საფრანგეთის ტელეარხის France 5-ის ეთერში ექვს სექტემბერს საღამოს გადაიცა ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინტერვიუ, რომელიც მას შოუ C à vous-ის სტუდიაში, ტელეწამყვანმა ან-ელისაბედ ლემუანმა ჩამოართვა. ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი სათაურით „ომი უკრაინაში: ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები“ გამოქვეყნებულია როგორც ტელეარხის ვებ-გვერდზე, ასევე „იუთუბშიც“.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოში და ევროკავშირში უკრაინის მიღებით რუსეთთან ომი არ დასრულდება. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში გამოიწვევს აშშ-ის გავლენის გაძლიერებას ევროპულ ორგანიზაციაში - იმდენად, რამდენადაც უკრაინა სერიოზულად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აშშ ბატონობს სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებზეც. ამასთან, აუცილებელია, რომ არ შეწყდეს მცდელობა მშვიდობის მიღწევისათვის. ამ ომით მოგებულნი რჩებიან ვაშინგტონი და პეკინი“, - ამბობს ნიკოლა სარკოზი.
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა ფრანგ ჟურნალისტებს და ტელემაყურებლებს შეახსენა, რომ საომარმა მოქმედებებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია, დაღუპულებისა და დაჭრილების უმრავლესობა უკრაინელები არიან.
„როცა ჩვენ, ფრანგები, უკრაინის ომს სენ-ჟერმენის ბულვარიდან ვუყურებთ, ყველა მაგრები და გაბედულები ვართ, ჩვენს მიერ კიევისადმი გაწეული დახმარებით კი უკრაინელებს დასაღუპავად ვწირავთ“, - აცხადებს ექს-პრეზიდენტი.
ნიკოლა სარკოზის აზრით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მშვიდობის განმტკიცებას ხელს ვერ შეუწყობს. უმჯობესი იქნება, თუ ქვეყანა ნეიტრალური დარჩება და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით (ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის) მომგებიანად ისარგებლებს.
ექს-პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია. საფრანგეთი უკრაინის მხარეზე უნდა იყოს, მაგრამ პარიზს თავისი „განსაკუთრებული გზა უნდა ჰქონდეს, რომელიც აშშ-ზე სწორებას გამორიცხავს. ომი მომგებიანია ვაშინგტონისა და პეკინისათვის: პირველი სულ უფრო მეტ იარაღს, ენერგორესურსებს და მარცვლეულს ჰყიდის, მეორე კი, რუსეთთან ერთად, BRICS-ის წევრების მობილიზებას ახდენს და თავის ამბიციებს იკმაყოფილებს.
ამრიგად, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თავდაპირველი განზრახვა, რომ მოსკოვთან დიალოგი შეენარჩუნებინა, სავსებით სწორი იყო: „ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ომს მოწოდებებით „მეტი იარაღი! მეტი სიკვდილი! მეტი წინაღმდეგობა!“. აუცილებლად უნდა მოვძებნოთ გზა ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით“, - აცხადებს ნიკოლა სარკოზი.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=uLgTeYmrhwI
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/