USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«BBC russian» : „ჟორდან ბარდელა - „ტიკ-ტოკისა“ ვარსკვლავი და მარინ ლე პენის „კაცი“, რომელმაც ფრანგი ულტრამემარჯვენეების იმიჯი შეცვალა“
თარიღი:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულენოვანმა სამსახურმა  (BBC russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჟორდან ბარდელა - „ტიკ-ტოკისა“ ვარსკვლავი და მარინ ლე პენის „კაცი“, რომელმაც ფრანგი ულტრამემარჯვენეების იმიჯი შეცვალა“ (ავტორი - მარინა რომადოვა), რომელშიც გაანალიზებულია ემანუელ მაკრონის სავარაუდო ოპონენტის სახე და მისი საპრეზიდენტო პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საფრანგეთში ევროპარლამენტის არჩევნების მთავარი ტრიუმფატორი გახდა ულტრამემარჯვენეების ლიდერი, 28 წლის ჟორდან ბარდელა - ფრანგი ახალგაზრდების კერპი და სათაყვანო პიროვნება, კინოვარსკვლავის გარეგნობით, უზადო მანერებით და მიმზიდველი ღიმილით. მისმა პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ უფრო ხმები მიიღო, ვიდრე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მემარჯვენეცენტრისტულმა პარტია „აღორძინებამ“, რამაც პრეზიდენტი პარლამენტის (ეროვნული კრების) დათხოვნაზე და ვადამდელი არჩევნების დანიშნვნაზე აიძულა.

რით გამოიხატება ჟორდან ბარდელას პოპულარობის ფენომენი, რომელიც ივლისში, ეროვნული კრების არჩევნებში სავარაუდო გამარჯვების შემდეგ, შეიძლება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს?

„მე ბავშვობიდან ვხედავდი, რომ დედაჩემი როგორ მძიმედ შრომობდა და ძლივს შოულობდა ლუკმა-პურს, განსაკუთრებით გვიჭირდა ხოლმე თვის ბოლოს“, - ჰყვებოდა ჟორდან ბორდელა ორი წლის წინათ ერთ-ერთ ტელეინტერვიუში და ამით ხაზს უსვამდა, რომ ემანუელ მაკრონის „აღორძინებისაგან“ განსხვავებით, მისი პარტია ეროვნული მოძრაობა“ არასოდეს კარგავდა ხალხთან კავშირს. საკუთარ თავს იგი ამაყად უწოდებს „შერეული წარმოშობის მქონე ფრანგს“ და მართლაც, პირადი ისტორია მას ძალიან დაეხმარა არა მხოლოდ პოლიტიკური სახის შესაქმნელად, არამედ ფრანგების თვალში ულტრამემარჯვენეების რეპუტაციის ტრანსფორმაციისათვის, რომელთა კანდიდატებისათვის ხმის მიცემა ოდესღაც სირცხვილად ითვლებოდა.

ცხოვრება გეტოში და სწავლა კერძო სკოლაში

ჟორდან ბორდელა 1995 წელს დაიბადა სენ-დენში - პარიზის ერთ-ერთ მივარდნილ და არასტაბილურ გარეუბანში, რომელიც ძირითადად არაბული და აფრიკული წარმოშობის მქონე იმიგრანტებით არის დასახლებული. დედამისი ლუიზა საფრანგეთში იტალიიდან ჩავიდა, 1960-იან წლებში და ცოლად გაჰყვა ოლივიეს - მამაკაცს, რომელსაც იმიგრანტული (ალჟირული) წარმომავლობა ჰქონდა. პატარა ჟორდანი სოციალურ ბინაში იზრდებოდა - მოსაწყენ მუნიციპალურ მრავალსართულიან შენობაში, რომლებიც სენ-დენში ძალიან ბევრია. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა ჟორდანი ორი წლის იყო. მას დედამისი ზრდიდა, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობდა და თვიდან თვემდე მხოლოდ ხელფასით ცხოვრობდა.

თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ჟორდანის ბავშვობა მთლად ისე ღარიბული არ ყოფილა, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობს თვითონ იგი და მისი მხარდამჭერები: მამამისი, განქორწილების შემდეგ სენ-დენიდან პარიზის უფრო კეთილმოწყობილ კვარტალში გადავიდა და წარმატებით დაიწყო იარაღითა და გამაგრილებლი წყლებით ვაჭრობა, მას ვაჟი კვირაში ორჯერ თავისთან მიჰყავდა, არდადეგებზე საზღვარგარეთ მიჰყავდა დასასვენებლად და კერძო სკოლაში სწავლის ფულს უხდიდა.

2005 წლის შემოდგომაზე 10 წლის ჟორდანი მოწმე გახდა მასობრივი უწესრიგობებისა, რომელმაც სენ-დენი მოიცვა ორი ჩრდილოაფრიკელი ბავშვის დაღუპვის გამო, რომლებიც პოლიციელებს ელექტროტრანსფორმატორის ჯიხურში დაემალნენ და დენის დარტყმისგან დაიღუპნენ. როგორც ჟორდან ბორდელა ამბობს, მაშინდელმა არეულობებმა მასზე ძლიერი გავლენა მოახდინა და 16 წლის ასაკში იგი ულტრამემარჯვენე „ეროვნული ფრონტის“ (მაშინ ასე ერქვა „ეროვნულ გაერთიანებას“) წევრი გახდა. მე სენ-დენის მსგავს გარეუბნებს საფრანგეთის რესპუბლიკისათვის დაკარგულად ვთვლი. იქ მეფობს სირარიბე, დამნაშავეობა, ნარკოვაჭრობა, იმიგრანტები გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ“, - ჰყვება იგი ინტერვიუში.

ჟორდანი თავს არიდებს კერძო პრესტიჟულ სკოლაში სწავლების პერიოდს, ალბათ, იმიტომ, რომ მას სურს ღარიბულ უბნებში გაზრდილი ბიჭის იმიჯი ჰქონდეს, მაგრამ იგი ტყუილად ცდილობს ხალხს ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტი დაავიწყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კერძო სკოლაში სწავლამ ჟორდანს ღრმა ცოდნა მისცა, მსოფლმხედველობა ჩამოუყალიბა და, რაც მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის, იგი იქ ორატორულ ხელოვნებას დაეუფლა.

მომავალმა ლიდერმა წარმატებით დაასრულა ლიცეუმი და სორბონის უნივერსიტეტში შევიდა გეოგრაფიის ფაკულტეტზე, მაგრამ მესამე კურსიდან სწავლა მიატოვა და საქმიანობა მთლიანად „ეროვნულ ფრონტში“ გააგრძელა. 19 წლის ჟორდან ბარდელა ჯერ სენ-დენის პარტიული უჯრედის მდივანი გახდა, შემდეგ ილ-დე-ფრანსის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი მარინ-ლე პენის „მარჯვენა ხელად“ იქცა.

ფრანგი ულტრამემარჯვენეების ახალი სახე

ჟორდანი სათანადო ადგილზე სათანადო დროს მოხვდა. მარინ ლე პენი, რომეიც პარტიის ლიდერი 2011 წელს გახდა, ცდილობდა, რომ „ეროვნული ფრონტი“ მამამისის - ჟან-მარი ლე პენის მემკვიდრეობისაგან გაეწმინდა, რომლის დროს ფრანგები პარტიას რასისტულ, ანტისემიტურ, ანტიისლამურ და დემოკრატიული საზოგადოებისათვის საშიშ ორგანიზაციად აღიქვამდნენ.

ჟორდანი, თავისი ქარზმატული გარეგნობით, უზადო ჩაცმულობით, რბილი ხმით და იმავდროულად ორატორული ნიჭით პარტიის ახალი იმიჯის იდეალურ განსახირებად იქცა. ანუ, იგი სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც მარინ ლე პენს ძალიან ჭირდებოდა ხალხისათვის მთავარი სიგნალის გასაგზავნად: „ჩვენ რასისტული პარტია კი არ ვართ, არამედ ნორმალური ოპოზიციური პარტია, რომელიც რიგითი ფრანგების ინტერესებს იცავს“. ჟორდან ბარდელა „ეროვნული ფრონტის“ რებრენდინგის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა, ანუ ისეთი, როგორიც მარინ ლე პენს ჰქონდა ჩაფიქრებული. ერთი მხრივ, ჟორდანის ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა და მეორე მხრივ, მარინ ლე პენის მრავალწლიანმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო ძლიერი ტანდემის შექმნას, რომელმაც ბოლო დროს გასაოცარი ელექტორალი შედეგი მოიტანა.

„ისინი ერთმანეთს საუკეთესო სახით უთავსდებიან“, - ამბობს პროფესორი ფილიპ მარლიერი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ფრანგული პოლიტიკის მკვლევარი, - ჟორდან ბარდელამ „ეროვნული ფრონტის“ რეპუტაცია „გააკრიალა“.

„არასოდეს ამდენი ფრანგი არ თვლიდა მარინ ლე პენის პარტიას აბსოლუტურად ლეგიტიმურად“, - აღნიშნავს სტიურტ შო, სოციოლოგიური ჯგუფის Vérian-ის დირექტორი, - „საზოგადოებრივი გამოკითხვების თვალსაზრისით, ეს პარადიგმების ცვლილებას ნიშნავს. ფრანგები ყურადღებას აღარ აქცევენ რასისტულ და ანტისემიტურ იდეებს, რომლებიც პარტიის დამარსებელს - ჟან-მარი ლე პენს უკავშირდება“.

TikTok-სენსაცია და სელფის მოყვარული

ჟორდან ბარდელამ პარტიას, რომელსაც ტრადიციულად მხარს მხოლოდ უფროსი თაობის წარმომადგენლები უჭერდნენ, ახალგაზრდა ამომრჩევლების მილიონობით ხმა მოუტანა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მაღალი ფასებით, უმუშევრობით, ცხოვრების პირობების გაუარესებით და უპერსპექტივობით. ჟორდანი თანატოლებს მათ ენაზე და მათ პლატფორმაზე ელაპარაკება - იგი გახდა „ტიკ-ტოკის“ ვარსკვლავი გახდა, სადაც მას 1,6 მილიონი გამომწერი ჰყავს. გოგონები ახალგაზრდა პოლიტიკოსს სიყვარულს ეფიცებიან - ისე, როგორც კინო- და პოპ-მუსიკის ვარსკვლავებს. ჟორდანი ხშირად იღებს სელფებს თანატოლებთან ერთად. როგორც მონპელიეს უნივერსიტეტის პროფესორი რომენ ფარჟიე ამბობს, „მემარჯვენეთა ასეთი ტაქტიკა მომგებიანია. მემარცხენეები მსგავს პოპულარობას ვერ აღწევენ“.

ჟორდან ბარდელას პოპულარობა საფრანგეთში ეჭვს არ იწვევს: მისი სახელი შეტანილია 50 ყველაზე პოპულარულ ფრანგ პოლიტიკოსთა სიაში. „იგი ახალგაზრდაა, ამბიციური, ჩვენ კარგად გვიცნობს. ჟორდანი ჩვენ გვჭირდება, ის ფრანგი ახალგაზრდების ლიდერია, ჩვენი გადამრჩენი“, - აღფრთოვანებას ვერ მალავს 23 წლის ლუი ვარნიო.

ევროპარლამენტარი და „იდეალური სიძე“

2017 წელს, როცა მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონთან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, „ეროვნულ ფრონტს“ სახელი შეუცვალა და „ეროვნული გაერთიანება“ უწოდა. 2018-ში ჟორდან ბარდელა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახდა, 2019 წელს კი, 23 წლის ასაკში, ევროპარლამენტის დეპუტატი. მართალია, მას ბრიუსელში იშვიათად ხედავდნენ („დეპუტატი-მოჩვენებაც“ კი უწოდეს), მაგრამ, სამაგიეროდ, საფრანგეთში სწრაფად იხვეჭდა პოპულარობას. 2022 წელს მარინ ლე-პენმა მას პარტიის ლიდერობის ფუნქცია გადასცა: 27 წლის ჟორდან ბარდელა მისი პოლიტიკური მემკვიდრე გახდა.

რა თქმა უნდა, თვითონ მარინ ლე პენი არსადაც არ წასულა - ყველა საკვანძო გადაწყვეტილებას პარტიაში ისევ ის იღებს, მაგრამ ახლა მას სურს, რომ მთავარი მიზნის მიღწევას - საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევას მეტი ყურადღება დაუთმოს.

ცხადია, ყველას არ მოსწონს ჟორდან ბარდელას ესოდენ სწრაფი აღმასვლა, მაგრამ  მარინ ლე პენი თავის პროტეჟეს გააფთრებით იცავს და ხშირად მოფერებით „ლომის ბოკვერს“ ეძახი. პრესა ჟორდან ბარდელას მეტსახელად მარინ ლე პენის „იდეალურ სიძეს“ უწოდებს, თანაც ამაში გარკვეული სიმართლის მარცვალი არის: ჟორდანს რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა პარტიული შეფის ძმისშვილ გოგონასთან - ნოლვენ ოლივიესთან, თუმცა ისინი ევროპარლამენტის არჩევნების წინ ერთმანეთს დაშორდნენ.

„ადრე ქარაფშუტა და თავქარიანი იყო, მაგრამ ახლა...“

კრიტიკოსები ჟორდან ბარდელას ერუდიციის ნაკლებობას, საკვანძო საკითხებზე საკუთარი აზრის არქონას, საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკაში ცოდნის უკმარისობას საყვედურობენ, ანუ, მთლიანობაში, მისი მოქმედების სტილის მიღმა არაფრის არსი არ ჩანს.

პასკალ იუმო, „ეროვნული გაერთიანების“ საკომუნიკაციო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ჟორდან ბორდელას მედიასთან ურთიერთობას და საერთაშორისო პოლიტიკაში გარკვევას ასწავლიდა, ამბობს, რომ იგი მარინ ლე პენის დაზეპირებულ ფორმულებს იმეორებს და თავისი არაფერი არ აქვს.

 „იგი ადრე ქარაფშუტა და თავქარიანი იყო, საკმაოდ შეზღუდულაზროვნებიანი ადამიანი. დიახ, თავი კარგად ეჭირა, მაგრამ ვერ აცნობიერებდა, თუ რა ხდებოდა საფრანგეთში და მსოფლიოში. ახლა, როცა იგი მიმზიდველად უღიმის ადამიანებს და თავისუფლად ესალმება, ეს ოფლისმღვრელი ტრენინგის შედეგია, მასზე დიდი დრო და ენერგიაა დახარჯული. მას პერსპექტივა ნამდვილად აქვს“.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალმა ტელედებატების დროს ჟორდან ბარდელას უსაყვედურა, რომ მისი პარტია ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის და ევროპა მას არ აინტერესებს. ჟორდანმა უპასუხა, რომ იგი ევროპის წინააღმდეგ არ გამოდის. „ვეწინააღმდეგები იმას, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი დღეს“.

სოციალისტი პიერ ჟუვე თვლის, რომ “ჟორდან ბარდელას ისეთი ევროპა სურს, რომელიც მვთულხლართებით იქნება შემოღობილი“. მიუხედავად იმისა, რომ პარტიაბრასიზმს აშკარად არ ავლენს, ის ყოველთვის გულისხმობს, რომ მტერი უცხოელია - მუსლიმანი არაბი ან ჩრდილოაფრიკელი, რომლებიც ფრანგების პრობლემებში არიან დამნაშავენი“.

„ულტრამემარჯვენეთა დევიზი ეროვნული სუვერენიტეტია და, შესაბამისად, ისინი ყველაფერს უარყოფენ, რაც მათ დევიზს ეწინააღმდეგება, ანუ ნატოს, ევროკავშირს და სხვა“, - ამონს ჟან-ივ კამიუ, პარიზის ანალიტიკური ცენტრის Fondation Jean Jaurès-ის სპეციალისტი, - ისინი არ აღიარებენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს. მათ ევროკავშირისათვის შიგნიდან ძირის გამოთხრა უნდათ“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე მარინ ლე პენს ხშირად აკრიტიკებდნენ ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოვლენილი სიმპათიების გამო, თუმცა 2022 წლის თებერვლის შემდეგ მან კრემლი მკვეთრად გააკრიტიკა აგრესიის გამო. ჟორდან ბარდელას ვერავინ უსაყვდურებს პრორუსულ ხედვებში - მან მწვავედ ნეგატიურად შეაფასა რუსეთის მოქმედება უკრაინაში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ თავი შეიკავა ევროპარლამენტში კიევისადმი დახმარების გაწევის საკითხის კენჭისყრის დროს.

ფსონები დადებულია...

ემანუელ მაკრონმა, დაითხოვა რა პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნა, ფსონები გააკეთა იმაზე, რომ ფრანგი ამომრჩეველი, როცა დაინახავს „ეროვნული გაერთიანების“ ჭეშმარიტ სახეს „ბრწყინვალე საბურველის“ მიღმა, მოისმენს რა მის რადიკალურ ანტიიმიგრანტულ რიტორიკას, შოკში ჩავარდება და იფიქრებს - ნუთუ ასეთ პარტიას უნდა ჩავუგდოთ ხელში ძალაუფლებაო და არჩევნებში ხმას მის წინააღმდეგ მისცემს.

მაგრამ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა შეიძლება კარგად ვერ გათვალოს და შეცდეს.

ამასწინანდელმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პირველად 1984 წლის შემდეგ, ფრანგები მეტი რაოდენობით თვლიან, რომ „ეროვნული გაერთიანება“ უკვე აღარ წარმოადგენს საფრთხეს (45%), ვიდრე ისინი, ვინც კვლავ საფრთხედ თვლის (41%).

კიდევ ერთი გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ „ეროვნული გაერთიანება“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს და ეროვნულ კრებაში 265 ადგილიდან 235-ს მიიღებს (ამჟამად 88 ადგილი აქვს). პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ჟორდან ბარდელა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.

და თუ მართლაც ასე იქნება, ემანუელ მაკრონის მეორე ვარაუდით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟორდან ბარდელა, არაკომპეტენტურობისა და გამოუცდელობის გამო, ბევრ შეცდომებს დაუშვებს და 2027 წლისათვის, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დრო დადგება, ისეთ დისკრედიტაციას მოუწყობს საკუთარ თავს და პარტიას, რომ მარინ ლე პენის საპრეზიდენტო ამბიციებს ჯვარი დაესმება.

აი, ამ სცენარმა შეიძლება იმუშაოს. მაგრამ თუ ჟორდან ბარდელა წარმატებული პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდება, იგი დაჩრდილავს მარინ ლე პენს და არ არის გამორიცხული, რომ „ეროვნული გაერთიანება“ პრეზიდენტობის კანდიდატად 31 წლის ჟორდანს დაასახელებს და არა 55 წლის მარინ ლე პენს. მით უმეტეს, რომ მადამ მარინმა უკვე სამჯერ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ჟორდან ბარდელას დიდი პლუსი აქვს იმითაც, რომ მისი გვარი ლე პენი არ არის.

როგორც პასკალ იუმო ამბობს, „ჟორდანი 17 წლიდან ოცნებობდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი გამხდარიყო. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა მისთვის ხელის შეშლას ვინმე შეძლებს“.

სისწრაფე, რომლითაც ჟორდან ბარდელა თავისი მიზნისაკენ მიიწევს, უპრეცედენტო და რეკორდულია. აქ უპრიანია გავიხსენოთ მიხეილ ბულგაკოვისეული ჭეშმარიტება: „ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან - ისინი ხშირად ახდებიან ხოლმე“ - სიფრთხილე მიზნის განხორციელებისათვის მომზადებას ითვალისწინებს.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/c722v45g4q7o

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის