USD 2.6563
EUR 3.0848
RUB 3.6654
თბილისი
რძის ფასით საქართველომ ევროპულ ქვეყნებს გაუსწრო
თარიღი:  1744

საქართველოში რძის წარმოება მცირდება, ფასები კი მკვეთრად მატულობს, რაც პროდუქტზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. რძის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველო ნედლი რძის ფასით ევროპაში არსებულ ფასს რამდენიმე ათეული ცენტით აღემატება.

ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი Business Insider Georgia-სთან რძისა და რძის პროდუქტების გაძვირების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

„რძის ფასმა პიკს მიაღწია. ფერმებში 1 ლიტრი რძე  2,50 ლარამდე გაძვირდა, საქართველოში ამ პროდუქტებზე ასეთი ფასი პირველად ფიქსირდება. ევროპულ ფასს უკვე საგრძნობლად გადავაჭარბეთ. ჩვენთან რძის ფასი, სულ მცირე, 20-25 ცენტით მეტია.  

ამას, პირველ რიგში, მოთხოვნის ზრდა განაპირობებს, რასაც ასევე თავისი მიზეზი აქვს. გარკვეულ გავლენას ახდენს მიგრაციული პროცესები. უნდა ითქვას, რომ საქართველოში რძისა და რძის პროდუქტებს მოხმარება მაღალია. ინფლაციამაც იმოქმედა და პროდუქტებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, ფასებზე ნეგატიურად იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა, ლოგისტიკის გაძვირებამ.

მსოფლიო ბაზარზე მოიმატა ნედლეულის  ღირებულებამ, მათ შორის, საკვების ბაზის, ცხიმების ფასმა.  გარკვეული გავლენა რძის ფხვნილის იმპორტის შემცირებასაც აქვს", - ამბობს კახა კონიაშვილი და დასძენს, რომ  გაიაფების ტენდენცია მიმდინარე წლის ზაფხულიდან არის მოსალოდნელი, როცა საქონლის საკვები ბაზა უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

„დეფიციტური და სეზონური ქვეყანა ვართ, ისედაც ძვირდებოდა რძისა და რძის ნაწარმი ზამთრობით. ახლაც ეს ტენდენციაა. ველოდებით, რომ ზაფხულიდან, როცა სეზონურობა გადაივლის და საკვების ბაზა გაიაფდება, ამას რძის გადამამუშავებელი ინდუსტრიაც ადეკვატურად უპასუხებს", - დასძენს კახა კონიაშვილი Business Insider Georgia -სთან. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოში რძის წარმოება შემცირდა.

„საქსტატის“  მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 587.9 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 574.7 მლნ ლიტრი იყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით რძე და ყველი წლიურად 17,5%-ით არის გაძვირებული.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის