USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Известия» (რუსეთი): „გაჩერება მოთხოვნით: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე ადრე ვერ მიიღებს“
дата:  701

რუსეთის ფედერალური გაზეთი „იზვესტია“ (Известия) 15 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გაჩერება მოთხოვნით: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე ადრე ვერ მიიღებს“ (ავტორი - სემიონ ბოიკოვი).

ევროკომისიას შეუძლია საქართველოს რეკომენდაცია მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკვე ამ შემოდგომაზე, - განაცხადა „იზვესტიასთან საუბარში ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა პიტერ სტანომ, თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ სტატუსის მისაღებად თბილისმა ბრიუსელის ყველა მოთხოვნა უნდა სეასრულოს. ექსპერტები თვლიან, რომ კანდიდატობის სტატუსის მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ოფიციალურად შესთავაზებენ. მათი აზრით, ბრიუსელს „ევროპული კარტის“ გათამაშება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გამკაცრებისათვის ჭირდება, ღათა თბილისმა, თავის მხრივ, მოსკოვთან ურთიერთობის დონე შეამციროს, - ნათქვამია პუბლიკაციის შესავალში, რომელშიც სამხრეთკავასიური ქვეყნის ევროკავშირთან დამოკიდებულება და რუსეთთან დღევანდელი ურთიერთობაა განხილული.

ევროპული „ოცნება“ ქრება?...

როგორც ცნობილია, ევროკავშირი საქართველოს მხოლოდ იმ პირობით მისცემს მიღების კანდიდატის სტატუსს, თუ თბილისი ბრიუსელის 12-პუნქტიან მოთხოვნას შეასრულებს, - ამბობს „იზვესტიასთან“ საუბარში პეტერ სტანო, - შეიძლება ეს ამ შემოდგომაზე მოხდეს, რომ ევროკომისია ევროკავშირის ხელმძღვანელობას თავის შეაფსებას გადასცემს“.

საქართველო სტატუსის მიღებას გასული წლის გაზაფხულიდან ცდილობს, როცა თბილისმა, კიევთან და კიშინოვთან ერთად, განაცხადი წარადგინა. რიგი მიზეზების გამო ევროკავშირმა უკრაინა და მოლდოვა კანდიდატებად აღიარა, საქართველო კი ბორტსმიღმა აღმოჩნდა - თბილისს მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანა“ უწოდეს და უთხრეს, სანამ 12-პუნქტიან მოთხოვნებს არ შეასრულებდა, მისი საკითხის განხილვა არ მოხდებოდა.

რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელისუფლებამ (პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც) ევროკავშირს მოთხოვნების შესრულება აღუთქვა (...). თუმცა გარკვეული უკმაყოფილებაც გამოხატა - პარლამეტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვას ფონზე საქართველოს ხვეწნა არ უნდა ჭირდებოდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებადო.

საერთოდ კი, რასაკვირველია, ქართველი პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ ევროკავშირი თბილისს სტატუსს ისე არ მისცემს, თუ საქართველოს გარკვეულ დათმობებზე დათანხმებას არ მოსთხოვს. როგორც პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია ამბობს, ევროკავშირი თბილისთან „დიდ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს“.

„30 წელია გვეუბნებიან, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და რომ ევროკავშირში გაერთიანდება. დღეს ევროპა „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს ევაჭრება... გვაჩვენებს, რომ თითქოსდა „ჩვენ კი მზად ვართ  თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად, მაგრამ ამისთვის თქვენ ჯერ მზად არ ხართო“, - ამბობს გიორგი ლომია „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში. იგი ვარაუდობს, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირი თბილისს მოსთხოვს, რომ სრულად შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს - „ბრიუსელს ამისათვის ყველა ინსტრუმენტი აქვს“, რომ ქართულ ისტებლიშმენტზე ზეწოლა მოახდინოს.

„ქართული ოცნება“ ორ ცეცხლს შორის ლავირებას ცდილობს და სურს ორი ბოროტებიდან შედარებით ნაკლები აირჩიოს, მაგრამ რამდენად კარგად გააკეთებს ამას ხელისუფლება, ამის წინასწარმეტყველება რთულია. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპაში საკმაოდ დიდ ფინანსური კაპიტალს ფლობენ, რომელიც, თავის მხრივ, პარტიაზე ზეწოლის ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს“, - განმარტავს გიორგი ლომია.

რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისს ევროპულ ინტეგრაციის საკითხში მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს გადადგმული - 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2017 წლიდან ევროკავშირის სენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ევროკავშირი ზეწოლას ახდენს...

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით ევროკავშირი კმაყოფილი არ არის საქართველოს წარმატებებით, ევროპული მიმართულებით. ევროკომისიამ განაცხადა, რომ თბილისმა 12-პუნქტიანი მოთხოვნიდან მხოლოდ 3 შეასრულა მთლიანად (ომბუდსმენის დანიშვნა, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარება), 8 მოთხოვნა ნაწილობრივ (დეოლიგარქიზაცია, კორუფციასთან ბრძოლა და ა.შ.), ხოლო ერთ-ერთში - პლურალიზმის უზრუნველყოფაში - წინსვლა საერთოდ არ არის. ასევე თბილისს მეტი ყურადღების დათმობა მოუწევს პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით, რეფორმების გატარებასა და მასმედიის თავისუფლების უზრუნველყოფაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ 12-დან 11 მოთხოვნა უკვე შეასრულაო. მართალია, მან არ დააზუსტა, რომლის შესრულება ვერ მოხერხდა, მაგრამ ისედაც ცხადია, რომ საკითხი საზოგადოების პოლარიზების შემცირებას ეხება. თავის მხრივ, პარლამენტმა მიმდინარე წლის თებერვლიდან 82 კანონი მიიღო, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად.

 პოლიტოლოგ აჟდარ ქურთოვის აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება.

„ევროკავშირში მიღების კანდიდატობა საქართველოს რაიმე არსებით უპირატესობას არ აძლევს, - განუცხადა ექსპერტმა „იზვესტიას“, - ეს მხოლოდ ფორმალობაა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ბიუროკრატიამ გამოიგონა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მოეწესრიგებინა ორგანიზაციაში გაწევრიანების წესი, მეორე მხრივ კი, გაეჭიანურებინა გადაწყვეტილების მიღება. ასეთ სიტუაციაში ქვეყანა-კანდიდატი „ჰაერში დაკიდებულ“ მდგომარეობაში რჩება და იოლია მას გარკვეული ნაკლოვანებები მიუთითო და პრეტენზიები წაუყენო.

სხვათა შორის, ევროკავშირს საქართველოს მიმართ ეჭვების საფუძველი აქვს - ბრიუსელის აზრით, თბილისი ზედმეტად რბილ და ლოიალურ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან დაკავშირებით და არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს. გარდა ამისა, ხელისუფლება ცდილობდა რუსული კანონმდებლობის მსგავსი სამართლებრივი აქტები მიეღო (მაგალითად, უცხოური აგენტის შესახებ). მაისში ბრიუსელმა მოუწოდა თბილისს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ავიაკომპანიების ფრენები არ დაეშვა („თქვენ ხომ კანდიდატის სტატუსის მიღება გსურთ“), თუმცა ავიამიმოსვლა მიმდინარეობს.

რუსი ექსპერტი ანდრეი არეშევი ვარაუდობს, ბრიუსელი საქართველოს ევროპულ სწრაფვას გეოპოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელოს. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირი ფარულად გააფართოვებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

თუმცა, კაცმა რომ თქვას, საქართველო უკვე ისედაც იძულებულია ახლავე დაეთანხმოს ევროპელი პარტნიორების ზეწოლას: 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთში იმ უცხოური მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შეწყდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებიდან არის შემოტანილი. ამის საფუძველია ბრიუსელის მიერ ივნისში მიღებული ანტირუსული სანქციების მე-11 პაკეტი. პირველი აგვისტოდან ასევე აიკრძალა ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტიც.

წყარო: https://iz.ru/1558805/semen-boikov/ostanovka-po-trebovaniiam-gruziia-poluchit-status-kandidata-v-es-ne-ranshe-oseni

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати