქალაქეების უმიზეზოდ დაკავება, ცემა, ძარცვა და დრაკონული კანონებით მათ დაჯარიმება;
  • ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვა;
  • დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვა და თვითიზოლაცია;

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, IMF-ის პროგრამის შეჩერება ავტომატურად ნიშნავს:

  • ნაკლებ მონიტორინგს და ანგარიშვალდებულებას;
  • ნაკლებ კითხვას ფულის გათეთრებაზე;
  • ნაკლებ შანსს სანდო საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვაზე;
  • ნაკლებ შესაძლებლობას ცივილური სამყაროს მხრიდან განვითარებაში დახმარებისათვის;

ძალიან მოკლედ და კონკრეტულად, ესაა პირდაპირი პასუხი საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველანაირ პასუხისმგებლობას გაურბის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება და ესაა ის დამოკიდებულება; რაც მისთვის მისაღებია და მომავალშიც ასე აპირებს გაგრძელებას, “(უ)ღირსებით” “ორფეხზე დგომას”.

IMF სრულყოფილი არ არის, მაგრამ მისი არსებობა ქმნის ნებისმიერი ქვეყნის მინიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ეფექტურად და სარგებლიანად იყენებს, რომ მის მიერ დაქირავებული მთავრობა ზღვარს არ გადავიდეს. (როგორც ვთქვი, ამაზე უკეთესი სისტემა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია და იმიტომ).

როდესაც ფონდი გადის ქვეყნიდან, მაშინ ადგილობრივ ფეოდალურ ელიტებს სრული თავისუფლება ეძლევათ “თავიანთ საყვარელ საქმეს” მეტი მონდომებით შეუდგნენ ანუ გადაეშვან უმოწყალო კორუფციაში და ბიუჯეტის ფულით საკუთარი ბედნიერება ზღაპრულ ეტაპზე გადაიყვანონ.

ისეთი პატარა და ღია ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, რეპუტაცია არის მთავარი ვალუტა.

ინვესტორები, დონორები, კრედიტორები ყოველთვის ძლიერი და გლობალური საერთაშორისო ინსტიტუტების ნაკვალევზე დადიან, ამოწმებენ და კითხულობენ მათ მიერ დაწერილ ანგარიშებს “ხაზებს შორის” და დასკვნებს ისე აკეთებენ.

ამ შემთხვევაში, IMF პროგრამის არარსებობა, დიდი წითელი დროშაა ცივილიზებული სამყაროსთვის, რადგან სხვა დანარჩენი წინაპირობა, უკვე დაბალი სანდოობითაა წარმოდგენილი.

პატარა ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, IMF-ის პროგრამის არქონა საფრთხე დღევანდელ ზრდაში კი არა, ხვალინდელ სიჩუმეშია.

როცა კონტროლი ქრება, კორუფცია უხილავი ხდება, ფისკალური პოპულიზმი ძლიერდება, კრიზისი ჩუმად იკრეფს მასას და ჩრდილავს განვითარების სხივებს.

ამ პროცესების ზენიტზე, როდესაც დაზიანება გარდაუვალია, ისინი, ვინც დღეს IMF-ისგან გათავისუფლებას ზეიმობს, პირველები მოითხოვენ მის დაბრუნებას, მაგრამ ეგ პროცესი უკვე ძალიან რთული იქნება. როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, “სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობსო”… (საერთოდ არ გვინდა და აღარც გვევალდებულება რაიმეს გატეხვა)

რატომ გვჭირდება IMF

IMF-ის პროგრამა მხოლოდ სესხი არ არის, ეს არის სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანას ჰყავს ინსტიტუციური პარტნიორი, რომელიც აკონტროლებს წესრიგს, გამჭვირვალობას და ეკონომიკურ დისციპლინას.

პროგრამის გარეშე სახელმწიფო რჩება მარტო, გარე შოკების პირისპირ: შესაძლო ექსპორტის ვარდნის და სავალუტო დეფიციტის შემთხვევაში, ტურბულენტური საბაზრო მოვლენებთან, ბაზრების ჩამოშლის რეალურ შიშში, როდესაც შეზღუდული დახმარების გარეშე ქვეყანა რეალურად დაფინანსების ვაკუუმში აღმოჩნდება.

ახალი პროგრამის ხელმოწერა კრიზისის დროს ბევრად უფრო ძვირი, რთული და განსაკუთრებულ კომპეტენციას მოითხოვს, რაც დამატებით, ცალკე გამოწვევაა. (განსაკუთრებით ქვეყანში, სადაც ქაქისტოკრატია საკუთარ ზენიტშია).

IMF არ არის ჰარი პოტერის მაგიური ჯოხი, მაგრამ მისი არყოფნა ხშირად ნიშნავს, რომ ქვეყანა განწირულია მხოლოდ საკუთარი ილუზიებით იმართოს, კორუმპირებული, კლეპტოკრატი და არაკვალიფიციური, პოპულისტი მმართველების მიერ.

IMF არცერთი ქვეყნის ექსკლუზიური მხსნელი არ ყოფილა, მას აქვს საკმაოდ ხისტი და მომაბეზრებელი მოთხოვნები, სავალდებულო ანგარიშები და დისციპლინა, მაგრამ ცდილობს (და ხშირად კარგად გამოსდის) იყოს ის “სარკე,, სადაც ქვეყანა და ამ ქვეყნის პარტნიორებიც, კარგად ხედავენ საკუთარ თავს, რეალურად აფასებენ გარემოებას და შესაძლებლობებს.

ახლა ეს სარკე გადამალულია, მთავრობა კი ამაყად და ბედნიერად აცხადებს, რომ „ჩვენ ისედაც ლამაზები ვართ“, მაგრამ სილამაზეს, ისევე როგორც სტაბილურობას, დიდხანს ვერ შეინარჩუნებ, მას მუდმივი მოვლა და განახლება სჭირდება, როცა სარკეში ყურებას წყვეტ და რეალობის აღქმას კარგავ, ამ პროცესს პოზიტიურად ვერანარად ვეღარ წარმართავ, ეს ჭეშმარიტება კაცობრიობამ, სამწუხაროდ, უამრავი შეცდომით ისწავლა…

წყარო:https://bm.ge/

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати