USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Politico» : „რუსეთი-უკრაინა: „მშვიდობის დამყარებაზე ლაპარაკი აკრძალულია“
дата:  519

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „რუსეთი-უკრაინა: „მშვიდობის დამყარებაზე ლაპარაკი აკრძალულია“ // რომის პაპის წინადადებას, რომ უკრაინამ თეთრი დროშა უნდა აღმართოს და მოლაპარაკება დაიწყოს, კიევმა და მისი მოკავშირეებმა უარით უპასუხეს, მაგრამ მოლაპარაკება მაინც მიუწევთ“. პუბლიკაციის ავტორები არიან ჟურნალისტები ბარბარა მოენსი, სტიუარტ ლაუ, სემ ბლუეტი, კლეა ქოლკატი, აიტორ ერნანდეს-მორალესი და ვერონიკა მელკოზეროვა.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ ბევრი ევროპელი ლიდერი სირაქლემასავით თავებს ქვიშაში მალავდნენ და უარს აცხადებდნენ ეღიარებინათ უკვე კარსმომდგარი ომის საფრთხე. ახლა უკვე ომი მესამე წელია მიმდინარეობს, ისინი კი მშვიდობაზე ლაპარაკს ვერ ბედავენ.

ამას წინათ, როცა რომის პაპმა ფრანცისკემ თავისი აზრი გამოხატა უკრაინის ომის მიმართ - მოლაპარაკება აუცილებელია, რადგან კიევმა ვერ შეძლო თავისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაძევებაო - მისი პოზიციის განხილვა ევროპული პოლიტიკის ცენტრებში თითქმის არავინ არ მოისურვა. თანაც პაპის სიტყვები იმ დროს გაისმა, როცა უკრაინას ძალიან მძიმე დღეები უდგას, შესაბამისად, კიევმა ფრანცისკეს ნათქვამი მწვავედ და მტკივნეულად აღიქვა.

დასამალი არ არის, რომ უკრაინა დღეს მართლაც ისეთ სასოწარკვეთილ და უბედურ სიტუაციაში იმყოფება, რომლის მსგავსი მხოლოდ ომის დაწყების პირველ დღეებში იყო. დიდი ხნის ნანატრ შარშანდელ კონტრშეტევა უშედეგოდ დასრულდა და არავიტარი გარღვევა არ მომხდარა, რუსეთი კი წინ მიდის. ამას ემატება ის ძალზე არასასიამოვნო ვითარება, რომელიც დასავლური დახმარების უზრუნველყოფის საკითხშია შექმნილი. გამსაკუთრებით გაურკვეველი მდგომარეობაა ვაშინგტონში - ამერიკელი კონგრესმენები კიევისათვის დახმარების გაწევაზე ვერ თანხმდებიან.

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც პრეტენზია აქვს თეთრ სახლში დაბრუნებაზე, საკმაოდ დამაჯერებლად მიიწევს ახალი საპრეზიდენტო ვადისაკენ, ევროპულ ქვეყნებს კი საბრძოლო მასალები უთავდებათ. ასეთ გარემოებაში რომის პაპმა წამოჭრა კითხვა, რომელსაც, ალბათ, ბევრი მრავალჯერ გაიმეორებს მომავალ თვეების განმავლობაში: იქნებ უკვე დადგა დრო სერიოზულად ვიფიქროთ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებაზე?

ამ კითხვამ, თუნდაც არაოფიციალურად დასმულმა, ბევრ ევროპელ ჩინოვნიკში შიში და თრთოლვა გამოიწვია. „პოლიტიკოს“ ჟურნალისტები სწორედ მათ ესაუბრნენ და ინტერვიუ აიღეს ამ სტატიის დასაწერად.

„ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყანამ ძალიან ემოციური რეაგირება მოახდინა პაპის იდეაზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ“, - განმარტა ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ევროკავშირიდან, - მათ ჯერ კიდევ ეშინიათ, რომ პუტინის აგრესიაში ისინი მორიგი მსხვერპლი გახდებიან, თუ კრემლს რაიმეში დავუთმობთ“.

უკრაინელების აზრით კი, სამშვიდობო მოლაპარაკებებს, უბრალოდ, აზრი არ აქვს მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი იქნება.

კიდევ ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ რუსეთი, თუნდაც ხელი მოაწეროს საზავო ხელშეკრულებას, კრემლი მას საბოლოოდ მაინც არ ჩათვლის: „პუტინი უკრაინას თავს ესხმოდა სულ ცოტა სამჯერ მაინც ბოლო ათი წლის განმავლობაში. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ თუ, ვთქვათ, მას ყირიმს, დონბასს, ხერსონს და კიდევ რაღაცას ოფიციალურად მივცემთ, ის თავის გეგმებზე უარს იტყვის და კიევის დასაკავებლად სეტევას არ დაიწყებს“.

„მოლაპარაკებაზე საუბარი არ უნდა აიკრძალოს“

რუსეთ-უკრაინის ომი, რომლის დროსაც ათეულ ათასობით უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, ევროპული უსაფრთხოება რადიკალურად შეცვალა. ნატოს წევრები გახდნენ შვედეთი და ფინეთი, ევროკავშირის ქვეყნებმა კი საკუტარი თავდაცვის განმტკიცება სერიოზულად დაიწყეს.

მაგრამ უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა კარგად იციან, რომ მათი ძალისხმევა განწირულია ჩასაფუშად, თუ მთავარი არ იქნება - დახმარება აშშ-საგან. ევროპისაგან და დიდი ბრიტანეთისაგან განსხვავებით, აშშ-ში რუსეთთან მოლაპარაკების თემას ტაბუ არ ადევს. ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინის თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე ისინი არანაირ მოლაპარაკებაზე არ წავლენ. მაგრამ დონალდ ტრამპი, რომელიც, გამოკითხვების შედეგად, დღეს პოპულარობით უსწრებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ამბობს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ომს 24 საათში შეწყვეტს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მტკიცებით, დონალდ ტრამპი, როგორც კი პრეზიდენტი გახდება, უკრაინის დაფინანსებას სწრაფად შეწყვეტს.

რესპუბლიკელები კონგრესში უარს აცხადებენ უკრაინისადმი დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, ხოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები აჩვენებენ, რომ დონალდ ტრამპის მომხრეთა დიდი ნაწილი კიევის დახმარების წინააღმდეგ გამოდის.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც ტრადიციულად აშშ-ის უახლოესი სამხედრო მოკავშირედ ითვლება, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების იდეის წინააღმდეგ გამოდის. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შეიძლება დონალდ ტრამპი გახდეს, ბრიტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი მაინც არ დათანხმდებიან სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაზე.

პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის გუნდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ამოცანაა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერება და იმის ჩვენება დონალდ ტრამპისთვის (და მისი მომხრე რესპუბლიკელებისათვის), რომ რუსეთთან ომში დასავლეთს გამარჯვება შეუძლია.

გერმანიისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობას ასევე არ სურთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ვლადიმერ პუტინთან ერთად. დასავლეთევროპელი დიპლომატები სათადარიგო გემის შემუშავებაზეც კი არ ფიქრობენ კიევის დახმარებისადმი აშშ-ის უარის შემთხვევისათვის - ისინი შიშობენ, რომ თუ ევროპა ამაზე ლაპარაკს პირველი დაიწყებს, ამერიკა, დიდი ალბათობით, ნამდვილად უარს იტყვის: „თქვენ თუ არ გინდათ დახმარების გაგრძელება, მე საერთოდ არ მსურსო“.

ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტური შეზღუდვების მიუხედავად, „ევროპას ძალისხმევის გაორმაგება მოუწევს“. მისი ტქმით, ეს იქნება არამარტო პოლიტიკური სიგნალი ვლადიმერ პუტინისათვის, არამეს ეს იქნება სიგნალიც აშშ-ის კონგრესში დებატების დაწყებისათვის უკრაინის დასახმარებლად“. იგი განმარტავს: „ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი წინააღმდეგია დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელი ლიდერები უკრაინის დახმარების საკითხში. ამჟამად ეს საკითხი ევროპისათვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც ოდესმე ჩვენს წინაშე ყოფილა“.

ამერიკული დახმარების გარეშე ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის უზრუნველყოფას ფულით და სამხედრო ტექნიკით, აცხადებს დიპლომატი: „ამიტომაც ჩვენი მხრიდან სიფრთხილეა საჭირო, რომ ისეთი სიგნალები არ მივცეთ ამერიკას და არ შევუქმნათ შთაბეჭდილება, რომ ევროპა უკრაინისადმი დახმარებას აშშ-ის გარეშეც თავს გაართმევს. ჩვენ გვინდა, რომ რესპუბლიკელებმა თავიანთი პოზიცია შეცვალონ“.

არავითარი ყოყმანი და ეჭვები

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროპამ უკრაინის დაცვის საკიტხში რუსეთის წინაშე რაიმე სისუსტე არ უნდა გამოიჩინოს: „მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანს წარმოადგენს“, - აღნიშნა პრემიერმა Politico-სთან ინტერვიუში, - მაგრამ მხოლოდ უკრაინის უფლებაა გადაწყვიტოს, თუ როდის შეიძლება სამშვიდობო კონფერენციის დაწყება“. ანტონიუ კოშტან ხაზი გაუსვა: „ევროკავშირის ვალია ისიც, რომ მან უყოყმანოდ აჩვენოს მტკიცე დგომა უკრაინის გვერდით და რომ ჩვენი ერთგულების მიმართ კიევს არავითარი ეჭვი არ უნდა ჰქონდეს“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბოლო ხანს რუსეთთან დაკავშირებით ტავისი პოზიციები გაამკაცრა: მან მოკავშირეებს მოუწოდა „ნუ იქნებიან მხდალები“ და ისინი გააფრთხილა, რომ არ გამორიცხავს სახმელეთო ჯარების გაგზავნას რუსებთან საბრძოლველად უკრაინაში. როგორც მაკრონის პარტია „აღორძინების“ ერთ-ერთი ლიდერი ბენჯამინ ჰადადი ამბობს, დარწმუნებული არ არის იმაში, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდას ნამდვილად მიუჯდება: „ამჟამად სიტუაცია კრემლის სასარგებლოდ გამოიყურება, რუსეთი იმარჯვებს ბრძოლის ველზე, ამერიკაში ტრამპი დამაჯერებლად წინ მიდის და განა პუტინს უნდა ვენდოთ, რომ იგი სერიოზულად გეგმავს მოლაპარაკებას?“.

ვლადიმერ პუტინი საჯაროდ ამტკიცებს, რომ იგი ღიაა მოლაპარაკებისა და „ ტრაგედიის დასასრულებლად“. კრემლის ლიდერი ინტერვიუებში მუდმივად ამბობს, რომ მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ მოდით, გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა მართლაც მოლაპარაკება და რამდენად ახლოს არის ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების პოზიციები.

სიმართლეს თუ ვიტყვით, რუსეთისა და უკრაინის თვალსაზრისები რადიკალურად განსხვავდება: კიევს სურს მოსკოვისაგან იმ ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რომლებსაც უკანონოდ ანექსირებულად მიიჩნევს 2014 წლიდან, ასევე უნდა, რომ მოსკოვმა მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს. კრემლი, თავის მხრივ, კატეგორიულ უარს აცხადებს დაუბრუნოს უკრაინას ოთხი ოლქის ტერიტორია, რომლებსაც ნაწილობრივ აკონტროლებს 2022 წლიდან. მოსკოვი ასევე ითხოვს კიევისაგან, რომ უკრაინა უნდა განიარაღდეს, უარი თქვას ნატოში (ევროკავშირში)  გაწევრებაზე და დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე.

ევროპული მთავრობების ზოგიერთი წარმომადგენელი არაოფიციალურად აღიარებს იმას, რომ უკრაინას (და დასავლეთს) რუსეთთან მოლაპარაკება, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს.

ევროპელმა ჩინოვნიკმა, რომლის სიტყვების ციტირება ზემოთ უკვე იყო, სამშვიდობო მოლაპარაკების იდეას „აკრძალული“ უწოდა იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ეშინიათ, რომ კრემლის მომდევნო სამიზნე გახდებიან, თუმცა, მისი აზრით, ქორისებურად განწყობილი ეს ქვეყნები შეიძლება იმედგაცრუებულები აღმოჩნდნენ.

„რეალისტები უნდა ვიყოთ, - ამბობს POLITICO-სთან მოსაუბრე ჩინოვნიკი, - რაღაც გარკვეულ მომენტში ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკების დაწყება მშვიდობის დასამყარებლად და შეიძლება ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის თქმაც“.

წყარო: https://www.politico.eu/article/dont-mention-the-peace/

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати