გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! - აღნიშნული მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.
კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.
ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.
რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.
"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.
11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.
ლექსო ლაშქარავა გუშინ დაკრძალეს.