USD 2.7138
EUR 3.1703
RUB 3.4710
Tbilisi
«КоммерсантЪ» (რუსეთი): „იყო შაშვი მგალობელი... გარდაიცვალა ოთარ იოსელიანი“
Date:  

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ (КоммерсантЪ), ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სტატია-ნეკროლოგს სათაურით „იყო შაშვი მგალობელი... გარდაიცვალა ოთარ იოსელიანი“ (ავტორი - ანდრეი პლახოვი, რუსი კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ოთარ იოსელიანი ერთ-ერთი ბოლო რეჟისორი იყო ქართული და საბჭოთა კინოს ოქროს ეპოქიდან, რომელმაც განუმეორებელი კვალი დატოვა ფრანგულ კინოშიც, ევროპელი კინოავტორების მთავარ პანთეონში შესვლის შედეგად.

ოთარ იოსელიანი კინოში ე.წ. „დათბობის“ ეპოქაში მოვიდა, მაგრამ ცენზურასთან პრობლემები მაინც ექმნებოდა. რეჟისორის სრულმეტრაჟიან დებიუტში - „ფოთოლცვენაში“, რომელიც 1966 წელს გადაიღო, ნაჩვენებია, თუ როგორ ახდენენ ქარხანაში ქართველებისთვის წმინდა სასმელის - ღვინის ფალსიფიცირებას. ადგილობრივმა უფროსობამ კინოფილმი საქართველოს - „საკავშირო მეღვინის“ - რეპუტაციის შელახვად მიიღო. პარიზული პრემიერის შემდეგ, როცა ფილმი ჟორჟ სადულის პრიზით დაჯილდოვდა, ფრანგულმა პრესამ ვარაუდი გამოთქვა - „როგორც ჩანს, შავი ზღვის ნაპირებზე, [საბჭოთა საქართველოში], რაღაც საინტერესო ხდება“. ეს იყო ქართული კინოს აყვავების ნიშანი. ოთარ იოსელიანი აღიარებული ლიდერი გახდა.

კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ იმ დროს რეზო ჩხეიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის თავზე იღებდა ყველა დარტყმას და დაბრკოლებას, რომელიც ქართულ კინოს პარტიული უფროსობა თავს ატეხდა ხოლმე. იგი ხელს უწყობდა ახალგაზრდა ტალანტურ დამდგმელ რეჟისორებს და კინოსტუდიაში უნიკალური მიკროკლიმატი შექმნა - მინიმუმადე იქნა დაყვანილი შემოქმედებითი ცხოვრების ისეთი ჩვეულებრივი თანამგზავრები, როგორებიცაა შური და ინტრიგები. რეზო ჩხეიძის დამსახურებაა ის, რომ იმ შორეულ ეპოქაში ქართული კინო ეროვნული პრესტიჟის საქმედ იქცა, ხოლო მსოფლიოში ქართული კინოსკოლა „ანტიკურობისა და რენესანსის კუნძულად“ იქნა შეფასებული. პირველი პირველებს შორის სწორედ ოთარ იოსელიანი გახლდათ.

მისი ადრეული კვაზიდოკუმენტური ქმნილებები საბჭოური „ახალი ტალღის“ ეტალონად იქცნენ, ხოლო „იყო შაშვი მგალობელი“ (გადაიღო 1970 წელს) - საკულტო ფილმის ნიმუშს წარმოადგენდა, რომელსაც რუსული ინტელიგენცია აღმერთებდა.

„ფოთოლცვენის“ შემდეგ ცენზურისგან დაბრკოლება ხვდა ოთარ იოსელიანის ფილმს „პასტორალს“ (1976 წ.), რომელშიც სოფლის ყოფა-ცხოვრებაა ასახული - ირონიულად და სკეპტიკურად. იოსელიანი კიდევ დიდხანს რჩებოდა „ცუდ პატრიოტად“ და დისტანციას ინარჩუნებდა „ქართული მითებისაგან“. თუმცა რაც უფრო შორს იდგა საბჭოური რეალობისაგან, მიუხედავად საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების რბილი დამოკიდებულებისა,  მით უფრო ძნელი ხდებოდა შემოქმედებითი წინსვლა ცენზურის პირობებში.

და ამ დროს რეჟისორმა რკინის ფარდა გადალახა და უშეცდომოდ იპოვა „თავისი“ ქვეყანა - საფრანგეთი, სადაც არტისტული ქართველი დააფასეს ელეგანტურობის, მელანქოლიური იუმორისა და ფრანგული ენის კარგი ცოდნის გამო.

პარიზში, ცენტრალურ აფრიკაში, ტოსკანასა თუ პროვანსში - არ აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიას - ოთარ იოსელიანი, შეიძლება ითქვას, ერთიდაიგივე ფილმს იღებდა, რომლის თემა ჯერ კიდევ საქართველოში დაიბადა და მსხვილი პლანით გამოვლინდა „მთვარის ფავორიტებში“ (1984 წ.) და „პეპლებზე მონადირეში“ (1992 წ.). ეს იყო არიტოკრატიული  ტრადიციების გაქრობისა და სწრაფად გამდიდრებული „ნუვორიშების“ გამოჩენის ეპოქა, რომელიც ოთარ იოსელიანის ფილმებში სპეციფიკურადაა ნაჩვენები - ერთმანეთთან შერეული სევდით და ნაღველით.

ოთარ იოსელიანი როგორც ზომიერი კონსერვატორი, ძალიან აფასებდა წარსულის კულტურას და ნატურას - თუნდაც ეს ცივილიზაციისაგან ხელუხლებელი აფრიკული ყოფა და ქართული სოფლის პატრიარქალური ადათები ყოფილიყო.

იგი საფრანგეთში მოღვაწეობდა, მაგრამ უპირველესად ქართველი იყო. მისი დოკუმენტური სურათი „საქართველო, ეული“ (1994 წ.) ვალის დაბრუნებას წარმოადგენს თავისი ქვეყნისათვის ისტორიის მძიმე მომენტში. ფილმი მთლიანად შედგება ინტერვიუებისაგან, ქრონიკისა და ძველი კინოლენტების ფრაგმენტებისგან. მასში, როგორც გაზეთი „ლიბერასიონი“ წერდა, „ჩაბეჭდილია ხალხის სული - ღრმად ინდივიდუალური, რომელსაც კავშირი აქვს თავის მიწასთან, სახლებთან, ეკლესიებთან, ხეობებთან და რომელიც მუდამ ებრძვის დრაკონს, წმინდა გიორგის სახით, რომლის სახელიც ამ ქვეყანას ჰქვია“. დრაკონების სახით გამოდიან რომალები, მონღოლები, სპარსელები, თურქები და ცალკეულად - ბოლშევიკები. სამნაწილიანი ფილმის პირველი ნაწილში („პრელიუდია“) გადმოცემულია, თუ რა იყო საქართველო დრაკონებამდე, მეორეში („ცდუნება“) - საბჭოთა პერიოდი და მესამეში („გამოცდა“) - პოსტსბჭოური რეალობა. ფილმში არ არის დამალული საკუთარი ერის შეცდომებიც, რომლებშიც მნიშვნელოვანი „წვლილი“ თავადაზნაურობას ეკუთვნის. ერთ-ერთ თავის შემოქმედებით საღამოზე ოთარ იოსელიანმა თქვა, რომ არისტოკრატებმა თავიანთი ისტორიული მისია ვერ შეასრულეს, ქვეყანა ვერ გადაარჩინესო.

იგი საკუთარი თავის ერთგული იყო - თავის გემოვნებებში, ჩვეულებებში, სიმპათიებში და იმაშიც, რაც მას სძულდა. იგი ყოველთვის დამოუკიდებელი იყო - ცოტა ქედმაღალი, მაგრამ სულით ამაყი და იმავდროულად ნაზი ოთარი.

წყარო: https://www.kommersant.ru/doc/6410199

შენიშვნა: სტატია-ნეკროლოგები გამოქვეყნდა აგრეთვე ფრანგულ გაზეთებში - „ლე მონდში“, „ლე ფიგაროში“ და სხვა გამოცემებში.

analytics
ჩინური ინტერესების გაძლიერება კავკასიაში - გიორგი კობერიძე
ჩინური ინტერესები კავკასიაში ძლიერდება - სომხეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) შესვლაზე განაცხადს აკეთებს. გასაგებია, რომ ერევანი ცდილობს მოძებნოს უსაფრთხოების ახალი გარანტიები და ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონში, სადაც მისი ყოფილი მოკავშირე, რუსეთი, სულ უფრო ნაკლებად სანდო და ეფექტური პარტნიორი ხდება, შედეგად ცალსახა გამარჯვებული ოფიციალური პეკინია, რომელის SCO-ს ფაქტობრივი ლიდერია.
 
ჩინეთის ეკონომიკური პერსპექტივა, სომხეთისთვის მიმზიდველია. SCO აერთიანებს მსოფლიო მოსახლეობის 42%-ს და მსოფლიო მშპ-ის 36%-ს. ეს არის ერევნის გათვლა, რომ ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ზრდა რეგიონში შექმნის ალტერნატიულ ეკონომიკურ შესაძლებლობას სომხეთისათვის, რაც რუსეთზე პირდაპირ დამოკიდებულებას შეუმცირებს. პირდაპირს ვამბობს და ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, რადგან ირიბად რუსეთი როგორც ორგანიზაციის წევრი არსად ქრება.
 
მეორე და უმთავრესი ასპექტი არის უსაფრთხოების დილემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წევრია, იქ წამყვანი დღის წესრიგი ჩინეთს აქვს. ორგანიზაციის რეგიონალური ანტიტერორისტული სტრუქტურა (RATS) გულისხმობს უსაფრთხოების განზომილებას და წევრების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და ურღვეობას, რაც სომხეთისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ერევნისათვის ჩინეთთან მოკავშირეობა, SCO-ს ქოლგის ქვეშ, განიხილება როგორც რუსული საფრთხის დაბალანსების საშუალებაც - ერევანი ფიქრობს, რომ ჩინეთის მოკავშირედ ყოფნა რუსეთის მხრიდან მუქარების შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს.
 
სომხეთის ნაბიჯი არის რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური ძვრების ანარეკლი. ფაქტი ერთია: ჩინეთი იმაზე მძლავრი მიზიდულობის ცენტრია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს კი განსაკუთრებით თვალში საცემია რუსეთის მოკავშირეებში, რომელთაც ბოლო ხანებია ჩინეთი ამჯობინეს მოსკოვს. აი მაგალითად, შუა აზიურ რესპუბლიკებშიც კი ჩინეთს ზოგიერთ საკითხში უკვე იმაზე დიდი გავლენა აქვს, ვიდრე რუსეთს. ახლა კი კავკასიაში ჩინეთის აღმავლობას ვადევნებთ თვალს და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც სულ რამდენიმე წლის წინ რუსული გავლენა ძალიან მყარი იყო. ზოგადად, რუსეთი და ჩინეთი ერთ ნავში კი სხედან, მაგრამ ახლა ჩინურ ნავში უფრო ზის რუსეთი, რომელსაც საერთო ნავის სახელს უწოდებენ ისინი.
 
ისიც სათქმელია, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობა და ევროკავშირის წევრობა რთულად შესათავსებელი იქნება, მით უფრო რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია ჩინური ძალის გამოვლინებაა და ის ისეთ წევრებს მოიცავს როგორიც ბელარუსი და ირანია.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way