USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინი როგორც შურისგების ოსტატი“: GIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინს სამაგიეროს გადახდას უმზადებს“
თარიღი:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) მიერ გამოქვეყნდა სტატია „პუტინი როგორც შურისგების ოსტატი“: GIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინს სამაგიეროს გადახდას უმზადებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA - ცსს) დირექტორი უილიამ ბერნსი თვლის, რომ ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული ისტორია, რომელსაც ამბოხების შემდეგ ბელარუსში წასვლის ნება მისცეს, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული: „ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, თუ როგორ მოექცეს „ვაგნერის“ დამაარსებელს“, - განაცხადა აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმის (Aspen Security Forum) დაწყების წინ. „ის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ძალიან რთულ თამაშს წარმოადგენს“, - აღნიშნა უილიამ ბერნსმა.

სანამ კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მეთაური ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის - მან მოსკოვშიც კი მოასწრო ყოფნა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ამის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტი მოთმინებით ელოდება შესაფერის მომენტს და ეძებს საუკეთესო მეთოდს მასზე შურისძიებისათვის, - თვლის ცსს-ის ხელმძღვანელი.

როგორც უილიამ ბერნსი ამბობს, „ვაგნერ-ჯგუფის“ ამბოხმა ევგენი პრიგოჟინის ხელმძღვანელობით, რომელმაც ერთი დღე-ღმის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაიკავა და თითქმის მოსკოვამდე მივიდა, რუსეთის ხელისუფლების სისტემაში რამდენიმე სერიოზული ნაკლი გამოავლინა და პუტინი ამას ასე იოლად ვერ შეეგუება, უპასუხოდ არ დატოვებს.

მაგრამ იმის გამო, რომ დაქირავებული „ვაგნერელები“ კრემლისათვის ჯერ კიდევ ასრულებენ მნიშვნელოვან როლს  ლიბიაში, სირიაში და აფრიკის რიგ ქვეყნებში, ვლადიმერ პუტინი თავის სამომავლო გადაწყვეტილებებში შეეცდება ვაგნერის ქვედანაყოფებს ლიდერი ჩამოაცილოს.

„შურისძიების ოსტატი“

„ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თვლის, რომ „შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა“. ჩემი გამოცდილებით, პუტინი შურისძიების ვირტუოზული ოსტატია, ამიტომაც არ გამიკვირდება, თუ ევგენი პრიგოჟინი ამ ეტაპზე პრეზიდენტს გადაურჩება, მაგრამ მომავალი მისთვის უარესი იქნება“, - თქვა უილიამ ბერნსმა.

ამას წინათ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ივარაუდა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი შეიძლება მოწამლონ: „ამიტომაც მე მის ადგილზე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი იმ კერძების მიმართ, რასაც მივირთმევ“, - იუმორით აღნიშნა თეთრი სახლის ბინადარმა ერთი კვირის წინ.

ცსს-ის დირექტორი პრეზიდენტს ეთანხმება: „დიახ მეც ვფიქრობ, რომ ევგენი პრიგოჟინს ამჟამად საჭმელების დეგუსტატორი ძალიან ჭირდება“.

უილიამ ბერნსმა დაადასტურა, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ წინასწარ იცოდა ევგენი პროგოჟინის მიერ ამბოხების მომზადების თაობაზე. მისი თქმით, ეს ყველაფერი ასევე იცოდა გენერალმა სერგეი სუროვიკინმაც, რომელსაც ზუსტად ამ მიზეზის გამო „თავისუფლად გადაადგილება აკრძალული აქვს“

როგორც ცნობილია, ამბოხების შემდეგ უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდლის მოადგილე სერგეი სუროვიკინი ნამდვილად „გაქრა რადარებიდან“: ზუსტად არავინ იცის, თუ სად იმყოფება გენერალი, თუმცა, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, იგი დაპატიმრებულია.

„მეფე შიშველია!“

უილიამ ბერნსის თქმით, „ვაგნერელთა“ ამბოხება რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე პირდაპირ გამოხდომას წარმოადგენს, რომელიც ვლადიმერ პუტინს თავის 23-წლიანი მმართველობის დროს უნახავს.

ფიზიკური საფრთხისა და მუქარის გარდა, რომლის დემონსტრირება ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულებმა მოახდინეს, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა გაბედა და ომის გამართლების კრემლისებური ნარატივის წინააღმდეგაც წავიდა: მან განაცხადა, რომ ეს ნარატივი სიცრუეს და სიყალბეს წარმოადგენს.

და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში, უილიამ ბერნსის თქმით, ის არის, რომ ვლადიმერ პუტინს მოუწია გარიგება დაედო ისეთ ადამიანთან, რომელიც ჯერ კიდევ მცირე ხნის წინათ კრემლის ადმინისტრაციისათვის სურსათ-სანოვაგის მთავარი მომმარაგებელი იყო.

ევგენი პრიგოჟინს ხშირად უწოდებენ „პუტინის მზარეულს“ - იმიტომ , რომ „ვაგნერის“ შექმნამდე იგი უზრუნველყოფდა რუსეთის ხელისუფლების ინსტიტუტებისა და არმიის კვებას.

36-საათიანი ამბოხება ვლადიმერ პუტინის თავმოყვარეობისათვის ძლიერ დარტყმას წარმოადგენს - პრეზიდენტი ხომ დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა თავის იმიჯს, რომ იგი რუსეთში წესრიგის მთავარი დამცველია. ახლა ბევრს გაუჩნდა სამართლიანი კითხვა: იქნებ „მეფე შიშველია?“, ან უკიდურეს შემთხვევაში, თუ შიშველი არ არის, ასე დაყოვნებით რატომ იცვამს? (ანუ რატომ არ იღებს ზომებს?).

რუსულ ელიტას უამისოდაც უკვე შეაქვს ეჭვი იმაში, რომ ვალდიმერ პუტინი ადექვატურად მსჯელობს მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი უკრაინაში შეიჭრა. მსგავსი ეპიზოდები მხოლოდ ეჭვებს აღრმავებს მისი, როგორც რუსეთის ლიდერისადმი.

უილიამ ბერნსის აზრით, თუ უკრაინა ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწევს, სულ უფრო მეტი რუსი მოუსმენს ევგენი პრიგოჟინს, რომელიც ომის მიმდინარეობას და რუსეთის არმიის მდგომარეობას აკრიტიკებს.

„ოპტიმისტური პერსპექტივა“

უილიამ ბერნსი თვლის, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევასთან დაკავშირებული სირთულეები გასაგებია - რუსები ხომ თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ თავდაცვითი ხაზების გასამაგრებლად... მაგრამ ცსს-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ უკრაინას წინ წარმატებები ელოდება: „რა თქმა უნდა, უკრაინის არმიის წინსვლა იოლი და მსუბუქი არ იქნება, მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ“, - განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელმა ფრონტზე შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას. მან კიევი გააფრთხილა კიდეც - არის იმის ნიშნები, რომ რუსეთს შეუძლია სიცრუისა და დეზინფორმაციის ტაქტიკით ისარგებლოს - „შავ ზღვაში უცხოურ გემებს შეუტევს და ამაში უკრაინას დაადანაშაულებს“.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cyx9j2yez29o

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.