პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/
დონალდ ტრამპი აშშ-ს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოჰყავს, მაშინ როცა ჩინეთი აქტიურად აძლიერებს დიპლომატიას და ლიდერობისკენ მიისწრაფვის. საერთაშორისო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) გამოკითხვის თანახმად, 21 ქვეყნის რესპონდენტები, მათ შორის ევროკავშირის 10 წევრი სახელმწიფოდან, მომდევნო ათწლეულში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გლობალური გავლენის ზრდას ელიან.
„წარსულში ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ძალაუფლებრივ პოტენციალში სხვაობა გაცილებით თვალშისაცემი იყო, თუმცა ახლა ეს სხვაობა სულ უფრო მცირდება“, — განუცხადა DW-ს ბერლინის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის (MERICS) ექსპერტმა კლაუს სუნმა. მისი თქმით, „შეერთებული შტატები კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ, თუმცა ჩინეთი ძალიან სწრაფად იკრებს ძალას“.
2026 წლის დასაწყისში პეკინმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ჩინეთის ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს, მიუხედავად ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლისა ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში. ამ მაჩვენებლებს შორისაა მშპ-ის 5%-იანი ზრდა და რეკორდული სავაჭრო პროფიციტი 2025 წელს. ეს შედეგები დიდწილად განპირობებულია ჩინური პროდუქციის ექსპორტით აშშ-ის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებზე, განსაკუთრებით კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ამასთან, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ პეკინის საბოლოო მიზანი აშშ-ის ლიდერობით ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ჩანაცვლება კი არა, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელისუფლების შენარჩუნებაა. კიდევ ერთი ამოცანაა აშშ-ის გავლენის შემცირება იმ რეგიონებში, რომლებსაც პეკინი სტრატეგიულად მნიშვნელოვანად მიიჩნევს — უპირველეს ყოვლისა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
„პეკინი უკიდურესად კმაყოფილი იქნებოდა, თუ შეძლებდა აზიაში ყველაფრის გაკეთებას ისე, როგორც თავად სურს“, — აცხადებს საბინე მოკრი ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტიდან (IFSH). თუმცა, მისი თქმით, აშშ-ის ჩართულობა რეგიონში კვლავ იმდენად „ფუნდამენტურია“, რომ მისი შეცვლა მარტივი არ არის.
ჩინეთის სტრატეგიის შესახებ ვრცლად — DW-ის მასალაში.