USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Тбилиси
ქალი რესპუბლიკის სიმბოლოდ - საქართველო 1918-1921 წლები
дата:  3197
ქართული საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო. პირველი მარკა 1919 წლის 26 მაისს გამოვიდა. 1920 წელს გამოვიდა მარკების სერია რომელიც ფილატელისტების სამყაროში - საქართველის მეფე თამარის მარკის სახელითაა ცნობილი.
 
მაშინ და დღესაც სურათზე გამოსახული ქალი ზოგს  წმ. ნინო, ზოგს კი თამარ მეფე ეგონა. სინამდვილეში კი იგი იყო “ქალბატონი საქართველო” - ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო 1918-1921 წლებში, რომელიც განასახიერებდა მებრძოლ საქართველოს. მას ერთ ხელში შუბი, მეორეში კი ფარი ეჭირა.
 
“ქალბატონ საქართველოს” ხშირად ნახავდით მაშინდელ აღლუმებზე, სხვადასხვა ღონისძიებებზე. იგი გამოსახული იყო ფულზეც.
 
დამოუკიდებელი საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ქალებთა და მამაკაცთა უფლებები გათანაბრდა. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე სწორედ საქართველოში მიიღეს ქალებმა როგორც საარჩევნო ხმის უფლება, ასევე უფლება ყოფილიყვნენ არჩეულნი.
 

1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრებაში  5 ქალი დეპუტატი იყო

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მომდევნო წლებში რეპრესიებს ემსხვერპლნენ მისი ქმარი და შვილები, თავად მინადორა კი მრავალგზის გადაასახლეს. მხოლოდ 1950 წელს მიეცა თბილისში დაბრუნების საშუალება. რეაბილიტირებულია 1956 წელს.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

1902 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფი (რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ელეონორა) რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. ამის გამო 1908 წელს პირველად დააპატიმრეს. 1917 წლამდე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული.

1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში. 1924 წლის აჯანყების შემდეგ აქტიურობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში. 1925 წელს აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში.

საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ქრისტინე შარაშიძე

იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი 1905 წლიდან. აქტიურად მონაწილეობდა 1905-1906 წლებში ტფილისში რევოლუციურ გამოსვლებში; ამზადებდა საგაზეთო ინფორმაციებს; 1905 წლის ნოემბერში, ტფილისში სომეხ-თათართა შეტაკებების განმუხტვისას მონაწილეობდა ე.წ. მფრინავ რაზმში, რომელიც სამედიცინო დახმარებას უწევდა დაშავებულებს.

1917 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის და თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.

1919 წელს არჩეული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით; შედიოდა პრეზიდიუმის სამდივნოში, ასევე იყო საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიის წევრი.

ანა სოლოღაშვილი

1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

1937 წელს დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. ტროიკა), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და "შოვინისტური" განწყობების, ასევე "მენშევიკთა" ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე

1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო მენშევიკებს. 1907 წელს გურიის პარტიულმა ორგანიზაციებმა აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიიის კომიტეტის წევრად. 1907 წელს გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ ლიზა ნაკაშიძე გაძევებული იყო ამიერკავკასიის ფარგლებიდან. დაბრუნდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ.

1917 წლის 20 მარტს ლიზა ნაკაშიძე აირჩიეს გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ.1918 წლის მარტში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის კომისიის წევრი.

 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати