USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
რა წერია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის 25-პუნქტიან რეზოლუციაში
дата:  148

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ“. თავდაპირველად წარდგენილი იყო 7 პროექტი, თუმცა დეპუტატებმა ერთ, შეჯერებულ ვარიანტს უყარეს კენჭი.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 495-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 73, ხოლო თავი შეიკავა 86-მა.

რეზოლუციაში დაგმობილია რუსული და ჰომოფობიური კანონები, რომლებსაც დეპუტატები ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოდ აფასებენ და მიუთითებენ, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებთან, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანამ ეს კანონმდებლობები არ გაუქმდება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში პროგრესი ვერ მიიღწევა.

25-პუნქტიანი რეზოლუციით ევროპარლამენტი:

გამოხატავს წუხილს, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც ჩემპიონი იყო ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიულ პროგრესში, დიდი ხანია, რაც სწრაფ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის;

მოუწოდებს კომისიასა და მის წევრ სახელმწიფოებს, გამოიძიონ დემოკრატიული უკუსვლის ის შედეგები, რომლებიც ამ კანონებს აქვთ მათი, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მიაწოდოს შესაძლო გავლენაზე ინფორმაცია მთავრობასა და პარლამენტს; მოუწოდებს, რომ EU-ის ყველა დაფინანსება, რაც გამოყოფილია საქართველოს მთავრობისთვის, გაიყინოს მანამ, სანამ ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონები არ გაუქმდება და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის სამომავლო დაფინანსების გაცემაზე;

გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების კლიმატზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმით; გმობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ლიდერების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციის „კრიმინალური პოლიტიკური ძალის“ მოხსენიებასთან დაკავშირებით; აღნიშნავს, რომ მსგავსი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესსა და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობს შიშის დათესვას.

ამასთან, ევროპარლამენტი გმობს „ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისსა და კიდევ ერთ მცდელობაში, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორიენტაციას რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ“; იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ „დააწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის“;

რეზოლუციას კენჭისყრამდე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც მას „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“ უწოდა. მისთვის აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვენ.

პაპუაშვილისთვის ასევე მიუღებელი და „სამარცხვინოა“ რეზოლუციაში ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული მიზნით უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.

შალვა პაპუაშვილი ამაზრზენსა და სკანდალურს უწოდებს, ასევე, „საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებულ მოთხოვნას, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების შესახებ“.

25-პუნქტიანი რეზოლუციით ევროპარლამენტი:

  1. გამოხატავს წუხილს, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც ჩემპიონი იყო ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და დემოკრატიულ პროგრესში, დიდი ხანია, რაც სწრაფ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის;
  2. მოუწოდებს კომისიასა და მის წევრ სახელმწიფოებს, გამოიძიონ დემოკრატიული უკუსვლის ის შედეგები, რომლებიც ამ კანონებს აქვთ მათი, როგორც დონორის როლზე საქართველოში და მიაწოდოს შესაძლო გავლენაზე ინფორმაცია მთავრობასა და პარლამენტს; მოუწოდებს, რომ EU-ის ყველა დაფინანსება, რაც გამოყოფილია საქართველოს მთავრობისთვის, გაიყინოს, მანამ, სანამ ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონები არ გაუქმდება და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის სამომავლო დაფინანსების გაცემაზე;
  3. გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების კლიმატზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმით; გმობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ლიდერების განცხადებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვასა და ოპოზიციის „კრიმინალური პოლიტიკური ძალის” მოხსენიებასთან დაკავშირებით; აღნიშნავს, რომ მსგავსი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესსა და გამოხატვის თავისუფლებას, და ხელს უწყობს შიშის გარემოს;
  4. მოუწოდებს, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის სრულფასოვან გამოძიებას;
  5. იმეორებს კომისიის მიმართ მოწოდებას, რომ შეაფასოს, რა გავლენას ახდენს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” და “ოჯახური ღირებულებების” კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა ცვლილებები ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე ზოგადად და არჩევნების ჩატარებაზე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად, რა გავლენას ახდენს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების მუდმივ შესრულებაზე, კონკრეტულად ფუნდამენტური უფლებების ჭრილში, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის არსებითი კომპონენტია;
  6. იმეორებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, რომ იცხოვრონ წარმატებულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მოტივირებული იყო სურვილით, რომ აღიარებულიყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევები და დემოკრატიული ძალისხმევა, ასევე, ევროკავშირში გაწევრების მიმართ მოქალაქეების აბსოლუტური მხარდაჭერა; მიესალმება იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დემოკრატიისა და პროევროპულ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გასწია;
  7. გმობს ქართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ როლს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისა და კიდევ ერთ მცდელობაში, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ორიენტაციას რუსეთისკენ მიბრუნების სასარგებლოდ; იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ დააწესოს დაუყოვნებლივი და მიზნობრივი პერსონალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის;
  8. მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს და დაუწესოს პერსონალური სანქციები ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ვინც მონაწილეობდა პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობაში და ვინც ავრცელებდა ანტიდასავლურ დეზინფორმაციას. მიესალმება აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სანქციებს;
  9. გამოხატავს შეშფოთებას იმ ფაქტის მიმართ, რომ ბოლო დროს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები, რაც პარლამენტში „ქართული ოცნების” უმრავლესობამ მიიღო, ღალატობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებს, რომ იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელონ დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, ჰქონდეთ ახლო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და იყვნენ ერთგულნი ევროკავშირში გაწევრების მიმართ;
  10. ხაზს უსვამს, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი აქციების ჩატარების უფლებები ფუნდამენტური თავისუფლებებია და პატივცემული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომლისაც EU-ში გაწევრება სურს;
  11. ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიერ “watchdog” (მოდარაჯე ძაღლის) როლის განხორციელება არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებულ რეფორმებში წინსვლისთვის; შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა უზრუნველყონ გარემო, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია განვითარდება;
  12. იხსენებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა იმ გაგებით, რომ შესრულდებოდა შესაბამისი ნაბიჯები; ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროს მიღებული კანონები ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და მან საქართველოს EU-ში ინტეგრაცია ფაქტობრივად შეაჩერა;
  13. იმეორებს მოწოდებას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ, რომ შეახსენოს საქართველოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, ღირებულებები და პრინციპები, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შემოტანის დროს;
  14. იმეორებს იმ ხელშესახებ შესაძლებლობებს, რომელსაც საქართველო მიიღებს როგორც კი დაიწყება გაწევრების მოლაპარაკებები, მათ შორისაა გაწევრების წინა პერიოდის დახმარება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების სტანდარტს, ასევე მხარს დაუჭერს მის ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებს;
  15. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გარანტირებული იქნება გამჭვირვალობა, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც შეესაბამება ხალხის დემოკრატიულ ნებას; ითხოვს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამჯდარი პრაქტიკის გაუქმებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რომ არჩევნებში მონაწილე სადამკვირვებლო სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს დაუბრკოლებლად დაკვირვება და არ ჩაერიოს მათ საქმიანობაში;
  16. იზიარებს შეშფოთებას, რომელიც ვენეციის კომისიამ გამოხატა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო; ეთანხმება, რომ საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოხდეს დაინტერესებულ მხარეების აღქმებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის ნდობაზე, მიუკერძოებლობასა და სამართლიანობაზე;
  17. გამოხატავს შეშფოთებას ქართული დიასპორის მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ უმრავლესობას ერთმევა ხმის მიცემის უფლება; ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ მთავრობა დაბრკოლებებს უქმნის 30 არასამთავრობო ორგანიზაციის კოალიციას და „საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” მათ ძალისხმევაში, რომ წარმართონ „წადი არჩევნებზე” კამპანია; ამას მიიჩნევს ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრის მცდელობად;
  18. მიუთითებს, რომ უარყოფითი საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, რაც მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმურობას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა “რეკომენდაცია”, რომ გაეუქმებინა მისი 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რითაც „საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველო” „საარჩევნო მიზნების მქონე” ორგანიზაციაც გამოცხადდა. ბიურომ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო, თუმცა ასე რომ არ მომხდარიყო, საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ სამოქალაქო ორგანიზაციის წაართმევდა უცხოური დაფინანსების მიღებაზე წვდომას, ასევე გაზრდიდა შეშფოთებას ანტიკორუფციული ბიუროს ნეიტრალურობის შესახებ;
  19. გმობს „ქართული ოცნების” მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ძალადობრივი ფოტოების საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნებით გამოყენებას; ასევე მათ კამპანიაში პრორუსულ და ანტიუკრაინულ განწყობებს;
  20. „ქართული ოცნებისგან” ელის, მოახლოებულ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნებისა და თავისუფალი არჩევანის მიმართ პატივისცემას და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის უზრუნველყოფას; მოუწოდებს „ქართულ ოცნებას” და მის ლიდერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დაკავებები და ზეწოლა, რასაც ახორციელებენ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;
  21. გამოხატავს რწმენას, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს სამომავლო დემოკრატიულ განვითარებასა და გეოპოლიტიკურ არჩევანში; ასევე, მის შესაძლებლობაში მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაში; აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია მოხდეს ახალგაზრდა თაობის ლიდერებით, რაც გამოიხატა უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ სპონტანურ პროტესტებში;
  22. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში გაზრდილ რუსულ გავლენაზე, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილ იმიგრაციაზე, გაზრდილ სავაჭრო კავშირებზე რუსეთთან და საქართველოს მზადყოფნაზე, რომ გააგრძელოს რუსეთთან შერიგება უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს მის ვალდებულებას, სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ ეფექტური ზომების გატარების შესახებ; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სრულიად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ;
  23. მტკიცედ იმეორებს მოწოდებას ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლების შესახებ, რათა მან საზღვარგარეთ მიიღოს სამედიცინო მკურნალობა; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისადმი;
  24. მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააუარესა ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის საბჭოთა პერიოდის არქივებზე, მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის რეგულაციის გამოყენებით, რათა არამართებულად დაესაბუთებინათ არქივზე წვდომის დრაკონული შეზღუდვები; ამასთან, საქართველოს მნიშვნელოვანი საბჭოთა პერიოდის არქივები 2023 წლის ოქტომბრიდან სრულად არის დახურული ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მიუთითებს რუსეთის მიერ ისტორიის, მათ შორის საბჭოთა ისტორიის მანიპულაციასა და გაყალბებაზე, რაც უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომისა და სხვა ქვეყნების მიმართ მისი სამხედრო მუქარების ნაწილია; სწუხს საქართველოში სტალინის კულტისა და მასთან დაკავშირებულ საბჭოთა ნოსტალგიის ზრდაზე, რაც მხარდაჭერილია მთავრობის მიერ, რაც ხაზს უსვამს მათ მჭიდრო კავშირს რუსეთთან.
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати