USD 2.6218
EUR 2.9807
RUB 3.0834
Tbilisi
BBC news Russian - პუტინის ტყუილები
Date:  646

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსული სამსახურის (BBC news Russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე შეუძლებელია? რა თქვა ვლადიმერ პუტინმა ომზე და როგორი სიტუაციაა ფრონტზე სინამდვილეში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

რუსეთის ფედერალური კრებისადმი ვლადიმერ პუტინის მიმართვის ერთი მესამედი ნაწილი უკრაინასთან ომს დაეთმო. მას არ ულაპარაკია ე.წ. „სპეცოპერაციის“  არც მიზნებსა და არც ამოცანებზე, სამაგიეროდ დიდხანს ისაუბრა რუსეთის სამხედრო პოტენცილაზე და ომის მიზეზებზე. „ბი-ბი-სი ნიუსის“ (BBC news) რუსულმა სამსახურმა ვლადიმერ პუტინის რამდენიმე დამახასიათებელი გამონათქვამი შეარჩია და შეამოწმა, თუ რამდენად შეესაბამებიან ისინი სიმართლეს.

ვლადიმერ პუტინი: „ჯერ კიდევ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებამდე კიევსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა უკრაინისათვის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის თანამედროვე სისტემების, თვითმფრინავების და მძიმე ტექნიკის მიწოდებაზე“.

„ბი-ბი-სი“: სინამდვილეში ასე არ არის. 2014 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა აქტს „უკრაინის თავისუფლების დაცვის შესახებ“, რომელიც კიევისათვის იარაღის გადაცემას ითვალისწინებდა, მაგრამ 2015-2017 წლებში უკრაინას მიეწოდა მხოლოდ არასასიკვდილო იარაღი და მოწყობილობები - დრონები, ავტომობილები, რადარები, საველე ჰოსპიტლები.. 2017 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოიწონა სასიკვვდილო იარაღის მიწოდება, მაგრამ საქმე ეხებოდა მხოლოდ თავდაცვით და არა შემტევ იარაღს, რომ კიევს მოსკოვის აგრესია შეეჩერებინა. მხედველობაშია „ჯაველინები“, პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემები („სტინგერები“) და ა.შ. ასეთი ტექნიკით დონბასში დისლოცირებული რუსული შენაერთების წინააღმდეგ შეტევა უაზრობა იქნებოდა.

მსგავსი ტექნიკა მისცეს უკრაინას სხვა ქვეყნებმაც: კანადამ - ჯავშანჟილეტები, დიდმა ბრიტანეთმა- ჯავშანავტომობილები და GPS-ნავიგატორები, საფრანგეთმა - ვერტმფრენები, გერმანია კი საერთოდ უარს აცხადებდა უკრაინისათვის რაიმე იარაღის მიწოდებაზე.

ვლადიმერ პუტინი: „რაც უფრო მეტი შორსმსროლელი დასავლური სისტემები მიეცემა უკრაინას, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით უფრო მეტად ავარიდოთ საფრთხის წყარო ჩვენს საზღვრებს“

„ბი-ბი-სი“: ამ თეზისს რუსეთის ხელმძღვანელობა ომის დაწყების დროიდან იმეორებს. კურსკისა და ბელგოროდის ოლქები რეგულარული სროლების ქვეშ ჯერ კიდევ ომის დაწყებიდან მოჰყვნენ, შემდეგ კი უკრაინის არმიის საჰაერო მოქმედებამ, დრონების მეშვეობით, სარატოვის ოლქმდეც მიაღწია. უკრაინის სიღრმეში შესულმა რუსულმა არმიამ ვერ შეძლო პოზიციების განმტკიცება და უკან დაიხია. ასე რომ, რუსეთის არმიის შემდგომი წინსვლა და საზღვრებიდან საფრთხის აცილება ვერ ხერხდება.

როგორც ცნობილია, „სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანი იყო ნატოს გაფართოების შეჩერება რუსეთის საზღვრებიდან მოშორებით, მაგრამ კრემლმა პირიქით მიიღო - ნატო უფრო ფართოვდება, შვედეთისა და ფინეთის მიღებით. ფინეთს კი რუსეთთან 1000 კილომეტრამდე სიგრძის საზღვარი აქვს.

ვლადიმერ პუტინი: „რუსეთზე გამარჯვება ბრძოლის ველზე შეუძლებელია“

„ბი-ბი-სი“: ბოლო 200 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის ჯარებს ბევრი წარუმატაბელი სამხედრო კამპანიები აქვთ ჩატარებული - ყირიმის ომი (1853-56 წლებში), რუსეთ-იაპონიის ომი (1904-1905 წლებში), პირველი მსოფლიო ომში მონაწილეობა, ავღანეთი, ჩეჩნეთის პირველი ომი და სხვა. უფრო მეტიც - უკრაინის ომში ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ დაიხია რუსეთის არმიამ კიევის გარეუბნებიდან, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან, ხერსონიდან, ლიმანიდან, იზიუმიდან, დატოვა შავი ზღვის კუნძული ზმეინიც. გაჩნდა უხერხული ხატოვანი გამონათქვამი: „რუსეთის არმია უკან კი არ იხევს, არამედ ძალების გადაჯგუფებას ახდენს“.

რუსეთის დაუმარცხებლობის თეზისის გამეორების დროს კრემლს ალბათ, მხედველობაში აქვს ის, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღი გააჩნია. ამ ლოგიკით, უცხოეთის არმიას რუსეთის ოკუპირება და მოსკოვის დაკავება არ შეუძლია, თუმცა ასეთი მიზანი არც უკრაინას არ ჰქონია. კაცმა რომ თქვას, თეზისი - „ბირთვული სახელმწიფო ომს არ აგებს“ - უარყოფილია ვიეტნამში აშშ-ის მარცხით.

ვლადიმერ პუტინი: „აქტიურად დავნერგავთ უახლეს ტექნოლოგიებს, რომელიც არმიისა და ფლოტის ხარსისხობრივ პოტენციალს გააუმჯობესებს. ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნიკის ნიმუშები, რომლბიც ბევრად კარგია დასავლურ ანალოგებზე“.

„ბი-ბი-სი“: რუსეთის პრეზიდენტი არმიის მოდერნიზებაზე ყოველ მიმართვაში ლაპარაკობს, თუმცა რუსული იარაღის შესახებ მისი ნათქვამი სასურველის სინამდვილედ წარმოჩენას ჰგავს. იგივე ცნობილი ფრთოსანი რაკეტა Х-22 თითქოსდა წარმატებულია (უკრაინის განცხადებით, მისი ჩამოგდება ვერ ხერხდება), მაგრამ მაინც 40-წლის წინანდელ  საბჭოურ პროექტების საფუძველზეა შექმნილი და ამიტომ მალე მოძველდება. „იქს-22“-თან ერთად, ასევე შედარებით წარმატებულია რაკეტა „ისკანდერი“, თანამედროვე ტანკი Т-90м, მაგრამ ისინი ცოტაა. რუსეთის ხელმძღვანელობას მოსკოვში გამართულ სამხედრო აღლუმებზე ახალი ტექნიკა გამოაქვს საჩვენებლად, მაგრამ მათი სერიული წარმოება პრობლემებს უკავშირდება.

ვლადიმერ პუტინი: ჩვენ არასროს არ დავემსგავსებით კიევის რეჟიმს და დასავლეთის ელიტებს, რომლებიც „ჭინკებზე ნადირობით“ არიან დაკავებულნი. არავის არაფერს ვერჩით იმათგან, ვისაც ფეხი დაუცდა და სამშობლოს განერიდა. მათ სინდისზე იყოს მათი საქციელი“.

„ბი-ბი-სი“: და მაინც რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვანაირი ინსტრუმენტებით სარგებლობს მათ დასასჯელად, ვინც მხარს არ უჭერს ომს და რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან. მარტიდან რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია შესწორება - სასჯელი „არმიის დისკრედიტაცის მცდელობის“ შესახებ და „სამხედრო ფეიკების (დეზინფორმაციის) გავრცელების“ თაობაზე. დეკემბრიდან გამკაცრდა კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“, რომლის თანახმად, უცხოელ (უცხოურ) აგენტად შეიძლება ის პიროვნება ან ორგანიზაციაც გამოცხადდეს, ვინც დასავლურ დაფინანსებას არ იღებს.

გარდა ამისა, ჩინოვნიკები და კანონმდებლები აგრძელებენ ლაპარაკს იმის შესახებ, თუ რამდენად და როგორ შეიძლება დაისაჯნონ რუსეთიდან მობილიზაციის დროს და ომის დაწყების მომენტში საზღვარგარეთ გაქცეული მოქალაქეები - მათი დისტანციური მუშაობის შეზღუდვიდან ქონების კონფისკაციის ჩათვლით.

ვლადიმერ პუტინი: დასავლეთი უკრაინიდან „ანტირუსეთის“ შექმნას ცდილობენ. ეს პროექტი ახალი არ არის“.

„ბი-ბი-სი“: რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მსოფლიოში მოქმედებენ ძალები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან და იბრძვიან, ხოლო უკრაინა მათ ხელში ინსტრუმენტის როლს ასრულებს. ამ საკითხზე ლაპარაკის დროს რუსეთის პრეზიდენტი არაფერს ამბობს იმაზე, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მას უფლება აქვს, მოსკოვის დაუკითხავად, ისე იცხოვროს და განვითარდეს, როგორც თვითონ მას სურს.

ის აზრი კი, რომლის თანახმად, ვიღაცეები უკრაინის მეშვეობით „ანტირუსეთის“ პროექტს ახორციელებს, „ბი-ბი-სმა“ ჯერ კიდევ 2021 წელს განიხილა. მოკლედ თუ ვიტყვით, ეს კონსპიროლოგიური („შეთქმულების“) თეორიაა, რომელიც პირველად 2012 წელს გამოქვეყნდა რუსუსლი ჟურნალის „ოდნაკოს“ საიტზე, რომელსაც „როსნეფტის“ ამჟამინდელი პრეს-მდივანი მიხეილ ლეონტიევი და პოლიტკონსულტანტი ლევ ვერშინინი გამოსცემდა.

წყარო: https://www.bbc.com/russian/features-64676054

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way