USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
WHO ქვეყნებს “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდებს
дата:  521

ქვეყნებმა არ უნდა შეაჩერონ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება თრომბის განვითარებას ვაქცინაციას შორის კავშირის შიშით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს — ასეთია “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” პოზიცია ხსენებული ვაქცინის გარშემო ბოლო დროს გაჩენილ კითხვებზე.

“ასტრაზენეკას” გამოყენებით ვაქცინაციის პროცესი ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დროებით შეაჩერა, თუმცა რამდენიმე მსხვილმა ორგანიზაციამ და თავად მწარმოებელმა კომპანიამ აღნიშნულის საჭიროება გამორიცხეს.

რატომ გაჩნდა კითხვები

“ასტრაზენეკას” ვაქცინის გარშემო კითხვები კვლავ გაჩნდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიაში  აღნიშნული ვაქცინით აცრილ რამდენიმე ადამიანს თრომბი განუვითარდა, 1 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. ასე გახდა დანია პირველი ქვეყანა, რომელმაც “ასტრაზენეკას” გამოყენება 14 დღით, გამოძიების დასრულებამდე დროებით შეაჩერა.

CNN-ის ცნობით, დანიის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ნორვეგიამ და ისლანდიამაც მიიღეს. ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი ასევე იუწყებოდა ვაქცინაციის შემდეგ თრომბის განვითარების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, თუმცა ასევე დაამატა რომ:

“[ეს მოხდა] ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებში, რომელთა შემთხვევაშიც ხშირია სხვა სახის დაავადებებიც”.

“არ დადებულა დასკვნა, რომ არსებობს კავშირი ვაქცინაციასა და დანიაში მომხდარ ინციდენტს შორის, მაგრამ პრევენციისთვის ვარჩიეთ, შევაჩეროთ “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი, სანამ გამოძიება დასრულდება”, — აღნიშნეს ინსტიტუტში.

“ასტრაზენეკასთან” მიმართებით გარკვეული ზომები ავსტრიამ და იტალიამაც მიიღეს. ამ ფონზე, ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა შეცვალა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აცრა საჯაროდ უნდა გაეკეთებინა. 13 მარტს აღნიშნული ვაქცინის გამოყენება ბულგარეთმაც შეაჩერა.

სხვა დიდმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, მექსიკამ და ნიგერიამ ჩვეულებრივ განაგრძეს “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესი.

თავად მწარმოებელი კომპანია აღნიშნავს, რომ არ არსებობს თრომბის განვითარების მომეტებული რისკის მტკიცებულება ვაქცინით აცრილთა შორის.

როგორია WHO-ს, EMA-სა და სხვების პოზიცია

“ასტრაზენეკასთან” დაკავშირებით გაჩენილი კითხვებით “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც”(WHO) დაინტერესდა და მისი შესაბამისი დეპარტამენტი უკვე სწავლობს ხსენებულ ცნობებს.

თუმცა, როგორც ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა, “ასტრაზენეკა შესანიშნავი ვაქცინაა” და არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი მასსა და ჯანმრთელობის ზემოხსენებულ პრობლემებს შორის.

“ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ დიახ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება”, — აღნიშნა მან.

ჰარისმა ასევე თქვა, რომ ორგანიზაციას ჯერ არ გამოუვლენია გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციასთან იყო დაკავშირებული.

სახელმწიფოებს “ასტრაზენეკას” გამოყენების შეჩერებას არც “ევროპის მედიკამენტების სააგენტო”(EMA) ურჩევს. ორგანიზაცია დასძენს, რომ არ გამოვლენილა ნიშანი, რომელიც ვაქცინასა და მისი გამოყენებით აცრილ ადამიანთა შორის თრომბის განვითარებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

“ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და თრომბოემბოლიური შემთხვევების გამოძიების პროცესში მისი ადმინისტრირერების გაგრძელება შესაძლებელია”, — დასძენს EMA.

ხსენებულ ორგანიზაციებს ეთანხმება დიდი ბრიტანეთის “მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოც”(MHRA). უწყების თქმით, “ასტრაზენეკა” კვლავ უსაფრთხოა და ადამიანებმა უნდა განაგრძონ აცრა.

ამავე პოზიციაზეა გერმანიაც: ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ თრომბის განვითარების შემთხვევებსა და ვაქცინაციას შორის პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს.

“რეალურად, დაკვირვებებით ასეთი ტიპის მოვლენების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლებია ვაქცინირებულებში, ვიდრე, მოლოდინის თანახმად, იქნებოდა ზოგადად მოსახლეობაში”, — აღნიშნავს “ასტრაზენეკა”.

“ასტრაზენეკა” — რას წარმოადგენს ის

თებერვალში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინის ეფექტურობა COVID-19-ის სიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ 76%-ს შეადგენს პირველი დოზით აცრის შემდეგ. 12 კვირის ან მეტი ხნის შემდეგ მეორე დოზით აცრის შემდეგ ეფექტურობა 82%-მდე იზრდება.

აღნიშნული ვაქცინის პოპულარობას განაპირობებს როგორც მისი სიიაფე, ისე მასობრივი წარმოება და შენახვის მარტივი სტანდარტები. თუმცა “ასტრაზენეკას”  გარშემო ბოლო კვირებში არაერთი კითხვა გაჩნდა, ერთი მხრივ, COVID-19-ის ახალი ვარიანტების მიმართ ეფექტურობის, მეორე მხრივ კი 65+ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების მიზანშეწონილობის კუთხით.

გასულ თვეში ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ასტრაზენეკას” ვაქცინას მხოლოდ 65 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში გაუწიეს რეკომენდაცია, რაც იმით აიხსნა, რომ მწარმოებლის მიერ ჩატარებულ კვლევებში 65+ ადამიანების საკმარისი ოდენობა არ მონაწილეობდა. შესაბამისად, სახელმწიფოები მონაცემთა ნაკლებობაზე ჩიოდნენ.

WHO-მ სკეპტიციზმი არ გაიზიარა და “ასტრაზენეკას” გამოყენების რეკომენდაცია ყველა ასაკობრივ ჯგუფთან მიმართებით გასცა. ორგანიზაციამ დასძინა, რომ არსებული მტკიცებულებები იძლევა აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველს.

ამავე პერიოდში ასევე გაჩნდა კითხვები კოვიდის სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შემთხვევაში “ასტრაზენეკას” ეფექტურობის კუთხით. კერძოდ, მისი ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ვირუსის ამ ვარიანტის მსუბუქი შემთხვევებისას, რის გამოც ქვეყანაში მისი გამოყენება შეწყვიტეს. მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, რომ ამ კუთხით ვაქცინის გასაუმჯობესებლად მუშაობენ და პროცესი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დასრულდება.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს: EMA-ს განცხადებით, შეზღუდული ოდენობის შემთხვევებში ძლიერი ალერგიული რეაქციები აღინიშნა, როგორც “ასტრაზენეკას” ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა შესაძლო ანაფლაქსიის 41 შემთხვევა.

რას ამბობენ საქართველოში, სადაც ასტრაზენეკას პირველი დოზები მიიღეს

“ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 საქართველოში 13 მარტს შემოვიდა.

ამავე დღეს გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, “ასტრაზენეკას” გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზეც ჰკითხეს. მისი თქმით, ქვეყანას ჰქონდა კომუნიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ვაქცინიის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

“მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ ვაქცინებს, ყველას აქვს სერიული ნომერი. საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს „ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, საქართველოც შეაჩერებს მას. ამ ეტაპისთვის ეს რისკებიც არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან და სანდოობასთან დაკავშირებით არ არსებობს“, — განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესისთვის საქართველოში 82 ამცრელი ცენტრია გამზადებული.

მისი თქმით, ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს, აფინანსებს სახელმწიფო.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, სამედიცინო მუშაკების შემდეგ მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი პერსონალი უნდა აცრან, რასაც მოსდევს ასაკობრივი კატეგორიები და ძირითადი სერვისების მიმწოდებელი პირები.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати