USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
რამაზ გახოკიძე: 2024 წელს გასდის ვადა, კოსმოსში დაიშლება დისკი, რომელზეც „ჩაკრულოა“ ჩაწერილი
Date:  3480

აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე მათ შორისაა, ვისაც წელს  თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.  ეს აღიარება,  როგორც მეცნიერს მავალდებულებს, მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვისო - ამბობს ბატონი რამაზი, რომელმაც მეცნიერებაში ხუთ ათეულ წელზე მეტი გაატარა.  რამაზ გახოკიძე რამდენიმე  საგნის  და გამოგონების ავტორია, მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში აგრობიოორგანული ქიმიის და აგრომედიცინის განვითარება, რაშიც მას დიდი დამსახურება აქვს.  

ბატონი რამაზი საინტერესო რესპოდენტია, მეცნიერების როლი და ფუნქცია, უმაღლესი სკოლა და განათლების სისტემა, ამერიკაში გატარებული წლები და  მუსიკა, ცხოვრების მთავარი გატაცება - ბატონი რამაზი ამ ყველაფერზე თავად  გიამბობთ.

ბატონო რამაზ გილოცავთ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას, რა განცდა  გქონდათ, როდესაც საპატიო თბილისელის სიმბოლო - თბილისის გასაღები გადმოგეცათ? 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ჩემთვის დიდი პატივი და  აღიარებაა.  ეს  დიდი ვალდებულებაც არის, მინდა,  როგორც მეცნიერმა, სარგებელი მოვუტანო ქალაქს, რაც პირველ რიგში ეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  სიმართლე გითხრათ ამ ტიტულს არ ველოდი, ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო, ამიტომაც,ძალიან გაოცებული დავრჩი, მაგრამ ვიყავი უსაზღვროდ ბედნიერი და გახარებული. შეიძლება ითქვას, რომ  იმის მიუხედავად, რომ არაერთი პრემიის და ჯილდოს მფლობელი ვარ, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც აქამდე მიმიღია.

სად და როგორ დაიწყო თქვენი და თბილისის ისტორია?

თბილისში ვერაზე დავიბადე, გავიზარდე ვაკეში და მთელი ცხოვრება აქ გავატარე.  ბარნოვზე  53- საშუალო  სკოლა დავამთავრე  ოქროს მედალზე, ამ სკოლაში ცხოვრების  საუკეთესო წლები გავატარე.  ჩვენთან  ძალიან მაღალ დონეზე იყო  სწავლის სისტემა. როდესაც ამერიკაში ხანგრძლივ  სამეცნიერო მივლინებაში მომიწია წასვლა და მუშაობა, დავრწმუნდი, რომ სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა მქონდა გავლილი. ჩვენ გვაძლევდნენ ზოგად განათლებას, რაც არ არსებობს კაპიტალისტურ სამყაროში. როდესაც სწავლება მხოლოდ ერთი მიმართულებით ხდება, ეს დაბლა წევს ზოგად განათლებას. ჩვენი დროის სწავლების მეთოდი იყო არა საბჭოთა, არამედ გერმანულ-ავსტრიული, რაზედაც გადავიდა დიდი ბრიტანეთი წლების წინ.

სკოლაში, ალბათ გამორჩეულად კარგი მოსწავლე იყავით,  რადგან ამდენი  წლების შემდეგაც ასე გახსენდებათ ის პერიოდი.

დედისერთა ვიყავი და დედა ჩემს განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ჯოხით დამდევდა, რომ მუსიკა მესწავლა. რომელ ბავშვს უნდა, საათები ფორტეპიანოსთან გაატაროს?!  დედაჩემის დამსახურებით, 53 სკოლის გვერდით მდებარე ევგენი მიქელაძის სახელობის  მე-9 მუსიკალურ სკოლაში  დავდიოდი. მაშინ როცა ჩემი კლასელები ფეხბურთზე, სხვადასხვა სპორტზე ან სხვა ადგილებში დადიოდნენ, მე ან სკოლაში ვიყავი, ან მუსიკაზე, თუმცა არც  წიგნებს ჩაკირკიტებული  და სახლში გამოკეტილი მოსწავლე  ვყოფილვარ.  

ძალიან ადვილად ვსწავლობდი გაკვეთილებს, მქონდა  თავისუფალი დრო, რომელსაც როგორც ყველა ბავშვი, მეც ქუჩაში თამაშში ვატარებდი.  მაშინ თბილისში ურთიერთობები სუფთა და გულწრფელი იყო. არ არსებობდა არავითარი გინება, ბოროტება, ძალადობა, ის, რაც სამწუხაროდ, ხდება  ჩვენთან  ბოლო წლებში, პირიქით, მაშინ რაინდული სულისკვეთება სუფევდა. ყველგან სიყვარული, პატივისცემა იყო, ქუჩაშიც, სკოლაშიც.მასწავლებელებს მოსწავლეები სხვანაირად ვუყვარდით,ზოგჯერ გაკვეთილის გარკვეული სეგმენტის ჩატარებასაც კი  მანდობდნენ ხოლმე, რაც დღემდე კარგად მახსენდება.

როდესაც  წყალბადის ბომბის შექმნელს  ედუარდ ტელერს შევხვდი, მე ვიყავი პირველი საბჭოთა მოქალაქე, ვისაც მან ხელი ჩამოართვა   

თბილისური ურთიერთობები ახსენეთ, რა გასწავლათ და მოგცათ  ამ  კულტურამ, რაც მერე  გამოგადგათ?  

იმდროინდელი თბილისი გამორჩეული იყო  ჯანსაღი ურთიერთობებით.  მაშინ მეზობლობაც კი სხვანაირი იყო, მეზობელი ნათესავზე უკეთესი და ახლობელი იყო, სულ ერთად ვიყავით. უბანში ყველა ერთმანეთს იცნობდა პატივს სცემდა. ზაფხულობით მარტვილში  ჩავდიოდი ბებია-ბაბუასთან, იქაც არაჩვეულებრივი მეზობლობა  გვქონდა. როდესაც  პეტერბურგში მომიწია წასვლა, საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობის დროს, შემდეგ უკვე  ამერიკაში ყოფნისას, წავაწყდი,  რომ ადამიანები არც კი იცნობდნენ მეზობლებს, რაც ძალიან გამიკვირდა.ეს ჩემთვის უცხო იყო. ახლა  რთიერთობები დაიკარგა, გაცივდა. დღეს  მეზობლებს კი არა,  შეიძლება ერთ სახლში ცხოვრობდნენ ადამიანები და ერთმანეთს არ იცნობდნენ. მთელი ათი წელი, სანამ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ოჯახი გაგრაში დავდიოდით დასასვენებლად.  იქაც არაჩვეულებრივი ურთიერთობები მახსენდება, მე  არ  მინახავს, მტრული დამოკიდებულება ქართველებს და აფხაზებს შორის. ჩვენში შინაგანად არ იყო მტრობა.  ვფიქრობ, რაც მოხდა ეს იყო გარედან გაკეთებული, რომ საქართველო დაენგრიათ, ჩვენ სამწუხაროდ, წამოვეგეთ ამას. 

ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს და აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რაც გვქონდა. როცა მტერს შენი განადგურება უნდა, ის პირველ რიგში ცდილობს, წაგართვას ღირსება. ღირსებაწართმეული ადამიანი ყოველმხრივ დამარცხებულია. როდესაც დავით აღმაშენელი მეფე გახდა გიორგი ჭყონდიდელმა მას უთხრა: პირველ რიგში ღირსება დაუბრუნე შენს ერსო. იმიტომ  იყო დავით აღმაშენებლი უძლეველი მეფე და არც ერთი ომი არ წაუგია,რომ დიდებული მასწავლებელი ჰყავდა  გიორგი ჭყონდიდელის სახით.  ეს არის მთავარი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მართვა ყველა სფეროში, ხელისუფლებიდან დაწყებული სკოლით დამთავრებული.

განათლებას თქვენი ცხოვრების ათეული წლები მიუძღვენით, ახლაც აქტიურ პედაგოგიურ  საქმიანობას ეწევით უმაღლეს სკოლაში,   როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ჩვენი განათლების  სისტემის მთავარი პრობლემები და გამოწვევები?  

სამწუხაროდ, ახლა მასწავლებლობა არ არის იმ დონეზე, როგორც ადრე იყო.  ჩვენ მასწავლებელი  ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე გვეგონა. კომუნისტური რეჟიმის დროს ყველაფერი ისე იყო გაწერილი, შეუძლებელი იყო რაიმეს შეცვლა. როგორც სიმფონიის შესრულების დროს,  ვერ შეცვლი ვერაფერს,  არა თუ ტაქტს,  პიანოსაც კი, ასე იყო მაშინ ჩვენს განათლების სისტემაშიც. ამის მიუხედავად, მე  მაინც ვხედავდი პროგრესს, რასაც ეს სისტემა განიცდიდა.  ერთ მაგალითს გეტყვით. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ისტორიის გაკვეთილი გაგვიცდა.  გაკვეთილი ჩაგვიტარა  ახალგაზრდა კაცმა, ბატონმა შალვა ამონაშვილმა. იმ 45 წუთმა მთლიანად შეცვალა ყველაფერი, ეს იყო საოცრება.  ბატონმა შალვამ იქვე, 45წუთში  გვასწავლა გაკვეთილი, მას  დღემდე ვთვლი ჩემს უდიდეს მასწავლებლად. ამდენი წელი გავიდა იმ დღის შემდეგ, მაგრამ დღემდე მახსოვს  გაკვეთილი პედაგოგისგან, რომელიც  ჩემი აზრით მსოფლიო დონის  მასწავლებელია. მისგან ბევრი გადმოვიტანე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.   

მე ძირითადად უმაღლეს სკოლაში ვმუშაობდი.  22 წლის ვიყავი, როდესაც კათედრაზე ქიმიური დისციპლინების კითხვა დავიწყე.  ახლა რომ შევაჯამე, ამ წლებში  სულ 25 საგანი წამიკითხავს, მათგან 10 საგანი პირველად შემომიტანია საქართველოში, 5 საგანი კი  მე თვითონ  შევქმენი. მაგალითად, „ქიმია და ცივილიზაცია“, როგორც  საგანი არ არსებობდა. სკოლაში ქიმიას ისე  ცუდად ასწავლიდნენ,  ბავშვებს აძულებდნენ ამ საგანს. სწორედ ამის გამო დავიწყე ფიქრი ახალი საგნის  შექმნაზე, მინდოდა ქიმიით დამეინტერესებინა  ახალგაზრდობა.  როგორც კი ამ საგნის კითხვა დავიწყე, თითქმის გაივსო აუდიტორია, სადაც სამასზე მეტი ადამიანი ეტევა.იმდენად ბევრი მსმენელი მოგროვდა, მალე ჩემი ლექციების არჩევა აკრძალეს.  მხოლოდ  საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დატოვეს, თუმცა საგანი ბევრმა უნივერსიტეტმა გადაიტანა სასწავლო პროგრამაში, მათ შორის უცხოეთშიც. უკვე 40 წელია ეს საგანი  ჩვენთან ისწავლება და მას დღესაც ძალიან ბევრი ხალხი ირჩევს.

მე სტუდენტებს  არ ვაძლევ არანაირ ფორმულებს. ქიმია კრებსითი სახელია, მთელ მეცნიერებას ნიშნავს. არ არსებობს ქიმიაზე  პრაქტიკული დარგი. ჩვენ ყველანი ვართ ქიმიური პროდუქტები. სამყარო შედგება ქიმიური ელემენტებისგან,  ყველა პროცესი  ქიმიური რეაქციაა, მათ შორის ყველაზე დიდი პროცესი -  დიცოცხლე. ჩვენ ვაზროვნებთ, ვკამათობთ, გვძინავს, ვიღვიძებთ, გვიყვარს, გვძულეს - ეს ყველაფერი ქიმიური რეაქციების შედეგია. ქიმია უნივერსალური მეცნიერებაა, ის მოიცავს ქიმიასა და მედიცინას, ქიმიასა და სოფლის მეურნეობას, ეკოლოგიას, თანამედროვე პრობლემებს,  გამოწვევებს, თუ  როგორ გადავარჩინოთ სამყარო, რაც  დღეს აწუხებს კაცობრიობას.  

 

ამდენი წელი გავიდა  და  გალაკტიონთან შეხვედრის ყველა დეტალი  ზუსტად მახსოვს,  ვეფხვივით ბიჭი ხარო, მითხრა  გალაკტიონმა და ჩამეხუტა    

პროფესიული კარიერა ქიმიას რატომ  დაუკავშირეთ?

მამა აკაკი გახოკიძე იყო  ორგანული  ქიმიის პირველი დოქტორი ქართველებს შორის. ეს იყო  ჩემთვის დიდი ვალებულება, როდესაც ეს პროფესია ავირჩიე. სულ ვცდილობდი, ჩრდილი არ მიმეყენებინა იმ დარგისთვის, სადაც მამაჩემი იყო პირველი და მრავალი წელი გაატარა.  შეიძლება ითქვას, რომ ესტაფეტა მამისგან გადავიბარე. სახლში მქონდა უნიკალური პროფესიული ლიტერატურა. როგორც სკოლის ოქროს მედალოსანს, ყველგან შემეძლო ჩაბარება, მედიცინის ფაკულტეტზეც კი, მაგრამ ქიმია ძალიან მიზიდავდა,  ეს ფაკულტეტი ავირჩიე და ეს არც ერთი წუთით არ მინანია. ათეული წელი გავატარე ამ სფეროში, მე დავნერგე

საქართველოში აგრობიორგანული ქიმია.  მეამაყება, რომ  ამ მიმართულების დამაარსებელი ვარ. როგორც  საგანი, არ იკითხება მაგრამ როგორც მეცნიერულ მიმართულებას, სათავე  დავუდე  აგრო მედიცინას. ჩემი შექმნილია ბიორაგი, რომელსაც წარმატებით გამოიყენებენ სოფლის მეურნეობაში მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში. ბიორაგი არის დასტური, რომ  ყოველგვარი სასუქების და შხამ ქიმიკატების გარეშე შესაძლებელია მოსავლიანობის გაზრდა. როდესაც სასოფლო -სამეურნეო პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა ქიმიური შემადგენლობა იზრდება და სამკურნალო ხდება, ამიტომ ეწოდა ამ მიმართულებას  აგრომედიცინა. ამ თემაზე  ჩემი წიგნი გამოსცა აფრიკამ, ზამბიაში დაიბეჭდა  წიგნი, სადაც  პირდაპირ წერია, რომ ახალი მწვანე რევოლუცია უნდა დაფუძნდეს სწორედ ამ მიმართულებაზე. დღეს მსოფლიოს უდიდესი პრობლემა და გამოწვევაა  შიმშილი. ამ პრობლემის გადასაჭრელად დადგა საკითხი,  როგორ შეამცირონ მოსახლეობა,  რასაც მე ვეწინააღმდეგები. არავითარი მოსახლეობის შემცირება. ჩემი დასაბუთებით,  10 - 20 მილიარდს გამოკვებავს დედამიწა იმ რესურსით, რაც არსებობს.  ამას შესწავლა და მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ჩნდება, ტრანსნაციონალურ კომპანიებს  ეს  სულაც  არ აწყობთ,  მათ ურჩევნიათ, რაც შეიძლბა  მეტი სასუქი აწარმოონ. ჩვენ, მაგალითად ხორბლის ქვეყანა ვართ, შეიძლება  ხორბალი კანადიდან შემოდიოდეს?  ყველა პროდუქტი  სხვა ქვეყნებიდან შემოდის, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

დღეს  ჩვენს ქვეყანაში მეცნიერებას არ აქვს ის პირობები, რაც ძლიერ ქვეყნებშია მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებების განვითარებისთვის, ეს ალბათ, დიდი პრობლემაა ქართველი მეცნიერებისთვის.  

მეცნიერებას ჩვენთან ყოველთვის უჭირდა. ასე იყო კომუნისტების დროსაც, თუმცა მაშინ  სხვა ტიპის პრობლემები არსებობდა.  იოლი არ იყო იდეის რეალიზაცია, თუ კურჩატოვი არ იყავი და  სტალინი  არ გეტყოდა, რომ  ატომური ბომბი უნდა შეგექმნა.  ეს  სრულიად სხვა მასშტაბი იყო, მაგრამ თუ არ იყო ნება არაფერი გამოდიოდა.  ჩვენმა თანამშრომელმა  კიბოს  საწინააღმდეგო წამალი გამოიგონა, მაგრამ  ეს პიროვნება არ გაახარეს. მაშინ საოცარ რამეებს აკეთებდნენ  ჩვენი მეცნიერები, მაგრამ გასაქანი არ ჰქონდათ. ახლა სხვა წინააღმდეგობები არსებობს.  

არის ნება, მაგრამ არ არსებობს დაფინანსება,  თუ არ არის მატერიალური ბაზა  ვერც ერთი გამოგონება  ვერ  იქცევა რეალობად. მეცნიერებს არასდროს ჰქონიათ მშვიდი ცხოვრება -  ლავუაზიეს თავი მოკვეთეს, ჯორდანო ბრუნო დაწვეს, კიდევ რამდენი ასეთი ფაქტი იცის ისტორიამ.  ერთმა  აკადემიკოსმა  თქვა, ის მეცნიერება მეცნიერება არ არის, თუ ფულთან არ მიგიყვანსო. სამწუხაროდ, დღეს ეს გავრცელებული მიდგომაა, რაც დიდი სირცხვილია. მეცნიერების მთავარი ფუნქცია ჭეშმარიტების ძიებაა, ეს არის ნამდვილი მეცნიერება.  რამდენიმე წელია მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვარ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიყო ამ აკადემიის წევრობის ღირსი. იქ რომ შედივარ ისეთ მოწიწებას ვგრძნობ, ვერ წარმოიდგენთ.

ვიცი, რომ ამ კორიდირებში დადიოდნენ  ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ივანე ბერიტაშვილი,  დიმიტრი უზნაძე.  ეს იყო საოცარი  ხალხი!  ჩვენ ღირსი უნდა ვიყოთ იმ  აკადემიის,  სადაც ეს ხალხი სუნთქავდა, დადიოდა,  შრომობდა.  ქართველ მეცნიერს ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, ზოგჯერ სამწუხაროდ, ასე არ ხდება, რაც ძალიან მტკენს  გულს. ვისურვებდი,  ჩვენთან   პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზე იყოს აყვანილი. პავლე ინგოროყვა აკადემიკოსი არ იყო, მაგრამ  უდიდესი  მეცნიერი იყო, ბოლოს და ბოლოს მენდელეევი არ აირჩიეს აკადემიის წევრად, ასე რომ მარტო არჩევა არ ნიშნავს არაფერს, თუ შინაგანად არ გაქვს განცდა. ნობელის პრემიის ლაურეატი ფრედერიკ ჟოლიო  - კიური ამბობდა, არ არსებობს ცუდი და კარგი მეცნიერი, თუ ხარ მეცნიერი, ესე იგი უნდა იყო კარგი მეცნიერი და მე ამ მოსაზრებას სრულად ვიზიარებ.  

დედამიწა ყველას საერთო სახლია. ჩემთვის პირველ რიგში,  ჩემი ოჯახია ჩემი სახლი, შემდეგ ჩემი ქალაქი და ჩემი ქვეყანა.   ჩემს თავს ვალდებულად  ვთვლი,  ბევრი რამ გავაკეთო  ჩემი  ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.  ერთ-ერთ გზად მიმაჩნია  უნიკალური დეკორაციული ჯიშის ვერცხლისფერი  ნაძვი, ეს ჯიში მე და გია დანელიამ გამოვიყვანეთ და გავამრავლეთ წლების წინ მისი უწმინდესობის თხოვნით. სულ  5 ათასი ძირი იყო, ისინი დაირგო   სიონის ეზოში, დენდროპარკში, თბილისის ზღვაზე და სხვადასხვა  ადგილებში.  ეს ნაძვი წითელ წიგნშია შეტანილი.  არსებობს ვერცხლისფერი ნაძვის სახეობა, რომელიც დროთა განმავლობაში ფერს  კარგავს. ჩვენ მოვნახეთ მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჩვენი გამოყვანილი ნაძვი სულ ვერცხლისფერია. გარდა ამისა, მას საოცარი თვისებები გააჩნია შთანთქვას ყველა იმ შხამს,  რაც კი არსებობს და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია და გამოყოფს  ფიტონციდებს,  რომელიც ხოცავს ტუბერკულიოზის ჩხირებს  და სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს. ჩემი მიზანია ვერცხლისფერი ნაძვის გავრცელება შევთავაზო მერიის ხელმძღვანელობას. მის გასამრავლებლად საჭიროა ორანჟეარეა, სადაც მოხდება დაკალმები და დაფესვიანება. მათი გაყიდვა  ძალიან შემოსავლიანი საქმე იქნება, რადგან ნაძვის ამ სახეობაზე  მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. თავის დროზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა  მოგვმართა  წერილით,  თქვენთან უნიკალური ნაძვის სახეობა შეუქმნიათ, იქნებ ერთი ეგზემპლიარი გვაჩუქოთო.   ჩვენ გავაკეთეთ  ნერგები, მე და თედო ჯაფარიძემ 200  ნერგი ჩავიტანეთ იტალიაში, დავრგეთ რომში, ამ  ადგილს თბილისის ხეივანი დაარქვეს. მე ვალდებული ვარ და დავდე პირობა, ეს ვაჩუქო ჩემს  ქალაქს და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული მავალდებულებს,  როგორც მეცნიერმა, მეტი სარგებელი მოვუტანო ჩემს ქალაქს ეკოლოგიური მიმართულებით  

მეცნიერული კარიერის მიღმა როგორ გაიარა თქვენმა ცხოვრებამ, რა  იყო თქვენი ყველაზე დიდი გატაცება? 

შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო და  არის მუსიკა. ვფიქრობ, რომ  ხელოვნების  გარეშე არ არსებობს მეცნიერება. მეცნიერება არის ბუნების მართვის ხელოვნება. არ არის აუცილებელი მუსიკალურ  ნაწარმოებებს ქმნიდე, თუ სიმღერა გესმის,  შინაგანად აღგაფრთოვანებს, ეს უფრო მეტი ხელოვნებაა, ვიდრე რაიმეს შექმნა. 

ჩემი აზრით,  ყველა დიდი მეცნიერის მოტივაცია  იყო ხელოვნება. ჩემთვის მუსიკა იყო ეს მოტივაცია. მე აღმოვაჩინე მუსიკალური კოდის პრინციპი. ყველა ცოცხალ არსებას აქვს თავისი მუსიკალური პარტიტურა, რასაც მუსიკალური კოდი დავარქვი. ამისი გაშიფვრა  70 -  იან წლებში, როდესაც სტუდენტი და ასპირანტი ვიყავი, შეუძლებელი იყო. მაშინ ამის გამო დამცინოდნენ კიდეც. მერე და მერე  დამტკიცდა, რომ მუსიკა უდიდესი ძალაა, მუსიკოთერაპია უკვე აღიარეს როგორც  განკურნების მძლავრი საშუალება.  მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ამერიკა, იაპონია  მილიარდობით  დოლარის დოტაციებს დებენ ამ საკითხის შესასწავლად. ახლა მე მიხდება ბრძოლა, რომ ამაზე ჩემი თეორია 20-30 წლით ადრე  არსებობდა, თუმცა მაშინ  ამ თემაზე ნამუშევრებს აქ არც კი მიბეჭდავნენ, ამას გადახვევად თვლიდნენ, უცხოეთში ვაგზავნიდი ჩემს პუბლიკაციებს და იქ  იბეჭდებოდა.

კომუნისტურ ეპოქაში, მაშინ როდესაც საბჭოთა მოქალაქისთვის  კაპიტალისტური ქვეყნები დაკეტილი იყო, თქვენ სამუშაოდ მიგიწვიეს ამერიკაში, როგორ მოახერხეთ ჩაკეტილი საბჭოთა სამყაროს გარღვევა? 

ამერიკაში 1976 – 77 წლებში სადოქტორო პროგრამაზე მუშაობის დროს  მომიხდა ყოფნა, მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მე თვითონ არ ვიცი და მიკვირს როგორ გამიშვეს ამერიკაში, მაშინ  მარტო სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში ვიყავი ნამყოფი ლექციების წასაკითხად. ცეკას მდივანი  ედუარდ შევარდნაძეც კი არ იყო მაშინ  ნამყოფი ამერიკაში. გეგმის მიხედვით  მარიკა ბარათაშვილის შვილი უნდა წასულიყო, მაგრამ მას რაღაც მოუხდა და ვერ წავიდა. მის მაგივრად აღმოვჩნდი მე, თუმცა სანამ მე და ჩემს მეუღლეს შვილი არ გვეყოლა, არ გამიშვეს,  შვილი „მძევლად“ ხომ უნდა დაეტოვებინათ (იცინის)

სხვათაშორის, ამერიკაში ჩემი ყოფნა დაემთხვა ამერიკის 200 წლისთავს, ამასთან დაკავშირებით ყველგან საინტერესო ღონისძიებები იმართებოდა. თავიდან ამერიკელები  დიდად არ მენდობოდნენ, ერთმა პირდაპირ  მკითხა, შენ  შპიონი ხომ არ ხარო? მერე გამიცნეს და შემიყვარეს. კარგად ვუკრავდი და ყველგან დამატარებდნენ, უჩემოდ ფეხს არსად დგამდნენ. თვითონ არც დაკვრა იცოდნენ, არც არაფერი. ერთ დღეს თეთრ სახლში ხუთჯერ ვარ შესული, თეთრ სახლში დავუკარი  როიალზე, რომელიც პრეზიდენტის  კაბინეტის წინ  დგას.   ამერიკის ღირსების ორდენი მაქვს მონიჭებული. მე შევხვდი წყალბადის ბომბის შექმნელს ედუარდ ტელერს, რომელიც ჩემამდე არც ერთ საბჭოთა მოქალაქეს არ იყო შეხვედრილი. ამერიკიდან ისეთი მაგარი ნოტები ჩამოვიტანე, ნაწილი ჩვენს ფილარმონიას გადავეცი. ისრაელოვმა მადლობა გადამიხადა, თქვენისთანა ხალხი რომ არ იყოს, ჩვენ ვერ განვავითარებდით მუსიკალურ ხელოვნებასო. 

ჩემი ამერიკაში ყოფნა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც კოსმოსში  „ჩაკრულო“ გაუშვეს. კოსმონავტი ნეილ  არმსტრონგი  პროფესორი იყო ინდიანას უნივერსიტეტში,  სადაც მე სტაჟირებას გავდიოდი. არმსტრონგის სკაფანდრთან ფოტოც  კი  მაქვს გადაღებული. ნასაში მაჩვენეს მასალა,  გავეცანი ყველა  დეტალს, თუ  როგორ იქნა გაშვებული „ჩაკრულო“  კოსმოსში.  დისკს ახლდა ინსტრუქცია, თუ იქ აღმოჩნდებოდა ვინმე მოაზროვე, ინსტრუქცია უნდა წაეკითხა. სხვათაშორის, როგორც მახსოვს  2024 წელს გადის ვადა იმ დისკს, რომელიც  გაიგზავნა კოსმოსში, მომავალ წელს ეს დისკი კოსმოსში დაიშლება.  

2024 წელს გასდის ვადა,  კოსმოსში დაიშლება დისკი,  რომელზეც   „ჩაკრულოა“ ჩაწერილი

არის რამე წარსულიდან რაზეც სინანული გაქვთ?

რომ არა საბჭოთა რეჟიმის დროს არსებული შიში და აკრძალვები, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. შემდეგ იყო 90 იანი წლების არეულობა, ფაქტიურად დაკარგული წლები, როდესაც  მოხდა მთელი ჩვენი საზოგადოების გაძარცვა, თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება, ალბათ, ეს ასე უნდა მომხდარიყო. მე მჯერა, რომ ღმერთი  სხვა გზით აუნაზღაურებს ჩვენს  ქვეყანას იმ დაკარგულ წლებს.

საბედნიეროდ, საინტერესო ცხოვრება გავიარე. შევხვდი ბევრ ლეგენდარულ ადამიანს, დამრჩა ბევრი ძვირფასი მოგონება, მათ შორის არის შეხვედრა გალაკტიონთან. ის მამამ გამაცნო, ისინი ერთ პერიოდში იწვნენ  „ ლეჩკომბინატში“. როდესაც  მამამ გალაკტიონს დედა წარუდგინა და უთხრა, ეს ჩემი მეუღლეა, მერიო, გალაკტიონს თვალებში ცრემლი მოადგა. მერე  ჩემი თავი გააცნო, ვეფხვივით ბიჭიაო - უთხრა მამას, გადამეხვია და მომეფერა, ჩემი საყვარელი პოეტი აკაკი წერეთელიაო, ესეც კი მითხრა. მამამ ბევრი ანეგდოტები იცოდა, უყვებოდა გალაკტიონს, ერთად  ბევრს იცინოდნენ. მამა გამოეწერა საავადმყოფოდან და მეორე დღეს  გალაკტიონი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა. მე-4  ან  მე- 5 კლასელი ვიყავი,  მაგრამ ჩვენი  ხანმოკლე ურთიერთობის  ყველა დეტალი  მახსოვს, ეს შეხვედრა ჩემს მეხსიერებაში  მკაფიოდ არის ჩაბეჭდილი.  

თამარ ნიჟარაძე      

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way