USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«BBC news» (დიდი ბრიტანეთი): „ღმერთის მიერ დადგენილი ფასეულობები“: უნგრეთისა და საქართველოს პრემიერები ბუდაპეშტში გამართულ მემარჯვენეთა კონფერენციაზე“
дата:  

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით „ღმერთის მიერ დადგენილი ფასეულობები“: უნგრეთისა და საქართველოს პრემიერები ბუდაპეშტში გამართულ მემარჯვენეთა კონფერენციაზე გამოვიდნენ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 „დასავლელი ლიბერალები ერის განადგურებისა და დარღვევის ვირუსს ავრცელებენ, უნგრეთი კი მთელი მსოფლიოს კონსერვატორებისათვის - რომლებიც დასავლურ ვირუსებს ეწინააღმდეგებიან -  იდეებისა და გადაწყვეტილებების ინკუბატორს წარმოადგენს“, - ასეთი თეზისებით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში გამართულ მემარჯვენეთა და ულტრამემარჯვენეთა საერთაშორისო კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ფორუმში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

როგორც ბუდაპეშტში მყოფი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ნიკ ტორპი ამბობს, ვიქტორ ორბანმა, აშშ-დან და კიდევ 20 ქვეყნიდან უნგრეთში ჩასული დელეგატების წინაშე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ე.წ. პროგრესული ლიბერალიზმის ლაბორატორიებში“ მუშავდება იდეები, რომლითაც ერების დაშლა-დანგრევა ხდება, ავრცელებენ „მიგრაციისა და გენდერული პოლიტიკის წამქეზებელ ვირუსებს“, მაგრამ კონსერვატორები წარმატებით უმკლავდებიან  ლიბერალების შეტევას და უკვე საკვანძო ქალაქებს იბრუნებენ - ბუდაპეშტს, ვარშავას, რომს და იერუსალიმს, რომლებშიც კონსერვატიზმი ძლიერდება.

„რიგში დგას ბრიუსელი და ვაშინგჰტონი!“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს უკვე 13 წელია მართავს. მისმა პარტიამ „ფიდესმა“ გასულ წელს მეოთხედ - ზედიზედ - გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ვიქტორ ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის სავარაუდო დაბრუნებას.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების მხარდამჭეთა კონფერენცია ამერიკელი კონერვატორების ტრადიციულ ფორუმს წარმოადგენს. ამერიკის გარდა, კონფერენცია სხვა ქვეყნებშიც იმართება ხოლმე. ევროპაში ამერიკელი კონსერვატორებისა და სხვა ქვეყნებიდან მიწვეულ დელეგატთა ფორუმის მასპინძელი ქვეყანა მხოლოდ უნგრეთი წარმოადგენს, სადაც უკვე მეორედ ტარდება.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ბუდაპეშტში მიმდინარე ფორუმზე ხუთი კონტინენტის 20 ქვეყნიდან 60 ორატორი გამოდის. სტუმრებს შორის არიან ბრაზილიის ექს-პრეზიდენტი („ბრაზილიელი ტრამპი“) ჟაირ ბოლსონარუ, ჩეხეთის ექს-პრემიერი ანდრეი ბაბიში, სლოვენიის ექს-პრემიერი იანეზ იანშა, ყოფილი ჟურნალისტი და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრი ქერი ლეიკი. სხვათა შორის, კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს ამერიკული კონსერვატიული ტელეარხიდან „ფოქს ნიუსიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი თაკერ კარლსონი, ვიდეოჩართვით.

------------------

რატომ წავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში და რას ნიშნავს კონსერვატორთა ფორუმში მისი მონაწილეობა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერ ქართული საზოგადოებისათვის? საუბრობს საქართველოში „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტი ნინა ახმეტელი:

ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ კონფერენციაში პირველად მონაწილეობს. „იგი თვლის, რომ სქართველოში არსებული კონსერვატიული საზოგადოება უნიკალური ფასეულობების მქონე საზოგადოებას წარმოადგენს, რომლებიც ქრისტიანობას ემყარება. გენდერული პროპაგანდა, სამწუხაროდ, საქართველოშიც ვრცელდება, მაგრამ ირაკლი რარიბაშვილი თვლის, რომ პოლიტიკოსები და აქტივისტები ვალდებულების არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას. ქარტველების დიდი უმეტესობა გმობს „ლგბტ-საზოგადოების პროპაგანდისტულ და დემონსტრაციულ ზეწოლას“, - ნათქვამია ბუდაპეშტში არსებული „ფუნდამენტური უფლებების ცენტრის“ მიერ სოციალურ ქსელში (Twitter-ში) გამოქვეყნებულ მასალაში.

თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაიცავს არამარტო უმცირესობის, არამედ უმრავლესობის უფლებებსაც - „უმცირესობის აგრესიული პროპაგანდისაგან“. „ჩვენ მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობებს და მათ აგრესიულ პროპაგანდას იმ ფასეულობათა შესაცვლელად, რომლებსაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ღვთისგან დადგენილად თვლის, რომელსაც ეყრდნობა და ეფუძნება ქართული იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია“, - ციტირებს საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური პრემიერის გამოსვლას.

ბუდაპეშტში კონსერვატორების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი იმ დროს წავიდა, როცა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა ახლოვდება.

საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი გასულ წლის ზაფხულში ვერ მიიღო. სტატუსის მისაღებად, იმ პრიორიტეტულ ამოცანებს შორის, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, არის უმცირესობის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დაცვა.

40 წლის ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას უკვე მეორეჯერ იკავებს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მტკიცე პოზიციის მქონე კადრად ითვლება. თვითონ ივანიშვილმა 2021 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ ხელისუფლების კრიტიკოსების თქმით, მილიარდერი ქვეყნის მართვას ფორმალურად და ერთპიროვნულად მაინც აგრძელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია მისი პოლიტიკური ოპონენტების მისამართით გამოთქმული მკვეთრი რიტორიკით. პრემიერის განცხადებები, განსაკუთრებით უმცირესობის მიმართ, უფლებადამცველების კრიტიკას იწვევს. „ლგბტ-აქტივისტების“ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებული სკანდალის შემდეგ (მსვლელობა 2021 წლის 5 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაუქმდა რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელებული დარბევის შემდეგ), ირაკლი ღარიბაშვილმა ასე თქვა: „როცა ჩვენი მოსახლეობის 95% [ლგბტ-საზოგადოების წევრთა და მხარდამჭერთა] პროპაგანდისტული მარშის წინააღმდეგ გამოდის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი თანამემამულეების ნებას“.

ქართველი პრემიერის ბუდაპეშტის კონფერენციაში მონაწილეობამ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია - ისინი კონსერვატორთა ფორუმს ანტიდასავლურ და პოპულისტურ ღონისძიებად თვლიან: „იმ დროს, როცა საქართველო ევროპისაკენ მიდის სწორი იდეალების გასათავისებლად, ამ დროს ქვეყნის მთავრობა ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსებს ხვდება.. „ევროკავშირიდან შორს და რუსეთთან ახლოს“ - აი, ესაა „ქართული ოცნების“ რეალური ფასეულობები და დღის წესრიგი“, - ამბობს გრიგოლ გეგელია, ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ წევრი. იგი იმასაც იხსენებს, რომ კონფერენციაში მონაწილეობს იტალიური მემერაჯვენე პარტიის „ჩრდილოეტის ლიგის“ წარმომადგენელიც, რომელმაც 2015 წელს იტალიაში სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტი“ მიიწვია და რომელმაც 2017 წელს რუსეთის პროკრემლურ პარტია „ედინაია როსიასთან“ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.

საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკით გამოვიდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრიც. „ქართული ოცნება“ ვიქტორ ორბანთან - ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთან ერთად თამაშობს იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით იმუშაოს... მის მოქმედებაში არანაირად არ არის ასახული ჩვენი ევროპული ფასეულობები“, - დაწერა ტვიტერში ევროდეპუტატმა თეის რეუტენმა.

„ყოფილთა ფორუმი“

თუ ჩვენ კონფერენციის მონაწილეთა სიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა, რომლებსაც უნგრეთის მიერ გატარებული პოლიტიკა თავიანთი ქვეყნებისათვის სამაგალითოდ მიაჩნიათ, ძირითადად პოლიტიკური მეინსტრიმიდან გაძევებულ ადამიანებს წარმოადგენენ“, - განაცხადა ტელეარხ „ევრონიუსის“ ეთერში პეტერ კრეკომ, უნგრელმა პოლიტოლოგმა. მისი თქმით, „პოლიტიკური მეინსტრიმიდან ამოვარდნილია თვითონ უნგრეთიც - ქვეყანა სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება ევროკავშირში და ნატოში“.

მართლაც, ნატოსა და ევროკავშირის სხვა წევრებს დიდი ხანია „კონფლიქტი“ აქვთ უნგრეთის მტავრობასტან, რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და მას რიგ ბრალდებებს უყენებენ, კერძოდ, ადანაშაულებენ ქვეყნის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დარღვევასა და ძირის გამოთხრაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვაში და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დევნაში.

ვიქტორ ორბანის უნგრეთს უკვე დიდი ხანია ცუდი ურთიერთობა აქვს უკრაინასთან და კარგი - რუსეთთან. კრემლის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ვიქტორ ორბანი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგაც ინარჩუნებს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა [დევიდ პრესმანმა] განაცხადა ბუდაპეშტში, როცა კომენტარი გაუკეთა პრემიერ ვიქტორ ორბანის გამოსვლას ამერიკელ კონსერვატორთა ფორუმზე. „უნგრეთში, სამწუხაროდ, ძალიან უყვართ ლაპარაკი ფეიკურ კულტურათა ომზე, - თქვა ელჩმა „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში, - და ეს იმ დროს, როცა მეზობლად რეალური ომი მიდის, ათასობით ადამიანი იღუპება ვლადიმერ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში“.

„ჩემი ყურადღება მთლიანად კონცენტრირებულია რეალურ ომზე, აგრეთვე უნგრეთის კავშირებზე რუსეთთან, რომელიც იმის ნაცვლად, რომ შემცირდეს და შეწყდეს, სულ უფრო მეტად ფართოვდება და ღრმავდება“, - თქვა აშშ-ის ელჩმა და გაიხსენა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო უკვე რამდენჯერმე იყო მოსკოვში ჩასული ომის დაწყების შემდეგ, შეხვდა სერგეი ლავროვს, მაგრამ არცერთხელ არ შეხვედრია თავის მეზობელ უკრაინელ კოლეგას.

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-65487716

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати