USD 2.7428
EUR 2.8772
RUB 2.6387
Tbilisi
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
Date:  69

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. სხდომას უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება, რომელიც სპიკერატში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე იქნება წარმოდგენილი.

სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, მათ შორის სხდომას ესწრება სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. რეგისტრაცია პარლამენტის 88 წევრმა გაიარა.

სხდომაზე მიწვეული არიან მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელები და სასულიერო პირები.

პარლამენტის პირველ სხდომაზე ორი დროებითი კომისია - ხმის დამთვლელი კომისია და სამანდატო კომისია შეიქმნება. ამ წუთებში სწორედ აღნიშნული პროცედურა მიმდინარეობს.

რეგლამენტის გათვალისწინებით, დროებითი ხმის დამთვლელი კომისია 11 წევრის შემადგენლობით ირჩევა და ბიულეტენების მომზადებას, დარიგებასა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს, თვალყურს ადევნებს და ითვლის ხმებს ღია ან ფარული კენჭისყრის დროს. დროებითი ხმის დამთვლელი კომისია საქმიანობას ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგის ამოწურვისთანავე შეწყვეტს.

რაც შეეხება პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ის 17 წევრის შემადგენლობით იქმნება და უფლებამოსილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დაკომპლექტებისთანავე შეუწყდება.

რეგლამენტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტს არჩევნების შედეგებს გააცნობს და სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას გადასცემს. თავის მხრივ, დროებითი სამანდატო კომისია დოკუმენტებს შეისწავლის და შედეგებს დადგენილების პროექტში ასახავს. პარლამენტი პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, დროებითი სამანდატო კომისიის მიერ წარდგენილი ერთიანი სიით, დადგენილებით სცნობს.

აღსანიშნავია, რომ დადგენილებაში იმ პირი არ შეიტანება, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ საეჭვოდ მიიჩნია.

პარლამენტი უფლებამოსილებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეიძენს. ამ მომენტიდან წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცესკოს თავმჯდომარე: - “მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ, პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ “ვფიცავ“ და ხელს მოაწერენ ტექსტს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, პარლამენტის წევრები პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიის შედგენის თაობაზე.

პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.

ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: - აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. პარლამენტის პირველი სხდომა აღნიშნული საკითხების ამოწურვამდე გაგრძელდება.

ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16 მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.

“ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

world
«Bloomberg» (აშშ): „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“

„როგორც ჩანს, წლევანდელი ზამთარი, შარშანდელ თბილთან შედარებით, ამჯერად უფრო ცივი იქნება. უკვე ისე აცივდა, რომ ევროპის გაზსაცავები სწრაფად ცარიელდება“, - ნათქვამია ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „ბლუმბერგის“ (Bloomberg) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა მორიგი ენერგეტიკულ კრიზისის წინაშე დგება: ზამთრის მოახლოების კვალობაზე, გაზზე ფასები მატულობს“ (ავტორები - ანა შირიაევსკა და პრისცილა აზევედო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან ევროპაში უჩვეულოდ თბილი ზამთარი იყო და რუსული გაზის შეწყვეტის მიუხედავად, გაზსაცავებში ჩატვირთული საწვავი ევროპელებმა გაზაფხულამდე იმყოფინეს, პლის გამონახეს დამატებითი ალტერნატიული წყაროებიც... მაგრამ ახლა, როცა პროგნოზით თანდათანობით აცივდება, გაზის ფასები უკვე მატულობს და უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენითაც ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს, ექსპერტების თქმით, ენერგეტიკული კრიზისის წინამძღვრები აშკარად ისევ იქმნება. არადა, ევროპა ჯერაც ვერ გამოსულა მთლიანად ორი წლის წინანდელი შოკისაგან, როცა ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი „ცას სწვდებოდა“.

რა თქმა უნდა, გაზის წლევანდელი ფასები 2022 წლის რეკორდულ ფასებზე მცირეა, მაგრამ მატება მაინც საგრძნობია, ანუ მოსახლეობის კეთილდრეობა მცირდება, ცხოვრების დონე ეცემა და მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა უარესდება.

ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში გაზსაცავები მაშველი რგოლის როლს ასრულებენ, მაგრამ ნოემბრის სიცივეების გამო მოსახლეობაში გაზზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, ევროპაში ქარის ელექტროსადგურები ძირითადად უქმად დგანან, რადგან ქარის სიჩქარე დაბალია. შესაბამისად, მატულობს გაძვირებული გაზის გამოყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რაც ბუნებრივია, ელექტროდენის ფასს ზრდის.

დღეისათვის რუსული გაზით - უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის მეშვეობით -  ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა სარგებლობს, მათ შორის სლოვაკეთი და უნგრეთი. უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული სტრანზიტოს შეთანხმების ვადა დეკემბრის ბოლოს იწურება. კიევი აცხადებს, რომ კონტრაქტს აღარ გაახლებს. უნგრეთსა და სლოვაკეთს ენერგეტიკული უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება.

ცივი ზამთრის გამო ცუდ დღეში ჩავარდება გერმანიაც. 2022 წელს ბერლინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზი თავისი გაზსაცავებისათვის მსოფლიო ბაზარზე რეკორდული ფასებით ეყიდა, თუმცა ამჟამად სხვა სიტუაციაა. გაზზე მაღალი ფასების გამო ბევრი ქარხანა წარმოებას ამცირებს ან სულაც ჩერდება. გამოდის, რომ მესამე წელია ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ენერგონედლეულის უკმარისობის გამო, ზეწოლას განიცდის.  გერმანიაში კი თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ კრიზისის ვირუსი სხვა ქვეყნებსაც გადაედება.  თებერვალში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნები შეიძლება მწვავე ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩატარდეს.

ცივ ზამთარში ენერგიის დეფიციტი ძნელი გადასატანია, ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისადმი მოწოდებები ხარჯვის შემცირება-დაზოგვაზე საქმეს არ შველის: არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ ევროპელებს ამ ზამთარს ბედი აღარ გაუღიმებთ და ამიტომ იძულებულნი იქნებიან მეტი ძვირადღირებული თხევადი გაზის იმპორტი მოახდინონ, პარალელურად კი აზიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანობაც შეინარჩუნონ, რაც ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს.

წყარო: https://www.bloomberg.com/news/articles/2024-11-23/europe-is-already-facing-its-next-energy-crisis?srnd=phx-politics

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way