USD 2.6742
EUR 3.1521
RUB 3.4899
Tbilisi
BM.GE: მე, ანაკლიის პროექტს ავაშენებდი, რუსეთის, ჩინეთის და აშშ-ს 25% წილის ფლობით - ქობულია
Date:  644

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ თავად რომ მთავრობის გადაწყვეტილების მიმღები პირი იყო, ანაკლიის პროექტს რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ს თანამონაწილეობით ააშენებდა.

BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" ქობულიამ თქვა, რომ სხვა დერეფნებთან შედარებით, შუა დერეფანი ნაკლებად კონკურენტუნარიანია და სახელმწიფოს მხრიდან დამატებით გარანტიებს საჭიროებს.

" მე რომ მთავრობაში ვიყო, როგორ გავაკეთებდი ანაკლიის პროექტს, მოვიყვანდი სამ ინვესტორს 25-25% წილის ფლობით, რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს. ამ სამ ინვესტორს მივცემდი თანაბარ წილებს და 25%-ს ჩავდებდი მე, როგორც სახელმწიფო და გავცემდი გარანტიებს.

მე მგონია, რომ ყველა ჭკუათმყოფელი ადამიანი მოითხოვდა ამ გარანტიებს. საქმე რაშია, როცა დალაგდება ეს რუსეთი უკრაინის კონფლიქტი და როცა აღდგება რუსეთზე გამავალი ხაზები, რა თქმა უნდა ამ პროექტს შეიძლება შეექმნას ეკონომიკური პრობლემები. იმიტომ, რომ ტვირთები არ წამოვა იმდენი და ეს რისკი ცხადია არსებობს", - ამბობს ქობულია.

წამყვანის კითხვაზე, რატომ ვერ სრულდება ანაკლიის პორტის ტენდერი, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესი ინვესტორი გამოვლენილია, ქობულია ამბობს, რომ ამისთვის პირველ რიგში ეკონომიკური მიზეზები არსებობს.

" ანაკლიის პორტის პროექტი არის ძალიან ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელშიც ინვესტიციის მოზიდვა ზოგადად ძალიან რთულია. იმიტომ, რომ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა არ არის ისეთი მაღალი როგორიც ჩვენ გვგონია. []

ყოველთვის იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, აქვს თუ არა საერთოდ აზრი ამ პორტს. ამის გამო, ამ პორტში ყოველთვის ჭირდა ტვირთების მოზიდვა. მეორე ფაქტორი, რაც ართულებს ინვესტიციის მოზიდვას, გეოპოლიტიკური არასტაბილურობაა", - განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ და კონსორციუმმა კარგი სამუშაო ჩაატარეს ინვესტორის მოსაძიებლად, საჭირო 70 მილიონი ვერ შეკრიბეს. მიუხედავად იმისა, რომ ქობულიას მტკიცებით, მათ ხელს არავინ უშლიდა.

2024 წლის მაისში მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ი ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ. პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი შარშან მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო. პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

წყარო:https://bm.ge/

society
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 25 თებერვალი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს ბოლშევიკურირუსეთის არმიამ აიღო თბილისი, დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სასტიკი და სისხლიანი კომუნისტური რეჟიმი დაამყარა საქართველოში. 1921 წლის თებერვლის მოვლენების გახსენება იუნკრების გარეშე წარმოუდგენელია, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას გმირულად შესწირეს თავი ქართველმა იუნკრებმა, თბილისის სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა.კოჯორში, სადაც ისტორიული ბრძოლა გაიმართა, მემორიალი გაიხსნა, 23 თებერვალი კი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

იუნკერთა სამხედრო სკოლა 1919 წლის აგვისტოში გაიხსნა გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) დადგენილებით. სასწავლებელში, ძირითადად, ქართველ თავადაზნაურთა შვილები სწავლობდნენ.  სამხედრო ხელოვნებას სულ 182 იუნკერიეუფლებოდა (“იუნკერ”  გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ- ოფიცერს ნიშნავს).

 ეს იყო პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებელი, რომლის სასწავლო პროგრამა იმჟამინდელი ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას ზედმიწევნით ითვალისწინებდა.სკოლის ხელმძღვანელმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, თანაშემწედ პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე მიიწვია. 

სამხედრო სკოლის სახელი და მისი მნიშვნელობა არ გამოჰპარვიათ საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც. 1920 წლის მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის იოლი გასაბჭოებით გათამამებული ბოლშევიკები წითელი დროში აღმართვას საქართველოშიც ესწრაფვოდნენ. თავდასხმა 2 მაისს, ღამით მოხდა. სკოლამ თავდასხმა ღირსეულად მოიგერია. რამდენიმე საათის შემდეგ იუნკერთა სიმამაცეზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავდასხმის მოგერიება სამხედრო სკოლას მთავრობის თავჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ პირადად მიულოცა.

1921 წელს კი იუნკერები ბრძოლაში 17 თებერვალს ჩაერთნენ, ისინი თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება მამაც იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები წაართვეს.

ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს, რამდენიმეჯერ იერიშზეც გადავიდნენ და რუსები აიძულეს უკან დაეხიათ.როდესაც გენერალმა ანდრონიკაშვილმა ბრძანება გასცა იუნკრებს უკან დაეხიათ, პოლკოვნიკმა ჩხეიძემ უკან დახევის მაგივრად თავის ოფიცრებს უბრძანა ხიშტებით მოეგერიებინათ მოწინააღმდეგე და იერიშზე გადასულიყვნენ. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ტყვიამფრქვევისკენ. მოიერიშეებს მალევე გამოეყო, 22 წლის შალვა ერისთავი. მან საოცარი სისწრაფით აირბინა აღმართიდა საკუთარი სხეულით გადაეფარა ტყვიამფრქვევს.

გაზეთი „ერთობა“ წერდა „20 და 21 თებერვალს ჩვენმა ჯარმა იერიში მიიტანა მტრის მარცხენა ფრთისკენ- კოჯორისა და ტაბახმელას სიმაღლეებზე და მარჯვენა ფრთისკენ სადგურ ვაზიანის რაიონში. ამ ძალების ლიკვიდაციით ტფილისს სრულიად ეხსნება ალყა, ტფილისი გადარჩენილია და პირდაპირი საფრთხე მოკლე დროში მას აღარ მოელის.“

თუმცა, შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა.23 თებერვალს ის თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, საძმო საფლავში დაკრძალეს რუსეთთან ომში დაცემულ 10 იუნკერთან ერთად იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების და მცხეთის მიმართულებით უკანდახევის შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა.მთავრობამ დატოვა თბილისი. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ კი ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. “

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ იუნკერთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. "ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესისათვის ხელი შეეშლა" იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way