USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
„რას უშვრება პუტინი დაკარგულ უკრაინელ ბავშვებს“- «The Spectator» (დიდი ბრიტანეთი)
дата:  418

ბრიტანულმა ჟურნალმა „სფექთეითორმა“ (The Spectator) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რას უშვრება პუტინი დაკარგულ უკრაინელ ბავშვებს“ (ავტორი - ნაიჯელ ჯონსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ხშირად ადარებენ მეორე მსოფლიო ომში გერმანელი ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულობებს. რადგანაც ნაციონალ-სოციალისტთა ქმედებები ბოროტების საყოველთაოდ აღიარებულ უნიკალურ სტანდარტად ითვლება, ამიტომ ზოგჯერ ადამიანები ამ მაგალითით დაუფიქრებლად სარგებლობენ ხოლმე, როცა თანამედროვე რომელიმე პრობლემის კომენტირება ან ხაზგასმა სურთ.

თუმცა ამჟამინდელ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად იმეორებს ნაცისტური გერმანიის მესვეურების მიერ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში 80 წლის წინ მოხდა და რომელიც ბავშვების უკანონო დეპორტაციაში გამოიხატება - რუსეთის ხელისუფლებამ ათასობით უკრაინელი ბავშვი თავიანთ სახლებს და ოჯახებს დააშორა და უკრაინიდან რუსეთში წაიყვანა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი განპირობებულია არამარტო ომის წარმოების საერთაშორისო წესების, არამედ უბრალო ადამიანურობის წესების დარღვევითაც.

ბავშვების რაოდენობა მხარეთა მიერ გაჟღერებულ მონაცემებში სხვადასხვანაირია: უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში დარია გერასიმჩუკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა უკრაინიდან რუსეთში თითქმის 14 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს. მას გაეროც ეთანხმება და ადასტურებს, რომ ინფორმაცია ამ ბარბაროსობის ჩადენის შესახებ სანდო წყაროებს ეყრდნობა. გარდა ამისა, არსებობს მონაცემებიც, რომელთა თანახმად, დეპორტირებულია 16 220 ბავშვი, პლუს 464 დაღუპული, 935 დაჭრილი და 378 უგზო-უკვლოდ დაკარგული (აქვე შევნიშნავთ, რომ რუსეთის პოზიციის მიხედვით, მოხდა არა ბავშვების გატაცება ან დეპორტაცია, არამედ მათი „ნებაყოფლობითი ევაკუაცია“).

რუსული წყაროების თანახმად, უკრაინელი ბავშვები ან სპეციალურ სკოლებში იგზავნებიან, სადაც მათ უკრაინულ ენასა და წარმომავლობას ავიწყებენ და რუსებად ზრდიან, ან პირდაპირ ჰიტლერელი ნაცისტების მეთოდებს იყენებენ - რუსულ ოჯახებში მიჰყავთ გასაზრდელად იმ საბაბით, რომ ისინი ომის გამო ობლებად დარჩნენ.

რასაკვირველია, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ვინც არ უნდა იყოს მისი ჩამდენი - ცალკეული პირი თუ მთლიანად სახელმწიფო - ნორმალურ ადამიანებში ყოველთვის საშინელ გრძნობებსა და ემოციებს იწვევს. იმიტომ, რომ ის ეხება ადამიანის ცნობიერებაში არსებულ ღრმა და მტკიცე წარმოდგენებს ბავშვების უდანაშაულობის შესახებ - იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ამ დროს წმინდა ბიოლოგიური კავშირები მშობლებისა და შვილების სახით.

გერმანელ ნაცისტებს თვალთმაქცური მიდგომები ჰქონდათ სექსის, სექსუალურობისა და ბავშვების აღზრდის მიმართ. ცნობილია მათ მიერ შემუშავებული პროგრამა „ლებენსბორნი“ („სიცოცხლის წყარო“), რომლის იდეა СС-ის რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერს ეკუთვნის: „ლებენსბორნი“ ჩაფიქრებული იყო როგორც მეთოდი „გერმანელებში არიული რასის ხასიათის“ შენარჩუნებისათვის. პროგრამის მიზანს ასევე წარმოადგენდა ცოცხალი ძალის იმ დიდი დანაკარგების კომპენსირება, რომელიც ნაცისტების მიერ გაჩაღებულმა ომმა გამოიწვია.

პროგრამის რეალიზების დროს პრობლემისადმი ორმხრივი მიდგომა გამოიყენებოდა: СС-ის ოფიცრებს, რომლებიც ე.წ. სუფთა არიული წარმომავლობა ჰქონდათ, პირობებს უქმნიდნენ, რომ ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირი დაემყარებინათ ასევე სუფთა არიული რასის მქონე გერმანელ ქალებთან, რომლებიც რასობრივად სუფთა და „ჭეშმარიტ არიელ“ გერმანელ ბავშვებს აჩენდნენ. ისინი შემდეგ სპეციალურ ბავშვთა სახლებში იზრდებოდნენ, СС-ის კონტროლით.

იმ დროს, როცა ომის გამო სხვა გერმანელების მიმართ სურსათის მკაცრი ნორმირება იყო დაწესებული, „ლებენსბორნის“ პროგრამაში მონაწილე ქალებსა და მათი შვილებს სურსათის დამატებით ულუფას აძლევდნენ.

გარდა ამისა, „ლებენსბორნის“ კიდევ ერთ ასპექტს წარმოადგენდა დაპყრობილი ქვეყნებიდან ისეთი ბავშვების მასობრივი გაყვანა, რომლებიც გარეგნულად „არიული რასის“ მქონეებს ჰგავდნენ - მაგალითად, პოლონეთიდან. ისეთ ბავშვებს, რომლებიც ნაცისტების რასისტულ სტერეოტიპებს შეესაბამებოდნენ (ნათელი ფერის თმა, ცისფერი თვალები), პირდაპირ ქუჩაში იჭერდნენ, გერმანიაში მიჰყავდათ და უშვილო ოჯახებს აღსაზრდელად აბარებდნენ. სწორედ ასეთ ამაზრზენ ნაცისტურ პოლიტიკას ახორციელებენ პუტინისტი დამპყრობლები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში - ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ვლადიმერ პუტინს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ის უკრაინელებს რუსებად თვლის. ოფიციალურად საქნქცირებული ბავშვების მასობრივად გატაცების პოლიტიკა მისი მიზნის ლოგიკური გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ე.წ. „რუსული რაიხი“ უნდა აღდგეს.

„ლებენსბორნის“ პროგრამა 1945 წელს შეწყდა, როცა ნაცისტები დამარცხდნენ, თუმცა ბევრი იმ ბავშვთაგანი, რომლებიც გერმანელებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან წაიყვანეს, უკან სამშობლოში ვეღარ დაბრუნდნენ, ან თუ დაბრუნდნენ, მშობლები ვერ იპოვეს.

სანამ ვლადიმერ პუტინი არ დამარცხდება, მსგავსი ტრაგედია ელოდებათ გატაცებულ და დაკარგულ უკრაინელ ბავშვებსაც.

წყარო: https://www.spectator.co.uk/article/what-has-putin-done-with-ukraines-missing-children/?fbclid=IwAR2ysnWOiPcBdoT7UDAcYZS9YObd021qeg3XBDDWYar7Ec0sM1njGKSk6JA

მოამზადა სიმონ კილაძემ

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати