USD 2.7270
EUR 3.1287
RUB 3.4745
Tbilisi
სანდრო კოტორაშვილი: უეფას შტაბ ბინაშია გამოკრული ჩემი ფოტო იმ თამაშიდან, როდესაც თბილისის დინამომ პირველი თასი მოიგო
Date:  3183

60 წელი ფოტოგრაფიაში, პრესტიჟული  ჯილდოები  და პრიზები,  უამრავი  საინტერესო ფოტო, რომელიც ქართული სპორტის ისტორიას შემორჩა - ეს არის ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანის ალექსანდრე (სანდრო)  კოტორაშვილის  პროფესიული  „მონაგარი“, რომლითაც დღეს 80 წლის დამსახურებული ფოტოგრაფი ამაყობს. სპორტი მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული იყო, ალბათ, ამიტომაც  ძალიან ახალგაზრდამ დაუკავშირა  ცხოვრება  სპორტულ  გამოცემა „ლელოს, რომლის წყალობითაც  საყვარელ პროფესიაში საინტერესო  წლები გაატარა..

მის ფოტოობიექტივში ბევრი ცნობილი და ლეგენდარული სპორტსმენი მოხვდა. ის, რაც ჩემმა საქმემ მომცა არის ჩემი სახელი - ამბობს ჩვენი რესპოდენტი, მორიდებული, სიყვარულით  და სიკეთით სავსე ადამიანი, რომელსაც  ყველა კოტორას ეძახის. თავადაც  „კოტორა“ უყვარს -    განვადებით ნაყიდი პირველი ფოტოაპარტით და  ფოტოთი „90 -ე სვლა“,  რომელიც მისი ცხოვრების საუკეთესო   და  ძვირფასი ფოტოა.     

სანდრო კოტორაშვილი: ბავშვობა სვანეთის უბანში გავატარე, ვაჟთა მე-19 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. მიყვარდა სპორტი, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას სპარტაკიადებში, სირბილში, შემდეგ შევედი ფიზკულტურის ინსტიტუტთან არსებულ „მწვრთნელთა სკოლაში“, მძლეოსნობაზე. 1967 წელს ჩავაბარე  პედაგოგიურ ინსტიტუტში, ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ სწავლებაზე.

   

- ფოტოგრაფიას  როგორ  დაუკავშირეთ ცხოვრება?

ჯერ კიდევ პატარა ასაკში, ბიჭები ეზოში მეზობლის ფოტო აპარატით ვიღებდით ფოტოებს. 14 წლის ვიყავი, როცა  მამას  ფოტოაპარატის ყიდვა ვთხოვე. მამამ განვადებით გამომიტანა ფოტოაპარატი ფედ 2,  რომლის ფულს, 520 მანეთს  6 თვე იხდიდა. ეს იყო ჩემი პირველი ფოტოაპარატი, რომელიც ახლაც მაქვს, ისევ საათივით მუშაობს. მახსოვს, მამა ახალ ფოტოაპარატს კარგი ფოტოგრაფივით ათვალიერებდა, თუმცა მისი არაფერი გაეგებოდა. მამა ცეცხლფარეში იყო ტრიკოტაჟის ფაბრიკაში, მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა. იმ დროს ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული გეგმები არ მქონდა, მაგრამ მომწონდა გადაღება. 1960 წელს მუშაობა დავიწყე კინოსტუდია ‘ქართულ ფილმში“  თავიდან ფირების გამჟღავნების „წამლებს“ ვაკეთებდი, მერე გადამიყვანეს ფირების გამჟღავნებაზე. ძალიან მომწონდა ჩემი საქმე. ცნობილი რეჟისორები მოდიოდნენ  კინოსტუდიაში, მაშინ პირველად  გადავიღე ფოტო -  პორტრეტი. ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო მოსული გახმოვანებაზე, სტუდიიდან გარეთ  იყო გამოსული,  მივედი  და ვთხოვე, გადაგიღებთ-მეთქი, დამეთანხმა. ძალიან მაგარი ფოტო გამომივიდა. ოთარ მეღვინეთუხუცესი ერთ-ერთი პირველი იყო, ცნობილებს შორის, ვინც ჩემს ფოტო ობიექტივში მოხვდა. იმ პერიოდში გადავიღე მცხეთაში ლეგენდარული მებაღე მიხეილ მამულაშვილი, ანდრია ბალანჩივაძის საოცარი ფოტო მაქვს, გადაღებული თბილისობაზე, რომელმაც გაზეთ „პრავდას“ კონკურსში გაიმარჯვა.  

ცნობილი ადამიანები არასდროს დაჰკლებია თქვენს ფოტოობიექტივს, ვისი გადაღება  გახსოვთ განსაკუთრებულად?

-  გახსენება ალბათ გამიჭირდება, ასეთი ბევრი იყო.  ჩემი გადაღებულია ცნობილი საფეხბურთო მატჩი მარჯანიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობებს შორის, რომელიც სპორტის სასახელში ჩატარდა. ლეგენდარული მსახიობები თამაშობდნენ, ტარიელ საყვარელიძე, გიორგი გეგეჭკორი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი. ამ თამაშზე 75 ფოტო მაქვს გადაღებული, დიდი ხანია ვფიქრობ, რომ  ამ ფოტოებით გამოფენა  გავაკეთო.

ისე გამოვიდა, რომ მსახიობებით დავიწყე გადაღება, მაგრამ ათეული წლები სპორტის და სპორტსმენების გარდა არავინ  გადამიღია. 40 წელი ვიმუშავე „ლელოს“ ფოტოკორესპონდენტად. წლები იყო გასული,ახალბედა აღარ ვიყავი, მაგრამ „ლელო“ რომ გამოდიოდა, ჩემი გადაღებული ფოტო  რომ მენახა, დილაადრიან გავრბოდი. მეტროში ავტომატები იყო, ფულს რომ ჩააგდებდი, ახალ გაზეთს გამოაგდებდა. ავიღებდი ხოლმე გაზეთს  და ბედნიერი ვიყავი. ჯერ კიდევ „მწვრთნელთა სკოლაში“ ვსწავლობდი, როდესაც  ინსტიტუტის შიდა სპარტაკიადა ჩატარდა. ჩვენს ჯგუფში იყო ტარიელ ალიბეგაშვილი, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირის  ჩემპიონი გახდა.ტარიელის ჭიდაობის ეპიზოდი გადავიღე.  ჩვენმა პროფესორმა ავთანდილ ციბაძემ მთხოვა, ფოტო  „ლელოს“ რედაქციაში წამეღო. წავედი რუსთაველზე, გამომცემლობაში, მე - 5 სართულზე ლელოს რედაქცია იყო, მივედი და დავრჩი კიდეც (იცინის) იქიდან დაიწყო ყველაფერი. ბევრი „ვირბინე“ ჩემს  პროფესიაში, სანამ ფინიშამდე მოვედი.  

- ფინიშამდე,  ჯერ კიდევ გაქვთ ბევრი  დრო.

- ფინიშად თბილისის საპატიო მოქალაქეობას მივიჩნევ. ძალიან გამიხარდა, სიამაყით ავივსე, როდესაც გამომიცხადეს  რომ თბილისის საპატიო მოქალაქე გავხდი. ცოტა სახტადაც  დავრჩი. ვინც კი გაიგო, ყველამ მითხრა, შენთვის  ადრე უნდა მოეცათ ეს სტატუსიო, როცა მომცეს, ამაზეც მადლობელი ვარ. თბილისში 17 გამოფენა მაქვს გაკეთებული. მიყვარს ჩემი ქალაქი, მესამე კლასელი ვიყავი, მამაჩემს სტუმარი მოუვიდა სახლში. ღვინის საყიდლად ვარანცოვზე გამგზავნა. ტრამვაის სულ ერთი გაჩერება  იყო. ჩავედი  სარდაფში, ოთხი კაცი პურს ჭამდა. პატარა ბიჭი ვიყავი. მორიდებული. თხოვე: ძია, მამამ ღვინო დამაბარა, სამი ლიტრა მინდა ვიყიდო -  მეთქი. ვიღაც კაცმა უთხრა ღვინის გამყიდველს: ბავშვს ფული არ გამოართვაო.  ჩამისხა გამყიდველმა  სამი ლიტრა ღვინო და გადმომცა. ის კაცი მეუბნება: სახლში რომ მიხვალ ფული მამას დაუბრუნე და უთხარი, ღვინო გოგლა ბიძიამ გამომატანაო.  თურმე, გოგლა  ლეონიძე ყოფილა. მე რა ვიცოდი.   

ჯილდო ბევრი მაქვს მიღებული, პირველად მივიღე მიხეილ კაკაბაძის პრემია სპორტულ ჟურნალიტიკაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მაქვს მიღებული  ალექსანდრე როინაშვილის პრიზი  ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისთვის, 1971  წელს  ავიღე დიპლომი საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ბერლინში გაიმართა. იყო კიდევ ბევრი ჯილდო და აღიარება, მაგრამ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მართლაც განსაკუთრებულია. ალბათ,  ჩემი საქმის გამო გავხდი  საპატიო თბილისელი. მთელი ცხოვრება ამ   საქმეს მივუძღვენი, „ახალგაზრდა კომუნისტშიც“ ვიმუშავე უშანგი ჭიჭინაძესთან, მერე არჩილ გოგელიასთან  სპორტულ ჟურნალ „მართვეში,“  ნიკა რურუას მამა ვახტანგ რურუა იყო ჩვენთან მხატვარი. კარგი გუნდი ჰყავდა შეკრებილი არჩილ გოგელიას. 1977 წელს გადავედი „ლელოში,“ სადაც 2012 წლამდე ვიმუშავე. წარმოიდგინეთ, ამ ორმოც წელში რამდენი საინტერესო შეხვედრა, გადაღება ჩაეტია. მაშინ ფოტოგრაფებს მინიმალური ანაზღაურება გვქონდა, ტრამვაი 3 კაპიკი ღირდა,  ერთ სურათში, რაც  გაზეთში დაიბეჭდებოდა 30 კაპიკს მაძლევდნენ. მთელი  ხელფასი გზაში მიდიოდა, მაგრამ ისე მიყვარდა ჩემი საქმე, არასდროს ფულის გამო  უკან არ დამიხევია.    

- როგორც ვიცი, თავიდან არც კი გიშვებდნენ „დინამოს“ სტადიონზე.   

კი, მართლა  არ მიშვებდნენ. ჩემი ოცნება იყო იქ მოხვედრა. სტადიონზე მუშები მუშაობდნენ, პირველად იმ ბიჭებმა შემიყვანეს, პურ-მარილი გავუშალე მადლობის ნიშნად. მერე ყველასთვის შინაური გავხდი. იმ დროს ლეგენდარული ფეხბურთელები გვყავდა, ყველა გადაღებული მყავს: მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, ვლადიმერ ბარქაია, ვლადიმერ  ელოშვილი, მურთაზ ხურცილავა, მერე მოვიდა ახალი თაობა,  ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი  დარასელია, ალექსანდრე  ჩივაძე.  მაგათთან უკვე ისე ახლოს ვიყავი, მოდი კოტორ გადაგვიღეო, თვითონ დგებოდნენ ხოლმე ფოტოს გადასაღებად. მერე ამოვარჩევდი ფოტოებს, ზოგი „ლელოში“ მიმქონდა,  ზოგს მათ  ვაძლევდი. „ბელეტაჟიანი“ სახლი გვქონდა, ქვეშ მქონდა გაკეთებული ლაბორატორია. იქ ვმუშაობდი. 

- სპორტის რომელი სახეობის გადაღება იყო ყველაზე რთული?

ქართული ჭიდობა. მე სპორტის ყველა სახეობა მიყვარდა, მაგრამ ყველაზე რთული გადასაღები იყო ქართული ჭიდაობა. ისეთი აკრძალვები აქვს სპორტის ამ სახეობას, კარგი მომენტის დაჭერა არ იყო იოლი. მაინც ვიღებდი ბევრ კარგ კადრს. კარგი ფოტო რომ გამოვიდეს  მოძრაობაში და დინამიკაში, სპორტის ყველა სახეობა რთული გადასაღებია. ძველ აპარატებს ხომ არ ჰქონდა ავტომატური ფოკუსი, როგორც თანამედროვე ფოტოაპარატებს აქვთ. თან ფოკუსი უნდა დამეჭირა ხელით,  თან გადამეღო,  წვალებ-წვალებით ვიღებდი ხოლმე.  მახსოვს სპორტის სასახლეში ვეხვეწებოდი, შუქი ამინთეთ მეთქი, ბევრი იხარჯებაო, შუქს არ ანთებდნენ  (იცინის)   მომწონს დღეს ახალგაზრდა ფოტოგრაფები, მაგრამ  მათ ის ძველი აპარატები  რომ მისცე,  ალბათ, ვერ გადაიღებენ.  მე ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. საერთაშორისო ტურნირების დროს აეროპორტში  უცხოელი სპორტსმენების  გუნდი რომ ჩამოდიოდა, გადავუღებდი და ეგერევე   მანქანით  სახლში გამოვრბოდი, რომ ფოტოები დამებეჭდა და მომესწრო მათთვის ამ  ფოტოების გადაცემა.  დავბეჭდავდი და მერე მათთან  მივდიოდი, რომ ფოტოები გადამეცა. კარგი მანქანა მყავდა, გათამაშების  ბილეთით  მოვიგე. ახმეტაში, საიდანაც ვართ წარმოშობით,  ჩემი ბიჭი სათამაშოს საყიდლად შევიყვანე მაღაზიაში.  გამყიდველმა ხურდაში  ორი ცალი ბილეთი მომცა. სამ დღეში  იმ ბილეთმა „მოსკვიჩი“ მოიგო.  თვალებს არ ვუჯერებდი. ასე  შევცვალე ჩემი ძველი მოტოროლა ახალი „მოსკოვიჩით“. 

ერთხელ იაპონელი სპორტსმენები ჩამოვიდნენ.  მოჭიდავეები იყვნენ. საერთაშორისო ტურნირი იყო 50 მდე ქვეყანა მონაწილეობდა. გადავიღე იაპონელი მოჭიდავეები, მივეცი  თავიანთი ფოტოები, წავიდნენ თავის ქვეყანაში. ამ ამბიდან კარგი პერიოდი იყო გასული, ის ხალხი აღარც კი მახსოვდა. ფეხბურთის მატჩს ვესწრები „დინამოს“  სტადიონზე.  დიქტორმა გამოაცხადა, კოტორაშვილი ამობრძანდეს ლოჟაშიო. ცოტა გავოცდი, ვერ მივხვდი, რა მინდოდა ლოჟაში. ავედი  და რას ვხედავ, ლოჟაში ზის ცნობილი იაპონელი ჟურნალისტი, ჩვენი სპორტის სამინისტროს უფროსთან დავით პერტენავასთან ერთად. ეს თქვენო - მითხრა ჟურნალისტმა  და  რკინის ყუთით გადმომცა ახალი ფოტოაპარატი, ორი ობიექტივით, იმ იაპონელ სპორტსმენებს გამოეტანებინათ მადლიერების  ნიშნად. იმ აპარატით, რითიც ისინი გადავიღე, იპონიაში უკვე არავინ აღარ მუშაობდა და ეტყობა, გადაწყვიტეს,  ჩემთვის ახალი აპარატი ეჩუქებინათ  (იცინის) 2003 წელს სადარბაზოში  მძარცველმა კეფაში ქვიშით სავსე ბოთლი დამარტყა  და  ყველაფერი წამართვა, მათ შორის  ის ფოტოაპარატიც, რაზეც ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვიზამდი.

კარგ ფოტოგრაფს ხედვასთან ერთად ინტელექტი, განათლება სჭირდება.  სპორტულმა  ფოტოგრაფმა ასევე კარგად უნდა იცოდეს სპორტის სახეობები. თუ სპორტი არ იცი, ძნელია გადაღება. მე მიყვარდა სპორტი, მქონდა თამაშის დროს მოსალოდნელი მომენტის წინათგრძნობა. როდის ჩააწოდებდა ბურთს, ვინ დაარტყავდა - წინასწარ ვგხვდებოდი. ამას  სპორტის ცოდნის გარეშე ვერ გააკეთებ. მეც თითქოს მათთან ერთად ვთამაშობდი. ხანდახან მოედნის კიდეში მდგარს იმის სურვილიც კი მიჩნდებოდა, ფეხი დამეხვედრებინა ბურთისთვის და კარში შემეგდო (იცინის)  მიყვარდა ფეხბურთის, კალათბურთის, წყალბურთის გადაღება, საინტერესო იყო ჩემთვის  მსოფლიო ჩემპიონატები და ოლიმპიადები. ბევრი  ჩვენი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი მყავს გადაღებული.  ასანიძე, ზვიადაური, ხინჩეგაშვილი - მახსოვს ზვიადაურმა იაპონელი რომ დაახეთქა, ვეღარ ადგა ის კაცი. 4 ოლიმპიადაზე ვარ ნამყოფი - ატლანტაში, პეკინში, ლონდონში და ათენში. ამ ასაკის კაცი ვარ და  უკან რომ ვიყურები, ყველაზე დიდ  ბედნიერებას მაინც  სპორტი მანიჭებს.

რა მოგცათ  თქვენმა  პროფესიამ, რაც ცხოვრებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენთვის?

-  ეს არის ჩემი სახელი. ეს ყველაფერია ჩემთვის.  მე ყველა კოტორას მეძახდა. ასე მიცნობდა ხალხი. ჩემი გვარი ახმეტიდანაა, ერთი წლის ვიყავი, როცა თბილისში გადმოვედით მთელი ოჯახი.  79 წელია აქ ვცხოვრობ.  ჩემმა ქალაქმა ჩემი პროფესიით გამიცნო. მოსკოვში მივდიოდი გადაღებებზე, 1976 წელს ჩვენმა ფეხბურთელებმა პირველი თასი რომ აიღეს, ჩემი ფულით გავიქეცი რომ გადამეღო. სხვათაშორის, ამ თამაშის ფოტო, რომელიც მე გადავიღე, უეფას შტაბ ბინაშია გამოკრული. საოცარი ფოტოა. ფოტოზე რამაზ შენგელია და მოსკოვის ცსკას ორი ფეხბურთელია, სამივე დგას  ფეხის წვერებზე,  და ერთი ბურთისკენ არიან მიმართული. ძალიან ლამაზი ფოტოა. ასევე მაქვს ფოტო, სადაც მე  საბონისსა  და დერიუგინს შორის ვდგავარ, მკერდამდე ძლივს ვწვდები მათ.  

 - თქვენი საყვარელი ფოტოს ისტორია მოგვიყევით.

ეს არის დედაჩემის ფოტო.  „90 -ე სვლა“, ასე ჰქვია ამ ფოტოს. იაპონიამ გამოაცხადა კონკურსი, უნდა გადაგვეღო  ხელის მტევანი, მაჯა. ადრე ჭადრაკის თამაშის დროს, მოჭადრაკეები მეორე დღისთვის გადაიტანდნენ ხოლმე თამაშს 50 - ე, მე -60 სვლაზე. ეს ხომ მახსოვდა, დავდე ჭადრაკის დაფა, დედას, რომელიც ცუდად ხედავდა, ვთხოვე ფიგურები გადაენაცვლებინა. კარგი ფოტო გამოვიდა, რადგან დედა 90 წლის ხდებოდა, „90 -ე სვლა“ დავარქვი ამ ფოტოს. სამ თვეში დედა გარდაიცვალა.  ეს  ფოტო ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი  ფოტოა.

თამარ ნიჟარაძე  


analytics
«The Daily Telegraph» : „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 19 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პუტინი დღეს ისეთი მოწყვლადია როგორც არასდროს: კრემლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ საკვანძო მოკავშირეს კარგავს“ (ავტორი - კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კრემლისათვის ცუდი პერსპექტივის მომასწავებელია: რუსეთის ავტორიტეტი რეგიონში ეცემა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის ირანზე თავდასხმა არამარტო აიათოლებისათვის არის საზარალო: ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის დანგრევა ცუდი ამბავია სხვა დეპოტური რეჟიმებისათვის - ისეთებისათვის, როგორსაც, ვთქვათ, რუსეთი წარმოადგენს. მათ ყოველთვის ჰქონდათ იმედი, რომ ირანი ნებისმიერ შემთხვევაში სრულად თუ არა, ნაწილობრად მაინც გაუწევდა დახმარებას.

მას შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინმა გააცნობიერა, რომ მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ორ კვირას კი არა (გახსოვთ მისი ტრაბახი?), უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც არ დასრულდებოდა, მოსკოვმა დიდი ძალისხმევა დახარჯა თეირანთან უფრო მჭიდრო კონტაქტების ჩამოსაყალიბებლად.

რუსეთი და ირანი ბუნებრივი მოკავშირეები არ არიან. ირანელი ხალხის ხსოვნაში შემონახულია მწარე მოგონებები საბჭოთა არმიის შეჭრის თაობაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეორე მსოფლიო ომის დროს. იგივეს აკეთებდა მეფის რუსეთიც მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამის მიუხედავად, მოსკოვსა და თეირანს შორის მაინც ჩამოყალიბდა ურთიერთმომგებიანი კავშირი - რუსები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ირანის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში, რომელიც ქალაქ ბუშერთან ახლოს მდებარეობს.

მაგრამ რუსეთისა და ირანის ურთიერთობა უფრო მტკიცე და მეგობრული გახადა 2022 წლის აგვისტოდან, უკრაინასთან ომის დროს, როცა ვლადიმერ პუტინი თეირანს ეწვია და ხელი მოაწერა შეთახმებას, რომ თეირანს მოსკოვისათვის დრონები, რაკეტები, ნაღმები  და სხვა საბრძოლო მასალები მიეწოდებინა. მოგვიანებით კრემლმა ეს იარაღი უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაბომბად გამოიყენა.

უფრო მეტიც - რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ირანის მხრიდან გაწეულ სამხედრო მხარდაჭერაზე იმდენად აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინმა, თავისი ირანელი კოლეგის მასუდ პეზეშკიანის მოსკოვში ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის იანვარში, გააფორმა 20-წლიანი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ - სულ რაღაც სამი დღით ადრე დონალ ტრამპის ინაუგურაციამდე.

მოსკოვი დათანხმდა თეირანის თხოვნას - ირანული საბრძოლო ტექნიკითა და იარაღით (დრონებით, რაკეტებით...) კრემლისთვის მიწოდების სანაცვლოდ, რუსეთი დაეხმარებოდა ირანს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებაში (თუმცა ისრაელისთვის ამ გარემოებას ირანზე თავდასხმაში ხელი არ შეუშლია).

სხვათა შორის, რუსეთ-ირანის სტრატეგიული პარტნიორობა მოიცავს აგრეთვე საკმაოდ დაუკონკრეტებელ დებულებებს ორმხრივი ვალდებულებების შესახებ - მათ ერთმანეთს დახმარება უნდა გაუწიონ რომელიმე მესამე მხარის თავდასხმის დროს, მაგრამ საეჭვოა ეს პირობა ვლადიმერ პუტინმა შეასრულოს - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თავისი ახლო კავშირების გამო.

 მაგრამ დღეისათვის ვლადიმერ პუტინის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ისრაელის თავდასხმა ირანზე - გააგრძელებს თუ არა თეირანი მოსკოვის პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინასთან ომში, ანუ ძველებურად ექნება თუ არა ირანს დრონებისა და რაკეტების წარმოების და მიწოდების შესაძლებლობა?

როგორც ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ჩანს, ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა საკმაო ზარალი განიცადა - დაიბომბა უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ამწყობი და რაკეტმშენებელი ქარხნები. აქედან გამომდინარე, ირანის პოტენციალი სამხედრო მრეწველობის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდა - ირანს დრონები და რაკეტები ისრაელისაკენ გასაშვებადაც არ ჰყოფნის, არათუ რუსეთისათვის მისაწოდებლად.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ვლადიმერ პუტინზე ძლიერ ზეწოლას ახდენს - ეს არის პერსპექტივა იმისა, რომ რუსეთი კარგავს თავის კიდევ ერთ ახლოაღმოსავლელ მოკავშირეს - ირანს, თანაც ძალიან სწრაფად: კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი სირიის რეჟიმის დაცემის შემდეგ მხოლოდ ექვსი თვეა გასული.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის გლობალური ავტორიტეტის ზრდას სწორედ ახლო აღმოსავლეთში კრემლის გავლენის გაფართოებით ცდილობდა. მას ასევე სურდა ეჩვენებინა რეგიონის ქვეყნებისათვის, რომ რუსეთი მათთვის უფრო საიმედო მოკავშირე და პარტნიორია, ვიდრე აშშ.

2015 წელს, როცა ვლადმერ პუტინი სირიის მმართველს ბაშარ ალ-ასადს დაეხმარა და იგი აჯანყებული საკუტარი ხალხისგან და ისლამისტებისაგან დამხობას გადაარჩინა, ამით მოსკოვის რეპუტაცია განმტკიცდა. მოსკოვს შესაძლებლობა მიეცა მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები შეექმნა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (ტარტუსი და ხმეიმიმი, სირიის ტერიტორიაზე).

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტყოფილი ბაშარ ალ-ასადი დღეს მოსკოვში, დევნილობაში იმყოფება, ხოლო აიათოლები ისრაელთან ომში არიან ჩაბმულნი, ვლადიმერ პუტინის რეპუტაციასა და ავტორიტეტს, მის გავლენებს რეგიონში სწრაფი კრახი ემუქრება.

ირანის მძიმე მდგომარეობა კრემლს საკმაოდ რთულ სიტუაციაში აყენებს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირადი მჭიდრო კავშირების გამო. ადრე ვლადიმერ პუტინი ყურადღებას არ აქცევდა და თვალს ხუჭავდა ისრაელის ცალკეულ შეტევებზე ირანის წინააღმდეგ, როცა ეს მის ინტერესებში შედიოდა: იყო შემთხვევები, რომ როცა რუსული და ირანული სამხედრო ქვედანაყოფები სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას იცავდნენ, რუსები ჩუმად თიშავდნენ თავიანთ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, რათა ისრაელს ირანელების პოზიციები დაებომბა.

რასაკვირველია, რუსეთის გარდა, ირანის მძიმე მდგომარეობას თვალს ადევნებენ „დესპოტური ქვეყნების ღერძის“ წევრი სხვა ქვეყნები - ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი.

ფხენიანს და თეირანს ერთმანეთთან დიდი ხნის წინ გაფორმებული ხელშეკრულება აკავშირებს: ორივე მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ბირთვული კვლევების სფეროში, რაკეტმშენებლობაში და სხვა დარგებში. თავის მხრივ, პეკინსაც აქვს საკუთარი ინტერესები ირანში - ჩინეთი ცდილობს სრულყოფილად ისარგებლოს ირანის ბუნებრივი რესურსებით, თუმცა დღეს 2021 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება - ისრაელი განუწყვეტლივ ბომბავს ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ არამარტო აიათოლების სიკვდილ-სიცოცხლის და მათი გადარჩენა-არდგადარცენის საკითხს ეხება. ისრაელის თავდასხმას ირანზე სერიოზული შედეგები ექნება ყველა სხვა დესპოტური რეჟიმისათვის, რომლებმაც მცდარი ნაბიჯი გადადგეს, ბედი ირანს დაუკავშირეს და იფიქრეს, რომ მათ, დასავლეთთან შედარებით, უფრო მეტ სარგებელს თეირანთან ურთიერთობა მოუტანდა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way