USD 2.7110
EUR 3.1475
RUB 3.3320
Tbilisi
BMG: "რიყის დოქები" შეძენიდან ერთ თვეში 2.8 მილიონად გაიყიდა - ობიექტის მფლობელი "მაქრო ფროფერთი" გახდა
Date:  643

რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა - კომპანია "რიყე დომის" მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია "მაქრო ფროფერთი" გახდა, რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა.

ობიექტი დემონტაჟის შესაძლებლობით გაიყიდა, ადგილზე მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი.

თავის მხრივ, "რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ "მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა.

ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, "მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი "როყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია "რიყე დომის" წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.

2025 წლის 21 მაისს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.

რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.

რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

წყარო:https://bm.ge/

society
ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს - ამოღებულია 1 319 300, ხოლო ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის და მისი ოჯახის საბანკო სეიფებში 2 904 900 აშშ დოლარი

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი, ხოლო ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკები, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა. რა დროსაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან - გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. ხოლო, ყოფილ მთავარ პროკურორთან - ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

აღნიშნულ საქმეზე, ჩვენს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებული იქნა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად, შეიმუშავა რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა, რომლის განხორციელების ფარგლებშიც, დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით, თბილისში შეიძინა მიწის ნაკვეთები და ქონების ინვესტირება მოახდინა პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით, დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განახორციელა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა.

შედეგად, თითქოსდა კანონიერი შემოსავლით წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა 1 319 300 აშშ დოლარი.

აღნიშნული ქმედებებით, 2017-2025 წლებში, ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობის დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.

დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით”, - აცხადებს ის.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way