USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
BMG: რა დაუჯდა ბიუჯეტს "რიყის დოქების" აშენება, რომელსაც კერძო ინვესტორი დაანგრევს
Date:  717

დღეს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის პარკში 14,591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ე.წ. "დოქები" დემონტაჟს დაექვემდებარება. ამასთან, კობახიძემ ობიექტს "სიმახინჯე" უწოდა.

ობიექტს სანამ ხალხის მიერ "რიყის დოქები" შეერქმეოდა, იქამდე ის მუსიკალური ცენტრისა და საგამოფენო დარბაზის სახელით შენდებოდა. მისი პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, სამშენებლო ხელშეკრულება კი 2011 წლის სექტემბერში, თბილისის მერიის დაქვემდებარებულ "თბილისის განვითარების ფონდსა" და სამშენებლო კომპანია NCC-ს შორის გაფორმდა. აღნიშნულ პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პროექტის მთლიანი ღირებულება 89 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი მშენებლობა შეწყდა, ობიექტი კი დაკონსერვდა. მასზე ფაქტობრივად დახარჯული თანხა 75 მილიონ ლარამდეა.

მასიმილიანო ფუქსასი არქიტექტურული ბიუროს ვებგვერდის თანახმად, ორი "დოქიდან" ძირითადი "დოქი" დაპროექტდა როგორც საკონცერტო დარბაზი, ხოლო მეორე როგორც "საგამოფენო ცენტრი".

დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში ობიექტის დასრულებაზე უარი ითქვა და ის ნახევრად დასრულებული ფორმით დაკონსერვდა. შემდგომ წლებში კი საუბარი იყო მისი მშენებლობის განახლებაზე და მისთვის საგამოფენო ცენტრის მიცემაზე, შემდეგ კი კახა კალაძის მერობის პერიოდში მისი პრივატიზება გადაწყდა. ობიექტი გასაყიდად გამოიტანეს და 2020 წელს მისი საწყისი ფასი 96 მილიონი ლარი იყო. აუქციონი ჩაიშალა ექვსჯერ, ხოლო მეშვიდეჯერ, 2022 წლის მარტში ის ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა 10 მილიონ ლარად შეიძინა. ობიექტს მოჰყვა საინვესტიციო ვალდებულება 20 მილიონი ლარის ოდენობით.

დავით ხიდაშელი ვალდებული იყო 36 თვის ვადაში ადგილზე არსებულ ნაგებობაში მოეწყო - ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები.

შესაბამისად, ხიდაშელს 3 წელი ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, თუმცა აღნიშნული პროექტი უნდა განხორციელებულიყო იმ ნაგებობაში, რომელიც მასიმილიანო ფუქსასის მიერ დაპროექტდა.

ობიექტის განვითარებისთვის დავით ხიდაშელს ინვესტიციები არ განუხორციელებია და ობიექტი ბოლო 3 წლის განმავლობაში კვლავინდებურად მიტოვებული დარჩა. რიყის პარკში მოსიარულე ტურისტები მის წინ ფოტოებს იღებდნენ და პერიოდულად კარის გაღებასაც ცდილობდნენ. 2025 წლის იანვარში კი ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის 3-წლიანი საინვესტიციო ვადის ამოწურვის წინ, მან ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელია კომპანია "რიყე დომ", რომელიც 2025 წლის 25 აპრილს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ის მფლობელია ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი. ნასყიდობის ხელშეკრულებით "რიყე დომზე" გადავიდა საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაც რაც 20 მილიონი ლარის ინვესტიციით ადგილზე საგამოფენო ცენტრის მოწყობას ითვალისწინებდა.

თუმცა, 2025 წლის 6 მაისს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლითაც საპრივატიზაციო ვალდებულება შეიცვალა. ობიექტის სამომავლო დანიშნულებების ჩამონათვალს დაემატა სასტუმროს მოწყობაც, ამასთან, შესაძლებელი გახდა მასიმილიანო ფუქსასის ნაგებობის დემონტაჟი და 14,591 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ახალი ობიექტის მშენებლობა.

ჯერჯერობით ახალ კერძო ინვესტორს არ წარუდგენია პროექტი რა სახით იგეგმება რიყის პარკში მდებარე მიწის ნაკვეთის განვითარება, რამდენსართულიანი იქნება ახალი სასტუმრო, რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება მასში და რომელი ბრენდის სახელით მოხდება მისი ოპერირება.

წყარო:https://bm.ge/

a

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way