USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
„რა დევს სასწორზე თურქეთის არჩევნებში“ - «Reuters» (დიდი ბრიტანეთი)
дата:  235

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა დევს სასწორზე თურქეთის არჩევნებში“ (ავტორი - დომინიკ ევანსი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი მეტოქეების გამარჯვების შანსები. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ პერსპექტივას - აირჩევენ თუ არა თურქები მას ისევ ქვეყნის მეთაურად?

 გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენიმე დღის შემდეგ თავის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გამოწვევის წინაშე დადგება, როცა თურქები საარჩევნო ურნებთან მივლენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატისათვის ხმის მისაცემად, ოპოზიცია კი იგრძნობს, რომ მისთვის საუკეთესო შანსი დგება დაასრულოს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერისა და თვითონ პარტიის მმართველობაც.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 14 მაისს უნდა გაიმართოს (სავარაუდო მეორე ტური - 28 მაისს) გადაწყვეტს არა მხოლოდ იმ საკითხს, თუ ვინ იქნება თურქეთის სახელმწიფოს მეთაური, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს მისი ეკონომიკა და როგორი უნდა იყოს თურქეთის საგარეო პოლიტიკა.

რეჯეფ ერდოღანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ყველაზე ხანგრძლივ მმართველს წარმოადგენს, საშინაო პოლიტიკაში მხარს უჭერს რელიგიურობას (ღვთისმოსაობას) და დაბალ გადასახადებს, საგარეო პოლიტიკაში - განამტკიცებს თურქეთის გავლენას რეგიონში, ასუსტებს ნატოსთან და დასავლეთთან კავშირებს.

თურქეთში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სამი თვის წინ მომხდარი მიწისძვრის კატასტროფული შედეგების ფონზე - სტიქიამ 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

რეჯეფ ერდოღანის მთავარი მეტოქეს წარმოადგენს ქემალ ქილიჩდაროღლუ, საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც მხარს უჭერს ექვსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ალიანსი

ბედისწერა თურქეთისათვის...

რეჯეფ ერდოღანი თურქეთის ყველაზე უძლიერესი ლიდერია მუსტაფა ქემალ ათა-თურქის („თურქთა მამის“) შემდეგ, რომელმაც ასი წლის წინათ თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა შექმნა, მაგრამ რომლის საერო კურსი რეჯეფ ერდოღანმა და მისმა ისლამურმა პარტიამ „გვერდზე გასწია“.

რეჯეფ ერდოღანმა ხელისუფლების ცენტრალიზება განახორციელა და ყველაფერი დაუქვემდებარა პრეზიდენტს, ანუ თვითონ გახდა უზენაესი ლიდერი და ანკარის გარეუბანში მდებარე თავისი 1000-ოთახიანი სასახლიდან განსაზღვრავს თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს, მის ეკონომიკასა და უსაფრთხოების საკითხებს.

რეჯეფ ერდოღანის კრიტიკოსების თქმით, მისი ხელისუფლება ახშობს განსხვავებულ აზრს და ზღუდავს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს, მან ქვეყნის სასამართლო  სისტემა მთლიანად თავის ხელში მოაქცია და ამით არღვევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.  ხელისუფლების განცხადებით კი, მის უპირველეს საზრუნავს სწორედ მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხო ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც ნათლად გამოვლინდა 2016 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს - რეჯეფ ერდოღანმა თურქული საზოგადოება საშინელი პერსპექტივისაგან იხსნა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ რეჯეფ ერდოღანის მოწოდებებმა დაბალი გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების შემოღების თაობაზე ქვეყანაში ინფლაციის ზრდა გამოიწვია, რომელიც გასულ წელს  24-წლიან მაქსიმუმს - 85%-ს მიაღწია, ხოლო ეროვნული ვალუტის - ლირის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის ათჯერ შემცირდა.

... და დანარჩენი მსოფლიოსათვის

რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს გაძლიერდა თურქეთის სამხედრო გავლენა ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთაც. თურქეთის არმია ოთხჯერ შეიჭრა სირიაში და ორჯერ ერაყში (ქურთ ამბოხებულთა და ტერორისტთა დევნის მიზნით), უწევდა სამხედრო დახმარებას ლიბიას და აზერბაიჯანს.

თურქეთმა ასევე გადაიტანა (პირდაპირი და არაპირდაპირი სახით) დიპლომატიური გართულებების სერია როგორც რეგიონულ სახელმწიფოებთან - საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან  და ისრაელთან, ასევე თავის ძველ მეტოქესთან - საბერძნეთთან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (საზღვრების გამო) და არ შეუცვლია კურსი კვიპროსთან დაკავშირებით.

რეჯეფ ერდოღანმა პრინციპულობა გამოიჩინა და რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 შეიძინა, რის გამოც აშშ-მა თურქეტს სანქციები გამოუცხადა. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანი დაუახლოვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პურინს, რის გამოც კრიტიკოსებმა ეჭვი შეიტანეს მის ერთგულებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. თურქეთის გაბედულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღების თაობაზე ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი დაძაბულობა გამოიწვია.

პარალელურად თურქეთი შუამავლად გამოვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის „ხორბლის ექსპორტთან“ დაკავშირებით, რითაც ხაზი გაესვა რეჯეფ ერდოღანის პოტენციურ როლს ომის შეწყვეტის საკითხში.

დიახ, თურქეთის ლიდერმა საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი მოიპოვა. გაურკვეველია, ასეთივე ავტორიტეტი ექნება თუ არა მის სავარაუდო „მემკვიდრეს“ და ამიტომ ეს ფაქტორი, ალბათ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.

რას პირდება ხალხს ოპოზიცია?

ორი ძირითადი ოპოზიციური ძალა - საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტია და მემარჯვენე ცენტრისტული „კარგი“ პარტია, პლატფორმის სახით, გაერთიანდნენ დანარჩენ შედარებით ოთხ სუსტ პარტიასთან, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ კურსში ბევრი მომენტის შეცვლა სურთ. მაგალითად, ისინი ამომრჩევლებს პირდებიან, რომ აღადგენენ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას საფინანსო სფეროში და მთლიანად შეცვლიან რეჯეფ ერდოღანის ნეორთოდოქსალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ოპოზიცია მოსახლეობას პირდება, რომ საპრეზიდენტო მართვის სისტემას გააუქმებს და თურქეთს საპარლამენტო მართვის სისტემას დაუბრუნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია უკან, სირიაში დააბრუნებს მილიონობით ლტოლვილს.

რეჯეფ ერდოღანის მოწინააღმდეგეები ასევე პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ თურქეთის ურთიერთობას დასავლეთთან, აშშ-სა და ნატოსსხვა ქვეყნების ჩათვლით, დააბრუნებენ თურქეთს ამერიკული თვითმფრინავის F-35-ის წარმოების პროგრამაში. როგორც ცნობილია, თურქეთის მონაწილეობა პროგრამაში აშშ-მა იმიტომ დაბლოკა, რომ ანკარამ რუსული რაკეტები იყიდა.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ის პოლიტიკური კურსი, რომლის რეალიზებას ოპოზიცია აცხადებს, ხელს შეუწყობს თურქეთში უცხოური ინვესტიციების მიზიდვას.

რეჯეფ ერდოღანი მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დამხობის იდეას, ამ მიზნით თანამშრომლობდა სირიის ოპოზიციასთან, მიიღო 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ თურქმა ლიდერმა არასწორად გათვალა - ბასარ ასადი ისევ ხელისუფლებაშია, იგი ავტორიტეტს იმტკიცებს და იბრუნებს თავის ადგილს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, საიდანაც ადრე გარიცხეს... მილიონობით სირიელი ლტოლვილი კი თურქეთისათვის სულ უფრო არასასურველი სტუმრებად იქცნენ. რეჯეფ ერდოღანი, თურქეთის მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ლტოლვილების უკან, სირიაში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ... ამ გადაწყვეტილები შესრულება ძნელია და თითქმის შეუძლებელიც.  ოპოზიციამ მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას სირიელების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ არც მთავრობას და არც ოპოზიციას ჯერ-ჯერობით არ შეუმუშავებია გეგმა, თუ როგორ უსაფრთხოდ შეიძლება განხორციელდეს „დაბრუნების ოპერაცია“ - ბაშარ ასადს ნამდვილად არ სურს ლტოლვილების უკან მიღება  და არც თვითონ ლტოლვილები არ არიან ამისთვის განწყობილნი.

რამდენად რეალურია პრეზიდენტობის კანდიდატთა შანსები?

ბოლო გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუ რეიტინგით რეჯეფ ერდოღანს წინ უსწრებს. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი დაქვეითდა ცხოვრების გაძვირების გამო, მაღალმა ინფლაციიის წყალობით. ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია.

მაგრამ არც რეჯეფ ერდოღანი ზის გულზე ხელდაკრეფილი. მართალია, მისი პოზიციები შელახულია, მაგრამ კიდევ აქვს შანსები იმისა, რომ მმართველობა გაიხანგრძლივოს. სავარაუდოდ, რეჯეფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. როგორც მიწისძვრის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, პრეზიდენტმა, ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად („უხარისხო და უკონტროლო მშენებლობა“), ამომრჩევლებში რეჯეფ ერდოღანმა გარკვეული მხარდაჭერა შეინარჩუნა.

დღეისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე საკითხად რჩება ის, თუ ვის დაუჭერს მხარს  ქურთი ამომრჩეველი, რომელიც თურქეთის მთლიანი ელექტორატის 15%-ს შეადგენს.

მართალია, პროქურთული სახალხო-დემოკრატიული პარტია არ შედის ოპოზიციურ ალიანსში, მაგრამ ის მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს ბოლო წლებში ქურთების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაფართოების გამო.

წყარო: https://www.reuters.com/world/middle-east/whats-stake-turkeys-landmark-elections-2023-05-08/

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати