USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
BMG: მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთში ბანკის შესასყიდად მარეგულირებლისგან თანხმობა მიიღო
თარიღი:  57

ყაზახური ტექნოლოგიური გიგანტი და ქვეყნის წამყვანი პლატფორმა Kaspi.kz თურქეთის ფინანსურ ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თურქეთის საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოსგან მიიღო თანხმობა თურქული ბანკის, Rabobank A.Ş.-ის შესყიდვაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგება, რომელიც სტანდარტული პროცედურების დასრულებაზეა დამოკიდებული, სავარაუდოდ, 2026 წლის ივლისში დაიხურება.

Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ლომთაძემ თურქეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა.

„მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ BDDK-ის თანხმობა თურქეთში Rabobank A.Ş.-ის შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თურქეთში ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. მადლობელი ვართ თურქეთის საბანკო რეგულირების სააგენტოს და შესაბამისი უწყებების მთელი ამ პროცესის განმავლობაში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა ლომთაძემ.

მისივე თქმით, თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ქვეყანაა, რომელსაც დიდი, ციფრულად აქტიური მოსახლეობა და სწრაფად მზარდი ციფრული ეკონომიკა აქვს. ლომთაძემ აღნიშნა, რომ გარიგების დასრულების შემდეგ Kaspi.kz გეგმავს, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება საგადამხდელო სისტემების, ონლაინ-ვაჭრობისა და ფინტექის მიმართულებით თურქ მომხმარებლებსა და მეწარმეებს გაუზიაროს.

ცნობისთვის, Kaspi.kz ყაზახური კომპანიაა, რომელიც ე.წ. „სუპერ აპლიკაციის“ მოდელით ოპერირებს და ამჟამად ყაზახეთსა და თურქეთში 25 მილიონზე მეტ მომხმარებელსა და 900 ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტს ემსახურება.

ყაზახეთში აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდებს, ელექტრონულ კომერციას, სურსათის ონლაინ-შესყიდვებს, ფინტექ-სერვისებს, მოგზაურობას, განცხადებების დაფებსა და სახელმწიფო სერვისებსაც კი. აქტიური მომხმარებელი თვეში საშუალოდ 77 ტრანზაქციას ასრულებს.

რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, Kaspi.kz აქ აქამდეც ოპერირებდა. კომპანია ფლობს 86.74%-იან წილს თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hepsiburada-ში. თურქული ბანკის ყიდვით კი კომპანია ქვეყანაში სრულფასოვან ფინანსურ საქმიანობას დაიწყებს.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის