USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«Известия» (რუსეთი): „პრობლემები კავშირებში: საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენენ“
თარიღი:  

რუსული ყოველდღიური ფედერალური გაზეთის „იზვესტიის“ (Известия) 21 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრობლემები კავშირებში: საქართველო და რუსეთი დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღადგენენ“ (ავტორი - სემიონ ბოიკოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთი და საქართველო, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაფართოების, აგრეთვე ავიამიმოსვლის ამასწინანდელი განახლების მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად ჯერ-ჯერობით მზად არ არიან. ორ სახელმწიფოს შორის შუამავლად ძველებურად შვეიცარია რჩება. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ესაუბრა. ასევე არ მოხდება სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნაც. რუსეთში აღნიშნავენ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის ამ ეტაპზე მოვლენების დაჩქარება არ ღირს, რადგან „საჭიროა გარკვეული მუშაობის ჩატარება“.

მუშაობა ურთიერთობებზე

მაისში ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა განახლდა, რომელიც 2019 წელს რუსეთის ინიციატივით გაწყდა - საქართველოში მიმდინარე ანტირუსული გამოსვლების ფონზე. ავიამიმოსვლის განახლებასთან ერთად, რუსეთმა სავიზო რეჟიმიც გააუქმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის 2000 წლიდან მოქმედებდა. იმავდროულად მატულობდა ურთიერთვაჭრობის მოცულობაც: საქართველოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 75%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლზე. მოიმატა მოთხოვნილებამ ქართულ ღვინოზეც: ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი თითქმის 40%-ით გაიზარდა.

ბუნებრივია, ასეთ პოზიტიურ ფონზე ბევრი პროგნოზირებდა, რომ დიპლომატიურ სარბიელზეც დათბებოდა, მაგრამ... როგორც „იზვესტიას“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ოფიციალური თბილისი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს არ განიხილავს: „სამწუხაროდ, ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას“, - თქვა მან. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ეს საკითხი დაკავშირებულია ტერიტორიულ პრეტენზიებთან აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით: „ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ეს რეგიონები რუსეთის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ითვლება“. სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აღდგენაში პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ. წინა წლებში თბილისმა მოსკოვი ბევრჯერ დაადანაშაულა ამ დოკუმენტის დარღვევაში.

ზურაბ აბაშიძემ დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასევე არ განიხილება მოსკოვში და თბილისში სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნის საკითხიც. ამის მიუხედავად, სპეცწარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიური ურთიერთობა სტაბილურად და დინამიურად ფართოვდება. „სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, რომლებიც 2012 წლამდე კავშირები საერთოდ გაწყვეტილი იყო, პრინციპში, 2013 წლიდან სტაბილურად იზრდება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ მათი აღდგენა“, - განაცხადა „იზვესტიასთან“ საუბარში ქართველმა დიპლომატმა.

12 ივლისს დასრულდა „ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, აგრეთვე აშშ-ის, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. მოსკოვმა კვლავ წამოაყენა ინიციატივა ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად დამავალდებელი შეთანხმების დადების მიზნით, ერთი მხრივ - თბილისის, მეორე მხრივ კი - სოხუმსა და ცხინვალს შორის. საქართველო უარს აცხადებს მსგავსი დოკუმენტის ხელმოწერაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რადგანაც არცერთ არ თვლის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

რუსეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიალოგის შენარჩუნებას საქართველოსთან ჟენევის ფორმატის ჩარჩოებში. როგორც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განუცხადა „იზვესტიის“ ჟურნალისტს, ჟენევის ფორმატი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში შედარებითი სტაბილურობისა და პროგნოზირებულობის მმეტ-ნაკლებ უზრუნველყოფას“. გრიგორი კარასინი, რომელიც 2008-2019 წლებში რუსეთის დელეგაციის მეთაური იყო საქართველოსთან მოლაპარაკებებში, ასევე ვარაუდობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ნაადრევია. მისი თქმით, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს ურთიერთობის დინამიურ განვითარებას.

„ჩვენ ვგრძნობთ, რომ ქართველი კოლეგები ძალზე დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებენ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა სავიზო რეჟიმი გაგვეუქმებინა. ახლა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ, მშვიდად იმოგზაურონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. აღდგენილია ავიამიმოსვლაც. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობით ორივე ქვეყნის მოქალაქეები აქტიურად სარგებლობენ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. დღის წესრიგის გააქტიურება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა მთლიანობაში“, - განმარტა გრიგორი კარასინმა.

ევროკავშირსა და „ევრაზეკს“ შორის

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს იქნა გაწყვეტილი. იმ დროს, 8 აგვისტოს, სქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. საქარტველოს არმიამ ცხინვალს შეუტია. ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ ქალაქში დაბანაკებული რუსი მშვიდობისმყოფლები. ამის საპასუხოდ რუსეთმა „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად ჯარი შეიყვანა, ხოლო აფხაზეთის ნაპირებთან რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ხომალდები გამოჩნდნენ.  „ხუთდღიანი ომის“ შედეგად, რომელიც ქართული არმიის განადგურებით დასრულდა, მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წლიდან რუსეთი და საქართველო ერთმანეთთან კონტაქტებს შუამავლის - შვეიცარიის მეშვეობით ახორციელებენ. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ასევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთკავშირები ინტეგრაციული გაერთიანებების დონეზეც. 2009 წელს საქართველო გავიდა დსთ-ის შემადგენლობიდან.

თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის განახლებას ბევრი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას უკავშირებს - 2012 წელს გამართულ [საპარლამენტო] არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. უკვე 2012 წლის დეკემბერში დაიწყო მოლაპარაკების პრაღის ფორმატი, რომლის შედეგად რუსეთმა 2013 წელს მოხსნა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე. 2022 წლისათვის კი რუსეთმა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში მეორე ადგილი დაიკავა თურქეთის შემდეგ - რუსეთის წილმა 13%-ს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წელს - 16%-ზე მეტს. ვაჭრობის მოცულობამ ფულადი გამოხატულებით 2022 წელს 2,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 52%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. რუსეთის ექპორტი საქართველოში უმთავრესად წარმოდგენილია მინერალ.პროდუქტებით, ნახშირწყალბადებით (ენერგომატარებლებით), სურსათ-სანოვაგით, ქიმიური მრეწველობის პროდუქციით. რუსეთი საქართველოსგან ყიდულობს ღვინოს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულსა და ხილს.

ივნისის ბოლოს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები აქვს და ამ ჩარჩოებიდან გასვლას არ აპირებს. თუმცა, რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტის დენის დენისოვის აზრით, მსგავსი განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ თბილისი არ არის დაინტერესებული რუსეთთან პოლიტიკური კავშირების აღდგენით. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევნია ამის შესახებ საჯაროდ არ ილაპარაკოს.

„საქართველოსთვის რუსული ბაზარი იყო და ახლაც რჩება ყველაზე პრიორიტულ და ყველაზე საინტერესო ბაზრად. ამის სასარგებლოდ მთელი რიგი ფაქტორები მოქმედებს: ტვირთების გადატანის სიახლოვე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ნორმები, რომლებიც უფრო რბილია, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნები“, - განმარტავს ექსპერტი „იზვესტიასთან“ საუბარში. მისი თქმით, საქართველო ძველებურადაა დაინტერესებული რუსული ნედლეულისა და ენერგორესურსების შესყიდვით. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ტურისტული ნაკადის შენარჩუნება. დენის დენისოვი ხაზს უსვამს, რომ მოსკოვისათვის თბილისს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით: „საქართველოს გარეშე სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის აგება შეუძლებელია“.

წყარო: https://iz.ru/1547092/semen-boikov/problemy-so-sviaziu-gruziia-i-rossiia-ne-vosstanoviat-dipotnosheniia

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის