USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
«BBC russian» : მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყდა, მაგრამ რა ბედი ელოდება წინ რეგიონს და მის სომხურენოვან მოსახლეობას?
Date:  430

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით „მთიან ყარაბაღში ცეცხლი შეწყდა, მაგრამ რა ბედი ელოდება წინ რეგიონს და მის სომხურენოვან მოსახლეობას?“ (ავტორები - ოლღა პროსვიროვა და მაგერმა ზეინალოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ყარაბაღის ახალი ომი ერთ დღე-ღამეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა: არაღიარებული რესპუბლიკა დათანხმდა იარაღის დაყრაზე და სამხედრო ქვედანაყოფების დაშლა-გაუქმებაზე. ის, რაც 20 სექტემბერს მოხდა, უსიტყვო კაპიტულაციად უნდა ჩაითვალოს.

მომხდარის გარდაუვალობა

აზერბაიჯანი ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდა და ყველანაირად ცდილობდა მის მოახლოებას. 2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის მეორე ომი აზერბაიჯანის გამარჯვებით დამთავრდა - რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმებით ბაქომ დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები (რომლებიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული 1990-იანი წლებიდან) და თვითონ მთიანი ყარაბაღის ნაწილი. რაც არაღიარებული რესპუბლიკის უმეტეს ტერიტორიას, იქ რუსი მშვიდობისმყოფლები შევიდნენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად და სიტუაციის გასაკონტროლებლად. მაგრამ რეჟიმი ხშირად ირღვეოდა, განსაკუთრებით ბოლო თვეებში.

მართალია აზერბაიჯანმა 2020 წლის ნოემბერში გაიმარჯვა, მაგრამ ეს გამარჯვება სრული არ იყო: სომხეთთან ხელი არ მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას - იმიტომ, რომ მხარეები ვერ მორიგდნენ ყარაბაღელი სომხების სამომავლო ბედზე, მათი რაოდენობა კი 100 ათასს აღემატება. ბუნებრივია, აზერბაიჯანს დროის გაჭიანურება არ აწყობდა და ბაქო აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. მომენტიც შესაბამისი იყო: რუსეთი უკრაინასთან ომობდა და მთიანი ყარაბაღისათვის, შეიძლება ითქვას, მოსკოვს არც დრო ჰქონდა და არც ძალა.

აზერბაიჯანელებმა ყარაბაღელ სომხებს ერევანთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტეს - ე.წ. „ლაჩინის დერეფანი“, რის გამოც მთიან ყარაბაღში მედიკამენტების, სურსათის და საწვავის დეფიციტი შეიქმნა - დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი. აზერბაიჯანელებმა მათ ალტერნატიული გზა შესთავაზეს - აღდამიდან (ანუ უშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან), მაგრამ სომხებმა უარი თქვეს. სიტუაცია ტანდათან მწვავდებოდა, გახშირდა პროვოკაციები და... აზერბაიჯანმაც შეტევა დაიწყო.

მთიანი ყარაბაღელი სომხების უკანონო სამხედრო ქვედანაყოფები (ანუ ე.წ. „თავდაცვის არმია“) ძველი საბჭოთა ტექნიკის ნარჩენებით იყო შეიარაღებული, რამდენიმე ათასი ჯარისკაცს საბრძოლო მასალებიც აკლდათ. აზერბაიჯანმა პირველივე საათებში ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა გაანადგურა და საჰაერო სივრცის კონტროლი განახორციელა. ბაქომ სტეფანაკერტს ფაქტიურად ულტიმატუმი წაუყენა - ხელისუფლების ორგანოების დაშლა-გაუქმება, „თავდაცვის არმიის“ სრული განიარაღება (დაშლა) და სომხეთის ჯარის გაყვანა (თუმცა სომხეთმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მისი სამხედროები არ იმყოფებიან).

ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლების სწრაფი თანხმობა ბაქოს პირობებზე სხვა არაფერია, თუ არა წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა და უსიტყვო კაპიტულაცია

რა ბედი ელოდება ყარაბაღელ სომხებს?

21 სექტემბერს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში ყარაბაღელი სომხებისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მოლაპარაკებაა დაგეგმილი, თუმცა, კაცმა რომ თქვას, მას „მოლპარაკებას“ ვერც უწოდებ: ერთ მხარეს ძალა აქვს და მოქმედების სრული თავისუფლება, მეორეს კი ფაქტიურად, უუფლებოა და ხელში არავითარი კოზირი არ უჭირავს. ასეთ სიტუაციაში ბაქო, უბრალოდ, ყარაბაღელებს თავის პირობებს წაუყენებს და ულტიმატუმის ენით დაელაპარაკება.

გარდა ამისა, ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას შიში აქვს, რომ ისინი რეპრესიების ქვეშ მოჰყვებიან. მართალია, ბაქო მუდმივად აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს იგივე უფლებები ექნებათ, რაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს აქვთო, მაგრამ სომხები მაინც ვერ მშვიდდებიან. მათ კარგად იციან, თუ როგორ „კარგად“  არის დაცული ადამიანის უფლებები აზერბაიჯანში და პლუს ამას - სკოლებშიც კი ბავშვებს სომხების სიძულვილს უნერგავენ.

„აზერბაიჯანში ოფიციალურ ნარატივად სომეხოფობია რჩება, - ამბობს სოციოლოგი ბაჰრუზ სამედოვი, - ჯერ-ჯერობით ამ ნარატივის შესაცველელად არავითარი მექანიზმი არ არსებობს. საბჭოთა კავშირმაც კი ვერ შეძლო ერთაშორისო სიძულვილის აღმოფხვრა, თუმცა არსებობდა ოფიციალური მითი, რომ ყველა მოქალაქე ერთმანეთის ძმა და მეგობარია. ისტორია გვაჩვენებს, რომ ასეთი ოფიციალური დისკურსიც კი ხალხის ხსოვნაზე გავლენას ვერ ახდენს. შესაძლოა, შერიგების მიზნით რაიმე [სახელმწიფო] პროექტები განხორციელდეს, მაგრამ ნამდვილი შერიგებისთვის მე ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ“. 

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - სიების არსებობა. ყარაბაღელი სომხები უკვე დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას ფარული სიები აქვს შედგენილი სომხების წინააღმდეგ, რომელთა მიხედვით, აღრიცხულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩადენილი ანტიაზერბაიჯანული ქმედებები, რისთვისაც სომხებს დააპატიმრებენ და სასჯელს მიუსჯიან.

როგორ იქნება „ევლახის პრინციპები“?

აზერბაიჯანი წინა თვეებში მიანიშნებდა, რომ მას ყარაბაღელი სომხების ინტეგრაციის რაღაც გეგმა აქვს, მაგრამ მისი პუნქტები ჯერ-ჯერობით უცნობია.

„ყველაფერი დამოკიდებულია სწყის პოზიციებზე. შეიზლება გეგმის კორექტირება სიტუაციის მიხედვით მოხდეს. ამას სულ მალე გავიგებთ“, - ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი შაჰინ რზაევი.

ექსპერტის ვარაუდით, მთიან ყარაბაღში, ალბათ, მხოლოდ მოხუცი სომხებიღა დარჩებიან და სწორედ მათ წარადგენს აზერბაიჯანის ხელისუფლება „ინტეგრაციის ნაყოფად“, სხვებისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელი გუბერნატორის კონტროლის ქვეშ ცხოვრება აუტანელი იქნება. „ვფიქრობ, ისე მოხდება, როგორც სერბულ კრაინაში, ხორვატეთში მოხდა: დაინიშნება მთიანი ყარაბაღის გუბერნატორი ბაქოდან. ვრცელდება ხმები, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუცია შეიცვლება და მუნიციპალიტეტებს მეტ უფლებებს მისცემენ. არ არის გამორიცხული, რომ ყარაბაღის პოსტკონფლიქტურმა რეგიონმა გარკვეული პრივილეგიები მიიღოს, მაგალითად, გათავისუფლდეს გადასახადების გადახდისაგან, ან კულტურული ავტომიური სტატუსი მიეცეს, გარკვეული ადმინისტრირების ლუთხით. ეს მეტნ-ნაკლებად მისაღები იქნება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყველაფერი „ბურუსითაა მოცული“ და გაურკვეველია. ბევრი სომეხი თავს აარიდებს ამ გაურკვევლობებს და მთიანი ყარაბაღიდან ან საზღვარგარეთ გაემგზავრება, ან სომხეთს მიაშურებს“, - ამბობს შაჰინ რზაევი.

საინტერესოა, რომ ყველა აზერბაიჯანულმა უწყებამ მიიღო დავალება წარადგინონ თავიანთი წინადადებები სომეხთა რეინტეგრაციის შესახებ. ალბათ, ევლახის მოლაპარაკებაზე ამ წინადადებების რაღაც ნაწილი გაჟღერდება. თავის მხრივ, ყარაბაღელმა სომხებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ სტეფანაკერტში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების - Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის ოფისები გაიხსნას.

ანალიტიკოსი არმან ტატოიანი პრობლემას უფრო ფართო თვალსაწიერით უყურებს: „აუცილებელია, რომ საერთაშორისო მოთამაშეთა პასუხისმგებლობაც არსებობდეს. სომხეთი ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებს, ამიტომ ყარაბაღელი სომხები პირისპირ რჩებიან აზერბაინაისა და თურქეთის წინაშე“.

მიაღწია თუ არა ბაქომ იმას, რაც სურდა?

მთიანი ყარაბაღის გაკონტროლების ფაქტეზე თუ არაფერს ვიტყვით, რაც აშკარაა, აზერბაიჯანს მაინც რჩება ერთი მიზანი, რომელიც ვერ შეისრულა. ესაა ე.წ. „ზანგეზურის (მეგრის) დერეფანი“, რომელიც, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ჩანაფიქრით, აზერბაიჯანი და მისი ექსკლავი - ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა - ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს - სომხეთის სიუნიკის ოლქის გავლით.

ილჰამ ალიევს უყვარდა იმის თქმა, რომ ზანგეზურის დერეფანი სულ მალე რეალობად იქცევაო, მაგრამ სომხეთი ყოველთვის ნეგატიურად იყო განწყობილი ამ იდეის - სატრანპორტო დერეფნის - მიმართ. მართალია, 2020 წლის დოკუმენტში ეს დერეფანი ნახსენებია, მაგრამ რაიმე დეტალების გარეშე. ილჰამ ალიევს ამ საკითხში მხარს უჭერს თურქი კოლეგა რეჯეფ ერდოღანი, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის პირობად სწორედ ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე ერევნის თანხმობა დაასახელა. სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არავითარი დერეფნის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ერევანი რომ ამაზე დათანხმდეს, ეს ნიშნავს აზერბაიჯანის ტერიტორიული პრეტენზიების ლეგიტიმირებაზე თანხმობას.

„ზანგეზურის დერეფნის პროექტის რეალიზება არ მოხდება“, - ამბობს შაჰინ რზაევი, - „იქნება ჩვეულებრივი საბაჟო და სასაზღვრო პოსტები ორივე მხრიდან - აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზე, შესასვლელ-გამოსასვლელებში.  ცხადია, რომ ეს ყველაზე მოკლე გზაა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში“. აქ მთავარი რუსეთია, რომელმაც, შეთანხმების მიხედვით, „დერეფანში“ სიტუაცია უნდა გააკონტროლოს. სწორედ ეს გარემოება იწვევს შეშფოთებას ექსპერტებში: როგორ მოიქცევა კრემლი?

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cd128gvxj5mo

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way