USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Tbilisi
ნინო ზურებიანი - გერმანიაში მცხოვრები ექიმ-პედიატრი
Date:  1207
პროფესიის არჩევა ბავშვების მიმართ ძალიან დიდმა სიყვარულმა და ადამიანებისათვის დახმარების აღმოჩენის სურვილმა განაპირობა. მედიცინამ, კერძოდ პედიატრიამ მომცა სურვილის ასრულების საშუალება. გერმანიაში სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, რადგან მსურდა, ჩემი პროფესია მაქსიმალურად მაღალ დონეზე შემესწავლა და ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი, რათა შემძლებოდა პატარა პაციენტების სრულფასოვანი და მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული მეთოდებით მკურნალობა. სამედიცინო განათლება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში მივიღე, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით რეზიდენტურა დავასრულე. საქართველოში ის მაქსიმუმი ვისწავლე, რაც კი შემეძლო, რომ მიმეღო ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისგან. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მათი რჩევით დავიწყე გერმანული ენის შესწავლა. პირველად გერმანიაში, ქალაქ ოლდენბურგში წამოვედი 3 თვიანი სტაჟირების პროგრამით. თვენახევრის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ქვეყანა მაძლევდა საშუალებას, მესწავლა მედიცინა უმაღლეს დონეზე და ამერჩია ის განხრა, რაც მთელი გულით მსურდა, კერძოდ პედიატრია. მაშინ გადავწყვიტე, რომ წამოვსულიყავი 5 წლით იმისათვის, რომ პედიატრიის რეზიდენტურის სწავლების სრული კურსი გამევლო.
ამჟამად ქალაქ ბერლინში ვმუშაობ, Charité -ს საუნივერსიტეტო კლინიკის ნეონატოლოგიის განყოფილებაში. პედიატრიის რეზიდენტურის სრული კურსის დასრულების შემდეგ, ნეონატოლოგიის სრულ კურსს გავდივარ.
 
გერმანიაში პროფესიით ინტეგრირების საკმაოდ რთული და შრომატევადი გზა გავიარე . მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ენის ცოდნის მაღალი-C1 დონე მქონდა, სალაპარაკო და პაციენტებთან საურთიერთო ენა სპეციფიკურია, ამიტომ ყოველდღიურად მჭირდებოდა ენის დახვეწა და ამ კუთხით საკუთარ თავზე მუშაობა. ასევე სამედიცინო მასალის და ლიტერატურის გაცნობა, სწავლა და პრაქტიკულ ღონისძიებებთან კორელაცია. მქონდა უამრავი მორიგეობა. პრაქტიკულად კლინიკაში ვცხოვრობდი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში. ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდები გერმანიაში სამედიცინო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად. ცალკე საკითხია ურთიერთობა გერმანელ კოლეგებთან—როგორც ექიმებთან, ასევე ექთნებთან და მათ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება; მათი განსხვავებული აზროვნება, ტრადიციები, სტრუქტურა, ორგანიზება; საწყის ეტაპზე, გამოუცდელობის გამო,
 
მათი მხრიდან შენით უკმაყოფილება. ძალიან დიდი მოთხოვნა, მაქსიმალური ცოდნის და გამოცდილების გამოვლენის, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს ახალბედა ექიმს არ აქვს .
 
პედიატრია არის ის პროფესია, რომელიც მთელი არსებით მიყვარს. სხვანაირად შეუძლებელია იყო ექიმი, იცხოვრო კლინიკაში, ათენო ღამეები, გყავდეს ძალიან მძიმე ავადმყოფი პატარა პაციენტები და იდგე მათი ჯანმრთელობის, და ხშირად, სიცოცხლის სადარაჯოზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და შრომა, რომელსაც ამ პროფესიის უზომოდ დიდი სიყვარულის გარეშე, უბრალოდ ვერ გაართმევ თავს.
ჩემი მთავარი მოტივაცია, რის გამოც პედიატრი ვარ, არიან ჩემი პატარა პაციენტები. ყველაზე დიდი ჯილდო მათი სიცოცხლის გადარჩენაა, დახმარება, გამოჯანმრთელება. როდესაც ყველაზე რთულ სიტუაციაში, სიკვდილ-სიცოცხლესთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიხარ. მათი და მათი მშობლების ბედნიერი ღიმილი და თვალები არის ყველაზე დიდი მადლობა, რაც ექიმს ძალიან დიდ სიხარულს განიჭებს. სამწუხაროდ, არსებობს დიაგნოზები, როდესაც წარმატებით ვერ სრულდება მკურნალობა. თუმცა ესეც ჩვენი პროფესიის რთული ნაწილია.
 
ექიმობა არის პროფესია, რომელიც მუდმივად, ყოველდღიურად ვითარდება. პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელია უწყვეტი განათლების სისტემა. საკუთარი ჩართულობა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესებაში. იმ გამოწვევების მიღება, რასაც მედიცინა გვთავაზობს. მუდმივი ჩართულობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის სიახლეების გაცნობაში და ამ სიახლეების პრაქტიკაში დანერგვაში ჩვენს კოლეგებთან ერთად.
 
იმისათვის რომ იყო პროფესიონალი ექიმი, საჭიროა შრომისმოყვარეობა, მუდმივი სწავლის სურვილი, ბრძოლისუნარიანობა, დიდი ნებისყოფა, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და სურვილი, იყო ერთ-ერთი საუკეთესო შენს პროფესიაში.
 
პროფესორ-მასწავლებლისგან მიმიღია ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რჩევები, რამაც განაპირობა ჩემი სამედიცინო კარიერული გზის სწორი მიმართულებით წარმართვა. მათ შორის არის, პირველ რიგში, სამედიცინო საბაზისო ცოდნის ძალიან კარგი, გააზრებული ცოდნა. ევროპის და ამერიკის სამედიცინო ლიტერატურის გაცნობა. გერმანული ენის შესწავლა და გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთ სწავლის ან სტაჟირების მიღება.
 
ახალგაზრდა კოლეგებს, რომლებიც ახლა დგამენ სამედიცინო სფეროში პირველ ნაბიჯებს, ვურჩევ, რომ პირველ რიგში კარად დაფიქრდნენ და გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ექიმობა. გაიაზრონ , არიან თუ არა მზად იმ შრომის, დატვირთვისა და პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პირველივე დღიდან ელოდებათ. თეთრი ხალათის ტარება არ არის მხოლოდ სხვების დასანახად მხრებზე შემოსხმული არშია. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი პაციენტების, მათი ახლობლების, მშობლების, საზოგადოების მიმართ, რომელიც ძალიან დიდ ცოდნას, გამოცდილებას, მუდმივ შრომას და უწყვეტ განათლებას მოითხოვს.
 
თუ არსებობს დიდი სურვილი, მიუღწეველი არაფერია. ძალიან ბევრი მაგალითია ჩვენი კოლეგების სახით, რომლებმაც საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. მთავარია მთელი გულით და არსებით გიყვარდეს შენი საქმე და პროფესია, რომელსაც აირჩევ. ოცნებები უნდა ვაქციოთ რეალობად და ეს შესაძლებელია!
 
society
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way