ეკონომიკური კომპლექსურობის ობსერვატორიამ (The Observatory of Economic Complexity) გასულ კვირას ნაყინის გლობალური ბაზრის მიმოხილვა განაახლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2024 წელს ნაყინის გლობალური ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 6.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში, ნაყინის ექსპორტის ღირებულება ყველა ექსპორტიორი ქვეყნისთვის, ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, საშუალოდ 39.3%-ით გაიზარდა - 2020 წელს ექსპორტირებული ნაყინის ღირებულება 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
წლიურ ჭრილში, გლობალურად ექსპორტირებული ნაყინის ღირებულება 3.2%-ით გაიზარდა 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ნაყინის ხუთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები და პოლონეთი არიან. ამ ევროპულ კლასტერზე 2024 წელს ექსპორტირებული ნაყინის მთლიანი ღირებულების თითქმის ნახევარი (47.1%) მოდიოდა.
კონტინენტებს შორის, ევროპაში ბაზირებულმა მომწოდებლებმა ნაყინის ექსპორტით ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს - ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 4.97 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გლობალური მაჩვენებლის 80%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე აზიელი ექსპორტიორები არიან (10.5%), ხოლო გლობალური ექსპორტის 4.5% ჩრდილოეთ ამერიკაში მოქმედ მწარმოებლებზე მოდის.
შედარებით მცირე წილი მოდის ლათინურ ამერიკაზე (მექსიკის გამოკლებით, მაგრამ კარიბის აუზის ქვეყნების ჩათვლით) - 2.4%, ოკეანეთზე (ძირითადად ახალი ზელანდია და ავსტრალია) - 1.4%, და აფრიკაზე - 1.2%.
წარმოგიდგენთ 15 ქვეყანას, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების ნაყინის ექსპორტი განახორციელეს და მათ წილს ნაყინის მთლიან ექსპორტში:
ღირებულების მიხედვით, ამ 15-მა ქვეყანამ 2024 წელს გლობალურად ექსპორტირებული ნაყინის სამ მეოთხედზე მეტი (78.6%) უზრუნველყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 6.84 მილიონი დოლარის ღირებულების 1 241.3 ტონა ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები შეიძინა. მაშინ მთავარი იმპორტიორები თურქეთი და უკრაინა იყვნენ, საიდანაც, შესაბამისად, 1.89 და 1.62 მილიონი დოლარის ღირებულების ნაყინი შევისყიდეთ. TOP ხუთეულში ასევე შედიან საფრანგეთი, რუსეთი და სომხეთი.
გასულ 2025 წელს კი საქართველომ 7.4 მლნ აშშ დოლარის 1 396 ტონა ნაყინი შეიძინა. მთავარი იმპორტიორები ამ შემთხვევაშიც თურქეთი, უკრაინა და რუსეთი იყვნენ.
რაც შეეხება უახლოეს მონაცემებს, 2026 წლის 5 თვეში საქართველომ უკვე შეიძინა 3.6 მილიონის ღირებულების 537 ტონა ნაყინი. მთავარი მომწოდებლები კვლავ თურქეთი, უკრაინა და საფრანგეთი არიან. ხუთეულში რჩება სომხეთიც. რუსეთი კი მეშვიდე ადგილზეა და მის ადგილს ხუთეულში გერმანია იკავებს.
წყარო:https://bm.ge/