USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
«Politico» (აშშ//ბელგია): „უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“
Date:  528

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“ (ავტორი - ჯეიმი დეტმარი).

უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე თავიდანვე გადაჭარბებულ იმედებს ამყარებდნენ. საომარი მოქმედებები „კონტრშეტევის“ სახელით უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ არანაირ ისეთ გარდამტეხ შედეგებს ვერ ვხედავთ, რომელიც შემტევი მხარის მიერ მიღწეულ რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებზე მიუთითებდეს. როგორც ჩანს, რუსეთი და უკრაინა (იგივე დასავლეთი) დაბრუნდნენ მძიმე და დამქანცველ „სამუშაოს“, რასაც „ომი გამოფიტვაზე“ ჰქვია, ანუ ვინ დაეცემა პირველი დაღლილობისაგან და ფეხზე ვეღარ ადგება - ამტანი რუსეთი თუ უკრაინა და მისი მოუთმენელი მოკავშირეები. უეჭველია, კრემლს ამის იმედი აქვს.

ამ დღეებში ამერიკელმა სამხედრო სტრატეგოსმა ედვარდ ლუტვაკმა ხატოვნად აღნიშნა: „უკრაინა-რუსეთის ომი შევიდა ისეთ ფაზაში, რომელსაც პირობითად „მოითმინე და გაიცინე“ შეიძლება ვუწოდოთ. კიევი ბრძოლას ისეთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ერთ კვირაში და ახლა გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისათვის ემზადება“.

უკრაინელი ოფიციალური პირები თავიანთ დასავლელ კოლეგებს გადაჭარბებულ ოპტიმიზმს საყვედურობენ - რატომ გქონდათ დიდი მოლოდინი კონტრშეტევასთან დაკავშირებითო, ხოლო დასავლურ მასმედიას - ზედმეტ ენთუზიაზმს, როცა პრესაში ხშირად სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა ხდებოდა. სწორედ დასავლური პრესა წერდა დემორალიზებულ და მშიშარა რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან თურმე კუდამოძუებულები გარბიან, [უცოდინარ რუს ოფიცრებზე, რომლებსაც მეთაურობის არაფერი გაეგებათ, ჩამოწერილ საბჭოურ ტანკებზე, რომლებიც ძველი მიტოვებული საწყობებიდან გამოათრიეს და ა.შ.]. სტატიებში ოპტიმისტური ვარაუდები იყო გამოთქმული, რომ უკრაინის არმია გასული შემოდგომის წარმატებებს გაიმეორებდა.

დიახ, დასავლეთმა იმედებში გადააჭარბა, მაგრამ კიევსაც პასუხისმგებლობის თავისი წილი მიუძღვის იმ პროგნოზებში, რომელიც მოსკოვის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეების სწრაფ გარღვევას ეხებოდა.

მთელი გაზაფხულის განმავლობაში, კონტრშეტევის წინ, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა მაღალჩინოსნები თავდაჯერებულად და მტკიცედ აცხადებდნენ შეტევის პერსპექტივაზე, რომ აი, სულ მალე დავიწყებთ გადამწყვეტ შეტევას და რუსებს კუდით ქვას ვასროლინებთო. უფრო მეტიც - კირილ ბუდანოვი აინუნშიაც არ აგდებდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნებს, რომ თავი დაენებებინა საბოლოო გამარჯვების პროგნოზებისათვის და თავისას აგრძელებდა.

მაგრამ მოდით, შევეცადოთ და რაიმე ახსნა მოვუძებნოთ ასეთ წინასწარმეტყველებას. რით იყო განპირობებული ესოდენ გაბერილი პროგნოზები? სინამდვილეში რისი გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ უკრაინელებს?

ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველანაირად ცდილობდა არასაიმედო წონასწორობა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა. იგი დასავლეთის გასაგონად და უკრაინისადმი რწმენის განმტკიცების მიზნით ამბობდა, რომ უკრაინა გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადება, მას მხოლოდ მეტი საბრძოლო მასალისა და ტექნიკის მიწოდება ჭირდება, დანარჩენს კიევი თვითონ გააკეთებდა. მაგრამ იმავდროულად პრეზიდენტის განცხადებებში ისიც გაისმა, რომ მოლოდინი გადაჭარბებული არ უნდა იყოს. მაგრამ დასანანია, რომ მან ამაზე ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო - ისევე როგორც თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა, რომელმაც მაისში „გონს მოუხმო“ და განაცხადა, რომ კონტრშეტევაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთო.

უკრაინის მმართველებს და მაღალჩინოსან სამხედროებს „გამამარჯვებელ აჟიოტაჟში“ მხარს უჭერდნენ გადამდგარი ამერიკელი გენერლებიც, რომლებიც საკუთარ აზრებს ხმამაღლა აცხადებდნენ - „აი, სულ მალე უკრაინის არმია [სწრაფად გაარღვევს რუსეთის თავდაცვის ხაზს და აზოვის ზღვის ნაპირებზე გაიჭრება...], დაიკავებს ყირიმს“ და ა.შ.  „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხშირად საკუთარი სამხედრო პროპაგანდისა გვჯერა“, - ამბობს ანდრეი ილარიონოვი,  ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2005 წელს მწვავე უთანხმოება მოუხდა და საზღვარგარეთ წავიდა. კრემლის მკვეთრი კრიტიკოსი შიშობს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, თუ დასავლეთი მეტ გაბედულებასა და აქტიურობას არ გამოიჩენს.

უკრაინის უადგილო და უსაფუძვლო ოპტიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი იმით არის განპირობებეული, რომ კიევმა ვერ გააცნობიერა ერთი ჭეშმარიტება: რუსეთის არმია ძალიან სწრაფად სწავლობს საკუთარ შეცდომებს და მოქმედების კურსის კორექტირებას ახდენს. კონტრშეტევის დაწყებამდე სულ რაღაც ორიოდე კვირით ადრე, ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ანალიტიკოსებმა ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეიოლდსი გაფრთხილებით გამოვიდნენ, რომ უკრაინის არმიას წინ ბევრი სავარაუდო სირთულე და პრობლემა ელოდებოდა. ისინი წერდნენ, რომ რუსეთის ჯარი თავისსავე დაშვებულ შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს სწრაფად გამოასწოროს. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ რუსული ქვეითი ქვედანაყოფები ტაქტიკას ცვლიან და ამას უკრაინამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბრიტანელი ანალიტიკოსები ასევე წერდნენ, რომ გაუმჯობესდა რუსული მძიმე არტილერიის მუშაობა, რომელიც უკრაინის არმიის სამიზნის აღმოჩენისთანავე სწრაფად ისვრის და მას ზუსტად ანადგურებს.

ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი მიუთითებდნენ, რომ დღეს რუს ქვეითებს სწრაფად შეუძლიათ სანგრებისა და ტრანშეების გათხრა, საბრძოლო პოზიციების ღრმად და მტკიცედ მოწყობა. მოქმედების ტაქტიკას ცვლიან რუსული მექანიზებული (სატანკო) ქვედანაყოფებიც - ჯავშანტექნიკა უსაფრთხო მანძილზე დგას და იქიდან ეხმარება ქვეითებს. რუსები ისე არ აკეთებენ, როგორც დასავლელები  მოქმედებდნენ ოპერაცია „შოკისა და თრთოლვის“ დროს. გარდა ამისა, რუსი ტანკისტები თავიანთ ჯავშნიან მანქანას სითბური კამუფლიაჟით ნიღბავენ, რაც ახალ მეთოდს წარმოადგენს.

არის კიდევ სხვა ტაქტიკური ხერხები, რომლებსაც რუსები მიმართავენ და უკრაინელები ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, რუსები ტოვებენ პოზიციებს, უკრაინელები მათ იკავებენ, მაგრამ ამ დროს რუსული არტილერია უკრაინელებს მჭიდრო ცეცხლით ანადგურებს და რუსები ისევ იკავებენ დატოვებულ ადგილებს. სწორედ ასეთი მომენტებისადმი უყურადღებობა, აგრეთვე რუსული გამაგრებული ზღუდეების მნიშვნელობის გაუაზრებლობა ამუხრუჭებს უკრაინის კონტრშეტევის განვითარებას.

უკრაინის არმია ამჟამად მრავალფენიან დანაღმულ ველებს აწყდება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც უამრავი ქვეთთა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებია ჩაწყობილიю

უკრაინას მცირე დრო აქვს იმისათვის, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიოს, მით უმეტეს, რომ ბევრ ადგილზე მათი სიღრმე 30 კილომეტრზე მეტია. თეორიულად, თუ უკრაინელები კრემლის მიერ გამაგრებულ ხაზს გაარღვევენ, მათ შეუძლიათ წარმატება განავითარონ, მაგრამ ეს ამინდის გაურესებამდე უნდა გააკეთონ (შემოდგომის წვიმებამდე სულ თვენახევარია დარჩენილი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბრძოლები კონტრშეტევის ჩარჩოებში უკვე ორ თვეზე მეტია მიდის, უკრაინელებმა კი წინ მხოლოდ ათიოდე კილომეტრით წაიწიეს (ისიც მხოლოდ მთავარ გამაგრებულ ხაზამდე) და ვერცერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ვერ გაათავისუფლეს. ყოველი კონტრშეტევის წარმატება კი იმაში გამოიხატება, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს შემტევი მხარე და მოწინააღმდეგეს მეტ ზიანს მიაყენებს. პირიქით კი ხდება: კიევმა ნაჩუქარი დასავლური მძიმე ტექნიკის მესამედზე მეტი უკვე დაკარგა, ცოცხალი ძალის მსხვერპლიც, დანაღმული ველების გადალახვის დროს, ძალიან დიდია.

რა თქმა უნდა, ფრონტზე უკრაინელი ჯარსიკაცების სამხედრო სულისკვეთება ჯერ კიდევ მაღალია. მათ კარგად იციან, რომ რეზერვში მყოფი მე-10 სადესანტო კორპუსი, რომელიც დასავლეთმა მოამზადა, უკვე ფრონტზეა გადასროლილი და მისი წარმატების იმედი აქვთ. სხვათა შორის, კიევს სურდა ეს კორპუსი უფრო გვიან გამოეყენებინა - როცა ჯარი რუსების ძირითად თავდაცვის ხაზს მიუახლოვდებოდა, მაგრამ სარდლობას მისი ბრძოლაში ჩართვა უფრო ადრე მოუწია. ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის შეტევა ძალიან დაყოვნებით და ნელა მიმდინარეობს.

და გასაკვირიც არ არის, რომ უკრაინელები ღიზიანდებიან, როცა დასავლეთი წინსვლის დაბალ ტემპების გამო კიევს აკრიტიკებს. მაგალითად, ამას წინათ გაიჟონა ბუნდესვერის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, გერმანელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს საყვედურობენ, რომ ისინი სრულად ვერ იყენებენ მათ მიერ ნატოს სტანდარტებით ნასწავლ ბრძოლის წესებს და უნარ-ჩვევებს, რაზედაც უკრაინელები პასუხობენ, რომ რუსებტან ბრძოლაში მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ისინი იძულებულნი არიან უარი თქვან ბრძოლის წარმოების დასავლურ მეთოდებზე - იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ მიერ გაწრთვნილი ქვედანაყოფები შესაბამისი იარაღით არ უზრუნველყო, რის გარეშეც ნატოს სტანდარტებით ბრძოლა შეუძლებელია (მხედველობაშია ახალი ტანკები, რაკეტები და ავიაცი).

მოკლედ, რომ ვთქვათ, დასავლეთმა თავიდანვე გაწირა უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაშლისათვის: ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტებით ბრძოლა სწავლა, მაგრამ ასეთი წესებით ბრძოლისათვის საჭირო შესაბამისი იარაღი და ტექნიკა არ მიუცია. გარდა ამისა, დასავლეთს ძალიან უნდოდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეტევა გაზაფხულზე დაეწყო და როცა მან ზაფხულისათვის გადაიტანა, ძალიან განაწყენდნენ, თანაც კიევი სულ უფრო მეტად ითხოვდა დაპირებულ იარაღს.

დღეს, როცა გარღვევის ვიზუალური ნიშნები არ ჩანს, მოვიდა დრო უკრაინელები თავიანთ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ და მომავალი სეზონის საბრძოლო მოქმედებისათვის მოემზადნონ, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს - თუ ზამთარში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. ბოლოსდაბოლოს, ის მფრინავები, რომლებიც ახლა დაიწყებენ ამერიკული „ფანტომებით“ (F-16-ებით) ფრენის შესწავლას, მზად იქნებიან მხოლოდ მომავალი გაზაფხულისათვის. მანამდე კი იქნებ ამერიკელებმა შეცვალონ თავიანთი ნეგატიური პოზიცია და კიევს შორი მოქმედების რაკეტები მიაწოდონ (თუმცა ეს საეჭვოა).

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე პოლიტიკური გათვლების გაკეთება ძნელია. კიევს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ მომავალ წელსაც სწორედ არჩევნების მიზეზით უფრო რთულად იქნება საქმე - თეთრ სახლს ძალიან გაუჭირდება კონგრესთან უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხები შეათანხმოს.

როგორც ედვარდ ლუტვაკმა აღნიშნა, „უკრაინას ომიდან გამოსვლისათვის სრულიად არ ჭირდება რუსეთზე დიდი გამარჯვება. მას მხოლოდ  შეუპოვრობა და ნებისყოფის სიმტკიცე დაეხმარება“. უკრაინელ ჯარისკაცს მამაცობა და შეპოვრობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აქ საკითხი სხვაგვარად დგას: ეყოფა თუ არა თვითონ დასავლეთს ნებისყოფა და ამტანობა გამარჯვებისთვის?

წყარო: https://www.politico.eu/article/ukraine-counteroffensive-volodymyr-zelenskyy-russia-back-to-the-drawing-board/

 

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way