USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების ტექსტი
Date:  1181

სომხური მედია მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს აქვეყნებს, რომელსაც ხელს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აწერენ.

შეთანხმება 9 პუნქტისგან შედგება:

„1. ცხადდება ცეცხლის სრული და ყველა საომარი მოქმედებების შეწყვეტა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2020 წლის 10 ნოემბრის მოსკოვის დროით 00:00 საათიდან. აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა, შემდგომში მხარეები, მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე დარჩებიან.

2. აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება აზერბაიჯანის მხარეს 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

3. მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი 1960 მცირე ზომის იარაღით აღჭურვილი სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტექნიკითა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით განლაგდება.

4. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი სომხეთის სამხედრო ძალის გაყვანის პარალელურად განლაგდება. რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება, ავტომატური განახლებით შემდეგი ხუთი წლის პერიოდისთვის, თუკი არც ერთი მხარე არ გამოაცხადებს ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე საკუთარი მიზნების შესახებ, შეწყვიტოს ეს მოცემულობა.

5. კონფლიქტის მხარეების მიერ შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სამშვიდობო ცენტრი შეიქმნება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებს.

6. სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკას კელბაჯარსკის რაიონს დაუბრუნებს, პირველ დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და ამავდროულად არ შეეხება ქალაქ შუშას.

მხარეების შეთანხმების თანახმად, უახლოეს სამ წელიწადში განისაზღვრება გეგმა ლაჩინის დერეფანში მოძრაობის მარშრუტთან დაკავშირებით, რომელიც სტეპანაკერტსა და სომხეთს შორის კავშირს უზრუნველყოფს, სადაც რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი ამ მარშრუტის უსაფრთხოების დასაცავად განლაგდება.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე ტერიტორიები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

8. მხარეებს შორის სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლა მოხდება.

9. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.

მხარეების შეთანხმებით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა განხორციელდება, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან დააკავშირებს“, - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში.

ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ განცხადებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. მოგვიანებით ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, რუსეთმა მთიან ყარაბაღში 1 960 მშვიდობისმყოფელი და სამხედრო ტექნიკის 470 ერთეული გააგზავნა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way