USD 2.7110
EUR 3.1475
RUB 3.3320
Tbilisi
BMG: “რიყის დოქების” ადგილას, შესაძლოა, სასტუმრო გაიხსნას - მთავრობის განკარგულების დეტალები
Date:  481

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, “რიყის დოქების” ადგილას, შესაძლოა, სასტუმრო გაიხსნას. განკარგულებაში, რომელიც მიმდინარე წლის 6 მაისით თარიღდება წერია, რომ აღნიშნული უძრავი ქონების განვითარება მოიცავს სასტუმროს შექმნას, რაც თავის მხრივ შეიძლება მოიცავდეს სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებასაც.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა, რის შემდეგაც bm.ge დეტალებით დაინტერესდა.

კერძოდ, განკარგულებაში წერია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და "შპს რიყე დომს" შორის 2022 წლის 10 მაისს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც საპრივატიზაციო პირობები გარკვეული რედაქციით ჩამოყალიბდა.

კერძოდ, "შპს რიყე დომმა" პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 2030 წლამდე უნდა უზრუნველყოს უძრავი ქონების [“რიყის დოქების”] განვითარება.

აღნიშნული საპრივატიზაციო პირობები "შპს რიყე დომმა" 44 000 000 ლარის ინვესტიციით უნდა განახორციელოს.

"უძრავი ქონების განვითარება მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს შექმნას, (რაც შესაძლოა მოიცავდეს, სამშენებლო/სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით) შესაბამისი შენობა ნაგებობ(ებ)ბის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ასევე სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებას", - წერია მთავრობის განკარგულებაში.

ინფორმაციისთვის:

2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა "რიყის დოქები" 10 მილიონ ლარად შეიძინა. ქონება აუქციონზე საინვესტიციო ვალდებულებით გაიყიდა. კერძოდ, მესაკუთრეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოართვა კურორტი ახტალა. ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, მას ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

მიმდინარე წლის 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი "ლიბანი" 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა. კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა.

ამასთან, 2023 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია 2022 წლის 23 მარტს, აუქციონში გამარჯვების საფუძველზე მიიღო, ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

დავით ხიდაშელმა "რიყის დოქები" მიმდინარე წელს გაყიდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ახალი მფლობელი 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანიაა "რიყე დომ"-ი იყო.

კომპანიის წილის 100%-ს შპს ნ.გ.ბ. ფლობს, რომელიც თავის მხრივ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნის. დირექტორი კი მიხეილ ტყეშელაშვილია. ტყეშელაშვილი თავად ფლობს და თავადაა დირექტორი შპს ბუფალოში. ასევე, დირექტორია შემდეგ კომპანიებში: შპს ფონიჭალა ვუდსში, შპს ზაჰესი ლენდსში, შპს ორთაჭალ ოილში, შპს პორტრეტ თბილისში, შპს დი ვიჟენ გრუპში და შპს მაქრო ფროფერთიში.

რაც შეეხება მფლობელ თორნიკე კოპალიანს, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ფლობს, შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირიც.

წყარო:https://bm.ge/

society
ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს - ამოღებულია 1 319 300, ხოლო ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის და მისი ოჯახის საბანკო სეიფებში 2 904 900 აშშ დოლარი

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი, ხოლო ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან - ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”, - აცხადებს ის.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way