USD 2.7262
EUR 2.9514
RUB 2.8281
Тбилиси
«BBC russian»: „პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება“
дата:  143

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინის ვიზიტი ბაქოში: შეხვედრა მეგობართან, რომელიც უკრაინას ეხმარება“. მასში კომენტარი აქვს გაკეთებული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ორდღიან (18-19 აგვისტო) ვიზიტს აზერბაიჯანში, მის შეხვედრას მასპინძელ კოლეგასთან - ილჰამ ალიევთან. სტატიაში ასევე განხილულია აზერბაიჯანის როლი რუსეთ-უკრაინის ომში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აზერბაიჯანში ყველა კმაყოფილი არ არის ვლადიმერ პუტინის ვიზიტით. ეს უკავშირდება როგორც ისტორიულ ხსოვნას, ასევე რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. მაგრამ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მაინც მეგობრულად ხვდება თავის რუს კოლეგას და ოჯახურ თბილ მიღებას უწყობს... ხოლო პროსამთავრობო პრესა, რომელიც დღემდე ამაყად აცნობდა მკითხველს უკრაინაში მებრძოლი აზერბაიჯანელი მეომრების გმირობას, ახლა ვლადიმერ პუტინს აქებს.

„რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა არაფერს ამბობს შაჰიდების ხეივანზე, სადაც ის ადამიანებია დაკრძალული, რომლებიც კრემლის არმიამ იმსხვერპლა“ - ასე გამოხატავს აღშფოთებას ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ბლოგერი, რომელიც შეცდომაში შეიყვანა რუსული პროსამთავრობო ტელეარხის Russia Today-ს ინფორმაციამ, თითქოსდა ვლადიმერ პუტინმა ბაქოში ყოფნისას ყვავილებით შეამკო II მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი, „მარადიულ ცეცხლთან“.

სინამდვილეში რუსეთის ლიდერმა ყვავილები დააწყო იქ, სადაც საჭიროება მოითხოვდა - მარადიულ ცეცხლთან, შაჰიდების ხეივანში, საბჭოთა არმიის მოქმედების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ, როცა 1990 წლის იანვარში  დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი და მძიმე ტექნიკა იქნა გამოყენებული. დარბევის დროს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს მოვლენა ბაქოში „შავი იანვრის“ სახელით არის ცნობილი, რომელსაც ადგილობრივი ნაციონალისტები ხშირად იხსენებენ ერთი მიზნით, თუ რატომ არ უნდა უყვარდეთ აზერბაიჯანელებს რუსეთი, რომელიც იმ დროს ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა იმპერიის დაშლის შეჩერებას.

ვლადიმერ პუტინს ბაქოს ქუჩებში რუსეთის დროშების ფრიალით არ შეხვდნენ, თუმცა არც იმის თქმა არ შეიძლება, რომ რუსეთისა და რუსი პრეზიდენტის მიმართ აზერბაიჯანში მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით: მოსკოვსა და ბაქოს შორის ამჟამად რთული დამოკიდებულება არსებობს.

რატომ რთული? ბაქოს როლი მოსკოვ-კიევის ომში

როცა 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ უკრაინის სახელმწიფო საზღვარი გადალახა და მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა, ნაქოში სტიქიური აქციები გაიმარტა უკრაინის მხარდასაჭერად. ასეთი მოვლენა აზერბაიჯანისათვის არ არის დამახასიათებელი, სადაც პოლიცია ჩვეულებრივად მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას და მსგავს ფაქტებს, ერთეულ პიკეტებსაც კი მკაცრად აღკვეთავს ხოლმე. უკრაინის მხარდამჭერი მიტინგების დროს კი ბაქოელი სამართალდამცველები მშვიდად უყურებდნენ იმას, თუ როგორ მიდიოდნენ აქტივისტები რუსეთის საელჩოსთან და პროტესტს გამოხატავდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალური პროტესტი არ გამოუთქვამს, ბაქო კიევში აქტიურად გზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო აზერბაიჯანული პრესა პოზიტიურად აშუქებდა იმას, თუ როგორ გმირულად იბრძვიან აზერბაიჯანელი მოხალისე მეომრები უკრაინის მხარეზე. ისინი იქ ნამდვილად არიან - როგორც ბატალიონ „აიდარის“ შემადგენლობაში, ასევე „ქართულ ბატალიონშიც და სხვა ქვედანაყოფებში. აზერბაიჯანელმა მოხალისეებმა ორდენები და „უკრაინის გმირის“ წოდებაც კი დაიმსახურეს.

როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, აზერბაიჯანს არ შეუძლია ღიად მხარი დაუჭიროს უკრაინას იმის გამო, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან.

მჭიდრო კავშირი რუსეთთან

კორონავირუსის პანდემიამდე და უკრაინასთან ომის დაწყებამდე რუსეთში წასული აზერბაიჯანელების რაოდენობა ყოველწლიურად შესამჩნევად აჭარბებდა რუსეთიდან აზერბაიჯანში ჩამოსული რუსების რაოდენობას - დაახლოებით ათი ათასით მაინც.

აზერბაიჯანის სახსტატსამსახურის მონაცემებით, რუსეთი ომამდეც იკავებდა და დღესაც იკავებს პირველ ადგილს იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც აზერბაიჯანში ყველაზე მეტი ადამიანი ჩადის. 2023 წელს აზერბაიჯანში ჩასული რუსების რაოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა.

დსთ-ის ქვეყნებთან აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობაში რუსეთის წილი თიტქმის ორ მესამედს სეადგენს (ანუ 4,4 მილიარდ დოლარს). მჭიდრო კავშირები აქვთ სამშობლოსთან რუსეთის მსხვილ ბიზნესმენებს - ეროვნებით აზერბაიჯანელებს, მაგალითად, ფარჰად აჰმედოვს, რომლის სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან გასულ წელს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის ყოფილი ქმარი ემინ ალაგაროვი და მამამისი - არაზ ალაგაროვი რუსეთში Crocus City Hall-ის მფლობელები არიან.

ბაქოში, ერევნისა და თბილისისგან განსხვავებით, ბევრ უმაღლეს სასწავლებელში და თითქმის ყველა სკოლაში ჯერ კიდევ არის რუსული ენის სწავლების შესაძლებლობა სრული პროგრამით. აზერბაიჯანში რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ქვეყნის დედაქალაქში მაღალანაზღაურებადი სამსახურის მიღებისათვის.

ამრიგად, გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, აზერბაიჯანში, ვლადიმერ პუტინის მიმართ ძლიერი მტრობა გამოხატული არ არის და ის პროსახელისუფლო პრესაც, რომელიც უკრაინის მხარეზე მებრძოლი მოხალისეებით ამაყობს, [ზემოდან კარნახით] თბილად მოიხსენიებს რუსეთის პრეზიდენტს და მას აზერბაიჯანის მეგობარს უწოდებს. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა, თავისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ (მეუღლესთან ერთად) კი იგი კერძო სტუმრის სახით მიიღო „ზაგულბას“ რეზიდენციაში, სადაც კრემლის ბინადარი თავისუფლად ზის მაგიდასთან, საკინძეგახსნილი პერანგით.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთის იზოლაცია მოახდინა, უკრაინის მიწების ანექსიის გამო, კრემლი ძველ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცებას და ახლების პოვნას ცდილობს. რუსეთმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას სწორედ იმ დრეებში, როცა მისი არმია უკრაინაში შეიჭრა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის მთავრობა უკრაინასთანაც და დასავლეთთანაც ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებს და არასოდეს არ ბრუნდება ზურგით ვლადიმერ პუტინისაგან. ეს სახელმწიფო ვიზიტიც რუსეთის ლიდერისათვის იმის სესაძლებლობას წარმოადგენს, რომ მან მსოფლიოს აჩვენოს - კრემლს მხარდამჭერები ბევრი ჰყავს.

ვიზიტის შედეგები

ჯერ-ჯერობით, ვლადიმერ პუტინის ბაქოური ვოიაჟის ყველა ნიუანსი ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ხელი მოეწერა შეთანხმებებს ნავთობის ტანკერების ერთობლივ მშენებლობაზე, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და სხვა დოკუმენტებს.

გარდა ამისა, გამოქვეყნდა სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია ერთმანეთის სუვერენიტეტისადმი პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გაეროს პრინციპებისადმი პატივისცემა და ა.შ.). დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას და მის შემდგომ ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას, რომლებიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას და რეგიონის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. რუსეთის ფედერაციამ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ხელი შეუწყოს აზერბჯაინისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას“.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c4gq8zlw2qro

область
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати