USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Tbilisi
«Voice of America» (აშშ): „თბილისი-კიევი: უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს“
Date:  578

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სათაურით „თბილისი-კიევი: უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს“, რომელშიც გაანალიზებულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა, რუსეთთან მიმდინარე ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის მეორე წლისთავზე, საქართველოს და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კიევს უკვე მეორე წელია გაწვეული ჰყავს ელჩი საქართველოდან იმის გამო, რომ თბილისი არ შეუერთდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

2023 წლის ივლისში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, კიევი ასევე დატოვა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა. უკრაინის ეს დემარში, უკრაინის მოქალაქის, ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მკვეთრ გაურესებას“ მოჰყვა.

ივლისშივე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსახატად დაიბარეს, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული. თბილისმა ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში ფრენების დაწყების გამო, სანქციები დაეწესებინა ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და მისი პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილისთვის.

„ეს რომ არანაირად არ წაადგება, არც საქართველოს და არც უკრაინას, მე მგონი ყველასთვის ცხადია. ურთიერთობების გაფუჭება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმ შედეგზე, რაც ორივე ქვეყნისთვის შეიძლება დადგეს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ თენგიზ ფხალაძემ, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, „თანამედროვე საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები, ამ 30 წლის მანძილზე, ძალიან დიდი რუდუნებით და შრომით შენდებოდა. არაფერს ვამბობ, ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ კავშირებზე. ჩვენ ორივეს გვყავს ერთი მტერი ეს არის რუსეთი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ გაგვხლიჩოს. ჩვენ ორივე მივდივართ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, აქაც ცალ-ცალკე სიარული ძალიან გაგვიჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, მაგრამ ურთიერთობების აშენება და გაფუჭებულის გამოსწორება არის ძალიან რთული. ერთის მხრივ, საქართველოს მხარე, დიდი ხანია ნაწყენია უკრაინაზე, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ და არიან აქტიურები უკრაინაში. მეორეს მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ნაწყენია იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება საქართველოს მხრიდან, ომის პერიოდში განსაკუთრებით. ამ ფონზე ურთიერთობების განვითარება არის შეუძლებელი“,  - მიაჩნია თენგიზ ფხალაძეს.

ის, რომ საქართველოსა და უკრაინას ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული კრიზისია, დაადასტურა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავისადმი მიძღვნი პანელურ დისკუსიაზე, ოლექსანდრ შულგამ აღნიშნა, რომ „ამჟამად ჩვენი ურთიერთობა დიპლომატიურ კონტექსტში საკმაოდ დაბალია“.

„მშვიდად ვერ შევხედავთ, რუსი ტურისტების იმ რაოდენობას, რომელიც საქართველოში ჩამოდის, რუსული ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას საქართველოში და ავიამომოსვლის აღდგენას, როდესაც რუსეთში ფრენაზე ყველა უარს ამბობს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი კომპლექსურადაა განსახილველი“ - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინა არასდროს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ ჩარეული“.

უკრაინა ასევე უკმაყოფილოა, რომ ჯერჯერობით ვერ მიიღო თბილისიდან პასუხი საინჟინრო ტექნიკის მიწოდებაზე. „ჩვენ არ გვითხოვია სამხედრო ტექნიკა, საქართველოს მთავრობას ვთხოვეთ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, იმ პირობებში როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია აი ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივუღებთ ამის შესახებ პასუხს" - თქვა შულგამ.

თბილისსა და კიევსა შორის უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, შესაძლოა არც გამოსწორდეს, თუ საქართველოში (ან უკრაინაში) ხელისუფლება არ შეიცვალა, თვლიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტია „გირჩში“.

„მე მაგალითად, სინამდვილეში ახალი მთავრობა თუ ეყოლება საქართველოს, გადავტვირთავდი ამ ურთიერთობებს, როგორც დასავლეთთან, ახალი პირობებით, ისე განსაკუთრებით უკრაინასთან“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „გირჩელი“ ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც იმ 9-კაციანი საპარლამენტო დელეგეციის წევრი იყო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, 2022 წლის აპრილში, კიევში, ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა და რუსი ოკუპანტების შემზარავ დანაშაულს ადგილზე გაეცნო.

მას შემდეგ, ასეთი ან უფრო მაღალი დონის, ოფიციალური შეხვედრა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის აღარ გამართულა. თუ არ ჩავთლით, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაუგეგმავ, რამდენიმეწუთიან გადაკვეთას, ახლახანს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„მე მგონია, რომ ეს არის ანტიუკრაინული პროპაგანდა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. შეიძლება რაღაც გაგებით, ეს ვიღაცისთვის მისაღები პოლიტიკაა (საქართველოში), მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაზეც „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას აგებს. თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს (უკრაინასთან), ამაზე დაველაპარაკებოდი, ვეტყოდი, რომ შენთან ამ პრობლემებს ვხედავ და ამიტომ ასე და ასე ვიქცევი. მარა ეს განმარტებები (კიევთან) ხომ არ გვქონია? და, ურთიერთობების სურვილიც არ გვქონია“, - მიაჩნია დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილს.

საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში არსებულ უპრეცედენტო კრიზისში, მთელ პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.

„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ თავშესაფარი, მოქალაქეობა და თანამდებობები მისცა პირებს, რომლებზეც საქართველო სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა. მათ შორის, ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.

პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, 2021 წელს, უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად, უკანონოდ შემოაპარა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„რა გგონიათ, რომ (მიხეილ სააკაშვილმა) მარტომ დაგეგმა ეს ყველაფერი? ვიცით ოფიციალურად, რომ მთლიანად უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა ეს შემოპარვა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ის შემოაპარეს, იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არეულობა. ეს ოპერაცია ებარა გია ლორთქიფანიძეს, რომელიც არის უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე. იგი ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაწინაურდა, ოფიციალური პირი არის, ყოფილი ქართველი, ახალ უკრაინის მოქალაქე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც ჩვენი სამართალდამცველების მიერ იძებნება“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

თბილისსა და კიევს შორის შორის ბოლო დაძაბულობა, თებერვლის დასაწყისში მოხდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აღკვეთა უკრაინაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი".

სუს-ის მტკიცებით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის და საქართველოს გავლით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში შენიღბულად გზავნიდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომელსაც ხალხმრავალ ადგილას აფეთქების შემთხვევაში, „დიდი მსხვერპლის“ გამოწვევა შეეძლო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ამ განცხადების გამო, მკაცრად გააკრიტიკა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„წინასწარ რუსული ტერმინების გამოყენება, რომ ეს ტერორისტული აქტი იქნებოდა, არასწორი და არამართებულია. თუ ეს აფეთქება მოხდებოდა, ეს იქნებოდა არა ტერაქტი, არამედ დივერსიული აქტი, რადგან უკრაინა ომშია რუსეთთან. ვინაიდან რუსეთი დაესხა თავს, კიევს ლეგიტიმური უფლება აქვს მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ მიზანზე მიიტანოს იერიში. მეორეც გაუგებარია, რატომ მოხდებოდა საქართველოს დადანაშაულება, როცა ამ მანქანამ, როგორც თავად ამბობენ, ჩვენამდე, ევროპის სამი ქვეყანა გამოიარა?“ - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების საპასუხოდ, საქართველოში უკრაინის საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს“.

"უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით" - განაცხადა უკრაინის საელჩომ. მოხდა თუ არა კონტაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისსა და კიევს შორის უცნობი დარჩა და დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთებულა.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7498906.html

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way