USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
«BBC russian»: ყველაზე პოპულარული განდების დინასტიიდან: პრიანკა განდი ინდოეთის პოლიტიკაში მიდის
Date:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ყველაზე პოპულარული განდების დინასტიიდან: პრიანკა განდი ინდოეთის პოლიტიკაში // ჯავაჰარლალ ნერუ და ინდირა განდი საქართველოში“, რომელშიც განხილულია ინდოეთის პოლიტიკის „ამომავალი ვარსკვლავის“, ჯავაჰარლალ ნერუსა და ინდირა განდის შთამომავალის პრიანკა განდის პოლიტიკური პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პრიანკა განდი-ვადრამ, ინდოეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიის „ეროვნული კონგრესის“ ლიდერის რახულ განდის დამ, რომელიც ბოლო დრომდე არ იკავებდა რაიმე პოლიტიკურ პოსტს და ინდოეთის პოლიტიკაშიც პირდაპირ არ მონაწილეობდა, ახლახანს განაცხადა, რომ პოლიტიკაში გააქტიურებას იწყებს.

52 წლის პრიანკა შედის ნერუ-განდის ოჯახის შემადგებლობაში - ქვეყნის ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ დინასტიაში. ასე რომ, მისი პოლიტიკური დებიუტი საზოგადოების ყურადღების ქვეშ იქნება.

პრიანკას გააქტიურება არჩევნებში მონაწილეობას გულისხმობს და თუ იგი წარმატებას მიაღწევს, ინდოეთის პარლამენტში განდების პოლიტიკური დინასტიის სამი წევრი აღმოჩნდება: ძმა რახული ქვედა პალატაში ოპოზიციურ ფრაქციას ხელმძღვანელობს, ხოლო მათი დედა - სონია განდი - ზედა პალატაში - შტატების საბჭოში მოღვაწეობს.

სონია განდი ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის ქვრივია. რაჯივ განდიმ ინდოეთის პრემიერის პოსტზე დედამისი ინდირა განდი 1984 წელს შეცვალა, მისი მკვლელობის შემდეგ.

ამრიგად, პრიანკა განდი ინდირა განდის შვილიშვილია და ინდოეთის პირველი პრემიერ-მნისტრის ჯავაჰარლლ ნერუს შვილთაშვილი.

ინდოეთში ამას წინათ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნულმა კონგრესმა მოულოდნელად მაღალი შედეგები აჩვენა, თუმცა მცირე უპირატესობით გამარჯვება წილად ისევ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის საარჩევნო ბლოკს ხვდა.

რახულ განდი, რომელმაც თავისი კანდიდატურა ორ საარჩევნო ოლქში წამოაყენა, ორივეში სადეპუტატო მანდატი მოიპოვა, მაგრამ რადგანაც ერთი ადამიანი არ შეიძლება პარლამენტში ორ რეგიონს წარმოადგენდეს, ერთ-ერთში (ქერალას შტატის ვაიანადას ოკრუგში) ხელახალი არჩევნები ჩატარდება და ამჯერად მასში მონაწილეობას რახულის და - პრიანკა მიიღებს.

როგორც პრიანკა აცხადებს, იგი არ ღელავს არჩევნების სავარაუდო შედეგების გამო და დარწმუნებულია, რომ ვაიანადელები მხარს ისევე დაუჭერენ, როგორც მის ძმას დაუჭირეს.

სხვათა შორის, ინდოეთში დამკვირვებლები დიდი ხანია ამბობდნენ, რომ პრიანკა განდის პოლიტიკაში მოსვლა დროის საკითხიაო და ეს დროც დადგა. მრავალი წლის განმავლობაში პრიანკა განდების კლანის ყველაზე პოპულარულ ფიგურად ითვლება - ბავშვიბიდანვე შემჩნეული იყო, რომ იგი ზალიან ჰგავდა ბებიამისს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ინდირა განდის.

პრიანკა აქტიურად მონაწილეობდა დედამისის - სონია განდის საარჩევნო კამპანიაში 1990-იან წლებში, შემდეგ კი თავისი ძმის - რახულის წინსვლაში, მაგრამ საკუტარი კანდიდატურა არასოდეს არ წამოუყენებია.

როგორც ინდოელი პოლიტიკური კომენტატორი ნირჯა ჩოუდჰური ამბობს, ამბობს, საინტრრესო იქნება და-ძმის პარლამენტში მოღვაწეობაზე დაკვირვება იმ შემთხვევაში, თუ იგი არცევნებში წარმატებას მიაღწევს. „პირადად მე ვთვლი, რომ პრიანკა უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი ძმა რახული. მას შეუძლია სიტუაციის სწორად შეფასება და ხალხისათვის გასაგებ ენაზე საუბრობს“.

რაც შეეხება მმართველ პარტიას „ბჰარატია ჯანატას“, რომელმაც პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა, გააკრიტიკა ოპოზიციურ „ეროვნულ კონგრესში“ დინასტიური პოლიტიკური კლანების შექმნის იდეა: „კონგრესი, როგორც ჩანს, პარტია კი აღარ არის, არამედ ოჯახური ბიზნესი“, - განაცხადა „ბჰარატია ჯანატას“ ლიდერმა შეჰზად პუნავალმა.

წყარო:https://www.bbc.com/

 

ცნობისათვის: პრიანკა განდის ბებია - ინდირა ნერუ-განდი (განდი მისი ქმრის გვარია) საქართველოში პირველად 1953 წელს ჩამოვიდა. შემდეგ, 1955 წელს კი მამასთან - ჯავაჰარლალ ნერუსთან ერთად ჩამოვიდა, დაათვალიერეს თბილისი და რუსთავის იოსებ სტალინის სახელობის მეტალურგიულ ქარხანა (აღსანიშნავია, რომ 1940-იანი წლების დასასრულიდან სტალინს და ნერუს ერთმანეთთან აქტიური მიმოწერა ჰქონდათ). მოგვიანებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი კიდევ რამდენჯერმე იყო თბილისში, სულ ბოლოს - 1976 წელს.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way